Facebook Twitter

საქმე # 180100120003998163

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №616აპ-21 ქ. თბილისი

თ. გ., 616აპ-21 22 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. თ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ც-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და გ. თ-სათვის შეფარდებული სასჯელის პირობითად ჩათვლას, შემდეგი მოტივებით:

გასაჩივრებული განაჩენი არის უსამართლო და შეუსაბამოდ მკაცრი, ვინაიდან სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ: დაცვის მხარის მიერ მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა; მსჯავრდებულის პიროვნება და მისი წარსული ცხოვრება, რომ იგი ნასამართლობის არმქონეა და არ აქვს კრიმინალური მენტალიტეტი; მას არ დაურღვევია არასაპატიმრო სახის აღკვეთის ღონისძიება, რაც მსჯავრდებულის კანონმორჩილებაზე მეტყველებს; ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად თვითონ მსჯავრდებულმაც მძიმე დაზიანებები მიიღო; გ. თ-მ ნებაყოფლობით აანაზღაურა დაზარალებულთა მკურნალობისა თუ დაკრძალვის ხარჯები; ამასთან, დაზარალებულმა მ. ა. ო-მ დაადასტურა, რომ მას 2 000 ლარი გ. თ-ს მამამ მყისიერად გადაუხადა, დამატებით 8 000 ლარის მოთხოვნა კი უკანონოა და შესაძლოა, შეიცავდეს გამოძალვის ნიშნებს. დაზარალებულ მ. ა. ო-ს ავადმყოფობის ისტორია მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევით, რის გამოც ასევე დაუშვებელია ამ მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულებებიც.

2. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი გიორგი კრავეიშვილი საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის განაჩენით გ. თ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით. გ. თ-ს საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

მსჯავრდებულ გ. თ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2021 წლის 21 იანვრიდან.

გაუქმდა გ. თ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. თ-მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გ. თ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 06:00 საათზე, .. თბილისის მიმართულებით მოძრაობდა ავტომანქანა „ფორდ-ესკორტი“, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით , რომლის მძღოლმა გ. თ-მ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა და შეეჯახა ბეტონის დამცავ ჯებირს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო ავტომობილის მგზავრმა მ. ა. ო-მ, ხოლო მეორე მგზავრი - ა. ჯ. მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

5. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. თ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ც-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. თ-სათვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. თ-სათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების შესახებ, ვინაიდან მას სასჯელი შეფარდებული აქვს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით და უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას. მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხასიათის მხედველობაში მიღებით (მისმა ქმედებამ გამოიწვია ერთი პირის გარდაცვალება, ხოლო მეორე დაზარალებულის - ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რომელსაც ამჟამადაც შეზღუდული აქვს გადაადგილების შესაძლებლობა), ასევე დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, რომელსაც მის მიმართ აქვს პრეტენზია და მოითხოვა მსჯავრდებულის მკაცრად დასჯა, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია მსჯავრდებულ გ. თ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა. ამასთან, სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის ის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომელთა შესახებაც დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში აპელირებს, რის შესაბამისადაც, მას განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

10. სააპელაციო პალატამ ასევე განმარტა: ფაქტი, რომ მსჯავრდებულმა გ. თ-მ დაზარალებულ მ. ა. ო-ს მოთხოვნილი 8 000 ლარი არ აუნაზღაურა, არ გამხდარა გ. თ-ს მიმართ პირობითი მსჯავრის სახით საშეღავათო ნორმის გავრცელებაზე უარის თქმის მიზეზი. რაც შეეხება დაცვის მხარის პრეტენზიას, რომ დაზარალებულ მ. ა. ო-ს ავადმყოფობის ისტორია მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინასასამართლო სხდომაზე თვითონ დაცვის მხარემ გახადა უდავოდ და დასაშვებად მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, მათ შორის - მ. ა. ო-ს ავადმყოფობის ისტორიაც, რის გამოც საკასაციო სასამართლო დამატებით აღარ იმსჯელებს მოცემულ საკითხზე.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი