საქმე # 150100120003453215
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №828აპ-21 ქ. თბილისი
ა-ი ბ, 828აპ-21 30 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 1 ივნისის განაჩენით:
1.1. ბ. ა-ი, - დაბადებული .... წლის ... იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 27 დეკემბრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ა-ა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2019 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 23:55 საათზე, ნ-ს რაიონის სოფელ გ-ი მდებარე მ. კ-ს საცხოვრებელ სახლში, სტუმრად იმყოფებოდა ბ. ა-ი, რომელმაც მ. კ-ნ ერთად მიიღო ალკოჰოლური სასმელი. გარკვეული დროის შემდეგ, ნასვამ ბ. ა-ს სიტყვიერი კონფლიქტი მოუვიდა მ. კ-ნ, რა დროსაც აგინა მას და შემდეგ სახლის გარეთ მიიხმო საქმის გასარჩევად. ეზოში მყოფ ბ. ა-ა და მ. კ-ს შორის კვლავ გაგრძელდა კონფლიქტი, რა დროსაც ბ. ა-ა მის ხელთ არსებული დანა, განზრახ მოკვლის მიზნით, დაარტყა გულმკერდის არეში მ. კ-ს, რითაც გულმკერდის მარჯვენა, ზედაწინა მხარეს შემავალი და ზედაპირული ჭრილობების სახით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები. ბ. ა-ა განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში, ვინაიდან მ. კ-ი სიკვდილს გადაურჩა დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 1 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.2. ბ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 27 დეკემბრიდან;
4. კასატორმა - ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ბ. ა-ს უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
4.1. მსჯავრდებულ ბ. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ა-ა შესაგებლით მოითხოვა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: დაზარალებულ მ. კ-ა და მოწმეების - ა. კ-ს, ა. ღ-ს, ა. დ-ს, რ. ა-ს, ს. ა-ს, ა. ე-ს, ა. ა-ს, ა. ო-ს, ს. კ-ს, ლ. კ-ს, ვ. კ-ს, ა. ა-ს, მ. ე-ს გამოკითხვის ოქმები, ბ. ა-ს გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი (თანდართული ფოტოილუსტრაციით), საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის ოქმები (თანდართული ფოტოილუსტრაციებით), ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ტანსაცმლის ამოღების ოქმი, ნიმუშის აღების ოქმები, სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №.... და №.... დასკვნები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ ბ. ა-ა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედება - განზრახ მკვლელობის მცდელობა, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.
7. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს მხოლოდ მსჯავრდებულ ბ. ა-ს დანიშნული სასჯელის დამძიმებას.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული; სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა მხედველობაში მიღებით.
11. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ბ. ა-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება (ჩადენილია სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, განზრახ მკვლელობის მცდელობა), ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე (ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება (მთვრალმა ბ. ა-ა, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით, გულმკერდის არეში შემავალი და ზედაპირული ჭრილობების სახით მ. კ-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, გაიქცა და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, ხოლო დაზარალებული სიკვდილს გადაურჩა დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად), ასევე მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (მან აღიარა და მოინანია დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას; სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოდგენილია დაზარალებულ მ. კ-ს ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, იგი შერიგებულია ბ. ა-ნ და მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია; ამასთან, მსჯავრდებული თავისი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი, ხოლო მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, რისი მხედველობაში მიღებითაც, მსჯავრდებულ ბ. ა-ს შეფარდებული აქვს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი და კანონიერი სასჯელი - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე