საქმე # 010100120003957238
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №585აპ-21 ქ. თბილისი
ხ. ვ., 585აპ-21 24 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილე ალექსანდრე ძირკვაძემ. სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ვ. ხ-ს დამნაშავედ ცნობას ბრალდების ყველა ეპიზოდში, მათ შორის - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაშიც, ხოლო ბრალდების მეორე ეპიზოდთან მიმართებით კი მიაჩნია, რომ გამოყენებულია ზედმეტად მსუბუქი სასჯელი და მსჯავრდებულს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:
სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ამ ნაწილშიც საკმარისი იყო გამატყუნებელი განაჩენის გამოსატანად, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ბრალდებულმა დაზარალებულის ჩვენება უდავოდ მიიჩნია; ბრალდების მეორე ეპიზოდში კი მსჯავრდებულს განსაზღვრული აქვს ზედმეტად ლმობიერი სასჯელი, რომელიც არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. ხ-ს ბრალად ედება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი).
ვ. ხ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2020 წლის 9 აგვისტოს, ღამის საათებში, .. მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ვ. ხ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს. ჯ-ს, კერძოდ: არასრულწლოვანი შვილების - მ. უ-ს, ბ. ხ-სა და ბ. ხ-ს თანდასწრებით, ვ. ხ-მ ს. ჯ-ს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს ხელი ორჯერ ძლიერად დაარტყა სახეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
- 2018 წლის 15 დეკემბერს, დღის საათებში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ. ხ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს. ჯ-ს, კერძოდ: მუშტი ძლიერად ჩაარტყა სახეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 ნოემბრის განაჩენით ვ. ხ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
ვ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 265 (ორას სამოცდახუთი) საათით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ ვ. ხ-ს 2020 წლის 10 აგვისტოდან 2020 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი და, საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათით.
გაუქმდა ვ. ხ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს - ო. კ-ს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ შეტანილი გირაოს თანხა.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ბორჩაშვილმა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ვ. ხ-ს დამნაშავედ ცნობა ბრალდების ყველა ეპიზოდში, მათ შორის - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მითითებას, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ვ. ხ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება, ვინაიდან საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დასკვნას, რომ ბრალდების მითითებულ ეპიზოდში, განსხვავებით ბრალდების მეორე ეპიზოდისა, ვ. ხ-ს ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არასაკმარისია მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია მსჯავრდებულ ვ. ხ-სათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმების შესახებ სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებაც, ვინაიდან სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (ვ. ხ-ს მსჯავრი ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოებები არ გააჩნია) და ვ. ხ-ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, სრულად შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია), რის შესაბამისადაც, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმება.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი