Facebook Twitter

საქმე # 190100121004374749

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№633აპ-21 ქ. თბილისი

ბ. ვ., 633აპ-21 18 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ივნისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ - ზურაბ კოჭლამაზაშვილმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ვ. ბ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის შეფარდებას; კასატორის მტკიცებით, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა ცალსახად ადასტურებს ვ. ბ-ს ბრალეულობას, კერძოდ, დაზარალებულმა მ. ა-მ სასამართლოს არ მისცა ვ. ბ-ს საწინააღმდეგო ჩვენება, თუმცა მოწმეების - თ. ბ-სა და ე. რ-ს ჩვენებებით უტყუარად დგინდება, რომ დაზარალებულმა დაურეკა თავისი ოჯახის ორ ახლობელს - თ. ბ-სა და ე. რ-ს, რომლებსაც დახმარება სთხოვა; თ. ბ-მ დაადასტურა, რომ ადგილზე მისვლისას, დახვდა მთვრალი, აგრესიული ვ. ბ., რომელიც ისევ იმუქრებოდა და იწევდა მ. ა-საკენ; წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ 2020 წლის ოქტომბრის ინციდენტთან დაკავშირებით დაზარალებულმა მიმართა სამედიცინო დაწესებულებას დახმარების აღმოსაჩენად, თუმცა, როგორც მ. ა-მ გამოძიებაში, გამოკითხვისას, თავადვე განმარტა, მან დაუმალა ექიმს მეუღლის მხრიდან ძალადობის ფაქტი.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. ბ-ს ბრალად დაედო: ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს, დაახლოებით 16:00 საათზე, .. მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ. ბ-მ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული კამათის დროს, არასრულწლოვანი შვილების - 2017 წელს დაბადებული ვ. ა-სა და 2018 წელს დაბადებული ს. ა-ს თანდასწრებით, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, 9 თვის ორსულ მ. ა-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ორჯერ დაარტყა მუშტი სახის მარცხენა არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2. 2021 წლის 14 იანვარს, 19:00 საათზე, .. მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა ვ. ბ-მ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული კამათის დროს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. ა-ს უთხრა, რომ აიღებდა ცხელ შეშის ღუმელს და დაადებდა სახეზე. მ. ა-მ ვ. ბ-ს მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში.

3. ვ. ბ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 აპრილის განაჩენით ვ. ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ვ. ბ-ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ივნისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებიც, თითქოსდა, ქმნიდნენ უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადასტურდა ვ. ბ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა; დაზარალებულმა მ. ა-მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, საეჭვოდ არ მიიჩნევს მოწმეების - თ. ბ-სა და ე. რ-ს ჩვენებებს, რომლებიც შეესწრნენ ვ. ბ-სა და მ. ა-ს ოჯახურ კონფლიქტს, ხოლო, მეორე მხრივ, მიუთითებს: არცერთი მტკიცებულება, რომლებზეც აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, არც პირდაპირ და არც ირიბად არ ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებას - ვ. ბ-მ მ. ა-ს უთხრა, რომ აიღებდა ცხელ შეშის ღუმელს და დაადებდა სახეზე; საქმეში ასევე არ მოიპოვება არცერთი უტყუარი სამხილი, რომლებიც პირდაპირ მიუთითებდა, რომ 2020 წლის ოქტომბერში ვ. ბ-მ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით იძალადა ორსულ მ. ა-ზე.

10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი