Facebook Twitter

საქმე # 170100120003928747

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №651აპ-21 ქ. თბილისი

ხ. კ., 651აპ-21 30 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა. სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: კ. ხ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის როგორც მე-3, ისე მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირებასაც, ვინაიდან პროკურორს მიაჩნია, რომ კ. ხ-ს ქმედებამ - აკრძალულ დროს ელექტროშოკის აპარატით თევზჭერამ ასევე გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც, შესაბამისად, უნდა დაკვალიფიცირდეს მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსჯავრდებულის ქმედება მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევის ნაწილში სამართლებრივი შეფასების მიღმა რჩება.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კ. ხ-მ ჩაიდინა თევზჭერა ელექტროშოკის აპარატით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი აკრძალულ დროს, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

კ. ხ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 4 ივნისს, აკრძალულ დროს, დღის პერიოდში, კ. ხ., აკრძალული იარაღით, კერძოდ, ელექტროშოკის გამოყენებით, ეწეოდა თევზჭერას წალკის .. და დაიჭირა 40 კილოგრამი სხვადასხვა სახეობის თევზი, რითაც გარემოს მიაყენა 2929.25 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით კ. ხ., - დაბადებულს .. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

კ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც იმავე კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე. მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა ქონების - ელექტროშოკის აპარატის, ჩოგანბადის, აკუმულატორის, გასაბერი ნავის, ჰაერის ტუმბოსა და ნიჩბების - ჩამორთმევა, სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ.

კონტროლი გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილი მიხედვით - კანონით დადგენილი წესით.

გაუქმდა კ. ხ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა. აპელანტმა საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და კ. ხ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის როგორც მე-3, ისე მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის განაჩენით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

კ. ხ-ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი;

კ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც იმავე კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე. მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა ქონების - ელექტროშოკის აპარატის, ჩოგანბადის, აკუმულატორის, გასაბერი ნავის, ჰაერის ტუმბოსა და ნიჩბების - ჩამორთმევა, სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ.

კონტროლი გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილი მიხედვით - კანონით დადგენილი წესით.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორის მოსაზრებას და სრულად იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებები არ წარმოადგენს დანაშაულთა იდეალურ ერთობლიობას და ისინი სხვადასხვა ქმედებას მიიჩნევენ დანაშაულად. იმ შემთხვევაში, როდესაც გამოკვეთილია სსკ-ის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილის შემადგენლობა, ანუ პირი მხილებულია აკრძალულ დროს, აკრძალული იარაღით თევზჭერაში, კვალიფიკაციის კუთხით მნიშვნელობა აღარ აქვს, თუ რა რაოდენობის თევზი დაიჭირა ამ უკანონო ქმედებით და გამოკვეთილია თუ არა მნიშვნელოვანი ზიანი, ნებისმიერ შემთხვევაში პირი დაისჯება მხოლოდ სსკ-ის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით ჩადენილი ქმედებისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კ. ხ-ს ბრალდებიდან კანონშესაბამისად ამოერიცხა საქართვლოს სსკ-ის მე-300 მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. ფაფიაშვილი