Facebook Twitter

საქმე # 010142221700143710

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №41აგ-21 თბილისი

ა. მ. 41აგ-21 19 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ა-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. ა-მ, რომელიც ითხოვს, ერთი მხრივ, ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მისთვის საბოლოო სასჯელის შემცირებას, ხოლო, მეორე მხრივ, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის მსჯავრად შერაცხულ დანაშაულებზე.

2. საქმის მასალების მიხედვით: გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 5 ივნისის განაჩენით მ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 4000 ლარი; ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 4000 ლარი; ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 4000 ლარი; ამავე კოდექსის 108-ე მუხლით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. შეფარდებული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ა-ს განესაზღვრა - 29 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 19 სექტემბრიდან. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 12000 ლარი.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე მ. ა-ს ¼-ით შეუმცირდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 5 ივნისის განაჩენით შეფარდებული ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა - 21 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განაჩენით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მსჯავრდებულ მ. ა-ს შუამდგომლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში შეტანილი ცვლილების საფუძველზე სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მისთვის საბოლოო სასჯელის შემცირების შესახებ განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 5 ივნისის განაჩენი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ნოემბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით მ. ა-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ გავრცელდა.

7. 2021 წლის 14 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა მ. ა-მ, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილისა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონების საფუძველზე სასჯელის შემცირება.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ა-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას. 414-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით კი, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას უკუძალა აქვს იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი განესაზღვრა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად.

4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ მ. ა-ს საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განჩინებაზე, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულის იდენტური შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ, ერთი მხრივ, მსჯავრდებულ მ. ა-ს შუამდგომლობა ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად სასჯელის შემცირების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ უკვე განიხილა და 2013 წლის 20 ივნისის განაჩენით არ დააკმაყოფილა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად, ხოლო რაიმე ახალი გარემოება შუამდგომლობის ავტორს არ წარმოუდგენია, რაც გამორიცხავდა იმავე საფუძვლით იმავე გარემოებაზე განმეორებით მსჯელობის შესაძლებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით მ. ა-ს მიმართ მართებულად არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი, ვინაიდან იგი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რომელთაგან „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე და ვინაიდან მ. ა-ს სასჯელი შეფარდებული აქვს დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებებისათვის - ერთიანი სასჯელის სახით, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვერ გავრცელდება, რის შესახებაც ამომწურავად იმსჯელა რუსთავის საქალაქო სასამართლომ თავის განჩინებაში, ხოლო რაიმე ახალი გარემოება, რომელიც გახდებოდა ამ განჩინების გაუქმების ან შეცვლის წინაპირობა, არ გამოკვეთილა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის №33აგ-21 განჩინება, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4).

5. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ მ. ა-ს შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ მ. ა-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი