საქმე # 140100121004360394
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №612აპ-21 ქ. თბილისი
მ. ა., 612აპ-21 17 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ზ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. ზ-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას - პირობითი მსჯავრის გამოყენებას, ან ნაწილობრივ არასაპატიმრო (საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით) სასჯელის შეფარდებას, შემდეგი მოტივებით: გასაჩივრებული განაჩენი არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან ა. მ-ს გააჩნდა პასუხისმგებლობის არაერთი შემამსუბუქებელი გარემოება, კერძოდ: იგი დაკავების მომენტიდანვე აღიარებდა და ინანიებდა ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და შეურიგდა მას, ნასამართლობის არმქონეა და ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას არ გააჩნდა არანაირი სამართლებრივი საფუძელი, რომ მსჯავრდებულისათვის სასჯელი დაემძიმებინა.
2. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნიკა მახარაძე საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განაჩენით ა. მ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 12 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად; სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 15 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
მსჯავრდებულ ა. მ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 15 იანვრიდან 2021 წლის 22 თებერვლის ჩათვლით.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და მისთვის დახმარების გაწევა დაევალა შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს. მსჯავრდებულ ა. მ-ს დაევალა შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
გაუქმდა ა. მ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
გაუქმდა ა. მ-ს მიმართ დამატებითი ვალდებულების სახით დაკისრებული აკრძალვა - დაზარალებულ ნ. ჯ-თან მიახლოებისა და მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის შესახებ.
4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. მ-მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
ა. მ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2021 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათზე, .. მდებარე საცხოვრებელ ბინაში, საყოფაცხოვრებო საკითხზე წარმოშობილი შელაპარაკების გამო, ა. მ-მ არასრულწლოვანი შვილის, 2016 წლის 31 იანვარს დაბადებულ გ. ჯ-ს თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. ჯ-ს, კერძოდ: მუშტი ორჯერ ძლიერად დაარტყა მარცხენა თვალისა და შუბლის არეში, რის შედეგადაც ნ. ჯ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2021 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 09:00 საათზე, .. მდებარე საცხოვრებელ ბინაში, საყოფაცხოვრებო საკითხზე წარმოშობილი შელაპარაკების გამო, ა. მ-მ არასრულწლოვანი შვილის, 2016 წლის 31 იანვარს დაბადებულ გ. ჯ-ს თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. ჯ-ს, კერძოდ: მუშტი ორჯერ ძლიერად დაარტყა მარცხენა თვალისა და შუბლის არეში, რის შედეგადაც ნ. ჯ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
5. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მახარაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და ა. მ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განაჩენით გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მახარაძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხოლო გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება:
ა. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 12 იანვრის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 15 იანვრის ეპიზოდი) - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანიდან - 2021 წლის 2 ივნისიდან.
ა. მ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2021 წლის 15 იანვრიდან 2021 წლის 22 თებერვლის ჩათვლით.
ცნობად იქნა მიღებული, რომ გაუქმებულია ა. მ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და დამატებითი ვალდებულება დაზარალებულ ნ. ჯ-თან მიახლოებისა და მასთან ნებისმიერის სახის კომუნიკაციის აკრძალვის შესახებ.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - ა. მ-ს ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი (არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულთან შერიგებულია), ისე დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქება საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
10. სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ა. მ-ს ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე, ქმედების განხორციელების სახეზე, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგზე, კერძოდ: დადგენილია, რომ მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტი წარმოიშვა უმნიშვნელო საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, რის შემდეგაც ა. მ-მ ბავშვის თანდასწრებით, ორივე შემთხვევაში დროის მცირე ინტერვალით, ფიზიკურად იძალადა ნ. ჯ-ზე, რაც ასევე ორივე შემთხვევაში გამოიხატა დაზარალებულისათვის სახეში მუშტების არაერთხელ დარტყმაში. ამასთან, ფიზიკური ძალადობის პირველი ეპიზოდის შემდეგ - 2020 წლის 12 იანვრის ფაქტის თაობაზე ნ. ჯ-მ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სამ დღეში ა. მ-მ განმეორებით, ისევ იმავე მეთოდით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს, რის შემდეგაც დაზარალებული შვილთან ერთად წავიდა დედასთან. გარდა ამისა, როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, ნ. ჯ-ს სახეზე აღენიშნებოდა არაერთი დაზიანება, კერძოდ: შუბლის არეში - მკრთალი, მოლურჯო-მომღვრიო სისხლნაჟღენთის, მარცხენა თვალბუდის ორივე ქუთუთოზე - სისხლნაჟღენთის, მარჯვენა თვალბუდის ქვემო ქუთუთოზე სისხლნაჟღენთის სახით და ასევე იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე - დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. ზემოთ მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის განსაზღვრა წარმოადგენს ზედმეტად ლმობიერ სასჯელს, რაც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ზ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი