საქმე # 010100117002026599
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№590აპ-21 ქ. თბილისი
ჯ. შ., 590აპ-21 25 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 აპრილის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან მურვანიძემ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, შ. ჯ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია; კასატორის მითითებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოწმეების პირდაპირი ჩვენებები და უგულებელყო ის უდავო ფაქტები, რომ დაზარალებულის ბინიდან მოპარული უკლებლივ ყველა ნივთი ამოღებულია შ. ჯ-ს სახლის ჩხრეკის შედეგად, ხოლო დაზარალებულის ბინიდან ამოღებულ სიგარეტის ნამწვზე აღმოჩენილია გამართლებულის ბიოლოგიური მასალა.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, შ. ჯ-ს ბრალად დაედო ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2017 წლის 24 იანვარს, ღამის საათებში, შ. ჯ-მ უკანონოდ შეაღწია .. ე. ზ-ს კუთვნილ № საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ორ პლაზმურ ტელევიზორს, კომპიუტერს, სხვადასხვა დასახელების ტანისამოსსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს, ასევე - ე. ზ-ს, მეუღლის, ნ. გ-ს ფეხსაცმელებსა და პირად ნივთებს, რის შედეგადაც დაზარალებულებს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
3. შ. ჯ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით შ. ჯ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან მურვანიძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, შ. ჯ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 აპრილის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ განსახილველ საქმეში იკვეთება რომელიმე საფუძველი, რომელთა ჩამონათვალს ამომწურავად იძლევა ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმა და ხაზგასმით მიუთითებს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს, რომელი კანონისმიერი საფუძვლით არის შესაძლებელი მისი საკასაციო საჩივრის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განსახილველად დაშვება, რისი მხედველობაში მიღებითაც, საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ცალსახად დაუსაბუთებელია.
10. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერც პროკურორის იმ მითითებას დაეთანხმება, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილია სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა საკმარისია შ. ჯ-ს მიმართ გონივრულ ეჭვს მიღმა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მოტივებს, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადგინდა შ. ჯ-ს ბრალეულობა და მიიჩნევს, რომ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებთან მიმართებით გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით - in dubio pro reo პრინციპით, მართებულად გადაწყდა შ. ჯ-ს სასარგებლოდ; მტკიცებულებები, რომლებსაც კასატორის საკვანძო არგუმენტები ეფუძნება, არადამაჯერებელია და ისინი ვერ აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო უტყუარობის სტანდარტს, ვინაიდან, ერთი მხრივ, მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის - ა. ა-ს ჩვენებამ, რომელსაც შეეძლო, ნათელი მოეფინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების საეჭვოდ მიჩნეული მიმდინარეობისათვის, ვერ გააქარწყლა ამ სამხილთან მიმართებით გაჩენილი კითხვის ნიშნები, ხოლო, მეორე მხრივ, მოწმეები - გ. ბ. და ზ. თ., რომლებსაც შეეძლოთ, დაედასტურებინათ შ. ჯ-ს ბინის ჩხრეკის სადავოდ გამხდარი ასპექტები - ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა და, შესაბამისად, მათი განმარტებები ჯვარედინი დაკითხვით არ შემოწმებულა; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც ვერ შეასრულა კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობა და სასამართლოში ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა შ. ჯ-ს ბრალეულობას.
11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი