საქმე # 150100121004299552
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№593აპ-21 ქ. თბილისი
ა. ა., 593აპ-21 17 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ა-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ა-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა. ა-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ა-მ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის ზედმეტად მკაცრი, რადგან შეფარდებული სასჯელი არის უსამართლო; კასატორები ითხოვენ ა. ა-სათვის განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად - 2 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას და დამატებით სასჯელად იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას - 1 წლით, იმ მოტივით, რომ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებისას სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის აღიარება და გულწრფელი სინანული.
2. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორი ლაშა მერაბიშვილი საკასაციო შესაგებლით ითხოვს მსჯავრდებულ ა. ა-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ა-ს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენით ა. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 დეკემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, განაჩენთა ერთობლიობისას ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მიესაჯა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები - 1 წლით.
4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ა-მ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
4.1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ა. ა-მ 2020 წლის 14 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, .. მდებარე, თავისი შვილის საცხოვრებელ სახლში მომხდარი ოჯახური კონფლიქტისას, სახის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ნ. ა-ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა სახის არეში ჰემატომის სახით მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4.2. 2020 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, .. ნ. ა-ს, რომელიც ბრუნდებოდა სახლში, გზაზე შეხვდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ა. ა., რომელმაც მეუღლეს - ნ. ა-ს დაუწყო ლანძღვა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ნ. ა-მ მეუღლეს უთხრა, დაენებებინა მისთვის თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში, წინა დღეს მისი მხრიდან ძალადობის შესახებ შეატყობინებდა პოლიციას. ა. ა. ნ. ა-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ აუცილებლად გამოჭრიდა ყელს და მოკლავდა, თუ მისი ძალადობის შესახებ შეატყობინებდა პოლიციას. დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და იძულებული გახდა ეთქვა, რომ არ აპირებდა მის მხილებას.
5. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა, რომელმაც მოითხოვა განაჩენის შეცვლა და ა. ა-სათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მაისის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება; ა. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები - 1 წლით; დანაშაულთა ერთობლიობისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები - 1 წლით; გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 დეკემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, განაჩენთა ერთობლიობისას ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მიესაჯა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები - 1 წლით.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულ ა. ა-ს აღიარება და მისი გულწრფელი სინანული და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, ა. ა-ს სამართლიანი სასჯელი შეუფარდა, რომლის შემსუბუქება არ არის მიზანშეწონილი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ ა. ა-ს ქმედებაში გამოკვეთილია, ერთი მხრივ, როგორც დანაშაულთა, ასევე - განაჩენთა ერთობლიობა, ხოლო, მეორე მხრივ, ორი მაკვალიფიცირებელი გარემოება - არაერთგზის და ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა და, მიუხედევად იმისა, რომ სასჯელი ინიშნება იდეალური ერთობლიობით, მაკვალიფიცირებელ გარემოებათა კუმულაცია და პირობით მსჯავრდებულის მიერ, გამოსაცდელ ვადაში ახალი განზრახი დანაშაულების ჩადენა, ცალსახად წარმოადგენს ჩადენილი ქმედების მახასიათებელ ისეთ გარემოებებს, რომლებიც მის საშიშროებას მნიშვნელოვნად ზრდის.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ა-სა ადამიანისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ა-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი