Facebook Twitter

საქმე # 330100118002361098

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№592აპ-21 ქ. თბილისი

ა. გ. ბ.,592აპ-21 17 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ა. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ა. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. რ-მ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, რადგან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და სასამართლოს დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან; კასატორის მტკიცებით, როგორც პირველი, ასევე - სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა თავიანთ გადაწყვეტილებებში ცალმხრივად ასახეს მტკიცებულებების შინაარსობრივი მხარე და ბ. ა. გ-ს მსჯავრდება მხოლოდ ვარაუდებს დააფუძნეს; ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, ერთი მხრივ, უპირობოდ გაიზიარეს ბ. ა. გ-ს თანაბრალდებულთა წინააღმდეგობრივი ჩვენებები, ხოლო, მეორე მხრივ, იმ მოტივით უარყვეს დაცვის მხარის მოწმეთა განმარტებები, რომ ისინი ერთმანეთთან ზედმიწევნით თანხვდენილია; ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ ბ. ა. გ-ს მიერ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის განაჩენი, რომლითაც დამტკიცდა მ. ყ. ყ-სთან ა. ბ-სა და ფ. ქ. ჰ-სთან დადებული საპროცესო შეთანხმებები, არ არის საკმარისი ბ. ა. გ-ს ბრალეულობის დასადასტურებლად, რადგან სისხლის სამართლის საქმეში არ არის გამოკვეთლი სხვა სამხილები, რომლებითაც უტყუარად დადგინდებოდა ბ. ა. გ-ს დანაშაულებრივი კავშირი თანაბრალდებულებთან.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით ბ. ა. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ბ. ა. გ-ს საბოლოოდ მიესაჯა - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ა. გ-მ ჩაიდინა: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, ასევე - ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზება, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. ბ. ა. გ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ყოფნისას, შეიძინა და შეინახა 531,3626 გრამი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის” შემცველი მოყვითალო-მოყავისფრო ფხვიერი ნივთიერება და ორგანიზება გაუწია ხსენებული ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას. ბ. ა. გ. დაუკავშირდა ა. ბ-ს, მ. ყ. გ-სა და ფ. ქ. ჰ-ს. 2018 წლის 7 თებერვალს ბ. ა. გ-მ ხსენებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის’“ შემცველი ნივთიერება დააფასოვა ფუთებად და საქართველოში უკანონოდ შემოტანის მიზნით, ნაწილი მოითავსა თავის სხეულში, ხოლო ნაწილი, მისი მითითებით, ა. ბ-მ, მ. ყ. ყ-მ და ფ. ქ. ჰ-მ მოითავსეს თავიანთ სხეულებში. ბ. ა. გ-მ 2018 წლის 8 თებერვალს ორგანიზება გაუწია სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ ,,სადახლოს“ გავლით, 531,3626 გრამი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის’’ ა. ბ-ს, მ. ყ. ყ-ს, ფ. ქ. ჰ-ს სხეულებითა და თავისი სხეულით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად საქართველოში უკანონოდ შემოტანას, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდნენ საქართველოს ტერიტორიაზეც.

3.2. ზემომითითებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის’’ შემცველი ნივთიერებების ნაწილი ბ. ა. გ-მ და მ. ყ. ყ-მ სრულად გამოდევნეს სხეულიდან, ა. ბ-მ და ფ. ქ. ჰ-მ კი შეძლეს მხოლოდ ნაწილის გამოდევნა. ბ. ა. გ-მ სხეულებიდან გამოდევნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის’’ შემცველი ნივთიერებები ერთად მოათავსა პოლიეთილენის პარკში და ამ ფორმით შეინახა, ნაწილს კი - ა. ბ. და ფ. ქ. ჰ. კვლავ ინახავდნენ თავიანთ სხეულებში.

3.3. ზემოაღნიშნული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ ნაწილი - 365,795 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის’’ შემცველი მასა სამართალდამცავებმა ამოიღეს 2018 წლის 9 თებერვალს .. მიმდებარე ტერიტორიაზე ა. ბ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად. ნარკოტიკული საშუალების ნაწილი - ა. ბ-ს სხეულიდან გამოდევნილი 24,1976 გრამი ,,ჰეროინის“ შემცველი მასა - ამოიღეს იმავე წლის 10 თებერვალს ... არსებულ შპს „ვ-ს“ გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში, ხოლო ფ. ქ. ჰ-ს სხეულიდან გამოდევნილი 141,37 გრამი ,,ჰეროინის’’ შემცველი, 10 ცალად დაფასოებული მასა ამოიღეს იმავე წლის 9 (გამოდევნილი, 3 ცალად დაფასოებული მასა) და 10 თებერვალს (გამოდევნილი, 7 ცალად დაფასოებული მასა) ხსენებული შპს „ვ-ს“ მიმღებ განყოფილებაში.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ა. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. რ-მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება; ბ. ა. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა - 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ბ. ა. გ-ს საბოლოოდ მიესაჯა - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ხოლო სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი სტანდარტების, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების განაჩენებში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ბ. ა. გ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან - მოწმეების: მ. ყ. ყ-ს, ა. ბ-სა და ფ. ქ. ჰ-ს, დ. ა-ს, შ. ქ-ს, მ. ნ-ს, ა. ლ-ს, ზ. ტ-ს, თ. გ-ს, გ. გ-ს, ი. ფ-ს, ი. ჩ-ს, ჯ. კ-ს, გ. დ-ს, ლ. გ-ს, ნ. ფ-ს, ი. რ-ს, რ. ქ-ს, მ. ფ-ს, ნ. გ-ს, ნ. კ-ს, დ. ნ-ს, გ. ლ-ს, ნ. ლ-ს, პ. წ-ს, ა. ბ-ს, რ. რ-ს, რ. ზ-ს, დ. გ-ს, ნ. ხ-ს, ა. ნ-ს, ი. მ-ს, მ. კ-სა და ა. გ-ს ჩვენებებიდან, ექსპერტიზის დასკვნებიდან, ამოღების, დათვალიერებისა და ჩხრეკის ოქმებიდან, საზღვრის კვეთის თაობაზე ინფორმაციიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის განაჩენიდან და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად შეაფასეს მოწმეების - ფ. ქ. ჰ-ს, მ. ყ. ყ-სა და ა. ბ-ს მამხილებელი ჩვენებები, რომლებიც მტკიცების საგანთან მიმართებით (დანაშაულის ორგანიზების, ნარკოტიკების სხეულში მოთავსების, საქართველოში გამომგზავრებისა და საზღვრის კვეთის, სასტუმროში დაბინავების, ნარკოტიკული საშუალებების სხეულიდან გამოდევნის, ნარკოტიკული საშუალების შეგროვების, პოლიციელთა მიერ დაკავებასა და ჩხრეკასთან დაკავშირებით) არის თანმიმდევრული და თანხვდენილი როგორც ერთმანეთთან, ასევე - საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან (საზღვრის კვეთის თაობაზე ინფორმაციასთან, ,,ო. პ-ს“ ადმინისტრატორის - მოწმე ნ. ხ-ს ნეიტრალურ ჩვენებასთან, სასტუმროს ჟურნალის დათვალიერების ოქმთან, სასტუმროს ნომრის ჩხრეკის ოქმსა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებთან), ხოლო უმნიშვნელო განსხვავებები, რომლებიც შესაძლოა, შეინიშნებოდეს მათ მონათხრობში, ერთობლივად შეფასებისას, ვერ დაუკარგავს მათ სანდოობას.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მოწმეების - მ. ყ. ყ-ს, ა. ბ-სა და ფ. ქ. ჰ-ს ჩვენებები ასევე გულდასმით შეაფასეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ თანაბრალდებულის ჩვენების გამოყენების საკითხზე დადგენილი სტანდარტების (ჩვენების ხასიათი, მისი მიცემის დრო, მოტივი, ჩვენების სანდოობა და ნებისმიერი ზეწოლის არარსებობა ჩვენების მიცემისას) კვალდაკვალ და სწორად შენიშნეს, რომ, ერთი მხრივ, დაცვის მხარეს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდების მხარესთან თანაბარ პირობებში, ჯვარედინად დაეკითხა ბ. ა. გ-ს თანაბრალდებულები, რომლებიც ამხელდნენ მას დანაშაულის ჩადენაში, ხოლო, მეორე მხრივ, მართებულად მიიჩნიეს, რომ ეს ჩვენებები (მათ შორის ჯვარედინი დაკითხვის შემდეგ) აკმაყოფილებდა უტყუარობის სტანდარტს, ვინაიდან ასევე იყო გამყარებული საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რაც მათი სანდოობის ხარისხს კიდევ უფრო ზრდიდა. სასამართლოებმა ყურადღება გაამახვილეს ასევე თანაბრალდებულების მიერ ჩვენებების მიცემის სპონტანურობაზე, რაც გამორიცხავს იძულებას, ზეწოლასა და რაიმე სახის დაპირებას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან, კერძოდ: საყურადღებოა, რომ მ. ყ. ყ-მ, ა. ბ-მ და ფ. ქ. ჰ-მ დაკავებიდან რამდენიმე საათში მისცეს ბ. ა. გ-ს მამხილებელი ჩვენებები და ისაუბრეს არსებითად იმავე ფაქტობრივ გარემოებებზე, რის შესახებაც მოგვიანებით, სასამართლოში საქმის განხილვისასაც აღნიშნეს. ბ. ა. გ-ს თანაბრალდებულებზე რაიმე სახის ზეწოლას გამორიცხავს ის ფაქტობრივი მოცემულობაც, რომ გამოძიების ეტაპზე მათ დაკითხვებს ესწრებოდნენ ადვოკატები და თარჯიმნები.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ბ. ა. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი