Facebook Twitter

საქმე # 330100120004154789

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№646აპ-21 ქ. თბილისი

ს. ნ., 646აპ-21 19 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ტ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ტ-მ, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას; კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან, ერთი მხრივ, არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები, რაც არ გამოუვლენიათ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებს და რაც მათ დაუშვეს საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს, ხოლო, მეორე მხრივ, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ნ. ს-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას; ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა თავიანთი გამამტყუნებელი განაჩენები დააფუძნეს მხოლოდ დაზარალებულების - მ. ს-სა და ლ. კ-ს განმარტებებს, რომლებიც არიან მიკერძოებულნი და მათი ჩვენებები ვერ აკმაყოფილებს უტყუარობისა და დამაჯერებლობის სტანდარტს.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ. ს-ს ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი ორი პირის მიმართ, არაერთგზის; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2020 წლის 16 ივლისს ქ.თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა გამოსცეს შემაკავებელი ორდერი № რომლითაც ნ. ს-ს აეკრძალა მსხვერპლთან - ლ. კ-თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია და მსხვერპლის სახლთან მიახლოება. მიუხედავად აკრძალვისა, 2020 წლის 2 აგვისტოს ნ. ს. მივიდა მსხვერპლის საცხოვრებელ სახლში მისამართზე - .. რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

2.2. ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევი ნ. ს. 2019 წლის 3 მაისიდან 2020 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით, სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა ოჯახის ორ წევრს, დას - ლ. კ-სა და დედას - მ. ს-ს. ნ. ს-ს ქმედებების შედეგად ლ. კ-მ და მ. ს-მ განიცადეს ტანჯვა.

2.3. 2020 წლის 13 ოქტომბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, .. ბინაში, ნ. ს. ურთიერთშელაპარაკებისას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დას - ლ. კ-სა და დედას - მ. ს-ს, კერძოდ, უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა და არ აცოცხლებდა მათ. ლ. კ-სა და მ. ს-ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის განაჩენით ნ. ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ნ. ს-ს საბოლოოდ მიესაჯა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა - 2020 წლის 23 ოქტომბრიდან.

4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ს-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი ორი პირის მიმართ, არაერთგზის და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, თუმცა გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ტ-მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა და სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასწორად შეაფასა, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ნ. ს-ს ბრალეულობა და, ამასთან, სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში დაცვის მხარის ყველა საკვანძო არგუმენტს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რომლებიც დიდწილად მეორდება საკასაციო საჩივარშიც; საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულების - მ. ს-სა და ლ. კ-ს ჩვენებები მტკიცების საგანთან მიმართებით არის თანმიმდევრული და ერთმანეთთან თანხვდენილი, ხოლო უმნიშვნელო განსხვავებები, რომლებიც შესაძლოა, შეინიშნებოდეს მათ მონათხრობში, ვერ დაუკარგავს დაზარალებულთა ჩვენებებს სანდოობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ს-ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში არის კანონიერი, ხოლო შეფარდებული სასჯელი - სამართლიანი, რისი მხედველობაში მიღებითაც, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის საფუძველი არ იკვეთება.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ტ-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი