საქმე # 330100120003754114
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №647აპ-21 ქ. თბილისი
თ. პ., 647აპ-21 26 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, პ. თ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და მკაცრი სასჯელის შეფარდებას, შემდეგი საფუძვლებით: მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ლ. გ-მ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და ჩვენება არ მისცა ახლო ნათესავის - პ. თ-ს წინააღმდეგ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ოჯახური დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, საკმარისი იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, პ. თ-ს ბრალად ედება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის (ორი ეპიზოდი).
პ. თ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 იანვრის განაჩენით პ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სისხლის სამართლის კოდექსის 2381 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით.
- 2020 წლის 27 მაისს, დაახლოებით 17:00-18:00 საათზე, .. ურთიერთშელაპარაკების დროს, ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა პ. თ-მ იძალადა ბებიაზე - ლ. გ-ზე, კერძოდ: პ. თ-მ მას უთხრა, რომ მიეცა აღებული პენსიიდან გარკვეული თანხა, ხოლო ლ. გ-საგან უარისა და საყვედურის მოსმენის შემდეგ, გაბრაზებულმა და უკმაყოფილომ, ფეხი ამოარტყა მარჯვენა ფეხის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
- 2020 წლის 27 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, .. ურთიერთშელაპარაკების დროს, ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა პ. თ-მ კვლავ იძალადა ბებიაზე - ლ. გ-ზე, კერძოდ: ხელი დაარტყა მას გულმკერდის არეში, რის შემდგომაც დაზარალებული წაბარბაცდა და ზურგით ჩავარდა ლითონის საქანელაში ე.წ. „კაჩალკაში“, რის შედეგადაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლოს სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 22 დეკემბრის განაჩენით პ. თ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
გაუქმდა პ. თ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
პ. თ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და პ. თ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლოს სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 22 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია პ. თ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობისათვის, რადგან მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა, რომ პ. თ-მ ჩაიდინა მის მიმართ ინკრიმინირებული ქმედებები, კერძოდ: დაზარალებულმა ლ. გ-მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის, შვილიშვილის - პ. თ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო სხვა მტკიცებულებები, მათ შორის - დანაშაულის შესახებ შეტყობინების ოქმი, რომელიც ლ. გ-ს არ განუხორციელებია, მოწმე ა. გ-ს ჩვენება, რომელმაც სასამართლოში დაკითხვისას განმარტა, რომ არ არის დედამისზე ძალადობის არცერთი ფაქტის შემსწრე და ამის შესახებ შეიტყო მხოლოდ დედისგან, ისევე როგორც მოწმე გ. მ-ს ჩვენება და შემაკავებელი ორდერის ოქმი არის ირიბი მტკიცებულებები, რის გამოც ისინი საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. რაც შეეხება დაზარალებულ ლ. გ-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დგინდება, რომ დაზარალებულს აღენიშნებოდა მარჯვენა დუნდულოს მიდამოში სისხლნაჟღენთი, განვითარებული რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მისი ხანდაზმულობის ვადა არ არის განსაზღვრული და, შესაბამისად, ვერც ამ მტკიცებულებით დასტურდება, რომ დაზარალებულს დაზიანება სწორედ გამართლებულმა მიაყენა.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. ფაფიაშვილი