საქმე # 150100120003663816
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №649აპ-21 ქ. თბილისი
ა. პ., 649აპ-21 25 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ პ. ა-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. ბ-სა და ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
- მსჯავრდებული პ. ა. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ტ. ბ. საკასაციო საჩივრით მოითხოვენ გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და პ. ა-ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: დაცვის მხარეს დაზარალებულ მ. ა-ს ჩვენება მიაჩნია დაუშვებელ მტკიცებულებად, ვინაიდან სასამართლოში იგი დაიკითხა კანონის არსებითი დარღვევით და, ამასთან, მ. ა-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ზ. ჯერ იყო ბრალდებულის ადვოკატი, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებების საქმეზე დართვის შუამდგომლობა როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილეს; მოწმე ა. გ-ს ჩვენება არასანდოა, რადგან იგი ეწინააღმდეგება მოწმე ო. კ-ს ჩვენებას;
- ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი ორჯონიკიძე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანასა და პ. ა-ს დამნაშავედ ცნობას ბრალდების ყველა ეპიზოდში, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაშიც, შემდეგი საფუძვლებით: მართალია, დაზარალებულმა ლ. ა-მ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით და ჩვენება არ მისცა თავისი ახლო ნათესავის - პ. ა-ს წინააღმდეგ, მაგრამ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა დანარჩენი - ირიბი მტკიცებულებები, ოჯახური დანაშაულის სპეციფიკის გათვალისწინებით, საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, პ. ა-ს ბრალად ედება:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პ. ა-ს მიმართ წარდგენილი ბრალდებები გამოიხატა შემდეგში:
- პ. ა. ალკოჰოლის ხშირი მოხმარებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი ოჯახური კონფლიქტებისას, 2020 წლის 10 თებერვლიდან სისტემატურ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა თავის დედას - ლ. ა-ს, კერძოდ: მის მიერ ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით 2020 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე მომხდარი კონფლიქტისას, პ. ა-მ მკლავების არეში ხელის ძლიერი მოჭერით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ. ა-ს. გარდა აღნიშნულისა, 2020 წლის თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში, პ. ა-მ სახისა და მკერდის არეში ხელის დარტყმით, დაზარალებულს კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ბოლოს, პ. ა-მ ლ. ა-ზე ფიზიკურად იძალადა 2020 წლის 11 მარტს, რა დროსაც მან მის მიერ ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტისას, მხრებში ხელების ძლიერად მოკიდებითა და შენჯღრევით, დაზარალებულს კვლავ მიაყენა შეურაცხყოფა. აღნიშნული სისტემატური ფიზიკური ძალადობის შედეგად ლ. ა-მ განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.
- 2020 წლის 12 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, პ. ა-მ .. მდებარე ბინა №-ში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ოჯახური კონფლიქტისას, სახის არეში ხელი დაარტყა თავის დას - მ. ა-ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 ნოემბრის განაჩენით პ. ა., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12 -ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
პ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით. მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები 1 (ერთი) წლით.
მსჯავრდებულ პ. ა-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 12 მარტიდან.
გაუქმდა პ. ა-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
4. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და პ. ა-ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და პ. ა-ს დამნაშავედ ცნობა ბრალდების ყველა ეპიზოდში, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაშიც.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორისა და დაცვის მხარის პოზიციებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო სასამართლოც სრულად ეთანხმება. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, დაზარალებულმა ლ. ა-მ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის, შვილის - პ. ა-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. 2020 წლის 12 მარტის ბრალდების ეპიზოდთან მიმართებით, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს დაზარალებულ მ. ა-სა და მოწმე ა. გ-ს პირდაპირი ჩვენებები, რომლებიც არიან მომხდარი შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირები და ორივე მათგანი ადასტურებს პ. ა-ს მიერ მ. ა-ზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს, შესაბამისად ამ ნაწილში პ. ა-ს ბრალეულობა დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით. რაც შეეხება დაზარალებულ ლ. ა-ზე სისტემატური სხვაგვარი ძალადობის ეპიზოდს, ამ ნაწილში, როგორც აღინიშნა დაზარალებულმა უარი განაცხადა პ. ა-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი, ირიბი მტკიცებულებები კი საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
9. ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის პრეტენზია, რომ დაზარალებულ მ. ა-ს ჩვენება დაუშვებელი მტკიცებულებაა და როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილეს დაცვის მხარის შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულებების დართვის შესახებ, ვინაიდან წარმოდგენილი საქმის მასალებიდან არ იკვეთება, რომ მ. ა-ს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვა წარიმართა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევით. ამასთან, ასევე არ დასტურდება არც ის გარემოება, რომ დაზარალებულ მ. ა-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ზ. ჯერ იყო ბრალდებულის ადვოკატი, რადგან, როგორც პ. ა-მ განმარტა, აღნიშნული ადვოკატი არასოდეს იცავდა მის ინტერესებს, იგი დედამ აუყვანა ბრალდებულს და მის მომსახურებაზე თვითონვე განაცხადა უარი. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების საოქმო განჩინებები დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებების საქმეზე დართვაზე უარის თქმის შესახებ კანონიერია და სრულად შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 239-ე და 297-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც მათი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ პ. ა-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. ბ-სა და ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივრები.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი