Facebook Twitter

ბს-1394-1137-კ-04 11 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გ. ქაჯაია,

ნ. კლარჯეიშვილი

აღწერილობითი ნაწილი:

1998წ. 17 თებერვალს შპს ბაზარი “ს.-ის” დირექტორმა ნ. წ.-მ სარჩელი აღძრა ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოში მოპასუხეების _ საწარმო “ი.-ის”, საწარმო “ბ.-ს” (ყოფილი “ხილბოსტანვაჭრობის” ¹... მაღაზია), შპს “ე.-ისა” (ყოფილი სანტექნიკის სავაჭრო მაღაზია) და სავაჭრო შემსყიდველი საწარმოს მიმართ.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ...-ს ბაზრის ტერიტორია მას იჯარით გადაეცა და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ ბაზრის ადმინისტრაციას ჩაჰბარდა ბაზრის ტერიტორიაზე განთავსებული, იჯარაზე მყოფი ობიექტები, მათ შორის, მოპასუხე საწარმოები, რომლებიც ვალდებული იყვნენ, გადაეხადათ მათ მიერ დაკავებული შენობა-ნაგებობების იჯარის ქირა. მოსარჩელის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ბაზრის ადმინისტრაციას დავალებული ჰქონდა, მოიჯარე საწარმოებიდან საიჯარო ქირის ამოღება და ბიუჯეტში ჩარიცხვა, რაც სრულყოფილად ვერ სრულდებოდა მოპასუხეთა უპასუხისმგებლო მოქმედების გამო. მოპასუხეები არ იხდიდნენ იჯარის ქირას, თუმცა მათ არაერთხელ განემარტათ, რომ ვალდებული იყვნენ, გადაეხადათ იგი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოპასუხეებისათვის საიჯარო ქირის გადახდის დაკისრებას მოითხოვდა.

სს “მ.-მ” საბურთალოს რაიონის სასამართლოში შეგებებული სარჩელი წარადგინა და მიუთითა, რომ ყოფილი “ხილბოსტანვაჭრობის” ¹... მაღაზია სს “მ.-ის” საკუთრებას წარმოადგენდა და მოცემულ საქმეში მოპასუხედ სს “მ.-ი” უნდა ჩაბმულიყო.

შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, მოსარჩელე თავად იყო მოიჯარე და მას არ ჰქონდა უფლება მეიჯარის _ თბილისის ქონების მართვის სამმართველოს _ ნებართვის გარეშე ქვეიჯარით გაეცა ქონება. მეიჯარისგან ნებართვის მიღების შემდეგ კი მოსარჩელე ვალდებული იყო, საიჯარო ხელშეკრულება დაედო სს “მ.-სთან” და ამ ხელშეკრულებით მოეწესრიგებინა მიწის საიჯარო გადასახადის ოდენობა, აგრეთვე, გადახდის პირობები. გარდა ამისა, სარჩელში არ იყო მითითებული, თუ რა ოდენობის თანხას ითხოვდა მოსარჩელე მოპასუხისაგან და რომელ საიჯარო პერიოდს შეეხებოდა მოთხოვნა.

სს “მ.-ის” წარმომადგენლის მითითებით, “ხილბოსტანვაჭრობის” ¹... მაღაზია სს “მ.-ის” საკუთრებას წარმოადგენდა, კერძოდ, იგი შესული იყო სს “მ.-ის” საწესდებო კაპიტალში და მისი გამოსყიდვის უფლება შპს ბაზარი “ს.-ს” არ ჰქონდა. სს “მ.-ის” საკუთრებას წარმოადგენდა “ხილბოსტანვაჭრობის” ¹... მაღაზიის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთიც. გარდა ამისა, ხილბოსტანვაჭრობის მაღაზიას კანონით დადგენილი წესით არავისთან ჰქონია იჯარის ხელშეკრულება გაფორმებული და არ ყოფილა მოიჯარე.

სს “მ.-მა” შეგებებული სარჩელით მისი საკუთრების, მის საწესდებო კაპიტალში შესული “ხილბოსტანვაჭრობის” ¹... მაღაზიის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა მოითხოვა.

1998წ. 20 აგვისტოს შპს ბაზარი “ს.-ის” დირექტორმა ნ. წ.-მა დამატებითი სარჩელით მიმართა საბურთალოს რაიონის სასამართლოს იმავე მოპასუხეების მიმართ და ყოფილი “ხილბოსტანვაჭრობის” ¹... მაღაზიისათვის საიჯარო ქირისა და ჯარიმის, სულ _ 37715 ლარის, საწარმო “ი.-ისათვის” _ 21121 ლარის, შპს “ე.-ისათვის” _ 91519 ლარის დაკისრება, აგრეთვე, აღნიშნული საწარმოებიდან თანამშრომლებისა და მათი ხელმძღვანელების გამოსახლება მოითხოვა.

საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1998წ. 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ბაზარი “ს.-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოპასუხე ყოფილი “ხილბოსტანვაჭრობის” ¹... მაღაზიისათვის 37715 ლარის დაკისრებისა და მაღაზიიდან იქ დასაქმებული პირების გამოსახლების შესახებ ამავე გადაწყვეტილებით სს “მ.-ის” შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საბურთალოს რაიონის აგრარული ბაზრის დირექტორ თ. კ.-სა და “ხილბოსტანვაჭრობის” ¹... მაღაზიის დირექტორ ქ. მ.-ს შორის 1996წ. 3 იანვარს დადებული ¹17 ხელშეკრულება.; სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994წ. 25 ივლისის დადგენილებით კონცერნ “მ.-ის” აქციონირების დროს სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შეტანილი “ხილბოსტანვაჭრობის” ¹... მაღაზიის 190 კვ.მ ამოღებულ იქნა თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და საბურთალოს რაიონის აგრარული ბაზრის დროებითი ამხანაგობის წარმომადგენელ თ. კ.-ს შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტიდან, როგორც უკანონოდ გადაცემული ობიექტი. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს დაევალა ...-ს ბაზრის შრომითი კოლექტივის დროებითი ამხანაგობის წარმომადგენელ თ. კ.-სთან 1996წ. 6 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტიდან რიგითი ნომერი 8-ის გასწვრივ დაფიქსირებული, 2897 აშშ დოლარად შეფასებული “ხილბოსტანვაჭრობის” ¹... მაღაზიის ამოღება; თბილისის მიწის რესურსების დეპარტამენტს დაევალა, საბურთალოს რაიონის საკოლმეურნეო ბაზართან მიწის ნაკვეთის იჯარით აღების თაობაზე 1996წ. 15 იანვრის ხელშეკრულებით გადაცემული 8400 კვ.მ-დან სს “მ.-ის” მფლობელობაში გადაცემული ¹... მაღაზიით დაკავებული 190 კვ.მ მიწის ნაკვეთის ამორიცხვა; მიწის ნაკვეთის იჯარით აღების შესახებ 1996წ. 15 იანვრის ხელშეკრულებით შპს ბაზარი “ს.-ის” გადასახდელი თანხიდან ამოირიცხა 190 კვ.მ მიწის ნაკვეთის იჯარის ღირებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ზედამხედველობის წესით პროტესტის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1999წ. 28 იანვრის ¹27 დადგენილებით ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1998წ. 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

2000წ. 7 თებერვალს შპს ბაზარი “ს.-მ” თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნით მიმართა მოპასუხე “ხილბოსტანვაჭრობის” ¹... მაღაზიის, თანამოპასუხეების: სს “მ.-ისა” და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა შემდეგი:

1) მოპასუხისა და თანამოპასუხის გამოსახლება სადავო შენობიდან;

2) მოპასუხისა და თანამოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 33079 ლარის გადახდის დაკისრება;

3) ყოფილი “ხილბოსტანვაჭრობის” ¹... მაღაზიის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება;

4) სს “მ.-ის” ქონების აღმრიცხველი ნუსხიდან შპს ბაზარი “ს.-ის” მიერ პრივატიზებული და მის ტერიტორიაზე განთავსებული ყოფილი “ხილბოსტანვაჭრობის” ¹... მაღაზიის ამორიცხვის დავალება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის.

დაზუსტებული სარჩელის საფუძვლად მითითებული იყო ის გარემოება, რომ ...-ს ბაზრის ფუნქციონირების დაწყების დღიდან ბაზრის მთელი ტერიტორია და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემული ჰქონდა ბაზრის ადმინისტრაციასა და შრომით კოლექტივს. საქართველოში სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესის მიმდინარეობისას ბაზრის შრომითმა კოლექტივმა კანონით დადგენილი წესით იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე, სახელმწიფო ქონების პრივატიზება მოახდინა. ბაზრის ადმინისტრაციამ 1987 წელს საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა “ხილბოსტანვაჭრობის” ¹... მაღაზიასთან, რომელიც წლების განმავლობაში უხდიდა იჯარის ქირას, მაგრამ 1994 წლიდან აღარ გადაუხდია. შესაბამისად, “ხილბოსტანვაჭრობის” ¹... მაღაზიას ერიცხებოდა საიჯარო ქირის დავალიანება _ 33079 ლარი.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს ბაზარი “ს.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოსარჩელის ტერიტორიაზე მდებარე 209 კვ.მ-ის ნაგებობიდან სს “მ.-ი” გამოსახლებულ იქნა; სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დაევალა შპს ბაზარი “ს.-ის” ტერიტორიაზე განთავსებული სს “მ.-ის” სახელზე პრივატიზებული 209 კვ.მ-ის ობიექტის პრივატიზაციის ნუსხიდან ამორიცხვა; ხოლო შპს ბაზარი “ს.-ის” სასარჩელო მოთხოვნას, მის სასარგებლოდ მოპასუხე სს “მ.-ისათვის” 33079 ლარის დაკისრების თაობაზე, უარი ეთქვა.

სააპელაციო საჩივრით სს “მ.-მ” აღნიშნული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც იგი გამოსახლდა დაკავებული შენობიდან და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დაევალა პრივატიზების ნუსხიდან სს “მ.-ის” მიერ პრივატიზებული ობიექტის ამორიცხვა. ამასთან, სს “მ.-მა” 2001წ. 2 ნოემბერს სააპელაციო პალატას მიმართა შეგებებული სარჩელით მოპასუხეების: შპს ბაზარი “ს.-ის”, თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს, თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტისა და ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა შემდეგი: 1. სს “მ.-ის” საწესდებო კაპიტალში შეტანილი, ყოფილი “ხილბოსტანვაჭრობის” ¹... მაღაზიის მიერ დაკავებული 190 კვ.მ ფართობის ამორიცხვა ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველოსა და ...-ს ბაზრის დროებითი ამხანაგობის წარმომადგენელ თ. კ.-ს შორის 1996წ. 6 აგვისტოს დადებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტიდან; 2. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტსა და შპს ბაზარი “ს.-ს” შორის 1996წ. 15 იანვარს გაფორმებული მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებიდან ყოფილი “ხილბოსტანვაჭრობის” ¹... მაღაზიის შენობის ქვეშ მდებარე 190 კვ.მ მიწის ნაკვეთის ამორიცხვა; 3. ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტის მიერ დადგენილი ...-ს ბაზრის წითელი ხაზების ბათილად ცნობა.

სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 14 მარტის მთავარ სხდომაზე სს “მ.-მ” შეგებებული სარჩელის საგანი შეამცირა, კერძოდ, თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტისა და ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტის მიმართ მოთხოვნა მოხსნა.

სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 18 აპრილის მთავარ სხდომაზე სს “მ.-მ” შეგებებული სარჩელის მოთხოვნა კვლავ გაზარდა, რაც დასაშვებად ჩათვალა სააპელაციო სასამართლომ და თავდაპირველ მოთხოვნასთან ერთად მიღება-ჩაბარების აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაბამისად, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 2002წ. 11 თებერვალს გაცემული ¹23/348 საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში ცვლილებების შეტანა, კერძოდ, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობიდან სს “მ.-ის” საწესდებო კაპიტალში შეტანილი “ხილბოსტანვაჭრობის” ¹... მაღაზიის შენობის ამორიცხვა მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 აპრილის ახალი გადაწყვეტილებით სს “მ.-ის” შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო შპს ბაზარი “ს.-ის” სარჩელს დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელე შპს ბაზარი “ს.-ის” სასარჩელო მოთხოვნა “ხილბოსტანვაჭრობის” ¹... მაღაზიის პრივატიზების ბათილად ცნობისა და სს “მ.-ის” ქონების აღმრიცხველი ნუსხიდან მისი ამორიცხვის თაობაზე ხანდაზმულად მიიჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ დაკმაყოფილდა სარჩელის მოთხოვნა გამოსახლების თაობაზეც.

რაც შეეხება შეგებებული სარჩელის მოთხოვნებს, სააპელაციო სასამართლომ მათი დაკმაყოფილების საფუძვლად სკ-ის 314-ე მუხლზე მიუთითა, რომლის თანახმად, რეესტრში რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა რეგისტრაციის დროის თანმიმდევრობის მიხედვით განისაზღვრება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს შპს ბაზარი “ს.-მ” და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 20 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 30 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა. საკასაციო სასამართლომ ხანდაზმულობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა არ გაიზიარა.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და რაიონული სასამართლოს ნაწილობრივ გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსათვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ ...-ს ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე და “ხილბოსტანვაჭრობის” (სს “მ.-ი”) საწარმოო გაერთიანების მიერ აშენებული მაღაზია ¹... _ მაღაზია “ბ.-ა” სს “მ.-ის” საწესდებო კაპიტალში იყო შეტანილი, რასაც ადასტურებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წერილი, რომელიც გაეგზავნა თბილისის ქონების მართვის სამმართველოს და ეცნობა იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომელიც სს “მ.-ის” საწესდებო კაპიტალში შედიოდა.

...-ს ბაზრის ადმინისტრაციის მიერ მაღაზია “ბ.-ა” არ იყო ინვენტარიზაციის აქტებში მოხსენებული და ამდენად, იგი ქონების შეფასების აქტში არ უნდა შეტანილიყო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ბაზარი “ს.-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო სს “მ.-ის” შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი 1996წ. 4 ივნისის საიჯარო ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი და 2002წ. 11 თებერვლის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა “ხილბოსტანვაჭრობის” ¹... მაღაზიის ნაწილში.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის კოლეგიის 1994წ. 25 ივნისის ¹04.05.53 დადგენილებით დამტკიცდა სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს კონცერნ “მ.-ის” პრივატიზების სამუშაო კომისიის მიერ წარმოდგენილი საწარმოს პრივატიზების გეგმა, საწარმოს ქონების შეფასების აქტი და სააქციო საზოგადოების წესდება. ამავე დადგენილებით კონცერნ “მ.-ის” ბაზაზე დაფუძნდა სს “მ.-ი”.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994წ. 25 ივლისის ¹04.05.53 დადგენილების ¹1 დანართის მიხედვით, საწარმოს პრივატიზების გეგმაში მითითებულია ქ. თბილისში, საბურთალოს საკოლმეურნეო ბაზარში მდებარე “ხილბოსტანვაჭრობის” მაღაზია ¹....

თბილისის ვაკის რაიონის ადგილობრივი მმართველოს გამგეობის 1994წ. 23 აგვისტოს განკარგულებით რეგისტრაციაში გატარდა სს “მ.-ის” წესდება.

სს “მ.-ს” მიეცა საწარმოს ¹... სახელმწიფო რეგისტრაციის მუდმივი მოწმობა მასზე, რომ 1994წ. 23 აგვისტოს სახელმწიფო რეგისტრაცია ¹480/4-02 გაიარა ვაკის რაიონის გამგეობაში, ორგანიზებული სამართლებრივი ფორმით “სააქციო საზოგადოება”.

სს მ.-ის საწესდებო კაპიტალის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1996წ. 24 მაისის ¹1-4/194 ბრძანებით, დამტკიცდა სს მ.-ის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით სამუშაო კომისიის მიერ წარმოდგენილი საწარმოს პრივატიზების გეგმა, ასევე, საზოგადოების წესდება. ობიექტთა სიაში, რომლებიც კვლავ სს “მ.-ის” საკუთრებაში, მითითებულია თბილისში, საბურთალოს აგრარულ ბაზარში მდებარე “ხილბოსტანვაჭრობის” მაღაზია ¹....

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 1993წ. 22 მაისის ¹04.03.26 გადაწყვეტილებით დამტკიცდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საკუთრებიდან თბილისის მუნიციპალურ საკუთრებაში გადასაცემი ობიექტების ნუსხა, რომელშიც მითითებულია ხილბოსტანვაჭრობის მაღაზია “ბ.-ა”. 1996წ. 29 მაისს ...-ს ბაზრის ქონების იჯარით გამოსყიდვის მიზნით შეიქმნა დროებითი ამხანაგობა.

1996წ. 4 ივნისს თბილისის სახელმწიფო ქონების საიჯარო მართვის მთავარ სამმართველოსა და ...-ს ბაზრის შრომით კოლექტივს შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება ქონებაზე, რომელშიც, მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ხილბოსტანვაჭრობის მაღაზიაც შევიდა.

2002წ. 11 თებერვალს, სასამართლოში დავის მიმდინარეობის პერიოდში, თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ შპს ბაზარი “ს.-ზე” გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ... მდებარე “ს.-ის” ქონებაზე, რომლის საფუძვლად მითითებულია 11.06.96წ. ¹1-4/393 ხელშეკრულება და 01.06.96წ. ¹2-483 მიღება-ჩაბარების აქტი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “ბ.-ისა” და თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება დაიდო იმ ქონებაზე, რომელიც იმ დროისთვის არ წარმოადგენდა მუნიციპალურ საკუთრებას. სასამართლომ მიუთითა, რომ, მართალია, თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 1993წ. 22 მაისის ¹04.03.26 გადაწყვეტილებით დამტკიცდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საკუთრებიდან თბილისის მუნიციპალურ საკუთრებაში გადასაცემი ობიექტების ნუსხა, რომელშიც მითითებული იყო ხილბოსტანვაჭრობის მაღაზია, მაგრამ თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1993წ. 27 დეკემბრის ¹04.01.90 დადგენილებით საქართველოს ხილბოსტანვაჭრობის სახელმწიფო საწარმოო კომერციულ კონცერნ “მ.-ს” ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაეცა თბილისში განლაგებული ხილბოსტნეულის სავაჭრო საწარმოები, მათ შორის, მაღაზია ¹....

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სამართლებრივი აქტი, რომლითაც შეიცვალა სადავო მაღაზიის სტატუსი და იგი მუნიციპალური დაქვემდებარებიდან სახელმწიფო საწარმოს კომერციული კონცერნის დაქვემდებარებაში გადავიდა, რის გამოც იგი შეტანილი არ უნდა ყოფილიყო იჯარა-გამოსყიდვით გადასაცემ ობიექტთა ნუსხაში და მასზე არც იჯარის ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შპს ბაზარი “ს.-ის” პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ არ შესრულდა ¹04.01.90 დადგენილების 2.1 პუნქტი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების დადების შესახებ, რაც სხვა დავის საგანს წარმოადგენდა. სასამართლოს თქმით, უმთავრესი იყო ის გარემოება, რომ სადავო ობიექტის დაქვემდებარება შეიცვალა და იგი სს “მ.-ის” საწესდებო კაპიტალში შევიდა.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება იმ გარემოებასაც მიაქცია, რომ, მართალია, სადავო ობიექტი უკანონო ნაგებობა იყო, მაგრამ თბილისის საქალაქო კოლეგიის 1993წ. 22 მაისის დადგენილებით სადავო შენობის ნუსხაში შეტანით განხორციელდა მისი დაკანონება, ანუ სახელმწიფომ აღიარა ობიექტის არსებობა და შემდგომში მისი სხვა უწყებაზე გადაცემა მოახდინა, რომელიც ქონების მართვის სამინისტრომ საწესდებო კაპიტალში შეიტანა. ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ თბილისის ქონების მართვის სამმართველოს მიერ მოხდა იმ ქონების გასხვისება, რომელიც მის საკუთრებას არ წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლომ ამავე გადაწყვეტილებით დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ სადავო ობიექტი შპს ბაზარი “ს.-ის” გამგებლობაში არასოდეს ყოფილა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს საიჯარო ქირის გადახდა და მოპასუხეთა გამოსახლება მოეთხოვა.

სააპელაციო სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ საიჯარო ქირის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში იყო შესული, რითაც მოსარჩელე, გარკვეულწილად, დაეთანხმა იმ ფაქტს, რომ მხარეთა შორის 1993წ. შემდეგ არანაირი ურთიერთობები აღარ ყოფილა, ხოლო ობიექტის მოსარჩელისადმი კუთვნილების დასადასტურებლად ხელშეკრულებასა და საგადასახადო დავალებებზე მითითება სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა იმ მოტივით, რომ საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებით და საგადასახადო დავალებებით ცალსახად არ დგინდებოდა ის გარემოება, რომ საიჯარო ხელშეკრულება სწორედ სადავო ფართზე იყო გაფორმებული. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, სადავო ობიექტის ფართად მითითებული იყო 176 კვ.მ., საქმეში კი სხვა ხელშეკრულება არ მოიპოვებოდა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მაღაზია “ბ.-ა” გადაეცა ბაზარს, რადგან იგი 1994 წელს უკვე სს “მ.-ის” საწესდებო კაპიტალში იყო შეტანილი. ამასთან, ნიშანდობლივი იყო ის გარემოებაც, რომ “ხილბოსტანვაჭრობის” ¹... მაღაზია (“ბ.-ა”) საერთოდ არ შედიოდა საბურთალოს რაიონის გამგეობის დელეგირებაში და მათ მისი გადაცემის უფლებაც არ გააჩნდათ.

სააპელაციო სასამართლომ დამატებითი განმარტება მისცა იმ ფაქტსაც, რომ მაღაზია ¹... ბაზრის ინვენტარიზაციის აქტებში შეტანილი არ ყოფილა, იგი შეფასების აქტებში 1996 წელს მოხვდა, თუმცა ამ დროისათვის არ მოქმედებდა საქართველოს რესპუბლიკის 1995წ. 16 ივნისის ¹344 დადგენილება, რომლის 2.1 პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მთელი უძრავი ქონება სავალდებულო აღრიცხვას ექვემდებარებოდა, ამავე დებულების 2.2 მუხლის შესაბამისად, უძრავი ქონების მოსარგებლე ქონების აღრიცხვის მიზნით ვალდებული იყო, ინვენტარიზაციის ჩატარების მოთხოვნით ტექბიუროსათვის განცხადებით მიემართა, რაც არ მომხდარა. ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შეფასების აქტებში მაღაზია ¹... უსაფუძვლოდ იქნა შეტანილი.

სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სადავო ობიექტის მოსარჩელის კუთვნილების დამადასტურებლად ვერ გამოდგებოდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დასკვნა, რომელიც სამინისტროს შიდა უწყებრივ დოკუმენტს წარმოადგენდა, რომელსაც არანაირი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია, ხოლო სამინისტროს ხელმძღვანელობამ კი დაადასტურა, რომ მაღაზია ¹... სს “მ.-ის” საწესდებო კაპიტალში იქნა შეტანილი.

სააპელაციო სასამართლომ მოიხმო სკ-ის 314-ე მუხლი, რომლის თანახმად, რეესტრში რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა განისაზღვრება რეგისტრაციის დროის თანმიმდევრობის მიხედვით და მიუთითა, რომ ტექპასპორტის თანახმად, თბილისში, ... მდებარე არასაცხოვრებელი 177,9 კვ.მ, 1999წ. 15 მარტის მდგომარეობით, სს “მ.-ის” საწესდებო კაპიტალში იყო აღრიცხული.

ზემოთქმული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ საბოლოოდ მიიჩნია, რომ 1994წ. 25 ივლისისათვის, სს “მ.-ის” დაფუძნებისას სადავო მაღაზია ¹... შესული იყო მის საწესდებო კაპიტალში.სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დარღვეულ იქნა “სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემის შესახებ” კანონის მოთხოვნები, რადგან, თუ ხელშეკრულების ობიექტი არ წარმოადგენდა მეიჯარის საკუთრებას, აღნიშნული დადებული გარიგების ბათილობას იწვევდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2004წ. 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება შპს ბაზარი “ს.-ის” წარმომადგენელმა გ. ი.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ სასამართლომ არასათანადო შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს და გადაწყვეტილება სათანადოდ არ დაასაბუთა.

კასატორმა მიუთითა, რომ სადავო ¹... მაღაზია სს “მ.-ის” ბალანსზე ვერ იქნებოდა, ვინაიდან იგი უკანონო ნაგებობა იყო, ვიდრე მუნიციპალური საკუთრება და იჯარით დატვირთული ქონება არ გახდებოდა. ამდენად, კასატორმა მიუთითა, რომ სს “მ.-ის” დირექტორის მიერ ეს უკანასკნელი უსაფუძვლოდ იყო შეყვანილი პრივატიზებული ობიექტების ნუსხაში, რაც საფუძვლად დაედო ტექბიუროს ჩანაწერს.

კასატორი დამატებით იმასაც განმარტავდა, რომ მიწა, რომელზეც ¹... მაღაზიაა განლაგებული, ბაზრის საკუთრებას წარმოადგენდა, რის გამოც იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებიდან ამ ქონების ამორიცხვის საფუძველი არ არსებობდა. ამასთან, სს “მ.-ს” არაუფლებამოსილ პირად მიიჩნევდა და განმარტავდა, რომ ეს უკანასკნელი სადავო ობიექტის პრივატიზაციის ფაქტს ვერ ადასტურებდა.

კასატორმა ასევე არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ საიჯარო ხელშეკრულების არარსებობა გულისხმობს იმას, რომ შპს ბაზარი “ს.” არ არის მესაკუთრე ან პირიქით, სს “მ.-ი” მესაკუთრეა.

საბოლოოდ, კასატორმა მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც მისი სარჩელი დაკმაყოფილდებოდა, სს “მ.-ის” შეგებებული სარჩელი კი არ დაკმაყოფილდებოდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ შპს ბაზარი “ს.-ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებები მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოშიც იყო წარდგენილი და სასამართლომ გადაწყვეტილება მათი შეფასების შედეგად მიიღო.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის კოლეგიის 1994წ. 25 ივლისის ¹04.05.53 დადგენილებით დამტკიცდა სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს კონცერნ “მ.-ის” პრივატიზების სამუშაო კომისიის მიერ წარმოდგენილი საწარმოს პრივატიზების გეგმა, საწარმოს ქონების შეფასების აქტი და სააქციო საზოგადოების წესდება. ამავე დადგენილებით კონცერნ “მ.-ის” ბაზაზე სს “მ.-ი” დაფუძნდა.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994წ. 25 ივლისის ¹04.05.53 დადგენილების ¹1 დანართის მიხედვით, საწარმოს პრივატიზების გეგმაში მითითებულია ქ. თბილისში, საბურთალოს საკოლმეურნეო ბაზარში მდებარე მაღაზია ¹....

თბილისის ვაკის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის 1994წ. 23 აგვისტოს განკარგულებით სს “მ.-ის” წესდება გატარდა რეგისტრაციაში.

სს “მ.-ს” მიეცა საწარმოს ¹... სახელმწიფო რეგისტრაციის მუდმივი მოწმობა მასზე, რომ 1994წ. 23 აგვისტოს სახელმწიფო რეგისტრაცია ¹480/4-02 გაიარა ვაკის რაიონის გამგეობაში და “სააქციო საზოგადოების” ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით ჩამოყალიბდა.

სს “მ.-ის” საწესდებო კაპიტალის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1996წ. 24 მაისის ¹1-4/194 ბრძანებით, სს “მ.-ის” რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, სამუშაო კომისიის მიერ წარმოდგენილი საწარმოს პრივატიზების გეგმა და საზოგადოების წესდება დამტკიცდა. სს “მ.-ის” საკუთრებაში არსებულ ობიექტთა სიაში მითითებული იყო თბილისში, საბურთალოს აგრარულ ბაზარში მდებარე მაღაზია ¹....

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 1993წ. 22 მაისის ¹04.03.26 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საკუთრებიდან თბილისის მუნიციპალურ საკუთრებაში გადასაცემი ობიექტების ნუსხა, რომელშიც მითითებულია ხილბოსტანვაჭრობის მაღაზია “ბ.-ც”(შემდგომში მაღაზია ¹...). 1996წ. 29 მაისს ...-ს ბაზრის ქონების იჯარით გამოსყიდვის მიზნით შეიქმნა დროებითი ამხანაგობა.

1996წ. 4 ივნისს თბილისის სახელმწიფო ქონების საიჯარო მართვის მთავარ სამმართველოსა და ...-ს ბაზრის შრომით კოლექტივს შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება ქონებაზე, რომელშიც მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ხილბოსტანვაჭრობის ¹... მაღაზიაც შევიდა.

2002წ. 11 თებერვალს თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ შპს ბაზარი “ს.-ზე” გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ... მდებარე “ს.-ის” მთლიან ქონებაზე.

საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მისი საკასაციო საჩივარი მხოლოდ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს ემყარება და მასში კანონით გათვალისწინებული კასაციის საფუძვლები მითითებული არ არის, საკასაციო სასამართლო კი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივი გარემოებები შეფასებული აქვს მათი ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის შედეგად (სკ-ის 105-ე მუხლი).

ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ თბილისში, ...-ს აგრარულ ბაზარში მდებარე ¹... მაღაზია 1994წ. მდგომარეობით სს “მ.-ის” საწესდებო კაპიტალში იყო აღრიცხული, მის საკუთრებას წარმოადგენდა და 1996 წლისათვის იგი თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და ...-ოს ბაზრის შრომით კოლექტივს შორის გაფორმებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ობიექტთა ნუსხაში არ უნდა შესულიყო, ვინაიდან იგი, მართალია, ბაზრის ტერიტორიაზე მდებარეობდა, მაგრამ ხელშეკრულების დადების დროისათვის მესაკუთრე არა სახელმწიფო, არამედ სს “მ.-ი” იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მოიხმო “სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემის შესახებ” 1994წ. 20 სექტემბრის დებულება, რომლის თანახმად, იჯარის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს იმ ქონებაზე, რომელიც მეიჯარის საკუთრებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში დადებული გარიგება ითვლება ბათილად. გარიგების ბათილობისას კი ივარაუდება, რომ იგი საერთოდ არ დადებულა და მას არანაირი სამართლებრივი შედეგები არ მოჰყოლია.

საკასაციო სასამართლო აქვე მოიხმობს სკ-ის 581-ე მუხლს, რომელიც იჯარის ხელშეკრულებას ეხება და მისი მე-2 ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კოდექსის 533-ე მუხლით კი განმარტებულია, რომ გამქირავებელმა უნდა გადასცეს დამქირავებელს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი. გაქირავებული ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია წაუყენოს დამქირავებელს მოთხოვნები ამ ნივთის გამო (სკ-ის 534-ე მუხლი).

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას და განმარტავს, რომ, მართალია, მერიის საქალაქო კოლეგიის 1993წ. 22 მაისის ¹04.03.26 გადაწყვეტილებით დამტკიცდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საკუთრებიდან თბილისის მუნიციპალურ საკუთრებაში გადასაცემი ობიექტების ნუსხა და მათში სადავო მაღაზიაც იყო მითითებული, მაგრამ მოგვიანებით, მერიის მუნიციპალიტეტის კაბინეტის ამავე წლის 27 დეკემბრის ¹04.01.90 დადგენილებით საქართველოს ხილბოსტანვაჭრობის სახელმწიფო საწარმოო კომერციულ კონცერნ “მ.-ს” ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაეცა თბილისში განლაგებული ხილბოსტნეულის სავაჭრო საწარმოები, მათ შორის, ¹... მაღაზიაც, რაც იმას გულისხმობს, რომ სადავო მაღაზიამ შეიცვალა მესაკუთრე და იგი სახელმწიფო, მუნიციპალური დაქვემდებარებიდან კომერციული კონცერნის გამგებლობაში გადავიდა.

საკასაციო სასამართლო იზირებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზეც, რომ, მართალია, სადავო მაღაზია უნებართვოდ აგებულ ობიექტს წარმოადგენდა, მაგრამ სახელმწიფოს მიერ გადასაცემ ობიექტთა ნუსხაში შეტანით, გარკვეულწილად, განხორციელდა მისი დაკანონება, დადგინდა ობიექტის რეალურად არსებობის ფაქტი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ შპს ბაზარი “ს.-ის” სარჩელის საგანი თავდაპირველად საიჯარო ქირის გადახდა, ხოლო შემდგომში სადავო ობიექტიდან მოპასუხეთა გამოსახლება და ¹... მაღაზიის მის სამეურნეო გამგებლობაში გადაცემა წარმოადგენდა. ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელეს არ დაუყენებია ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნა, რაც, სასამართლოს მოსაზრებით, გამოხატულებაა იმ გარემოებისა, რომ სადავო ობიექტი მის საკუთრებაში არასოდეს ყოფილა. სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ რაიონულმა სასამართლომ მოპასუხისათვის საიჯარო ქირის დაკისრების მოთხოვნას უარი უთხრა და მიიჩნია, რომ 1993 წლიდან მხარეებს შორის არანაირი ხელშეკრულება არ დადებულა. აღნიშნულ ნაწილში შპს ბაზარი “ს.-ს” გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, რაც მისი მხრიდან ხელშეკრულების არარსებობის ფაქტის აღიარება-დადასტურებად უნდა მივიჩნიოთ.

საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება ასევე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზეც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უპირობოდ არ მტკიცდებოდა ის გარემოებაც, საიჯარო ხელშეკრულება საერთოდ დადებული იყო თუ არა სადავო შენობაზე, ვინაიდან ხელშეკრულებაში მითითებული ფართისა და მაღაზიის რეალური ფართის ოდენობა სხვადასხვაა, სადავო ობიექტის მახასიათებლების ზუსტად ამსახველი სხვა მონაცემები კი საქმეში არ მოიპოვება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ თბილისის ქონების მართვის სამმართველოს მიერ 2002წ. 11 თებერვალს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის თანახმად, სადავო მაღაზია შპს “ბაზარი ს.-ის” საკუთრებად გამოცხადდა, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ იგივე ქონება ჯერ კიდევ 1999წ. 15 მარტის ტექპასპორტის თანახმად, სს “მ.-ის” საწესდებო კაპიტალში იყო აღრიცხული და მის საკუთრებას წარმოადგენდა, დავა კი 2002 წლისათვის სასამართლოში მიმდინარეობდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სკ-ის 314-ე მუხლის მოხმობას, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრში რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა განისაზღვრება რეგისტრაციის დროის თანმიმდევრობის მიხედვით და ვინაიდან სადავო ქონებაზე ტექბიუროს ცნობის საფუძვლეზე სს “მ.-ს” საკუთრების უფლება უფრო ადრე წარმოიშვა, ამდენად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მტკიცება საჯარო რეესტრის მისი სასარგებლო ჩანაწერის უტყუარობის თაობაზე.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლეულია სრულყოფილად, კანონის დარღევის გარეშე, ამასთან, არ არსებობს სსკ-ის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები, ვინაიდან სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ გარემოებებს, რის გამოც შპს ბაზარი “ს.-ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ბაზარი “ს.-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.