საქმე # 010142221700143184
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №36აგ-21 თბილისი
ა. ი., 36აგ-21 16 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ზვიად ფხაკაძის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა ზვიად ფხაკაძემ, რომელიც ითხოვს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მიეთითოს სააპელაციო სასამართლოს, რომ დაუშვას შუამდგომლობა, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოტივაცია ფორმალურია და ეწინააღმდეგება იმავე სასამართლოს სხვა პალატის მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას.
2. საქმის მასალების მიხედვით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის განაჩენით ი. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ა-ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ გავრცელდა.
4. 2021 წლის 11 თებერვალს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა ზვიად ფხაკაძემ, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის განაჩენის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედ რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანა და ძებნილი მსჯავრდებულის, ი. ა-ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის განჩინებით ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ზვიად ფხაკაძის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად იმ მოტივით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედი რედაქციის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილი არც აუქმებს და არც ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც ი. ა. მსჯავრდებულია რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ზვიად ფხაკაძის შუამდგომლობა, ვინაიდან კასატორი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად მიუთითებს,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის №3775-Iს კანონის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლში განხორციელებულ ცვლილებებზე, თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედი რედაქციის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილი არც აუქმებს და არც ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც ი. ა. მსჯავრდებულია რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია).
4. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით მკაფიოდაა განსაზღვრული, რომ განაჩენის გადასინჯვის საფუძველს წარმოადგენს ახალი კანონი, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო და შესაბამისად, სასამართლო კანონისმიერადაა მოკლებული შესაძლებლობას, გადალახოს საპროცესო კოდექსით დადგენილი დასაშვებობის კრიტერიუმი და გადასინჯოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენი.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ზვიად ფხაკაძის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ზვიად ფხაკაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი