Facebook Twitter

საქმე # 150100119003063220

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №606აპ-21 ქ. თბილისი

ჯ. ქ. 606აპ-21 30 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულების - ქ. ჯ–სა და ო. დ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით:

- ქ. ჯ–ს, - დაბადებული 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 9 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ნ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ–ში, ო. დ–მ და ქ. ჯ–მ მიწის ნაკვეთის გამო წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, ჰ. ს–ს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ო. დ–მ ხელი დაარტყა ჰ. ს–ს თავზე, ხოლო ქ. ჯ–მ ჰ. ს–ს ქვა დაარტყა სახესა და თავზე. მათ მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად ჰ. ს–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

- ო. დ–ს, - დაბადებული 1... წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 9 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ნ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ–ი, ო. დ–მ და ქ. ჯ–მ მიწის ნაკვეთის გამო წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, ჰ. ს–ს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ო. დ–მ ხელი დაარტყა ჰ. ს–ს თავზე, ხოლო ქ. ჯ–მ ჰ. ს–ს ქვა დაარტყა სახესა და თავზე. მათ მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად ჰ. ს–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განაჩენით:

ქ. ჯ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.

ქ. ჯ–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

ო. დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.

ო. დ–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა - ქ. ჯ–მ და ო. დ–მ, რომლებმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განაჩენით უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განაჩენი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების - ქ. ჯ–სა და ო. დ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატ პ. მ–სმა. ადვოკატი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

7. ადვოკატის საკასაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001).

10. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარემ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომელთაც განაპირობეს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ქ. ჯ–სა და ო. დ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

11. მსჯავრდებულების - ქ. ჯ–სა და ო. დ–ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით: დაზარალებულ ჰ. ს–სდა მოწმეების - ლ–ს, რ. პ–ს, რ. ქ–ს, ა. დ–სა და სხვათა ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობით. ამასთან სასამართლო მიუთითებს, რომ მომხდარ ფაქტს დაზარალებულის გარდა ადასტურებს ნეიტრალური მოწმე გ. ლ–ი, რომელიც შეესწრო კონფლიქტს.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ ( Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

13. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განხილული იქნა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციუყლ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

14. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, ბრაკდების მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულების - ქ. ჯ–სა და ო. დ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. მ–სის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

შ. თადუმაძე