Facebook Twitter

საქმე # 190141121004894809

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №454I-21 თბილისი

ც-ა მ, 454I-21 30 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ც-ს საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის 30 ივლისს რუსთავის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა მ. ც-მ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრისა და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონების გამოყენების შესახებ.

2. წარმოდგენილი პირადი საქმის მიხედვით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ოქტომბრის N1-419-07 განაჩენით მ. ც-ა (დასწრების გარეშე), - დაბადებული ... წლის ... აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით; განაჩენის მიხედვით, მ. ც-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაწყებოდა დაკავებიდან.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებით:

,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით მ. ც-ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

4. ძებნილი მსჯავრდებული მ. ც-ა 2021 წლის 23 აპრილს დააკავეს.

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 სექტემბრის განჩინებით:

მსჯავრდებულ მ. ც-ს შუამდგომლობა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრისა და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

6. კასატორი მ. ც-ა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 სექტემბრის განჩინებას არ ეთანხმება და ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. პირად საქმეში არსებული მასალებით დადასტურებულია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით მ. ც-ს სასჯელი დანიშნული აქვს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის თანახმად კი, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ამნისტირებული არ არის. შესაბამისად, ამ ნაწილში საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 სექტემბრის განჩინების მოტივაციას.

3. რაც შეეხება მსჯავრდებულის მითითებას მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გავრცელებაზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებით აღნიშნული კანონის საფუძველზე მ. ც-ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით (მოცემული განჩინების მიხედვით, დაზარალებული კატეგორიულად უარს აცხადებდა მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებაზე).

4. ამ შემთხვევაში, როგორც კასატორი მ. ც-ა უთითებს, მის საჩივარს თან ერთვის დაზარალებულის განცხადება. აღნიშნული განცხადების (09.06.2021) მიხედვით, ლ. ნ-ი აცხადებს, რომ მ. ც-ს ახლობლებმა მას მიუტანეს 500 ლარი, რის გამოც იგი მსჯავრდებულს აღარ უჩივის (განცხადებაში არ არის მითითებული ამნისტიის კანონით გათვალისწინებული შეღავათის მ. ც-ს მიმართ გავრცელების თაობაზე). სანოტარო აქტის მიხედვით, 2021 წლის 9 ივნისის განცხადებაზე ლ. ნ-ს ხელმოწერა სანოტარო წესით დამოწმდა. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ როგორც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ოქტომბრის განაჩენში, ისე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებაში დაზარალებულად ერთგვაროვნად მოხსენიებულია არა ლ. ნ-ი, არამედ - ლ. მ-ი.

5. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით უთითებს, რომ მ. ც-ს N1-419-07 სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად, დაზარალებული ლ. მ-ი დაბადებულია ... წლის ... მაისს (ტ. I, ს.ფ. 60), ხოლო წარმოდგენილი სანოტარო აქტის მიხედვით, ლ. ნ-ი დაბადებულია ... წლის ... მაისს. მაშასადამე, კასატორის მიერ წარმოდგენილი დაზარალებულის განცხადების განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობა არ იკვეთება.

6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ც-ს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ც-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

მ. გაბინაშვილი