საქმე N 010100121004683974
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1032აპ.-21 17 იანვარი, 2022 წელი
ხ–ი თ., 1032აპ.-21 ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2021 წლის 30 აპრილს თ. ხ–ი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი).
1.2. თ. ხსთვის წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 14 აპრილს, დაახლოებით 18:20 საათზე, ქ. ბ–ში, ..........ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, თ. ხ–მ თავისი ოჯახის წევრს, ყოფილ მეუღლეს - ნ. ს–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის მარცხენა არეში, რის შემდეგაც ნ. ს–ე დაეცა ძირს, რა დროსაც დაუზიანდა მარცხენა ხელის შუა თითი. აღნიშნულის შემდეგ ძირს დაცემულ ნ. ს–ს თ. ხ–მ რამდენჯერმე დაარტყა ხელები თავის არეში. თ. ხ–სის მხრიდან ჩადენილი ფიზიკური ძალადობის შედეგად ნ. ს–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის განაჩენით თ. ხ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის განაჩენი თ. ხ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.
4. კასატორის პოზიცია:
4.1. 2021 წლის 2 ნოემბერს პროკურორმა აკაკი მოქერიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი და მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, კერძოდ: თ. ხ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
4.2. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ის არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
4.3. კასატორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში არსებულ, ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ, მოწმეების - გ. ხ–ს, პ. წ–ს, ს. ბ–ს და ზ. ს–ს გამოკითხვის ოქმები და საქმეში არსებულ სხვა ინფორმაციათა და მასალათა ერთობლიობა.
4.4. სახელმწიფო ბრალმდებელი აღნიშნავს, რომ სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა თავად დაზარალებულის განცხადება, რომელმაც გამოკითხვის ოქმში დაადასტურა ყოფილი მეუღლის მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი. მისივე თანხმობით ჩაუტარდა სხეულის დათვალიერება და ექსპერტიზა, თუმცა მოგვიანებით შეეცადა ოჯახის წევრის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას და არ მისცა ჩვენება ყოფილი მეუღლის - თ. ხ–სის წინააღმდეგ.
4.5. ზემოაღნიშნული გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების, მათ შორის ირიბი მტკიცებულებების მხედველობაში მიღებით, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ თ. ხ–ს მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
4.6. პროკურორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და უთითებს 2020 წლის 29 ოქტომბრის N443აპ.-20 გადაწყვეტილებაზე, სადაც დაზარალებულის ჩვენების არარსებობის პირობებში სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერი და დასაბუთებელია, რადგან გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად არ დადასტურდა თ. ხ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:
5.2. დაზარალებულმა ნ. ს–ემ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება და ჩვენება არ მისცა მეუღლის - თ. ხ–ს წინააღმდეგ. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია, ხოლო დაზარალებულმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უარი განაცხადა თ. ხ–სის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
5.3. მოწმეები - პ. წ–ე და ს. ბ–ე არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გადმოსცემენ მხოლოდ ირიბ ინფორმაციას. მოწმეები - გ. ხ–ი და ზ. ს–ე, რომელთა ჩვენებებიც მხარეებმა მიიჩნიეს უდავო მტკიცებულებად, არ ადასტურებენ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ნ. ს–ს სხეულზე მექანიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, ხოლო მხოლოდ შეტყობინება დანაშაულის თაობაზე არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
5.4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებულებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo-ს საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
5.5. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა თ. ხ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას.
5.6. პროკურორი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 ოქტომბრის N443აპ.-20 გადაწყვეტილებაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული გარემოებებისგან, შესაბამისად, აღნიშნული არგუმენტიც ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.
5.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე