Facebook Twitter

საქმე # 330100119003076791

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№634აპ-21 ქ. თბილისი

დ. მ.,634აპ-21 29 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. დ-ს, მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ტ-სა და მსჯავრდებულ მ. ა-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ფ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ. დ-მ, მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ტ-მ, მსჯავრდებულმა მ. ა-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ფ-მ.

2. მსჯავრდებული მ. დ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. ტ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განაჩენის შეცვლასა და მ. დ-სათვის მინიმალური სასჯელის შეფარდებას ან სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და მის პიროვნებას; შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, არაპროპორციული და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს; სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მ. დ. არ არის ნასამართლევი, გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც დაზოგა სასამართლოს რესურსი და ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას.

3. მსჯავრდებული მ. ა. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ფ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით ითხოვენ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განაჩენის შეცვლასა და მ. ა-სათვის მინიმალური სასჯელის შეფარდებას ან სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და მის პიროვნებას; სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მ. ა-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, თუმცა გამოკვეთილია მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები: როგორც გამოძიებისას, ასევე - სასამართლოში, საქმის არსებითად განხილვის დროს, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია დანაშაული; ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც ხელი შეუწყო ობიექტური ჭეშმარიტების დადგენასა და სწრაფ მართლმსაჯულებას; მიისწრაფვის, აანაზღაუროს ზიანი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 დეკემბრის განაჩენით:

4.1. მ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 40000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით მ. დ-ს საბოლოოდ მიესაჯა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 40000 ლარი.

4.2. მ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 40000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით მ. ა-ს საბოლოოდ მიესაჯა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 40000 ლარი.

5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. დ-მ და მ. ა-მ ჩაიდინეს: კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა, ე.ი. კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადება, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში ან სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემის ან ამგვარი მონაცემის მატარებელი ელექტრომაგნიტური ტალღების უნებართვო მოპოვება ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ შენახვა; კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, ე.ი კომპიუტერული პროგრამის ან/და სხვა მოწყობილობის, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისთვის საჭირო პაროლის, დაშვების კოდის ან სხვა მსგავსი მონაცემის უნებართვო დამზადება, შენახვა, გაყიდვა, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით; კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა, ე.ი კომპიუტერული მონაცემის უნებართვო დაზიანება, წაშლა, შეცვლა ან დაფარვა, აგრეთვე კომპიუტერული მონაცემის უნებართვო ჩასმა, გადაცემა, რამაც კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირების განზრახ მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. დ-სა და მ. ა-ს ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

6.1. თურქეთის მოქალქე ს. ჩ., რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა ე.წ „ფიშინგის“ გზით დაუფლებოდა პირთა წინასწარ განუსაზღვრელი წრის ფულად თანხებს, 2019 წელს დაუკავშირდა ასევე თურქეთის მოქალაქეებს - მ. ა-ს და მ. დ-ს და მათთან წინასწარი შეთანხმებით, სხვადასხვა პირის ინტერნეტბანკის ავტორიზაციის მონაცემების უნებართვო მოპოვების და ანგარიშებიდან თანხის ქურდობის მიზნით, 2019 წელს დაამზადა სს „ს-ს“ ყალბი რეკლამა, სადაც განათავსა წარწერა: „შედით თქვენ ანგარიშზე და მოიგეთ საჩუქრები, პირველი 20 კაცი მოიგებს iPhone XS Max“, ხოლო აღნიშნული ტექსტის ქვემოთ მითითებული იყო მის მიერ უკანონოდ დამზადებული ე.წ. „ფიშერული“ ბმული - ... . ს. ჩ-ს, რომელიც იყო ჯგუფის ხელმძღვანელი, მ. ა-სა და ორგანიზებული ჯგუფის გამოძებით დაუდგენელ სხვა წევრებთან ხშირი კომუნიკაცია ჰქონდა სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის, ინტერნეტსაკომუნიკაციო პროგრამა ,, “ მეშვეობით, დარეგისტრირებული იყო მომხმარებლის სახელით ,, “. მ. ა-მ, რომელიც რეგისტრირებული იყო მომხმარებლის სახელით ,, “, 2019 წლის გაზაფხულზე დაწერა, რომ ე.წ ,,ფიშერული“ გზით მოპოვებული თანხების დასარიცხად სჭირდებოდათ ონლაინ ტოტალიზატორების ანგარიშები, ხოლო თანხის გამნაღდებელს შეხვდებოდა თანხის ნახევარი. მ. ბ., რომელიც ,, “ პროგრამაში დარეგისტრირებული იყო სახელით ,, “, დასთანხმდა შემოთავაზებას და რეკლამა, რომელიც იყო თურქულ ენაზე, თარგმნა ქართულად, ასევე გადაუგზავნა ონლაინკაზინოებს - „კ-სა“ და „ბ-ს“ თავისი და თავისი ნათესავების კუთვნილი ანგარიშები. მ. ა., ს. ჩ-სა და მ. დ-თან წინასწარი შეთანხმებით, სოციალურ ქსელ ,, “ ავრცელებდა აღნიშნულ რეკლამას. როდესაც ,, “ მომხმარებლები გახსნიდნენ რეკლამას, ავტომატურად გადამისამართდებოდნენ სპეციალურად შექმნილ „ფიშერულ“ პროგრამაზე, რომელიც განასახიერებდა „ს-ს“ ინტერნეტბანკინგის მსგავს გვერდს, სადაც მიჰყვებოდნენ ინსტრუქციას, ჩაწერდნენ მათი ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელსა და პაროლს, რაც ავტომატურად იგზავნებოდა სპეციალურ ბმულზე და მ. ა. უკანონოდ ინახავდა ,,Google Drive-ზე“ შექმნილ თავის ანგარიშზე. აღნიშნულის შემდეგ მ. ა-ს, მ. დ-სა და ს. ჩ-ს შეჰყავდათ ეს მონაცემები სს „ ს-ს“ ინტერნეტბანკის ნამდვილ გვერდზე და მომხმარებლებს მობილურ ტელეფონზე ბანკისგან ეგზავნებოდათ ერთჯერადი კოდი, რომელსაც ისინი, კვლავ ბმულის ინსტრუქციის თანახმად, აგზავნიდნენ ზემოაღნიშნული სპეციალური საიტის ბმულზე. ამის შემდეგ მ. ა., მ. დ. და ს. ჩ. იწერდნენ ერთჯერად კოდს, შედიოდნენ მომხმარებლის გვერდზე, ცვლიდნენ მითითებულ ტელეფონის ნომრებს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების სარგებლობაში არსებული ნომრებით, ნახულობდნენ ანგარიშზე არსებულ თანხებს, რომლებსაც რიცხავდნენ წინასწარ მოპოვებულ ონლაინკაზინოების/ტოტალიზატორების, მათ შორის, მ. ბ-სა და მისი ნათესავების კუთვნილ და სს „ს-ს“ მომხმარებლების ანგარიშებზე, რომლებიც ანაღდებდნენ ამ თანხებს, ნაწილს თვითონ იტოვებდნენ, ხოლო ნაწილს გადასცემდნენ მ. ა-ს, ს. ჩ-სა და მ. დ-ს, ასევე ინტერნეტტოტალიზატორებიდან თანხებს რიცხავდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ბარათებზე, საიდანაც გამოჰქონდათ და განკარგავდნენ სურვილისამებრ. ზემოთ აღნიშნული სქემის შესაბამისად:

2019 წლის 19 მარტს უნებართვოდ შეაღწიეს პ. ნ-ს კუთვნილ სს „ს-ს“ ინტერნეტბანკის ანგარიშზე და ანგარიშზე არსებული თანხა - 300 ლარი უკანონოდ გადაირიცხეს შპს „მ-ს“ (კ.) მომხმარებლის - ს. ჩ-ს ჩევიქის ( ) ანგარიშზე, სახელით ,, “, №.

2019 წლის 3 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს ი. გ-ს კუთვნილ სს „ს-ს“ ინტერნეტბანკის ანგარიშზე და ანგარიშზე არსებული თანხა - 1540 ლარი უკანონოდ გადაირიცხეს ონლაინტოტალიზატორ ,, “ მომხმარებლის - ე. მ-ს ანგარიშზე დასახელებით „ “, № , რომელმაც თანხა იმიტირებული თამაშის გზით გადაიტანა სხვა ანგარიშზე.

2019 წლის 5 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს ნ. ღ-ს კუთვნილ სს „ს-ს“ ინტერნეტბანკის ანგარიშზე და ანგარიშზე არსებული თანხა - 145 ლარი უკანონოდ გადაირიცხეს შპს „ბ-ს“ (www. ) არავერიფიცირებული მომხმარებლის ,, “ ანგარიშზე, №, რომელმაც თანხა გადაიტანა სს „თ-ს“ ანგარიშზე, პლასტიკური ბარათის ნომერი , რომელიც ამოღებულია მ. დ-ს პირადი ჩხრეკისას.

2019 წლის 5 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს თ. გ-ს კუთვნილ სს „ს-ს“ ინტერნეტბანკის ანგარიშზე და ანგარიშზე არსებული თანხა - 120 ლარი უკანონოდ გადაირიცხეს შპს „ბ-ს“ (www. ) არავერიფიცირებული მომხმარებლის ,, “ ანგარიშზე №, რომელმაც თანხა გადაიტანა სს „თ-ს“ ანგარიშზე, პლასტიკური ბარათის ნომერი , რომელიც ამოღებულია მ. დ-ს პირადი ჩხრეკისას.

2019 წლის 5 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს ი. ქ-ს კუთვნილ სს „ს-ს“ ინტერნეტბანკის ანგარიშზე და ანგარიშზე არსებული თანხა - 6280 ლარი უკანონოდ, სამ ტრანზაქციად გადაირიცხეს - მ. ბ-ს შპს „ბ-ს“ (www.) მომხმარებლის ანგარიშზე - 1500 ლარი, სახელით ,, “, №, რომელმაც გაიტანა თანხა 7 აპრილს; უ. ქ-ს ანგარიშზე - 2780 ლარი, სახელით ,, “, №, რომელმაც თანხა გადარიცხა ,,T-ს“ არხის გავლით ბარათზე № ****** და არავერიფიცირებული მომხმარებლის ,, “ ანგარიშზე - 2000 ლარი, სახელით ,, “, №, რისი გატანაც ვერ მოახერხა.

2019 წლის 5 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს შ. მ-ს კუთვნილ სს „ს-ს“ ინტერნეტბანკის ანგარიშზე და ანგარიშზე არსებული თანხა - 620 ლარი უკანონოდ გადირიცხეს შპს „ბ-ს“ (www. ) მომხმარებლის უ. ქ-ს ანგარიშზე, სახელით ,, “, №, რომელმაც თანხა გადარიცხა ,,T-ს“ არხის გავლით ბარათზე № .

2019 წლის 5 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს ი. ბ-ს კუთვნილ სს „ს-ს“ ინტერნეტბანკის ანგარიშზე და ანგარიშზე არსებული თანხა - 550 ლარი უკანონოდ გადაირიცხეს შპს „ბ-ს“ (www. ) მომხმარებლის უ. ქ-ს ანგარიშზე, სახელით ,, “, № , რომელმაც თანხა გადარიცხა ,,T-ს“ არხის გავლით ბარათზე № .

2019 წლის 5 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს ვ. ჩ-ს კუთვნილ სს „ს-ს“ ინტერნეტბანკის ანგარიშზე და იქ არსებული თანხა - 4500 ლარი რამდენიმე ეტაპად გადაირიცხა შპს „ბ-ს“ (www. ) არავერიფიცირებული მომხმარებლის ,, “ ანგარიშზე № , რომელმაც თანხა გადაიტანა სს „თ-ს“ ანგარიშზე, პლასტიკური ბარათის ნომერი , რომელიც ამოღებულია მ. დ-ს პირადი ჩხრეკისას და ანგარიშზე № .

2019 წლის 5 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს გ. დ-ს კუთვნილ სს „ს-ს“ ინტერნეტბანკის ანგარიშზე და ანგარიშზე არსებული თანხა - 5000 ლარი გადაირიცხეს ონლაინტოტალიზატორ ,,www.-ის“ არავერიფიცირებული მომხმარებლის ,,“, № ანგარიშზე, რაც შპს „მ-მ“ მიიჩნია თაღლითურ ტრანზაქციად და თანხა დაუბრუნა გ. დ-ს.

2019 წლის 7 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს გ. ზ-ს კუთვნილ სს „ს-ს“ ინტერნეტბანკის ანგარიშზე და ანგარიშზე არსებული თანხა - 5500 ლარი ორ ტრანზაქციად, უკანონოდ გადაირიცხეს - პირველ შემთხვევაში - 1500 ლარი შპს „ბ-ს“ მომხმარებელთან ,,“, №, რომელმაც იმავე დღეს გაიტანა თანხა, ხოლო მეორე ტრანზაქციით გადარიცხეს - 4000 ლარი შპს „მ-ს“ (კ.) მომხმარებლის - ა. მ-ს ანგარიშზე სახელით ,,“, №, საიდანაც თანხა გაიტანეს ,, “ ბარათის მეშვეობით.

2019 წლის 7 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს ა. ბ-ს კუთვნილ სს „ს-ს“ ინტერნეტბანკის ანგარიშზე და ანგარიშზე არსებული თანხა - 1850 ლარი უკანონოდ გადარიცხეს შპს „მ-ს“ (კ.) მომხმარებლის - ი. ბ-გ-ს ანგარიშზე, სახელით ,,“, №, რომელმაც თანხა გამოიტანა იმავე დღეს და გადასცა მ. დ-ს მეგობარს - ა. ო-ს.

2019 წლის 7 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს ო. პ-ს კუთვნილ სს „ს-ს“ ინტერნეტბანკის ანგარიშზე და ანგარიშზე არსებული თანხა - 380 ლარი გადარიცხეს შპს „მ-ს“ (კ.) მომხმარებლის - მ. დ-ს ანგარიშზე, სახელით ,,“, №, რომელმაც თანხა გადაიტანა სს „თ-ს“ ანგარიშზე, პლასტიკური ბარათის ნომერი - , რომელიც ამოღებულია მ. დ-ს პირადი ჩხრეკისას.

2019 წლის 7 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს გ. გ-ს კუთვნილ სს „ს-ს“ ინტერნეტბანკის ანგარიშზე და ანგარიშზე არსებული თანხა - 900 ლარი გადარიცხეს შპს „მ-ს“ (კ.) მომხმარებლის - მ. დ-ს ანგარიშზე, სახელით ,,“, №, რომელმაც თანხა გადაიტანა სს „თ-ს“ ანგარიშზე, პლასტიკური ბარათის ნომერი - , რომელიც ამოღებულია მ. დ-ს პირადი ჩხრეკისას.

2019 წლის 7 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს ჯ. თ-ს კუთვნილ სს „ს-ს“ ინტერნეტბანკის ანგარიშზე და ანგარიშზე არსებული თანხა - 2000 ლარი ორ ტრანზაქციად უკანონოდ გადაირიცხეს, ერთი ტრანზაქციით - 500 ლარი შპს „ბ-ს“ (www.) მომხმარებლის - უ. ქ-ს ანგარიშზე, სახელით ,,“, №, რისი გატანაც ვერ მოახერხა, ხოლო მეორე ტრანზაქციით - 1500 ლარი შპს „მ-ს“ (კ.) მომხმარებლის - მ. დ-ს ანგარიშზე, სახელით ,, “, №, რომელმაც თანხა გადაიტანა სს „თ-ს“ ანგარიშზე, პლასტიკური ბარათის ნომერი - , რომელიც ამოღებულია მ. დ-ს პირადი ჩხრეკისას.

2019 წლის 7 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს ს. ქ-ს კუთვნილ სს „ს-ს“ ინტერნეტბანკის ანგარიშზე და ანგარიშზე არსებული თანხა - 310 ლარი ორ ეტაპად გადარიცხეს შპს „მ-ს“ (კ.) მომხმარებლის - მ. დ-ს ანგარიშზე, სახელით ,,“, №, რომელმაც თანხა გადაიტანა სს „თ-ს“ ანგარიშზე, პლასტიკური ბარათის ნომერი -, რომელიც ამოღებულია მ. დ-ს პირადი ჩხრეკისას.

2019 წლის 8 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს გ. დ-ს კუთვნილ სს „ს-ს“ ინტერნეტბანკის ანგარიშზე, რომლის სახელითაც აიღეს სესხი 285,35 ლარი და აღნიშნული თანხა, გ. დ. მეორე ანგარიშზე არსებულ თანხასთან - 1450 ლართან ერთად, გადაირიცხა ონლაინტოტალიზატორ ,,www.-ის“ არავერიფიცირებული მომხმარებლის ანგარიშზე - ,, “ №, საიდანაც ნაწილი თანხა გაიტანეს, ხოლო - 537 ლარი დაბლოკა შპს „მ-მ“.

2019 წლის 8 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს გ. გ-ს კუთვნილ სს „ს-ს“ ინტერნეტბანკის ანგარიშზე, ანგარიშზე არსებული - 16600 ლარი გადარიცხეს სს „ს-ს“ მომხმარებლის ,,“ ანგარიშზე -; 90 ლარი გადაირიცხეს ონლაინტოტალიზატორ „კ-ს “ მომხმარებელთან ,, “, №, ხოლო 1023 ლარი გადაირიცხეს რ. კ-ს (პ/ნ ) შპს „ს-ს“ ანგარიშზე №, რაც უკან დააბრუნა შპს „ს-მ“.

2019 წლის 9 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს ნ. ს-ს კუთვნილ სს „ს-ს“ ინტერნეტბანკის ანგარიშზე და ანგარიშზე არსებული თანხა - 12100 ლარი ორ ტრანზაქციად უკანონოდ გადაირიცხეს, ერთი ტრანზაქციით - 800 ლარი შპს „ა-ს“ ( ) მომხმარებლის ანგარიშზე, სახელით ,, “, № , რომელმაც თანხა იმავე დღეს გაიტანა, ხოლო მეორე ტრანზაქციით - 11 269 ლარი დაკონვერტირდა 4100 აშშ დოლარად და „ „ მეშვეობით გადაირიცხეს ,, “ სახელზე.

2019 წლის 9 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს ნ. ქ-ს კუთვნილ სს „ს-ს“ ინტერნეტბანკის ანგარიშზე და ანგარიშზე არსებული თანხა - 850 ლარი გადარიცხეს ონლაინტოტალიზატორ ,,www.“ მომხმარებლის - ბ. გ-ს ანგარიშზე ,, “, №, რაც შპს „მ-მ“ მიიჩნია უკანონო ტრანზაქციად და არ მიეცათ თანხის გატანის შესაძლებლობა.

2019 წლის 9 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს ლ. თ-ს კუთვნილ სს „ს-ს“ ინტერნეტბანკის ანგარიშზე და ანგარიშზე არსებული თანხა - 600 ლარი გადაირიცხა ონლაინტოტალიზატორ ,,www. “ მომხმარებლის - ბ. გ-ს ანგარიშზე ,, “, № , რაც შპს „მ-მ“ მიიჩნია უკანონო ტრანზაქციად და არ მიეცათ თანხის გატანის შესაძლებლობა.

2019 წლის 9 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს გ. ჯ-ს კუთვნილ სს „ს-ს“ ინტერნეტბანკის ანგარიშზე და ანგარიშზე არსებული თანხა - 1100 ლარი გადარიცხეს შპს „ბ-ს“ ( ) მომხმარებლის - მ. ბ-ს ნათესავის - ე. უ-ს ანგარიშზე ,, “, №, რომელმაც გამოიტანა თანხა და გადასცა მ. ბ-ს, საიდანაც მხოლოდ 80 ლარის გატანა მოახერხა.

2019 წლის 10 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს გ. ი-ს კუთვნილ სს „ს-ს“ ინტერნეტბანკის ანგარიშზე და ანგარიშზე არსებული თანხა - 53 ლარი გადარიცხეს ონლაინტოტალიზატორ ,,www. „ არავერიფიცირებული მომხმარებლის ,, “ ანგარიშზე № , საიდანაც გადარიცხეს სს „თ-ს“ ანგარიშზე.

2019 წლის 11 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს ნ. ჩ-ს კუთვნილ სს „ს-ს“ ინტერნეტბანკის ანგარიშზე და ანგარიშზე არსებული თანხა - 11700 ლარი სამ ტრანზაქციად, კერძოდ: პირველი ტრანზაქციით 5000 ლარი უკანონოდ გადარიცხეს ონლაინკაზინო „ა-ს“ მომხმარებლის, მ. ბ-ს ნათესავის - ა. მ-ს № ანგარიშზე, რომელმაც 11 აპრილს ანგარიშიდან გამოიტანა 4654 ლარი და გადასცა მ. ბ-ს. მან ამ ანგარიშიდან 200 ლარი ,, “ ტრანზაქციით გადარიცხა ა. მ-ს ქმრის - ე. უ-ს „ა-ს“ ანგარიშზე №, რომელმაც თანხა გამოიტანა და გადასცა მ. ბ-ს; მეორე ტრანზაქციით - 1500 ლარი გადარიცხეს ონლაინკაზინო ,,ა-ს“ მომხმარებლის - რ. წ-ს ანგარიშზე „“, №, რომლითაც სარგებლობდნენ მისი შვილობილი - ი. ბ-გ. და მისი მეუღლე - ა. გ., რომლებმაც თანხა გამოიტანეს და გადასცეს მ. დ-ს მეგობარს - ა. ო-ს; მესამე ტრანზაქციით - 5200 ლარი გადარიცხეს შპს „ა-ს“ () მომხმარებლის ,,“, № ანგარიშზე, რომელმაც თანხა იმავე დღეს გაიტანა.

2019 წლის 11 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს ლ. კ-ს კუთვნილ სს „ს-ს“ ინტერნეტბანკის ანგარიშზე და ანგარიშზე არსებული თანხა - 5000 ლარი უკანონოდ გადაირიცხეს შპს „ა-ს“ () მომხმარებლის - მ. დ-ს ანგარიშზე, სახელით ,,“, №, საიდანაც იმავე დღეს 500 ლარი ,, “ გადარიცხვის მეშვეობით გადაიტანეს მ. დ-ს მეგობრის - ზ. გ-ს მომხმარებლის ანგარიშზე, სახელით ,,“, № .

2019 წლის 12 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს პ. ჩ-ს კუთვნილ სს „ს-ს“ ინტერნეტბანკის ანგარიშზე და ანგარიშზე არსებული თანხა - 650 ლარი უკანონოდ გადაირიცხეს შპს „ფ-ს ჰ“ (www.) მომხმარებლის - უ. ქ-ს ანგარიშზე №, რისი გატანაც ვერ მოახერხეს, ვინაიდან ინტერნეტტოტალიზატორმა უკანონო ტრანზაქციად მიიჩნია.

2019 წლის 12 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს გ. ბ-ს კუთვნილ სს „ს-ს“ ინტერნეტბანკის ანგარიშზე და ანგარიშზე არსებული 200 ლარი გადარიცხეს ონლაინტოტალიზატორ ,,www.“ მომხმარებლის ანგარიშზე №, ხოლო ნაწილი - 3850 ლარი გადარიცხეს სს „ს-ს“ მომხმარებლის - მ. დ-ს ანგარიშზე - , რომელმაც თავის მხრივ - 3500 ლარი გადარიცხა მ. დ-ს მეგობრის - ზ. გ-ს სს „ს-ს“ ანგარიშზე - .

2019 წლის 13 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს ნ. კ-ს კუთვნილ სს „ს-ს“ ინტერნეტბანკის ანგარიშზე და ანგარიშზე არსებული თანხა - 630 ლარი შვიდ ტრანზაქციად უკანონოდ გადარიცხეს ,,“ მომხმარებელთან №.

2019 წლის 12 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს ლ. დ-ს კუთვნილ სს „ს-ს“ ინტერნეტბანკის ანგარიშზე და ანგარიშზე არსებული თანხა - 1700 ლარი უკანონოდ გადაირიცხეს შპს „ფ-ს“ (www.) მომხმარებლის - უ. ქ-ს ანგარიშზე №, რისი გატანაც ვერ მოახერხეს, ვინაიდან ინტერნეტ ტოტალიზატორმა მიიჩნია უკანონო ტრანზაქციად.

2019 წლის 15 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს შ. ბ-ს კუთვნილ სს „ს-ს“ ინტერნეტბანკის ანგარიშზე და ანგარიშზე არსებული თანხა ორი უკანონო ტრანზაქციით გადარიცხეს, პირველი ტრანზაქციით - 6750 ლარი, ხოლო მეორე ტრანზაქციით - 10 000 ლარი, ჯამურად - 16750 ლარი ,,G-ს“ სს „ს-ს“ ანგარიშზე №.

2019 წლის 15 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს დ. გ-ს კუთვნილ სს „ს-ს“ ინტერნეტბანკის ანგარიშზე და ანგარიშზე არსებული თანხა - 3800 ლარი გადარიცხეს ,,G-ს“ სს „ს-ს“ ანგარიშზე №..

2019 წლის 16 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს ი. ლ-ს კუთვნილ სს „ს-ს“ ინტერნეტბანკის ანგარიშზე და ანგარიშზე არსებული 5100 აშშ დოლარი გადაიტანეს მეორე ანგარიშზე ლარში კონვერტაციით და ორი ტრანზაქციით 13690 ლარი გადარიცხეს მ. დ-ს სს „ს-ს“ ანგარიშზე № .

2019 წლის 16 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს რ. გ-ს კუთვნილ სს „ს-ს“ ინტერნეტბანკის ანგარიშზე და ანგარიშზე არსებული 1100 ლარი გადარიცხეს ი. ჯ-ს სს ,,ს-ს“ ანგარიშზე № .

2019 წლის 17 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს ბ. ლ-ს კუთვნილ სს „ს-ს“ ინტერნეტბანკის ანგარიშზე და ანგარიშზე არსებული თანხა -28100 ლარი უკანონოდ გადაირიცხეს სს „ს-ს“ მომხმარებლის - ზ. ა-ს ანგარიშზე №, საიდანაც თანხები გადანაწილდა: ,,M-ის“ სს „თ-ს“ ანგარიშზე 1) 17.04.19 3.36 ლარი; 2) 17.04.19 4800 ლარი; მერჩანტის დასახელება - ,, “ 1) 16.04.19 14.37 ლარი, ავტორიზაციის კოდი: , ბარათის ნომერი; მ. დ-ს სს „ს-ს“ ანგარიშზე - 1) 17.04.19 30.00 ლარი; ი. ჯ-ს სს „ს-ს“ ანგარიშზე № - 1) 17.04.19 630 ლარი. გ. ს. ხ-ს სს „ს-ს“ ანგარიშზე № - 1) 17.04.19 , 1200 ლარი; უ. მ. ქ-ს (რომელიც არის მ. დ-ს, მ. ა-ს, ა. გ-სა და ა. ო-ს ნაცნობი და რომლის ანგარიშის ნომერი ინახებოდა მ.დ-ს whatsapp-ის მიმოწერებში), სს „ს-ს“ ანგარიშზე № - 1) 17.04.19 , 2000 ლარი, 2) 17.04.19 7000 ლარი. 3) 17.04.19 2000 ლარი; ,, “ ( ) 18.04.19-ში გადახდა 8.00 ლარი; ,,“- ; ; გადაირიცხა 100 ლარი; მერჩანტის დასახელება ,,“ 1) 17.04.19 1736.62 ლარი. 2) 17.04.19 3512.50 ლარი; ა. შ-ს სახელზე გაგზავნილი თანხა - 10762,40 ლარი „“ მომსახურებით.

ჯამურად მ. ა., მ. დ., ს. ჩ., მ. ბ. და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრები შეეცადნენ, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნან სს „ს-ს“ მომხმარებლების კუთვნილ - 151866 ლარს, საიდანაც მოახერხეს დაუფლებოდნენ - 139009 ლარს, ხოლო 12857 ლარის გატანა ვერ მოახერხეს, ვინაიდან ტრანზაქციები ბანკმა და ინტერნეტტოტალიზატორებმა მიიჩნიეს უკანონოდ.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა - მ. დ-მ და მ. ა-მ, რომლებიც ითხოვდნენ განაჩენის შეცვლასა და შეფარდებული სასჯელების შემსუბუქებას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მითითებებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელების შეფარდებისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარებენ და ინანიებენ დანაშაულებს, ხელი შეუწყვეს სწრაფ მართლმსაჯულებას) და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სრულად შეაფასეს როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - მსჯავრდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, მ. დ-სა და მ. ა-ს სამართლიანი სასჯელები შეუფარდეს, რომელთა შემსუბუქება ან/და შეფარდებული სასჯელების ნაწილის პირობითად ჩათვლა სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია მიზანშეუწონლად. მხედველობაშია მისაღები, რომ მ. დ-სა და მ. ა-ს ქმედებებში გამოკვეთილია, ერთი მხრივ, დანაშაულთა ერთობლიობა და დანაშაულთა არაერთი მაკვალიფიცირებელი გარემოება, ხოლო, მეორე მხრივ, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით დაზარალებული არაერთი პირი და, მიუხედევად იმისა, რომ განსახილველ შემთხვევაში სასჯელი ინიშნება იდეალური ერთობლიობით, დანაშაულთა, დანაშაულების მაკვალიფიცირებელ გარემოებათა და დაზარალებულთა კუმულაცია, ცალსახად წარმოადგენს ჩადენილი ქმედების მახასიათებელ ისეთ გარემოებას, რომელიც მის საშიშროებას მნიშვნელოვნად ზრდის.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. დ-ს, მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. დ-ს, მსჯავრდებულ მ. ა-სა და მისი ინტერესების დამცველის ადვოკატ, დ. დ-ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი