საქმე # 330100117001820545
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №256აპ-21 ქ. თბილისი
ლ. ა. 256აპ-21 1 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 4 თებერვლის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ ირაკლი ჩაჩანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. ლ-ს - დაბადებულს 1... წელს ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის (ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) ჩადენა, ხოლო დ. ბ-ს, - დაბადებულს 1.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) ჩადენა.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2016 წლის 21 ოქტომბერს, საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბაზის სატვირთო ავტომანქანების ასეულის კუთვნილი „..“ სახელმწიფო ნომრის მქონე, „კამაზის“ მარკის ავტომანქანით, ამავე ასეულის მძღოლს, სამოქალაქო პირს - ა. ჯ-ს ძე ლ-ს, შეიარაღების საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების ბაზის II შენახვის ქვეგანყოფილების (ო.) სამხედრო მოსამსახურეები გადაჰყავდა დ-დან ო-ს მიმართულებით. დაახლოებით 15:45 საათზე, ს-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, „უ.–ბ.–გ-ს“ საავტომობილო გზის 11,200-ე კილომეტრზე, მძღოლმა ა. ლ-მ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები - გადააჭარბა დასაშვებ სიჩქარეს, რის გამოც, მანევრირების დროს, „კამაზის“ მარკის ავტომანქანა ვერ დაიმორჩილა, გადავიდა სავალი ნაწილის გვერდულზე მარჯვენა მხარეს და გადაბრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა მგზავრი, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურე - ა. მ., ხოლო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეებმა - ლ. გ-მ, დ. ლ-მ, ლ. ლ-მ, ნ. ფ-მ, ზ. მ-მ, დ.ა-მ და ა. ე-მ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები მათი ხანგრძლივი მოშლით, ხოლო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებმა - ბე. მ-მ, ა.ა-მ და რ. მ-მ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მიიღეს სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
- დ. ბ. 2015 წლის 3 ნოემბრის საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის - დ. ე-ს ბრძანების საფუძველზე დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბაზის უფროსის თანამდებობაზე. 2016 წლის 6 აგვისტოს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლის ბრძანებით დამტკიცებული ფუნქციონალური მოვალეობებით, მას როგორც საავტომობილო ბაზის უფროსს, ევალებოდა საქმიანობის პროცესში ეხელმძღვანელა მოქმედი კანონმდებლობით და პასუხისმგებელი იყო დანაშულის და სხვა შემთხვევათა თავიდან ასაცილებლად ზომების მიღებაზე, ასევე ბაზის სხვადასხვა სახის, მათ შორის სამართლებრივი ორგანიზების უზრუნველყოფაზე. 2016 წლის 18 ოქტომბერს, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობიდან საავტომობილო ბაზაში მიღებული იქნა ტელეფონოგრამა, რომლითაც აუცილებელი იყო ო.-ო.-დ.-ო.-ო-ს მარშრუტზე, პირადი შემადგენლობის გადასაადგილებლად ერთი ერთეული დახურული სატვირთო ავტომანქანის გამოყოფა. აღნიშნული ტელეფონოგრამის საფუძველზე, საავტომობილო ბაზის უფროსმა დ. ბ-მ, 2016 წლის 20 ოქტომბერს, გასცა ბრძანება, რომლის თანახმად, ზემოხსენებულ მარშრუტზე გამოყო „კამაზი ..-ის“ მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით: „...“- მძღოლი, სამოქალაქო პირი ა. ლ., რომელსაც გააჩნდა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა კატეგორიით „BC". „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ა. ლ-ს არ ჰქონდა უფლება სატვირთო ავტომანქანით გადაეყვანა რვაზე მეტი მგზავრი. აღნიშნულისათვის საჭირო იყო მართვის მოწმობა „CD” კატეგორიით. მოცემულ შემთხვევაში გადასაყვან მგზავრთა რაოდენობა, სატვირთო ავტომანქანის ძარით კი შეადგენდა 35 სამხედრო მოსამსახურეს. დ. ბ-მ, როგორც საავტომობილო ბაზის უფროსმა, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის სრული იგნორირებით დაარღვია ფუნქციონალური მოვალეობის მოთხოვნა, დაეცვა მოქმედი კანონმდებლობა და არ მიიღო მისი პასუხისმგებლობის სფეროში შემავალი ზომები დანაშაულის და სხვა შემთხვევათა თავიდან ასაცილებლად, შესაბამისად, არ დაინტერესებულა ტელეფონოგრამაში მითითებული პირადი შემადგენლობის რაოდენობით და 35 სამხედრო მოსამსახურის გადასაყვანად ა. ლ-ს სახით დაამტკიცა მძღოლი, რომელსაც არ გააჩნდა შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა. დ. ბ-ს მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობამ გამოიწვია მძიმე შედეგი, კერძოდ, 2016 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 15:45 საათზე, ს-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, „უ.–ბ.–გ-ს“ საავტომობილო გზის 11,200-ე კილომეტრზე, მძღოლმა - ა. ლ-მ, რომელიც შესაბამისი კატეგორიის მართვის უფლების გარეშე მართავდა და სატვირთო მანქანის ძარით გადაყავდა რვაზე მეტი პირი, მოახდინა ავტო-საგზაო შემთხვევა, რის შედეგად გარდაიცვალა მგზავრი - თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურე ა.მ., ხოლო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებმა - ლ. გ-მ, დ. ლ-მ, ლ. ლ-მ, ნ. ფ-მ, ზ. მ-მ, დ. ა-მ და ა. ე-მ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები მათი ხანგრძლივი მოშლით, ხოლო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებმა - ბ. მ-მ, ა. ა-მ და რ. მ-მ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიიღეს სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 მარტის განაჩენით:
- ა. ლ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლის თანახმად ა. ლ-ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
- დ. ბ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად დ. ბ-ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორმა დავით კვინიკაძემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 4 თებერვლის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 მარტის განაჩენი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 4 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორმა ირაკლი ჩაჩანიძემ.
6.1. პროკურორი ირაკლი ჩაჩანიძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 4 თებერვლის განაჩენის გაუქმებას, ა. ლ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით, ხოლო დ.ბ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
6.2. პროკურორის საჩივარზე წარმოდგენილია დ.ბ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ო. და ნ. გ-ს შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 4 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება.
7. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
8. საკასაციო სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ა. ლ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის, ხოლო დ. ბ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება.
9. საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული შედეგიანი დელიქტია, შესაბამისად, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა უსაფრთხოების წესის დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალების შესწავლისა და ექსპერტ ი. ჭ-ს ჩვენებით დგინდება, რომ ექსპერტმა იხელმძღვანელა იმ მასალებით (მოწმეთა ჩვენებებიც), რაც გამომძიებელმა მიუთითა ავტოტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებაში (ზ. მ., ზ. ღ., ზ. ხ.) და არ გაითვალისწინა საქმეში არსებული ის მტკიცებულებები, რომლებიც განსხვავებულად აღწერდა შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს (მაგალითად, გამოძიების ეტაპზე მოწმის სახით გამოკითხვისას რ. მ-მ, ა. ა-მ, ბ. პ-მ, ი. ზ-მ ცალსახად მიუთითეს, რომ უშუალოდ ავტოავარიის მომენტში მათ ავტომობილს გვერდი აუარა საპირისპიროდ მოძრავმა მსუბუქმა ავტომობილმა) - სასამართლოში დაკითხვისას ი. ჭ-მ განმარტა, რომ „რომ ყოფილიყო მოწმეთა ჩვენებები რომ იყო დაბრკოლება და სხვა რამ ხდება რათქმაუნდა დასკვნაც სხვანაირი იქნებოდა“ (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის სხდომის ოქმი11:35:50 – 11:36:15).
10. ექსპერტს მოწმის სახით დაკითხვისას არ მიუთითებია(არც კვლევაში არ აუსახავს) რატომ არ გაიზიარა ა. ლ-ს და რ.მ-ს ჩვენება და რატომ გაიზიარა ზ. მ-ს, ზ.ღ-ს, ზ. ხ-ს ჩვენებები, ექსპერტმა დასკვნაში ზუსტად ის ინფორმაცია მიუთითა მოწმეთა ჩვენებებიდან რაც ასევე მითითებული იყო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებაში. ექსპერტმა ერთის მხრივ მიუთითა, რომ გამოკვლეული იყო ექსპერტიზაზე წარდგენილი საქმის მასალები და ამის მიხედვით გაიცა დასკვნა (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის სხდომის ოქმი 11:04:42 – 11:04:58), მეორეს მხრივ კი დასმულ კითხვებზე „რაიმე ხელისშემშლელი გარე ფაქტორი ხომ არ გაუთვალისწინებია ექსპერტიზას? ხომ არ ყოფილა საქმეში წარმოდგენილი? ან თქვენ როგორც ექსპერტს ხომ არ დაგიდგენიათ, რომ ავტომობილ „კამაზს“ რაიმე უშლიდა ხელს რის გამოც მოხდა ავარია? უპასუხა, რომ: „ეს უშუალოდ იყო გამოძიებით დადგენილი და საქმის მასალებით, მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე. მას როგორ უნდა დაედგინა, როცა შემთხვევა არ უნახავს და იქ არ ყოფილა, ეს ყველაფერი, შემთხვევის მექანიზმი იკვეთება საქმის მასალებიდან და უშუალოდ მოწმეთა ჩვენებებიდან, რომ იქ რაიმე ხელისშემშლელი პირობა მძღოლს მოძრაობის პროცესში არ ჰქონია“ (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის სხდომის ოქმი 11:10:03 – 11:10:52).
11. კასატორის მტკიცებით, ა. ლ-ს მიერ მითითებული სიჩქარით (30-40კმ/სთ) მოძრავი ავტომობილი, მით უფრო დატვირთული, მოცურების კვალს 65 მეტრ მანძილზე ვერ დატოვებს და შემდეგ ვერ გადაბრუნდება ორჯერ.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული მსჯელობა წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს და საკითხი - 30-40 კმ/სთ სიჩქარით მოცურების კვალს რა მანძილზე დატოვებს ავტომობილი და შესაძლოა თუ არა გადაბრუნდეს ორჯერ - წარმოადგენს ექსპერტის საკვლევ საკითხს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ ყოფილა ექსპერტიზის ფარგლებში გამოკვლეული.
13. კასატორი უთითებს მძღოლის გვერდით მჯდომი მგზავრის - ზ. მ-ს - ჩვენებაზე, რომ ავტოავარიის მომენტში არ იყო არავითარი წინაღობა, რაც ა. ლ-ს ავტომანქანის მართვაში შეუშლიდა ხელს; იმ დღეს არ წვიმდა და შესაბამისად, გზაც იყო მშრალი; მოწმე ზ. ღ-მ კი ცალსახად მიუთითა, რომ რაიმე ხელისშემშლელი გარემოება ავტომანქანა კამაზს არ ჰქონია. ზ. ხ-მ ასევე გამორიცხა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომანქანა კამაზისათვის რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორის არსებობა და რომელიმე მანქანის მიერ სახიფათო მანევრის განხორციელება. იმავდროულად, დაზარალებულ ზ. მ-ს და მოწმეების - ზ. ღ-ს, ზ. ხ-ს - მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებით არ არის თანმიმდევრული. კერძოდ:
14. ზ. მ-მ გამოძიების ეტაპზე ორი განსხვავებული ჩვენება მისცა, მოწმის სახით დაკითხვისას კი გამოთქვა ბევრი ვარაუდი არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით; არ ახსოვს ზუსტად რა მომენტში დაინახა წინ მომავალი მანქანა - გადაბრუნების პროცესში თუ იქამდე(იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის სხდომის ოქმი 12:43:14 – 12:44:07); მანქანა მოდიოდა სანამ გადაიხრებოდა და გაითიშებოდა, იმ მომენტში, მოძრაობის მომენტში; დაინახა რომ მანქანა მოდიოდა და ზუსტად რამდენ ხანში მოხდა ავტოავარია არ იცის (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის სხდომის ოქმი 12:46:15 – 12:46:27); მანქანა ძალიან ახლოს არ იყო; იმ მანქანამ მოძრაობას ზუსტად რა მომენტში აუჩქარა ვერ დაინახა (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის სხდომის ოქმი 12:46:51- 12:47:09); ზუსტად რა მომენტში იმყოფებოდა მანქანა მათ ხაზში, რა მომენტში მეორე მხარეს მას არ დაუნახავს (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის სხდომის ოქმი 12:48:00 – 12:48:12).
15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ზ.ღ-მ დაადასტურა, რომ იმ დროს, როდესაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა გზაზე გადაადგილდებოდა ასევე მსუბუქი ავტომობილიც. მოწმემ მიუთითა, რომ მანქანას, რომელმაც გაუსწრო არ აკვირდებოდა, რომ გაუსწრო ახსოვს, მაგრამ რამდენ ხანში გადავიდა გზის მარჯვენა მხარეს წუთები და წამები არ დაუფიქსირებია(იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის სხდომის ოქმი 11:20:46 – 11:22:46). როდესაც მანქანა სედანმა გაასწრო, ამ დროს კამაზი არ დაუნახავს, არ ჩანდა (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის სხდომის ოქმი 11:23:24 – 11:23:31). როცა კამაზი გამოჩნდა ამ დროს უკვე სედანი აღარ ჩანდა. როცა სედანი თვალთახედვის არეს მიეფარა და კამაზი გამოჩნდა რა დრო გავიდა დაახლოებით ნამდვილად არ ახსოვს, 40 კმ/სთ მოძრაობდა. მანქანა სედანი რომ გასცდა ჯერ აღმართი დასასრულებელი ჰქონდა, როდესაც აღმართზე ავიდა და მოუხვია კამაზი უკვე მოცურებული დაინახა, მაგრამ სედანი აღარ ჩანდა. არ იცის რა დრო გავიდოდა, მაგრამ ფიქრობს, რომ დაახლოებით 1 წუთი(იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის სხდომის ოქმი 11:23:32 – 11:25:13). ზ.ღ-ს ჩვენებით ნათელი ხდება, რომ დროის იმ მონაკვეთში, როდესაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა გადაადგილდებოდა მსუბუქი ავტომობილიც, მაგრამ კონკრეტულად რა ადგილზე იყო ამის დადგენა შეუძლებელია. თუმცა დაზარალებულმა რ. მ-მ და ბრალდებულმა ა. ლ-მ სასამართლოში ჩვენების მიცემისას ცალსახად დაადასტურეს დროის იმავე მონაკვეთში მსუბუქი ავტომანქანის მოძრაობის ფაქტი.
16. ზ. ხ-მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მანქანას ნელა რომ ჩაევლო ხმას გაიგებდა თუ არა თქმა არ შეუძლია (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის სხდომის ოქმი12:18:35 – 12:18:46). მითუმეტეს იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ მანქანის შემოწმების დროს ძრავის სახურავი (ე.წ. კაპოტი) ახდილი ჰქონდა, ძრავი ჩართული, გზაზე საპირისპირო მხარეს არ იყურებოდა. შესაბამისად, დანამდვილებით რა ხდებოდა იმ გზაზე, რომელსაც ვერ ხედავდა არ იცის (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის სხდომის ოქმი 12:15:40 – 12:16:25).
17. საქმის ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით, დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებების, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ ი. ჭ-ს ჩვენებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რომ 2016 წლის 21 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია ა. ლ-ს მიერ მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევამ.
18. დ. ბ-სათვის ბრალად წარდგენილი ქმედება - სამსახურებრივი გულგრილობა გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობასა თუ არაჯეროვნად შესრულებასთან ერთად უნდა დგინდებოდეს პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი.
19. დ. ბ. 2015 წლის 3 ნოემბრის საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის - დ. ე-ს ბრძანების საფუძველზე დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბაზის უფროსის თანამდებობაზე. 2016 წლის 6 აგვისტოს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლის N .. ბრძანებით დამტკიცებულია ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბაზის მოსამსახურეთა ფუნქციონალურ მოვალეობები (დანართი N1).
სასამართლო ითვალისწინებს რომ ბაზაში მისული ბრძანება ხელმძღვანელი რგოლიდან შესასრულებლად ჩადიოდა ქვედა რგოლამდე (უფლებამოსილების მიხედვით) და საჭიროებდა დავალების შესრულებაში მონაწილე ყველა პირის ვიზირებას; სასამართლო იასევე ითვალისწინებს თითოეული აღნიშნული სუბიექტის ფუნქციურ მოვალეობებს; მოწმეთა: გ. ქ-ს, ნ. დ-ს, დ. თ-ს, მ. ც-ს, დ. ბ-ს ჩვენებებს; იმ გარემოებას, რომ ექსპერტიზის დასკვნით არ არის დადგენილი ავტომობილში მგზავრების რაოდენობამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა თუ არა - კერძოდ, ექსპერტმა ი. ჭ-მ დაკითხვისას მიუთითა, რომ ვინაიდან „ავტომობილში იმაზე მეტი პიროვნება იმყოფებოდა ვიდრე უნდა ყოფილიყო, ამ სიჩქარით შესვლა მოსახვევში გამოიწვევდა მგზავრთა გადანაცვლებას წინ და მარჯვნივ, ავტომობილის სიმძიმის ცენტრიც გადაინაცვლებდა წინ და მარჯვნივ და ფაქტიურად ამანაც ხელი შეუწყო მანქანის მოცურებას“(იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის სხდომის ოქმი 11:10:55 – 11:12:30; 11:14:30 – 11:15:35). მანვე განმარტა, რომ სიმძიმის ცენტრზე საუბარი დასკვნაში არ არის, გამოკვლეულია და მიღებულია ავტომობილის სიჩქარე, აქ რაიმე ხელის შემშლელ პირობას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად ავტომობილს რა სიჩქარითაც არ უნდა ემოძრავა მართვადობა არ უნდა დაეკარგა. (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის სხდომის ოქმი 11:16:06 – 11:16:48).
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
22. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ ირაკლი ჩაჩანიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე