Facebook Twitter

საქმე # 200100116001290041

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №696აპ-21 ქ. თბილისი

ვ-ე ი, 696აპ-21 30 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ვ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. კ-ა და კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მანანა თანდაშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ი. ვ-ს ბრალად დაედო განზრახ მკვლელობა, ხოლო ლ. ჯ-ს - დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული; მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 13 იანვარს ა-ს რაიონის სოფელ ქ-ი, ე.წ. „კ-ი“, ამავე სოფელში მცხოვრები ვ. მ-ი და შ. მ-ე შელაპარაკდნენ, რა დროსაც შ. მ-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ვ. მ-ს და სახის არეში გაარტყა ხელი. იქვე მყოფმა პირებმა შეაკავეს შ. მ-ე, რითაც ისარგებლა ვ. მ-ა და გაიქცა სახლში.

მეორე დღეს, ე.ი. 2016 წლის 14 იანვარს, ვ. მ-ი მივიდა ქ. ა-ი მცხოვრებ თავის ნათესავ ი. ვ-ნ სახლში სტუმრად, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ი. ვ-ს ძმები – ვ. და ბ. (გ.) ვ-ი და მეგობარი ლ. ჯ-ი, რომლებიც ქეიფობდნენ და სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს. ქეიფობის დროს ვ. მ-ა თანამესუფრეებს უთხრა წინა დღით შ. მ-ნ მომხდარი კონფლიქტის შესახებ და სთხოვა დახმარება. ი, ვ. და ბ. (გ.) ვ-ა და ლ. ჯ-ა ვ. მ-ს აღუთქვეს მხარდაჭერა და გადაწყვიტეს იმავე დღეს წასულიყვნენ სოფელ ქ-ი და ენახათ შ. მ-ე. დაახლოებით 14:55 წუთზე ვ. მ-ა დაურეკა შ. მ-ს და უთხრა, რომ მის სანახავად მეგობრებთან ერთად მიდიოდა სოფელ ქ-ი. ამავე დროს ი., ვ. და ბ. (გ.) ვ-ი, ლ. ჯ-ი და ვ. მ-ი ჩავიდნენ ეზოში, რა დროსაც ი. ვ-მ სახლიდან აღებული, თავისზე გაფორმებული ორლულიანი სანადირო თოფი და ვაზნები ჩააწყო ბ. (გ.) ვ-ს კუთვნილ „მერსედესის“ მარკის, „ემელის“ მოდელის ავტომობილის საბარგულში. შემდეგ ამავე ავტომობილში ჩასხდნენ ყველანი და წავიდნენ სოფელ ქ-ი.

სოფელ ქ-ი ი, ვ. და ბ. (გ.) ვ-ა, ლ. ჯ-ა და ვ. მ-ა ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ნახეს შ. მ-ე, რომელიც იმყოფებოდა თანასოფლელებთან - ვ. დ-ნ, შ. კ-ნ, ლ. ძ-ა და ზ. ხ-ნ ერთად. შეხვედრისას მათ გადაწყვიტეს, რომ მისულიყვნენ შ. მ-ს საცხოვრებელ სახლში და იქ გაერკვიათ ურთიერთობა.

შ. მ-ს სახლში მისვლის შემდეგ, ყველა შევიდა საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, სადაც შ. მ-მ და ბ. (გ.) ვ-მ დაიწყეს საუბარი წინა დღით შ. მ-ა და ვ. მ-ს შორის მომხდარი კონფლიქტის შესახებ. მათი საუბარი გადაიზარდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში და აღნიშნულ ჩხუბში ჩაერთო ყველა. ჩხუბის დროს შ. მ-მ ხელთ არსებული დანით ი. ვ-ს მარცხენა ბარძაყის არეში მიაყენა ჭრილობა. აღნიშნული დაზიანების გამო, ი. ვ-ე განიმსჭვალა შ. მ-ს მიმართ შურისძიების გრძნობით და გადაწყვიტა მისი მოკვლა. ი. ვ-ე გავიდა სახლიდან და გზაზე გაჩერებული ავტომობილიდან აიღო თავისზე რეგისტრირებული სანადირო თოფი და შევიდა შ. ვ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში. ამავე დროს სახლიდან ეზოში გავიდნენ ვ. მ-ი, ვ. ვ-ე, ბ. (გ.) ვ-ე, შ. კ-ი, ლ. ძ-ი და ზ. ხ-ი, ხოლო სახლში დარჩნენ: შ. მ-ე, ვ. დ-ი და ლ. ჯ-ი. ი. ვ-მ ხელთ არსებული სანადირო თოფი მიმართა შ. მ-ს საცხოვრებელი სახლისკენ და შ. მ-ს განზრახ მოკვლის მიზნით ორჯერ გაისროლა. გასროლის შედეგად სახლში, ფანჯარასთან, მყოფმა ვ. დ-ა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

თოფიდან გასროლის შემდეგ ი., ვ. და ბ. (გ.) ვ-ი, ლ. ჯ-ი და ვ. მ-ი ჩასხდნენ ბ. (გ) ვ-ს კუთვნილ ავტომობილში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ლ. ჯ-ა იცოდა, რომ ი. ვ-მ ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, კერძოდ, ვ. დ-ს განზრახ მკვლელობა, მაგრამ არ შეატყობინა აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს და წავიდა თ-ს რაიონში.

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განაჩენით:

ი. ვ-ე, - დაბადებული .... წლის ... აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 13 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2018 წლის 15 აგვისტოდან.

ლ. ჯ-ი, - დაბადებული ... წლის... ივლისს, - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376–ე მუხლით (2016 წლის 14 იანვარს მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

ლ. ჯ-ს განემარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92–ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივლისის განაჩენით:

კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მანანა თანდაშვილისა და მსჯავრდებულ ი. ვ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. კ-ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება:

ი. ვ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 11 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2018 წლის 15 აგვისტოდან.

ლ. ჯ-ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376–ე მუხლით (2016 წლის 14 იანვარს მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

ლ. ჯ-ს განემარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92–ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

4. კასატორმა - პროკურორმა მანანა თანდაშვილმა ლ. ჯ-ს ბრალდების ნაწილში მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმება, მისი დამნაშავედ ცნობა ბრალად წარდგენილ ქმედებაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა; ი. ვ-ს მსჯავრდების ნაწილში კი მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრა.

4.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ბრალდებას დადგენილად მიაჩნია ლ. ჯ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. სასამართლოში დაკითხული მოწმე ზ. დ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ სროლის მომენტში იმყოფებოდა შ. მ-ს სახლის წინა ოთახში, რომელიც, მისი შეფასებით, არის 3x5–ზე (15 კვ.მ). იქვე იმყოფებოდნენ მისი რამდენიმე თანასოფლელი და ლ. ჯ-ი. პირველივე გასროლის შემდეგ ვ. დ-ი დაიჭრა და დაეცა. ამის დანახვაზე ზ. დ-ა გადაწყვიტა დასახმარებლად ვ-ნ წასვლა, მაგრამ გაიხედა ფანჯარაში და დაინახა თოფიანი მამაკაცის სილუეტი, რომელიც სახლისკენ უმიზნებდა ორლულიან თოფს. მან ივარაუდა, რომ ამ პირს შესაძლოა, მეორედაც გაესროლა, ამიტომ კედელს ამოეფარა. რამდენიმე წამში სახლის კარის მიმართულებით მართლაც გაისროლა. ამის შემდეგ, იგი მივიდა ვ. დ-ნ, ნახა, რომ იგი დაჭრილი იყო და დარეკა 112–ში. ზ. დ-ს ჩვენება შეესაბამება შ. მ-ს ჩვენებას. დადგენილია, რომ 2016 წლის 14 იანვარს ლ. ჯ-ს რაიმე სახის დაზიანება არ მიუღია; შესაბამისად, მის ტანსაცმელზე აღმოჩენილი 1X2 ზომის მოყავისფრო ლაქა, წანაცხების სახით, არის ვ. დ-ს სისხლი, რომელთანაც დაჭრის შემდეგ კონტაქტი ჰქონდა ლ. ჯ-ს. ამასთან, კასატორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ი. ვ-ს სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნია, რომ ი. ვ-ე იყო მიმალული; ამგვარი მოქმედებით კი იგი ცდილობდა, როგორც პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას, ისე მტკიცებულებათა მოპოვებისა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას.

5. კასატორმა - ადვოკატმა ტ. კ-მ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმება, ი. ვ-ს უდანაშაულოდ ცნობა და მისი გამართლება.

5.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ი. ვ-ს მართლაც რომ გაესროლა, მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 116–ე მუხლით უნდა დაკვალიფიცირებულიყო. სასამართლო აპელირებს იმაზე, რომ ი. ვ-ს სურდა სხვა პირის (შ. მ-ს) მოკვლა, მაგრამ გასროლის შედეგად არა შ. მ-მ, არამედ ვ. დ-ა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში იმისათვის, რომ დადგინდეს - ი. ვ-ე მოქმედებდა თუ არა არაპირდაპირი განზრახვით, აუცილებელია, დასტურდებოდეს, რომ მას გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა (რომ ვ. დ-ს ესროდა), ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას (რომ შესაძლოა, დაჭრილიყო ვ. დ-ი) და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას. ი. ვ-მ არ იცოდა, თუ სად იმყოფებოდა იმ კონკრეტულ დროს ვ. დ-ი. არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ი. ვ-ე შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში გამოკვეთილია ტიპური გაუფრთხილებლობა. განაჩენი ასევე დაუსაბუთებელია სასჯელის ნაწილშიც. ი. ვ-ე არ არის ნასამართლევი და იქცეოდა სანიმუშოდ.

6. ბრალდების მხარეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო დაცვის მხარეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

7. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარეთა საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

9. ლ. ჯ-ს ბრალდების ეპიზოდი (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლი, 2016 წლის 14 იანვარს მოქმედი რედაქცია):

საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას ლ. ჯ-ს ბრალდების ნაწილში და უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში პროკურორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ ადასტურებს დანაშაულის შეუტყობინებლობის ჩადენის ფაქტს, კერძოდ:

თავად ლ. ჯ-ა ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ შემთხვევის დღეს მას არ უჩხუბია (მხოლოდ მოიგერია პირი); ჩხუბის დროს მან შუშის მსხვრევის ხმა გაიგო, რის გამოც ჩაიმუხლა და თავზე აიფარა ხელი. როცა აიხედა, ოთახში ვერავინ დაინახა და თვითონაც გარეთ გავიდა. მან არ იცოდა, რომ ვინმე მოკვდა. ყველაფერი განყოფილებაში შეიტყო.

გარდა ზემოაღნიშნულისა, უშუალოდ ვ. დ-ს გარდაცვალების მომენტში ლ. ჯ-ს ადგილზე ყოფნა საქმეში დაკითხულ სხვა მოწმეებსაც არ აღუნიშნავთ.

რაც შეეხება პროკურორის მიერ მითითებულ, ლ. ჯ-ს ტანსაცმელზე აღმოჩენილ 1X2 ზომის მოყავისფრო ზედაპირულ ლაქას, წანაცხების სახით, საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ N ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილ ვ. დ-ს სისხლის ჯგუფი იდენტურია არა მხოლოდ ლ. ჯ-ს, არამედ სხვა პირის - ვ. ვ-ს სისხლის ჯგუფისაც, ხოლო სხვა, უფრო დეტალური კვლევა დნმ-ის დადგენის მიზნით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ ჩატარებულა.

ამდენად, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უარყოფდა ლ. ჯ-ს მითითებას, რომ მან ვ. დ-ს მკვლელობის თაობაზე მოგვიანებით შეიტყო. შესაბამისად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოება, რომ ლ. ჯ-ა იცოდა ი. ვ-ს მიერ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის, კერძოდ, ვ. დ-ს განზრახ მოკვლის თაობაზე, რის შესახებაც არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს, წარმოადგენს ეჭვს, რომელიც, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (ე.წ. ,,In dubio pro reo“ პრინციპი).

10. ი. ვ-ს მსჯავრდების ეპიზოდი (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება):

საკასაციო პალატა მოცემული მსჯავრდების ეპიზოდში აგრეთვე სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, სხვა წერილობითი სახის მტკიცებულებები ერთობლივად, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი. ვ-ს მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენას, კერძოდ:

მოწმე ზ. ხ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ჩხუბის დროს ვ. მ-ი და პირი, რომელმაც თოფი გაისროლა, გარეთ ერთად გავიდნენ. მათი გასვლის შემდეგ კი, თოფის გასროლის ხმა გაიგო. მოწმემ დაინახა, რომ ბიჭს, რომელმაც თოფი გაისროლა სახლის მიმართულებით, ვერტიკალურად ეჭირა იარაღი. პირველი გასროლა მას არ დაუნახავს, მაგრამ გასროლის შემდეგ მიიხედა და დაინახა, რომ გარეთ მდგომმა პირმა მეორედ, მიყოლებით, მალევე გაისროლა. ახსოვს, რომ ამ პირს გვერდით არავინ ედგა. მისივე მითითებით, მან ფოტოსურათით ამოიცნო პირი, რომელმაც ისროლა და ასევე მონაწილეობდა საგამოძიებო ექსპერიმენტში.

კ. მ-ს ჩვენებით დგინდება, რომ ვ-ნ ერთად მყოფმა, მისთვის უცნობმა პირმა შავი ,,ემელიდან“ ამოიღო შავი, ორლულიანი თოფი, სახლის ეზოში შევიდა, რის შემდეგაც (რამდენიმე წამში) ორი გასროლის ხმა გაიგო. ამ პირმა შ. მ-ს სახლის მიმართულებით გაისროლა. მას შეეშინდა და გაერიდა იქაურობას; მეზობლის - ზ. ს-ს სახლის მხრიდან შევიდა შ. მ-ს სახლში, სადაც ვ. დ-ი მოკლული დახვდა. მოწმემ აღნიშნა, რომ იგი მონაწილეობდა ამოცნობაში, რა დროსაც აჩვენეს ოთხი მამაკაცის ფოტოსურათი, რომელთაგანაც ამოიცნო პირი (ი. ვ-ე), ვინც შ. მ-ს სახლის მიმართულებით ისროლა.

ზ. დ-ს ჩვენებით, დადგენილია, რომ რამდენიმე კაცი, მათ შორის ვ-ც, გარეთ გავიდა, ხოლო ოთახში დარჩა სამი-ოთხი კაცი, რომელთა შორის იყო ვ-ც. ამ დროს ეზოს მხრიდან ისროლეს. საშინელი ხმა იყო. ვ. წაიქცა და მის დასახმარებლად უნდოდა მისვლა. მან ფანჯრიდან გარეთ გაიხედა და ორლულიანი თოფით ხელში შავებში ჩაცმული კაცის სილუეტი დაინახა. იფიქრა, რადგან ორლულიანი იყო, შეიძლება მეორედაც გაესროლათ და კედელს აეფარა. ამ დროს მეორედ გაისროლეს. აღნიშნულის შემდეგ ვ. გარდა იქ არავინ იყო.

წარმოდგენილი ექსპერტიზების მიხედვით (ფიზიკო-ტექნიკური და ტრასოლოგიური, სამედიცინო), ვ. დ-ს არა ახლო მანძილიდან გასროლით აქვს მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობები. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილია ვ. დ-ს გვამზე სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები, რომლებიც განვითარებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. სიკვდილის უშუალო მიზეზად დასკვნაში მითითებულია: თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობები, რასაც მოჰყვა თავის ტვინში დიფუზური სისხლჩაქცევა და თავის ტვინის ნივთიერების ტლანქი დაზიანებები. ფიზიკო-ტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ვ. დ-ს ჟილეტზე არსებული დაზიანებები არის ცეცხლნასროლი წარმოშობის.

ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ი. ვ-ს გამართლების თაობაზე; რაც შეეხება ადვოკატის აპელირებას იმ ფაქტზე, რომ თუ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ი. ვ-ს მიერ გასროლის ფაქტს, მსჯავრდებულის ქმედება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით უნდა დაკვალიფიცირდეს, - საკასაციო პალატა ამ პოზიციას აგრეთვე დაუსაბუთებლად მიიჩნევს.

მოცემულ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა მტკიცებულებები და მიუთითა, რომ, მართალია, ი. ვ-ე ვერ ხედავდა შ. მ-ს, მაგრამ მან იცოდა, რომ იგი ოთახში სხვა პირებთან ერთად იმყოფებოდა და აღნიშნულის მიუხედავად, მან იარაღიდან სახლის მიმართულებით ორჯერ გაისროლა. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ხსენებული სახლი იყო ერთსართულიანი, ხოლო ოთახი, რომელშიც რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა - მცირე ზომის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ი. ვ-ე არა აბსტრაქტულად, არამედ რეალურად ითვალისწინებდა და უშვებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას.

ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალების ანალიზით, გასროლის მომენტში არსებული ვითარების, ადგილზე მყოფ პირთა ოდენობის, ფართის სიმცირისა და ორჯერ გასროლის ფაქტის ერთობლივად შეფასებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის ქმედებაში გაუფრთხილებლობის ყველა აუცილებელი ნიშანი გამოკვეთილი არ არის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას როგორც ი. ვ-ს გამართლების, ისე მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით გადაკვალიფიცირების ნაწილში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142); ამ შემთხვევაში წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებითა და წერილობითი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ი. ვ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

11. ი. ვ-ს მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა:

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილი უთითებს, რომ ,,განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.“ ამასთან, საკასაციო პალატა, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, თანაბრად ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან.

მოცემულ შემთხვევაში როგორც დაცვის მხარე, ისე ბრალდების მხარე ი. ვ-ს დანიშნულ სასჯელის ზომას არ ეთანხმება.

საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე ვადით (იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვით, ან უამისოდ).

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის, სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, მომეტებული საფრთხის წყაროს, ორლულიანი სანადირო თოფის გამოყენებით; ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმასაც, რომ ი. ვ-ე ნასამართლობის არმქონეა და საბოლოოდ მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა - პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან.

12. ამდენად, საკასაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში იმსჯელა საქმესთან დაკავშირებულ მთავარ და ძირითად საკითხებზე და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრების შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული დასაშვებობის რომელიმე საფუძველი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. ვ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. კ-ა და კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მანანა თანდაშვილის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. ვასაძე

მ. გაბინაშვილი