Facebook Twitter

საქმე N 010100120004044298

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1034აპ.-21 14 იანვარი, 2022 წელი

მ–ე შ., 1034აპ.-21 ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ჯ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

1.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განაჩენით შ. მ–ე (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.

1.2. ბათუმის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 23 აგვისტოს საქართველოს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე-3 განყოფილებამ შ. მ–ს მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი, რის საფუძველზეც შ. მ–ს აეკრძალა მოქალაქე თ. ს–სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, აგრეთვე მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც თ. ს–ა იმყოფებოდა. მიუხედავად აღნიშნულისა, 2020 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე, შ. მ–მ სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარა თ. ს–სთან, რის შემდეგაც იმავე დღეს, დაახლოებით 20:00 საათზე, იგი მივიდა ქ. ბ–ში, დ–სა და მ–ს ქუჩების კვეთაზე, სადაც შეხვდა თ. ს–ს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები.

2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. კასატორის პოზიცია:

3.1. 2021 წლის 19 ნოემბერს ადვოკატმა ზ. ჯ–მ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3.2. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, შესაბამისად, მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით შეუძლებელია, მითითებული ნორმის ბლანკეტური შინაარსის მხედველობაში მიღებით.

3.3. ადვოკატი ზ. ჯ–ა საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ არსებობს სრული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რომ შსს ა–ს ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბ–ს საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-.. განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ. ა–ს მიერ 2020 წლის 23 აგვისტოს გამოცემული შემაკავებელი ორდერი ჩაითვალოს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით გამოცემულად, ვინაიდან მისი გამოცემისას არ გაითვალისწინეს კანონის მითითება გენდერულ ნიშანზე, ორდერის გამომცემს არ გამოუკვეთავს გენდერული ნიშანი, აგრეთვე გამომძიებლის მიერ გამოკვეთილი გარემოებები აშკარად არ შეიცავს გენდერულ ნიშანს.

3.4. კასატორი საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაშვებობის საფუძვლად უთითებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე, კერძოდ: საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ შ. მ–ს უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი, კერძოდ:

4.2. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ 2020 წლის 23 აგვისტოს შ. მ–ს მხრიდან თ. ს–ზე ფსიქოლოგიური ძალადობის გამო გამოიცა შემაკავებელი ორდერი. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, აგრეთვე მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც თ. ს–ა იმყოფება.

4.3. მსჯავრდებულ შ. მ–ს განემარტა, რომ შემაკავებელი ორდერი ძალაშია მისი გამოცემისთანავე, ხოლო მასში გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, რაც დადასტურებულია იმ გარემოებით რომ შემაკავებელ ორდერს ხელს აწერს მსჯავრდებული შ. მ–ე.

4.4. მსჯავრდებულმა შ. მ–მ შემაკავებელი ორდერი გაასაჩივრა კანონმდებლობით დადგენილი სამდღიანი ვადის დარღვევით, რის გამოც ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე შ. მ–ს სარჩელის გამო, №..... შემაკავებელი ორდერის გაუქმების მოთხოვნით, შეწყდა დაუშვებლობის მოტივით.

4.5. ამდენად, ზემოაღნიშნული შემაკავებელი ორდერი ძალაში იყო მისი გამოცემის მომენტიდან, რაც ცნობილი იყო მსჯავრდებულისთვის, თუმცა მოწმეების - თ. ს–სა და ნ. გ–ს გამოკითხვის ოქმებით დადასტურებულია ის გარემოება, რომ შ. მ–მ დაარღვია შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული ვალდებულება, 2020 წლის 26 აგვისტოს დაურეკა შემდეგ კი შეხვდა თ. ს–ს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

4.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის დასაბუთებას, რომლის თანახმად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ შ. მ–მ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

4.7. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომლის თანახმადაც, სასამართლოებმა არასრულფასოვნად შეაფასეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხები, ვინაიდან ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ადვოკატის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

4.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ შ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ჯ–ს საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე