Facebook Twitter

საქმე N 150100121004257536

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1042აპ.-21 24 იანვარი, 2022 წელი

მ–ი ს., 1042აპ.-21 ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

1.1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 აგვისტოს განაჩენით ს. მ–ი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 4 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 5 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.

- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.

1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 5 დეკემბრის ეპიზოდი) შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ს. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.

1.3. მსჯავრდებულ ს. მ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 6 დეკემბრიდან.

1.4. ახალქალაქის რაიონული სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

- 2014 წლის 8 იანვარს ა. ქ–ი დაქორწინდა ა–ს რაიონის სოფელ კ–ში მცხოვრებ ს. მ–ზე. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი. 2020 წლის 4 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ს. მ–სა და ა. ქ–ს შორის, ა–ს რაიონის სოფელ კ–ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, ს. მ–ის მიერ ალკოჰოლის ხშირი მოხმარების გამო მომხდარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ამ უკანასკნელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ა. ქ–ს, ლანძღა და აგინა მას, რის შემდეგაც ს. მ–მ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სახის არეში ფეხის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა. ქ–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2020 წლის 5 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ს. მ–მ, ა–ს რაიონის სოფელ კ–ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში კვლავ ალკოჰოლის ხშირი მოხმარების თაობაზე მომხდარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ა. ქ–ს, ლანძღა და აგინა მას, რის შემდეგაც არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელისა და ფეხის მრავალჯერადი დარტყმებით კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ა. ქ–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2020 წლის 4 და 5 დეკემბერს, ზემოაღნიშნული ოჯახური კონფლიქტებისას, ს. მ–ი მოკვლით ემუქრებოდა მეუღლეს - ა. ქ–ს, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და იძულებული გახდა, მომხდარი შესახებ ეცნობებინა სამართალდამცავი ორგანოებისათვის.

2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. კასატორის პოზიცია:

3.1. 2021 წლის 1 დეკემბერს პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განაჩენი და მოითხოვა ს. მ–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება.

3.2. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში უკანონო და ზედმეტად მსუბუქია, რადგან არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს.

3.3. ბრალდების მხარის პოზიციით, სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, დანაშაულის ჩადენის შემდგომი ყოფაქცევა, განსაკუთრებით კი მისი მისწრაფების არარსებობა, შეურიგდეს დაზარალებულს და აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი, აგრეთვე მსჯავრდებულის პოზიცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით (ს. მ–ი აღნიშნავს, რომ მხოლოდ ერთხელ დაარტყა დაზარალებულს და დანაშაული არ ჩაუდენია), რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებული მეუღლეზე ძალადობას მისაღებ/გამართლებად ქმედებად მიიჩნევს.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის პოზიციას სასჯელის უკანონობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დადგენილი სასჯელი სრულად შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

4.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და პიროვნულ მახასიათებლებს. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.

4.3.პალატას მიაჩნია, რომ ს. მ–ისთვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის როგორც დამოუკიდებლად, ასევე დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი ვერ ჩაითვლება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებასთან აშკარად შეუსაბამოდ, ვინაიდან სასჯელის შეფარდებისას სასამართლოებმა სრულად გაითვალისწინეს ს. მ–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით და განუსაზღვრეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომელიც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

4.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე