საქმე # 020142221700166194
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №71აგ-21 თბილისი
ხ. ი., 71აგ-21 19 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ხ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 აგვისტოს განაჩენით ი. ხ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ი. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით.
მსჯავრდებულ ი. ხ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 8 დეკემბრიდან.
მსჯავრდებულ ი. ხ-ს შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 აგვისტოს განაჩენი ი. ხ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის განაჩენით ცვლილება შევიდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის განაჩენში:
ი. ხ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ი. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით. 2021 წლის 11 იანვრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მას ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ი. ხ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 8 დეკემბრიდან.
მსჯავრდებულ ი. ხ-ს შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ი. ხ-მ, რომელმაც მოითხოვა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე და მის მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის კანონიერების შემოწმების შესახებ მოსამართლის განჩინებისა და ინსპექტორ-გამომძიებელ ლ. პ-ს პატაკის ძალადაკარგულად ცნობას, შემდეგი მოტივებით: ი. ხ-ს მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო და მისი პირადი ჩხრეკაც ჩატარდა ოპერატიული ინფორმაციის, კონფიდენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე (ინსპექტორ-გამომძიებელ ლ. პ-ს 2019 წლის 8 დეკემბერის პატაკის საფუძველზე); საბაჟოზე შეჩერებისას მისთვის არ წარუდგენიათ ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილება და არც მოსამართლის განჩინება; იგი ყოველგვარი ძალდატანების გარეშე დასთანხმდა ჩხრეკას, ვინაიდან ზუსტად იცოდა, რომ არანაირი ნარკოტიკი არ გააჩნდა; ი. ხ-ს მსჯავრდების სისხლის სამართლი საქმეში წარმოდგენილი არ იყო უტყუარი, მყარი, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები, ბრალდებულის ჩვენებას უპირისპირდება მხოლოდ პოლიციის ორი თანამშრომლის ჩვენება, რომელთა განმარტებების ნაწილი საეჭვო და ურთიერთგამომრიცხავია; იგი დააკავეს სარფის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ყოველ ნაბიჯზე განთავსებულია სათვალთვალო კამერები და რომელთა მეშვეობითაც დადასტურდებოდა, რომ ნარკოტიკული საშუალებები მისი არ იყო, მაგრამ მიუხედავად მისი მოთხოვნისა, რომ ამოღებულიყო კამერების ვიდეოჩანაწერი, ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; გარდა ამისა, ჩხრეკას არ დაასწრეს გარეშე პირი; ამასთან, ერთი და იგივე მტკიცებულებებიდან გამომდინარე იგი ბრალდების ერთ ნაწილში გამართლებულია, ხოლო მეორე ნაწილში კი - გამტყუნებული.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ხ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნეს დაშვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. ხ-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას იმავე საფუძვლებით, რაზეც უთითებდა შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ ი. ხ-ს შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი:
,,ა) საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს („კონფიდენტი“, „ინფორმანტი“) ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით;
გ) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავს ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით“.
5. ამავე გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დაადგინა:
ა. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს („კონფიდენტი“, „ინფორმანტი“) ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
ბ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავს ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
გ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2021 წლის პირველი ივლისიდან.
6. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, მსჯავრდებულ ი. ხ-ს მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეზე მისი პირადი ჩხრეკა ჩატარდა 2019 წლის 8 დეკემბერს, ხოლო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადწყვეტილებაში პირდაპირ არის მითითებული საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის ძალადაკარგულად ცნობის თარიღზე, კერძოდ - 2021 წლის პირველი ივლისიდან, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების მითითებული ნაწილი შეეხება მხოლოდ 2021 წლის 1 ივლისის შემდგომ და არა - მანამდე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, რის გამოც, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება ვერ იქნება მიჩნეული ახლად გამოვლენილ გარემოაბათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად.
7. რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას, რომ არ არსებობდა მისი მსჯავრდებისათვის საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის განაჩენში ნამსჯელი აქვს მოცემულ საკითხზე, მათ შორის - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, რის შედეგადაც მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი ი. ხ-ს საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულში მსჯავრდებისათვის.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ი. ხ-ს შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველი, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი