Facebook Twitter

საქმე # 330100119003163070

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№677აპ-21 ქ. თბილისი

მ. დ., 677აპ-21 11 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. მ-ს ინტერესების დამცველების, ადვოკატების - გ. მ-სა და მ. ჩ-ს, ასევე - თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ დ. მ-ს ინტერესების დამცველებმა, ადვოკატებმა - გ. მ-მ და მ. ჩ-მ და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ.

2. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და დ. მ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია; სააპელაციო სასამართლომ თავის განაჩენში არასრულად და დამახინჯებულად ასახა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათი გამოკვლევის შედეგად გაჩენილი ეჭვები კი - კანონის მოთხოვნის უგულებელყოფით, მსჯავრდებულის საზიანოდ გადაწყვიტა; სააპელაციო სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რომლებიც ურთიერთსაწინააღმდეგო, არასანდო და არადამაჯერებელია და უსაფუძვლოდ უარყო დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი სამხილები, რომლებიც დ. მ-ს უდანაშაულობაზე მიუთითებდა.

3. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლასა და დ. მ-სათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, ვინაიდან, ერთი მხრივ, მიიჩნევს, რომ განაჩენი უსამართლოა, რადგან შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო, მეორე მხრივ, არის ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

4. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. მ-ს ბრალად დაედო განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

4.1. 2019 წლის 26 აპრილს, დაახლოებით 18:30 საათზე, .. მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. მ-მ შელაპარაკების ნიადაგზე, მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით სცადა მ. თ-ს მოკვლა - მარჯვენა და მარცხენა მხრის, ასევე - მუცლის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო შემავალი ნაკვეთი ჭრილობები.

5. დ. მ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 იანვრის განაჩენით დ. მ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურიის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და დ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენაში.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 იანვრის განაჩენი გაუქმდა; დ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

11. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა დ. მ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან; საკასაციო სასმართლო აღნიშნავს: საკასაციო საჩივარში დიდწილად მეორდება დაცვის მხარის ის საკვანძო არგუმენტები, რომლებსაც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში დასაბუთებული პასუხები გასცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს და ეთანხმება; სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა დაზარალებულ მ. თ-ს ჩვენება, რომელიც არსებითად ეწინააღმდეგება შემთხვევის ადგილზე მდებარე ,,ს-დან“ გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერში ასახულ ინფორმაციას, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ სწორედ დ. მ-მ მიაყენა მ. თ-ს სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები და რომელსაც, ამ სამხილის ობიექტური ბუნებიდან გამომდინარე, მტკიცებულებების შეფასებისას უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვს; საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. მ-ს მსჯავრდება არის კანონიერი, რადგან მისი ბრალეულობა სარწმუნოდ დგინდება უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით: ,,ს-დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერით, მოწმეების - ს. ნ-ს, მ. ქ-ს, მ. გ-ს, გ. ქ-სა და ლ. ჭ-ს ჩვენებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერებით, შემთხვევის ადგილისა და ავტომანქანის დათვალიერების ოქმებით, სამედიცინო, ჰაბიტოსკოპიური, ბიოლოგიური, გენეტიკური (სეროლოგიური) ექსპერტიზების დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა სამხილებით, რომლებიც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

12. საკასაციო სასამართლო ბრალდების მხარის საკასაციო საჩივართან მიმართებით აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დ. მ-ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი შეუფარდა, რომელიც სავსებით უზრუნველყოფს მის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ხოლო, მეორე მხრივ, კასატორის მოტივაცია სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით არის ზოგადი, არ არის მითითება მსჯავრდებულის პიროვნების ან მის მიერ ჩადენილი ქმედების ისეთ ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში სასჯელის დამძიმების აუცილებლობას გამოკვეთდა.

13. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. მ-ს ინტერესების დამცველების, ადვოკატების - გ. მ-სა და მ. ჩ-ს და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. ფაფიაშვილი