საქმე # 010100119002897839
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №618აპ-21 ქ. თბილისი
თ. რ., 618აპ-21 18 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კირჩხელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით კირჩხელმა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და რ. თ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,214-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში და მის მიმართ მკაცრი სასჯელების შეფარდებას; კასატორი მიიჩნევს, რომ რ. თ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით ბრალად წარდგენილი კვალიფიკაცია იყო სწორი და შეესაბამებოდა მის მიერ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას, შესაბამისად, სასამართლომ მსჯავრდებულის ქმედება არასწორად დააკვალიფიცირა მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ. თ-ს ბრალად დაედო: საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. რ. თ-მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, შეინახა და მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ, 5,45 მმ კალიბრიან, „AKC-74Y“ მოდელის № ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატსა და ქარხნული წესით დამზადებულ, 5,45 მმ კალიბრიან 7030 საბრძოლო ვაზნას.
2.2. რ. თ. 2019 წლის 14 თებერვალს .. საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით ცდილობდა ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოს საბაჟო საზღვარზე დადგენილი წესის დარღვევით გადატანას, რომელიც იმავე დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის .. საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, რ. თ-ს კუთვნილი „ბმვ-ს“ მარკის ავტომობილის (სახელმწიფო ნომრით ) ჩხრეკის შედეგად ამოიღეს სამართალდამცავებმა.
3. რ. თ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,214-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით რ. თ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; რ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,214-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით რ. თ-ს საბოლოოდ მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა - 2019 წლის 14 თებერვლიდან.
5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. თ-მ ჩაიდინა საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურომა დავით კირჩხელმა, რომელიც ითხოვდა რ. თ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,214-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ რ. თ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ა-მ, რომელიც ითხოვდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,214-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში რ. თ-ს უდანაშაულოდ ცნობას, იმავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კი - მინიმალური სასჯელის შეფარდებას.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ ვერ დადგინდა, რომ რ. თ-ს ქმედებაში ცალსახად გამოკვეთილი იყო ბრალად წარდგენილი დანაშაულის - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების - შემადგენლობა და მისი ქმედება მართებულად შეფასდა, როგორც მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა; საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულის ქმედება სამართლებრივად სწორად შეაფასეს, რადგან საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ სადავო ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას რ. თ. შეფუთულს ინახავდა ავტომობილის სავარძლის ქვეშ, რაც იმთავითვე არ მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობაზე, რისი მხედველობაში მიღებითაც, რ. თ-ს მსჯავრდება არის კანონიერი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის წინაპირობები არ იკვეთება.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კირჩხელის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი