საქმე # 140100120003780612
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №648აპ-21 ქ. თბილისი
გ. გ., 648აპ-21 30 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მახარაძისა და მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
- გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნ. მ. საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას გ. გ-ს გამართლების ნაწილში და მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებასთან ერთად, ასევე - საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2020 წლის 28 მაისისა და 30 მაისის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით: გასაჩივრებული განაჩენი როგორც სასჯელის, ისე კვალიფიკაციის ნაწილში არის დაუსაბუთებელი და უკანონო, ვინაიდან ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გ. გ-ს ბრალეულობა მუქარის ეპიზოდებშიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის - დაზარალებულ დ. ქ-ს ჩვენებითაც; ამასთან, სასჯელის ნაწილში სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა მსჯავრდებულ გ. გ-ს პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე და ხასიათი, კერძოდ, მის მიმართ წარდგენილი ბრალდებების სიმრავლე, ხასიათი და ინტენსივობა.
- მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. გ. საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი მოტივებით: განაჩენი გამამტყუნებელ ნაწილში უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; დაზარალებულ დ. ქ-ს ჩვენება არ არის სანდო და სარწმუნო; არასრულწლოვანი მოწმე მ. კ. დაიკითხა დისტანციური წესით, მისი კანონიერი წარმომადგენლის მასთან უშუალოდ ყოფნის გარეშე, რის გამოც მისი ჩვენება საფუძვლად არ უნდა დასდებოდა გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო სხვა მტკიცებულებები კი პირდაპირ ვერ ადასტურებს ძალადობის ფაქტს.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. გ-ს ბრალად ედება:
ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2020 წლის 28 მაისის ეპიზოდი), დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით; ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის (2020 წლის 30 მაისის ეპიზოდი), დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
გ. გ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2020 წლის 28 მაისს, დღისით, .. მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, გ. გ. მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ დ. ქ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- 2020 წლის 28 მაისს, საღამოს, .. მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა გ. გ-მ დ. ქ-ს მისი 9 წლის შვილის - მ. კ-ს თანდასწრებით, მარცხენა ხელის იდაყვი ორჯერ ჩაარტყა ცხვირში და ხელი ძლიერ ჩამოუსვა მკერდის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2020 წლის 30 მაისს კვლავ ამავე სახლში, გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 მაისის განაჩენით ოჯახის წევრის მიმართ მუქარისათვის ნასამართლევი გ. გ. დ. ქ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 თებერვლის განაჩენით გ. გ., - დაბადებული ... წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2020 წლის 28 მაისისა და 30 მაისის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში.
გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
გ. გ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 1 ივნისიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
- გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მახარაძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება გამართლების ნაწილში და გ. გ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებასთან ერთად, ასევე - საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2020 წლის 28 მაისისა და 30 მაისის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელის განსაზღვრა.
- მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. გ-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებისა და დაცვის მხარეთა საკასაციო საჩივრების მოთხოვნებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო სასამართლოც სრულად ეთანხმება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ გ. გ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის: დაზარალებულ დ. ქ-ს ჩვენებით, ასევე თვითმხილველი მოწმეების - მ. კ-სა და მ. ბ-ს ჩვენებებით, დაზარალებულ დ. ქ-ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემაკავებელი ორდერის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, რომლებიც სრულად საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, განსხვავებით მუქარის ბრალდების ეპიზოდებისა, ვინაიდან ამ ნაწილში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილ მტკიცებულებით სტანდარტს, რადგან არ არის საკმარისი გ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობისათვის.
9. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის დამძიმების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ მსჯავრდებულს განსაზღვრული აქვს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქციით გათვალისწინებული სასჯელების ყველაზე მკაცრი სახე - თავისუფლების აღკვეთა - 2 წლით, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია), მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მახარაძისა და მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. ფაფიაშვილი