საქმე N 160100119003044761
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1018აპ.-21 14 იანვარი, 2022 წელი
წ–ი გ., 1018აპ.-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1 2019 წლის 5 ივნისს გ. წ–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 3 აპრილს, შუადღისას, მ–ს რაიონის სოფელ ს–ში მდებარე მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე გ. წ–ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა თ. ა-ის კუთვნილ „სამსუნგ S-7“ მოდელის მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს მიადგა 200 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1 ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განაჩენით გ. წ–ი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.2 ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2 2021 წლის 22 ოქტომბერს მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
3.3 2021 წლის 27 ოქტომბერს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა პროკურორის საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1 კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ. წ–ის მიერ დანაშაულის ჩადენას, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები ჯეროვნად არ შეაფასა.
4.2 ამასთან, პროკურორი ითხოვს, სასამართლომ გაიზიაროს შემდეგი მტკიცებულებები: გ. წ–ის პირადი ჩხრეკის ოქმი, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთმტკიცება - მობილური ტელეფონი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, ნივთის ამოცნობის ოქმი და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1 საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2 საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის არგუმენტს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უკანონობისა და დაუსაბუთებლობის, აგრეთვე, სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულებების არაჯეროვნად შეფასების შესახებ, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში ამომწურავადაა მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ გ. წ–ი უდანაშაულოდ ცნო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
5.3 სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა გ. წ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.4 საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ქმედების შემადგენლობის ერთ-ერთი აუცილებელი ნიშნის - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობასთან მიმართებით, აგრეთვე, პირადი ჩხრეკის ოქმის, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთმტკიცება - მობილური ტელეფონის, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის, ნივთის ამოცნობის ოქმის, ნივთმტკიცების დალუქვის ოქმისა და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის არგაზიარებასთან დაკავშირებით. ამ საკითხებთან მიმართებით ბრალდების მხარეს საკასაციო საჩივრით არ წარმოუდგენია საპირისპირო, დამაჯერებელი არგუმენტები. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, მართალია, შემთხვევის ვითარების აღდგენის ნაწილში იგი მიიჩნევა პირდაპირ მტკიცებულებად, მაგრამ სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის - გამართლებულის ჩვენებასთან ერთად, არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებით სტანდარტს, რადგან ვერ ადასტურებს სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობას.
5.5 საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.
5.6 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.7 საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივრი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე