საქმე # 060100120004021851
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №619აპ-21 ქ. თბილისი
ნ. რ. 619აპ-21 30 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ივნისის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. ნ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
რ. ნ–სთვის ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 9 სექტემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ს–ში, ..........ის ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ. ნ–მ უმიზეზოდ განაწყენების ნიადაგზე არასრულწლოვანი დის, ე. ნ–ს (დაბადებული ......წ.) თანდასწრებით ძალადობა განახორციელა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილზე - ნ. ნ–ზე (დაბადებული .......წ.), კერძოდ, ყურში და თმებში ძლიერად მოქაჩა, ხოლო შემდეგ ფეხი დაარტყა ფეხის არეში. ყოველივე აღნიშნულით არასრულწლოვანმა ნ. ნ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის თებერვალში (ზუსტი დრო დაუდგენელია), დაახლოებით 11:30 საათზე, ს–ა, ....ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხცოვრებელ სახლში, რ. ნ–მ უმიზეზოდ განაწყენების ნიადაგზე ფეხის მუცელში დარტყმით ძალადობა განახორციელა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილზე - ნ. ნ–ზე (დაბადებული .......), რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განაჩენით რ. ნ–ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2020 წლის 9 სექტემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
გამართლებულ რ. ნ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და რ. ნ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის შესაბამისად, მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
4. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ივნისის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გივი გოცაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, რ. ნ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის შესაბამისად, მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
7. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება
8. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
9. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
10. დაზარალებულმა - ნ. ნ–მ და მოწმე - ე. ნ–მ გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება საკუთარი ოჯახის წევრის - (მამის) - რ. ნ–ს წინააღმდეგ.
11. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 16 სექტემბრის №........ დასკვნით დადგენილია, რომ 2020 წლის 11 სექტემბერს, 18:55 – 19:10 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე ნ. ნ–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა ძველი ნაწიბურები და დაზიანება ნაჭდევის სახით. მარცხენა წინამხრის წინა ზედაპირზე ზედა და შუა მესამედში არსებული ნაწიბურების მიმყენებელი საგნის და ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია ვინაიდან ტრამვის მიღებიდან გასულია 1,5 თვეზე მეტი და იზოლირებულად აღებულნი ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშანს. დაზიანება ნაჭდევის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ დაზარალებულს ნამდვილად ჰქონდა სხეულზე დაზიანებები, თუმცა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით შეუძლებელია იმ ფაქტის დადგენა, თუ ვინ მიაყენა მას დაზიანებები. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზიანებები ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
13. რაც შეეხება კასატორის მითითებას საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ნ. ნ–მ აღნიშნა, რომ რ. ნ–მ ყურში და თმებში ძლიერად მოქაჩა, ხოლო შემდეგ ფეხი დაარტყა ბარძაყის არეში, თუმცა არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტუნებელ განაჩენს (მათ შორის, როდესაც მხარეების მიერ უდავოდ არის ცნობილი), როდესაც დაზარალებული/მოწმე სარგებლობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარს ამბობს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, რაოდენობრივად ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, თუმცა ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20) და მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად წარმოადგენს დაზარალებულის (მოწმის) მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმებას.
14. სასამართლო მიუთითებს, რომ მოწმე მ. ს–ა არ არის შემთხვევის ადგილის თვითმხილველი. მისი ჩვენება თავისი შინაარსით წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, ის არ შესწრებია ძალადობის ფაქტს, არამედ ამის შესახებ იცის მხოლოდ დაზარალებულისა და მოწმისგან გადმოცემით.
15. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
16. სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში რ. ნ–ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დასადასტურებლად წარმოდგენილი ყველა ამ მტკიცებულებების პირველწყაროს წარმოადგენს დაზარალებული.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებულებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
18. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
19. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება რ. ნ–ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
21. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე