Facebook Twitter

საქმე N 120100121004836626

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1019აპ.-21 12 იანვარი, 2022 წელი

ბ–ე გ., 1019აპ.-21 ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გრიგოლ კაპანაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

1.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის განაჩენით გ. ბ. (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.

1.2. ამავე განაჩენით ნ. ბ. (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.

1.3. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ გ. ბ–მ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ხოლო ნ. ბ–მ - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.4. აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

- გ. ბ–მ 2021 წლის აპრილის შუა რიცხვებში, დაახლოებით 19:00 საათზე, ქალაქ ვ–ს მიმდებარედ, ე.წ. ,,.........ების“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, კ. ჩ–ს თავდაპირველად მუშტი დაარტყა ზურგში, შემდეგ დააგდო ძირს და ფეხებით არაერთხელ დაარტყა ტანის არეში. ძალადობირვი ქმედების შედეგად, კ. ჩ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- ნ. ბ. 2021 წლის აპრილის შუა რიცხვებში, ქალაქ ვ–ში, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, კ. ჩ–ს დაემუქრა ყელის გამოჭრით, რის შედეგადაც დაზარალებულმა აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. კასატორის პოზიცია:

3.1. 2021 წლის 3 ნოემბერს პროკურორმა გრიგოლ კაპანაძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი და მოითხოვა მასში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულებისთვის უფრო მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

3.2. საკასაციო საჩივრის ავტორი, პროკურორი გრიგოლ კაპანაძე აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულების - ნ. ბ–სა და გ. ბ–ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან იგი არ შეესაბამება მსჯავრდებულების პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

3.3. კასატორის პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ასევე ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის პოზიციას სასჯელის უკანონობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ ნ. ბ–სა და გ. ბ–სთვის შეფარდებული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება როგორც მსჯავრდებულების პიროვნულ მახასიათებლებს, ისე - მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და სიმძიმეს.

4.2. საკასაციო სასამართლოს აზრით, მსჯავრდებულებისთვის სასჯელის შეფარდებისას სააპელაციო სასამართლომ სრულად გაითვალისწინა ნ. ბ–სა და გ. ბ–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (მათ შორის: ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა, რამაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას), სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით, აგრეთვე ის ფაქტი, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ და სასჯელი განუსაზღვრა კონკრეტული დანაშაულისთვის განსაზღვრული სანქციის ფარგლებში.

4.3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულებისთვის დანიშნული სასჯელი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ვინაიდან სასჯელის მიზნების რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, ხოლო პროკურორის საკასაციო საჩივარში მითითებული აბსტრაქტული საფრთხეები განსახილველ შემთხვევაში არ წარმოადგენს უფრო მკაცრი სახისა და ზომის სასჯელის დანიშვნის საფუძველს.

4.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გრიგოლ კაპანაძის საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე