Facebook Twitter

საქმე # 190100118002249788

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№650აპ-21 ქ. თბილისი

გ. მ., 650აპ-21 26 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივნისის განაჩენზე რუსთავის პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის პროკურორის მოადგილემ ზურაბ კოჭლამაზაშვილმა, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანასა და მ. გ-სა და ჯ. ფ. უ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელების შეფარდებას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასჯელები, რომლებიც მსჯავრდებულებს ჩაეთვალათ პირობითად, არის უსამართლო და ვერ უზრუნველყოფს მის მიზნებს; სასჯელების განსაზღვრისას სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულების ქმედებებში გამოვლენილი ნება და მოვალეობათა დარღვევის ხასიათი, რასაც შედეგად ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 იანვრის განაჩენით მ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 2 წელი; ჯ. ფ. უ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 3 წელი.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. გ-მ და ჯ. ფ. უ-მ ჩაიდინეს უსაფრთხოების ტექნიკის ან შრომის დაცვის სხვა წესის დარღვევა ამ წესის დაცვისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. .. მდებარე შპს .. კუთვნილი ქვა- ღორღის გადამამუშავებელი კარიერის დირექტორმა მ. გ-მ, როგორც შრომის უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელმა თანამდებობის პირმა, თავის საწარმოში ვერ უზრუნველყო და დაარღვია „მშენებლობაში შრომის დაცვის ტიპიური ინსტრუქციების კრებულის „პნევმოთვლიანი და მუხლუხა ექსკავატორების მემანქანეების შრომის დაცვის” №4 ინსტრუქციის №1 პუნქტის ,,უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში“ სამშენებლო ნორმებისა და წესების III-4-80–ის №1 დანართის №12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 2007 წლის 28 მარტის ,,უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №62 დადგენილების №1 მუხლის №4 პუნქტის მოთხოვნები, რომელთა თანახმად: „ექსკავატორის სამართავად დაიშვებიან პირები 18 წლის ასაკიდან, რომელთაც განსაზღვრული მოდელის ექსკავატორის მართვისათვის გავლილი აქვთ სპეციალური სწავლება და მიღებული აქვთ მისი მართვის მოწმობა“; „სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია სამუშაო ადგილზე მუშებს ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი სამუშაოთა უსაფრთხოდ ჩატარების მეთოდებზე და ილეთებზე და მან მუშებთან ჩატარებული ინსტრუქტაჟი უნდა აღრიცხოს ინსტრუქტაჟის ჟურნალში ინსტრუქტირებული მუშის ხელმოწერით“; „სამშენებლო მოედანზე გამოყოფილი უნდა იყოს პასუხისმგებელი ინჟინერი, რომელიც პასუხს აგებს უსაფრთხოების წესების დაცვისათვის“ და ექსკავატორზე სამუშაოდ დაუშვა პირი, რომელსაც გავლილი არ ჰქონდა მისი მართვისათვის სპეციალური სწავლება და არ გააჩნდა სათანადო მართვის მოწმობა; როგორც სამუშაოთა მწარმოებელი, სამუშაო ადგილზე მუშებს არ უტარებდა ინსტრუქტაჟს სამუშაოთა უსაფრთხოდ ჩატარების მეთოდებსა და ილეთებზე; არ აწარმოებდა ინსტრუქტაჟის ჟურნალს ინსტრუქტირებული მუშების ხელმოწერით; არ ჰყავდა გამოყოფილი ინჟინერი, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა საწარმოს ტერიტორიაზე შრომის უსაფრთხოების წესების დაცვისათვის, რის შედეგადაც, 2016 წლის 27 იანვარს, დაახლოებით 12:00 საათზე, სამუშაო პროცესის მსვლელობის დროს, მის მიერ ექსკავატორის მძღოლად სამუშაოდ მიღებულმა ნიგერიის მოქალაქემ - ფ. უ. ჯ-მ „სამშენებლო მასალების წარმოებაში ტექნიკის უსაფრთხოების და სამრეწველო სანიტარიის წესების” I ნაწილის №13.60 პუნქტისა და ამავე წესების II ნაწილის VI განყოფილების №3.40 პუნქტის მოთხოვნების დარღვევით, ქვა-ღორღის გადამამუშავებელი დანადგარის ოპერატორის - მ. ხ-ს თანხმობის გარეშე, დანადგარის ბუნკერში ჩაყარა გადასამუშავებელი მასალა, ქვა-ღორღის სახით, რაც თავზე დააყარა ბუნკერის გასაწმენდად ჩასულ მ. ხ-ს, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ, რომელიც ითხოვდა სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანასა და მ. გ-სა და ჯ. ფ. უ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელების შეფარდებას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივნისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ შეაფასა როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლებით დადგენილი სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირთა ინდივიდუალური მახასიათებლები და მ. გ-სა და ჯ. ფ. უ-ს, მათი ინდივიდუალური ბრალის ხარისხის შესაბამისი, კანონიერი სასჯელები შეუფარდა, რომლებიც, კანონის აუცილებელი წინაპირობების გათვალისწინებითა (თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის) და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების (აღიარეს დანაშაულები, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია) მხედველობაში მიღებით, ჩაუთვალა პირობითად, რომელთა გამკაცრება და პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად არ არის აუცილებელი.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: მ.გაბინაშვილი

ლ. ფაფიაშვილი