საქმე N 060100120003961365
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1033აპ.-21 17 იანვარი, 2022 წელი
კ–ი მ., 1033აპ.-21 ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 სექტემბრის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის - დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2020 წლის 15 აგვისტოს მ. კ–ს (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, 2020 წლის 13 აგვისტოსა და 14 აგვისტოს ეპიზოდები) და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ).
1.2. მ. კ–სსთვის წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგში:
- 2020 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, ხ–ს რაიონის სოფელ ნ–ში მდებარე თავიანთი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მ. კ–მ იძალადა დედაზე - ს. კ–ზე, კერძოდ, ერთხელ დაარტყა ფეხი საჯდომზე, რის შედეგადაც ს. კ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2020 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 10:00 საათზე, ხ–ს რაიონის სოფელ ნ–ში მდებარე თავიანთი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მ. კ–ს სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით დაემუქრა დედას - ს. კ–ს, კერძოდ, უთხრა, რომ სახლში გამოწვავდა, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- 2020 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 10:00 საათზე, ხ–ს რაიონის სოფელ ნ–ში მდებარე თავიანთი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მ. კ–მ იძალადა დედაზე - ს. კ–ზე, კერძოდ, ხელი ჰკრა მხრის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ს. კ–მა თავი ვერ შეიკავა, მიეჯახა სახლის კედელს და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 7 დეკემბრის განაჩენით მ. კ–ს ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 სექტემბრის განაჩენით სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის - დარიკო ვადაჭკორიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
3.2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 7 დეკემბრის განაჩენი მ. კ–ს მიმართ ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: მ. კ–ს ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 13 და 14 აგვისტოს ეპიზოდები) და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
3.3. გამართლებულ მ. კ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. კასატორის პოზიცია:
4.1. 2021 წლის 24 სექტემბერს პროკურორმა დარიკო ვადაჭკორიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 სექტემბრის განაჩენი და მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, კერძოდ: მ. კ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2020 წლის 13 აგვისტოსა და 14 აგვისტოს ეპიზოდები) და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და ამ მუხლებით გათვალისწინებული სასჯელის განსაზღვრა.
4.2. საკასაციო საჩივრის ავტორი, პროკურორი დარიკო ვადაჭკორია აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არ ემყარება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს; განაჩენი დაუსაბუთებელია და არ პასუხობს საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
4.3. კასატორის პოზიციით, ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა (მოწმეების - ს. ტ–სა და ვ. მ–ს ჩვენებები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა), რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია მ. კ–სთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა.
4.4. სახელმწიფო ბრალმდებელი აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით სისხლის სამართლის საქმეზე ირიბი ჩვენების გამოყენება არ არის აბსოლუტურად გამორიცხული, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს ერთობლივად უნდა შეეფასებინა წარდგენილი მტკიცებულებები და მ. კ–ს უნდა ეცნო დამნაშავედ.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, კერძოდ:
5.2. შემთხვევის უშუალო თვითმხილველმა პირმა, დაზარალებულმა ს. კ–მ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება და ჩვენება არ მისცა შვილის - მ. კ–ს წინააღმდეგ; მოწმეები - ს. ტ–ი და ვ. მ–ე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გადმოსცემენ მხოლოდ ირიბ ინფორმაციას; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისთვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების, მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
5.3. საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის - პროკურორ დარიკო ვადაჭკორიას მითითებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ირიბი ჩვენების გამოყენება არ არის აბსოლუტურად გამორიცხული. ამასთან, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ ,,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში მხოლოდ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებულებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo-ს საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
5.5. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება მ. კ–ს მიერ მისთვის წარდგენილი დანაშაულების ჩადენა.
5.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე