საქმე # 150100120003537481
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №613აპ-21 ქ. თბილისი
პ. ა., 613აპ-21 17 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურორის - ვასილ ოსიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონულმა პროკურორმა ვასილ ოსიძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ა. პ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი საფუძვლებით: ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მის მიერ წარმოდგენილი და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეების: ს. პ-ს, ო. პ-ს, ლ. გ-ს, ს. ჰ-ს გამოკითხვის ოქმები, პაციენტის სამედიცინო ბარათი და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლებიც, მართალია, ირიბი მტკიცებულებებია, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან ა. პ-ს ბრალდების შემთხვევა წარმოადგენს სწორედ საგამონაკლისოს, რადგან პირდაპირმა მოწმეებმა ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით და უარი განაცხადეს მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. პ-ს ბრალად ედება ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი არაერთგზის.
ა. პ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (30.11.2018 წლამდე მოქმედი რედაქცია) ნასამართლევმა ა. პ-მ 2020 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 15:30 საათიდან 16:30 საათამდე დროის შუალედში, .. მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ოჯახური კონფლიქტისას, თავის არეში ხელის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს - ა. პ-ს, მათივე არასრულწლოვანი ქალიშვილის, ს. პ-ს თანდასწრებით, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის განაჩენით ა. პ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა ა. პ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ა. პ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ა. პ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის დაუსაბუთებული, რადგან მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ა. პ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისათვის, კერძოდ: წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ა. პ-მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) გათვალისწინებული უფლებით და თავისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი, ისევე როგორც არასრულწლოვანმა მოწმეებმა - ს. პ-მ და რ. პ-მ, რომლებმაც ასევე უარი განცხადეს ახლო ნათესავის, მამის - ა. პ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა. პ-ს ბრალეულობას, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. პროკურორის მიერ მითითებული მტკიცებულებები ირიბია, რის გამოც ისინი საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურორის - ვასილ ოსიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი