Facebook Twitter

საქმე N 080100120004079999

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1035აპ.-21 12 იანვარი, 2022 წელი,

ს–ე ლ., 1035აპ.-21 ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 სექტემბრის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურჯან ტაბეშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. 2020 წლის 3 ოქტომბერს ლ. ს–ე (პირადი ნომერი: ......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი).

1.2. ლ. ს–სთვის წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 12 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ–ი - გ–ს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ავტომობილით გადაადგილებისას, ლ. ს–მ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულებების გამო, რომ თითქოს „ცოლს არ აქვს ცეკვის უფლება“, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - მ. მ–ს, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც მ. მ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 ივლისის განაჩენით ლ. ს–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 სექტემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 ივლისის გამამართლებელი განაჩენი ლ. ს–ს მიმართ დარჩა უცვლელად.

4. კასატორის პოზიცია:

4.1. 2021 წლის 29 სექტემბერს პროკურორმა გურჯან ტაბეშაძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 სექტემბრის განაჩენი და მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, კერძოდ: ლ. ს–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

4.2. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არ ემყარება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, განაჩენი დაუსაბუთებელია და არ პასუხობს საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

4.3. კასატორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეაფასა ერთობლივად, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდა ლ. ს–ს ბრალეულობას, გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

4.4. ბრალდების მხარის მოსაზრებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საგამონაკლისო წესით უშვებს სისხლის სამართლის საქმეზე ირიბ მტკიცებულებებზე მსჯავრდების დაფუძნების შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქმისთვის, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკმარისად სანდოა. ამასთან, მნიშვნელოვანია მოცემული მტკიცებულებების გამოყენება მოხდეს იმის უტყუარად დასადგენად, რომ ირიბი მტკიცებულებების გამოყენება აუცილებელია, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე.

4.5. პროკურორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და უთითებს 2020 წლის 29 ოქტომბრის N443აპ.-20 გადაწყვეტილებაზე, სადაც დაზარალებულის ჩვენების არარსებობის პირობებში სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, კერძოდ:

5.2. დაზარალებულმა მ. მ–მ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება და ჩვენება არ მისცა მეუღლის - ლ. ს–ს წინააღმდეგ, მოწმეთა ნაწილი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გადმოსცემს მხოლოდ ირიბ ინფორმაციას, ხოლო მოწმეები - თ. ს–ა და ვ. მ–ე, რომლებიც ასევე არ არიან შემთხვევის უშუალო თვითმხილველები, მაგრამ იმავე ღამეს ნახეს დაზარალებული, აღნიშნავენ, რომ მ. მ–ს რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში იგი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების, მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

5.3. საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის - პროკურორ გურჯან ტაბეშაძის მითითებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ირიბი ჩვენების გამოყენება არ არის აბსოლუტურად გამორიცხული. ამასთან, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ „ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში მხოლოდ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებულებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo-ს საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

5.5. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ლ. ს–ს მიერ მისთვის წარდგენილი დანაშაულის ჩადენა.

5.6. პროკურორი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 ოქტომბრის N443აპ.-20 გადაწყვეტილებაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული გარემოებებისგან, შესაბამისად, აღნიშნული არგუმენტიც ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.

5.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურჯან ტაბეშაძის საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე