საქმე # 330100120003458100
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №614აპ-21 ქ. თბილისი
მ. გ., 614აპ-21 18 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ანა კვიჟინაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ანა კვიჟინაძემ. სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას გ. მ-ს გამართლების ნაწილში და მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში, შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ვინაიდან. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებობდა ერთმანეთთან შეთანხმებულ. ურთიერთთავსებად მტკიცებულებათა ერთობლიობა, მაინც გამოიტანა ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი; მართალია, დაზარალებულმა და მსჯავრდებულის არასრულწლოვანმა შვილმა სასამართლოში არ მისცეს გ. მ-ს წინააღმდეგ ჩვენება, მაგრამ აღნიშნული არ გამორიცხავს მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს; გასათვალისწინებელია ასევე ოჯახში ძალადობის დანაშაულის სპეციფიკა; მოცემულ შემთხვევაში, პირდაპირი მტკიცებულებების თანაბარმნიშვნელოვნად უნდა იქნეს მიჩნეული გამომძიებლების ჩვენება, პატრულ-ინსპექტორების გამოკითხვის ოქმები, ვინაიდან მათ ინციდენტიდან მყისიერად ნახეს დაზარალებულები, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მსხვერპლებს ეტყობოდათ ძალადობის ემოციური კვალი, იყვნენ აღელვებულები და შეშინებულები, ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ექსპერტიზის დასკვნები, დანაშაულის შესახებ შეტყობინება, დაზარალებულის მიერ ექსპერტისათვის მიწოდებული ინფორმაცია და გ. მ-ს მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერებით დადგენილი გარემოებები.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. მ-ს ბრალად ედება: სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
გ. მ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 30 დეკემბერს, დღის საათებში, .. გ. მ. მეუღლეს - ე. ო-ს გამოეკიდა წერაქვით და დაემუქრა, რომ მოკლავდა, რაც მან აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- 2016 წლის 2 ივლისს, .. გ. მ. არასრუწლოვანი შვილის - ლ. მ-ს თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ე. ო-ს, კერძოდ, სახის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
- გ. მ. წლების განმავლობაში, თანაცხოვრების პერიოდში, მათ შორის - არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, 2019 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, ზემოხსენებულ მისამართზე, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ე. ო-ს, ლანძღავდა, აგინებდა, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, სისტემატურად მიმართავდა დამამცირებელი სიტყვებით, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას და მიადგა მორალური ზიანი.
- 2019 წლის 30 დეკემბერს, დილის საათებში, .. გ. მ. შვილს - გ. მ-ს გამოეკიდა ჯერ ხანჯლით და დანით, შემდეგ კი - წერაქვით და ორივე შემთხვევაში დაემუქრა, რომ მოკლავდა, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 30 ივლისის განაჩენით გ. მ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით (2016 წლის 2 ივლისის ძალადობისა და სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში.
გ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ე. ო-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვით; სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ. მ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით 1 (ერთი) წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები (იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები).
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ. მ-ს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ე. ო-ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. მ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით 1 (ერთი) წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები (იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები).
მსჯავრდებულ გ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 31 დეკემბრიდან.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. მ-ს მიერ 2016 წლის 2 ივლისს მეუღლის - ე. ო-ს ფიზიკური შეურაცხყოფისა და თანაცხოვრების პერიოდში მასზე სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადგინდა.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ანა კვიჟინაძემ. სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება გ. მ-ს გამართლების ნაწილში და მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 30 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. უსაფუძვლოა სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრება, რომ საქმეზე ბრალდების მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით ასევე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. მ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით (2016 წლის 2 ივლისის ძალადობისა და სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდები) წარდგენილი ბრალდებები, ვინაიდან საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ ბრალდების მითითებულ ეპიზოდებში გ. მ-ს ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არასაკმარისია მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
9. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებულმა ე. ო. და მოწმე ლ. მ. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოიყენეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) გათვალისწინებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის, შესაბამისად - მეუღლისა და მამის წინააღმდეგ, ხოლო სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ე. ო-ს მიმართ გ. მ-ს მიერ ფიზიკური ძალადობისა და სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტებს, საქმის მასალებში არ მოიპოვება. გამომძიებელთა და პატრულ-ინსპექტორთა ჩვენებები, რომლებიც არ არიან არც - 2016 წლის 2 ივლისის ძალადობისა და არც - სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდების არათუ თვითმხილველი პირები, არამედ 2016 წლის 2 ივლისსაც არ გამოცხადებულან მყისიერად დაზარალებულთან და არ უნახავთ მისი მდგომარეობა ფიზიკური ძალადობის შემდეგ, ისევე როგორც სხვა დანარჩენი მტკიცებულებები - ექსპერტიზის დასკვნები, დანაშაულის შეტყობინება და შემაკავებელი ორდერები - ვერ იქნება მიჩნეული პირდაპირ მტკიცებულებებად, ვინაიდან, ერთი მხრივ, მათში ასახული ინფორმაცია, მაგალითად, დანაშაულის შეტყობინების ოქმსა და შემაკავებელ ორდერებში მითითებული ინფორმაცია არარელევანტურია 2016 წლის 2 ივლისის ფიზიკური ძალადობისა და წლების მანძილზე გაგრძელებული სისტემატური შეურაცხყოფის დადასტურების თვალსაზრისით, ხოლო, მეორე მხრივ, მოწმეები გადმოსცემენ დაზარალებულისგან მიღებულ ინფორმაციას და ექსპერტიზის დასკვნების კვლევით ნაწილშიც ასევე მითითებულია დაზარალებულისგან მიწოდებული ინფორმაცია, რომლის გადამოწმებაც შეუძლებელია პირველწყაროს, შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირების - დაზარალებულ ე. ო-სა და მოწმე ლ. მ-ს მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო, ხოლო სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რაც გ. მ-ს ბრალეულობას დაადასტურებდა ბრალდების მოცემულ ეპიზოდებში, როგორც უკვე აღინიშნა, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ანა კვიჟინაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი