საქმე N 330100120004152069
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1041აპ.-21 24 იანვარი, 2022 წელი
გ–ი მ., 1041აპ.-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ს–ს და ი. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1 2020 წლის 13 ივნისს ვ. ბ–ი ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა, შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება).
1.2 2020 წლის 26 ნოემბრის პიროვნების დაზუსტების შესახებ დადგენილებით დაზუსტდა ბრალდებულის პიროვნება და სამართალწარმოება გაგრძელდა მ. ა–ხ ძე გ–ს მიმართ (დაბადებული 19.. წლის 28 --).
1.3 2020 წლის 27 ნოემბერს წარდგენილი ბრალდება დაზუსტდა და მ. გ–ი ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა, შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება (ორი ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება (შვიდი ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით - .........ს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა (შვიდი ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით - ადევნება, ე.ი. პირადად პირის უკანონო თვალთვალი, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და მის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას ქმნის; საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით - პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება და შენახვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენით:
- მ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2020 წლის 11 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
- მ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2016 წლის 2 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.
- მ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2016 წლის 5 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.
- მ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2017 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.
- მ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2017 წლის 12 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.
- მ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2020 წლის 14 თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.
- მ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2020 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.
- მ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2020 წლის 21 აპრილის და 12 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
- მ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2016 წლის 2 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
- მ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2016 წლის 5 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
- მ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2017 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
- მ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2017 წლის 12 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
- მ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2020 წლის 14 თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
- მ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2020 წლის 26 ტებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
- მ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2020 წლის 11 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
- მ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2020 წლის 21 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
- მ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
- მ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2020 წლის 11 მარტის ეპიზოდი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
- მ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 13 ივნისიდან.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა დაცვის მხარემ და მოითხოვა მ. გ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
3.2 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.3 სააპელაციო სასამართლომ დაადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მ. გ–მ, გამოყენების მიზნით, დაუდგენელ ვითარებაში შეიძინა ვ. ბ–ის სახელზე გაცემული, ........ს ფედერაციის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტი, რომელშიც ჩაკრული არის მისი ფოტოსურათი და რომელსაც ასევე გამოყენების მიზნით ინახავდა. 2020 წლის 21 აპრილს, თ–ში, პ. ქ–ს ქუჩა N.., ბინა N..-ში და 2020 წლის 12 ივნისს, თ–ში, პ. ქ–ს ქ. N..-ს მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებთან გამოიყენა ზემოხსენებული ყალბი დოკუმენტი.
მ. გ–მ, გამოყენების მიზნით, დაუდგენელ ვითარებაში შეიძინა ვ. ბ–ის სახელზე გაცემული .......ს ფედერაციის მოქალაქის ყალბი საზღვარგარეთის პასპორტი, რომელშიც ჩაკრული არის მისი ფოტოსურათი და რომელსაც ასევე გამოყენების მიზნით ინახავდა. 2016 წლის 2 ოქტომბერს ხსენებული ყალბი პასპორტის გამოყენებით მ. გ–მ უკანონოდ გადმოკვეთა ს–ო-ა–ის სახელმწიფო საზღვარი.
2016 წლის 5 ოქტომბერს, 2017 წლის 10 იანვარს, 2017 წლის 12 იანვარს, 2020 წლის 14 თებერვალს, 2020 წლის 26 თებერვალსა და 2020 წლის 11 მარტს თ–ს აეროპორტში მ. გ–მგამოიყენა ვ. ბ–ის სახელზე გაცემული, რ–ს ფედერაციის მოქალაქის ყალბი საზღვარგარეთის პასპორტი და უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
2020 წლის 21 აპრილს, თ–ში, ვ–ს გამზირი N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. გ–ი გადაადგილდებოდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო N ......), რა დროსაც დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და დაჯარიმებისას გამოიყენა ვ. ბ–ის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ყალბი საზღვარგარეთის პასპორტი.
2020 წლის 14 თებერვლიდან 2020 წლის 26 თებერვლამდე პერიოდში და 2020 წლის 11 მარტიდან 2020 წლის 13 ივნისამდე მ. გ–ი სისტემატურად მიდიოდა გ. გ–ს საცხოვრებელი სახლის (მდებარე: თ–ი, ი. ჭ–ს გამზირი N..) და მისი სამუშაო ადგილის (მდებარე: თ–ი, გ. ჩ–ს ქუჩა N..) მიმდებარე ტერიტორიაზე და სისტემატურად ახორციელებდა მის უკანონო თვალთვალს, რამაც გამოიწვია გ. გ–ს ფსიქიკური ტანჯვა და მის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში. შედეგად, გ. გ–ს მოუწია ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლა.
მ. გ–მ უკანონოდ მოიპოვა გ. გ–ს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები - გ. გ–ს გადაადგილების ამსახველი ფოტოსურათები, ინფორმაცია მისი გადაადგილების მარშრუტისა და დაცვის წევრების რაოდენობის შესახებ და მოპოვებულ ინფორმაციას ინახავდა თავის მობილურ ტელეფონში. აღნიშნული ქმედებით გ. გ–ს მიადგა მნიშვნელოვანი მორალური ზიანი.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1 2021 წლის 18 ნოემბერს მსჯავრდებულ მ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - მ. ს–მ და ი. ბ–მ საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და მ. გ–ს უდანაშაულოდ ცნობა.
4.2 2021 წლის 26 ნოემბერს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4.3 კასატორების განმარტებით, ვ. ბ–ის ვინაობის დადგენის მიზნით, ექსპერტიზა ჩაუტარდა მ. გ–ს ფოტოსურათს, რომელიც მოპოვებულ იქნა არა ოფიციალური წყაროდან, არამედ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რაც განაპირობებს ამ და მის საფუძველზე მოპოვებული ყველა მტკიცებულების დაუშვებლობას. აღნიშნულის დასადასტურებლად კასატორები მიუთითებენ, რომ მ–ს ინტერპოლიდან გადმოგზავნილ წერილს არ ერთვის გ–ს ფოტოსურათი. ამასთან, საეჭვოდ მიიჩნევენ მ–ს ინტერპოლიდან სხვადასხვა დროს გამოგზავნილი წერილების სანდოობასა და რელევანტურობას. გარდა ამისა, საეჭვოდ ხდიან საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 9 ოქტომბრის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N..... დასკვნას, რადგან საქმეში არ მოიპოვება მ–ს ინტერპოლის წერილი მ. გ–ს თანდართული თითის ანაბეჭდებით.
4.4 ადვოკატები სადავოდ მიიჩნევენ სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის ვინაობის დადგენის მიზნით, მოწმე მ. ჩ–ს ჩვენების გამოყენებას. ამასთან, იმის საილუსტრაციოდ, რომ მ. გ–ი და მსჯავრდებული სხვადასხვა პიროვნებებია, ყურადღებას ამახვილებენ სოციალურ ქსელებში საჯაროდ განთავსებულ ფოტოსურათზე, რომელზეც აღბეჭდილია ვინმე მ. გ–ი ჩ–ს პრეზიდენტ რ. კ–თან ერთად.
4.5 კასატორების განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებით, გარე სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერებითა და უ–ს უშიშროების სამსახურის მიერ გამოგზავნილ წერილზე თანდართული ფოტოსურათით უტყუარად არ დასტურდება მსჯავრდებულის მიერ გ. გ–ს საცხოვრებელი სახლის ან სამუშაო ადგილის მიმდებარედ ყოფნის ფაქტი. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, დაცვის მხარე მიუთითებს სილქნეტის შიდა კონტროლისა და უსაფრთხოების უფროსის 2021 წლის 17 მაისის მის მიერ მოპოვებულ წერილზე. ამასთან, დაცვის მხარე არაავთენტიკურად მიიჩნევს ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას.
4.6 კასატორების განმარტებით, საქმეში არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რაც დაადასტურებდა უკანონო თვალთვალის შედეგად დაზარალებულის მიერ განცდილ ფსიქიკურ ტანჯვას. ამასთან, ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიშიც გამოირიცხება, რადგან ასეთის არსებობის შემთხვევაში, დაზარალებულს სამართალდამცავი ორგანოსთვის უნდა მიემართა.
4.7 დაცვის მხარის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება, ვინ და რა ვითარებაში გადაუღო სურათი დაზარალებულს, როდის და როგორ მოიპოვეს და შეინახეს ტელეფონში პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები. საქმეში არ მოიპოვება გ. გ–ს გადაადგილების ამსახველი ფოტოსურათები. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში სადავოა, რაში გამოიხატა დაზარალებულის მიმართ დამდგარი მნიშვნელოვანი ზიანი და რა მტკიცებულებებით დასტურდება იგი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1 საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერ ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2 საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების პოზიციას მსჯავრდებულ მ. გ–ს უდანაშაულობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი სრულად აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ მტკიცებულებით სტანდარტს, ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის ბრალეულობას.
5.3 სისხლის სამართლის საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით: 2020 წლის 12 ივნისის პირადი ჩხრეკის ოქმით, გამომძიებლების - უ. თ–ს, გ. ლ–სა და ი. ს–ს ჩვენებებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 9 ივლისის N..... და 2020 წლის 11 სექტემბრის N..... ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 9 ოქტომბრის N..... დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტების - ვ. მ–სა და შ. კ–ს ჩვენებებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის (სამმართველო) სასაზღვრო მონიტორინგისა და რისკების შეფასების განყოფილების უფროსის 2020 წლის 22 ოქტომბრის წერილითა და მასზე დართული საზღვრის კვეთის დამადასტურებელი ცხრილით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 13 ივნისის N..... დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 17 ივლისის N..... გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტების - ნ. კ–სა და მ. გ–ს ჩვენებებით, ელექტრონული საჯარიმო ......* ქვითრით, მოწმეების - ო. ა–ს, ი. ხ–სა და შ. ნ–ს ჩვენებებით საკასაციო სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია მსჯავრდებულის ვინაობა (19.. წლის .. დეკემბერს დაბადებული ვ. ბ–ის სახელით საქართველოში შემოსული პიროვნება არის ....ის ფედერაციის მოქალაქე მ. გ–ი, დაბადებული .......... წელს) და მის მიერ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებთან ურთიერთობისას და საზღვრის კვეთისას ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/საზღვარგარეთის პასპორტის გამოყენებისა (ცხრა ეპიზოდი) და ......ს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტები (შვიდი ეპიზოდი).
5.4 საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ ვ. ბ–ის ვინაობის დადგენის მიზნით, ექსპერტიზა არ ჩატარებია ოფიციალური წყაროდან გამოგზავნილ ფოტოსურათს და რომ მ–ს ინტერპოლიდან გადმოგზავნილ წერილს არ ერთვის გ-ის ფოტოსურათი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის ფარგლებში, 2020 წლის 4 სექტემბერს მოსკოვის ინტერპოლიდან გამოიგზავნა ინფორმაცია მ. გ–ს შესახებ, რომელსაც დანართის სახით ერთვის მ. გ–ს ფოტო (იხ. სს საქმე, ტომი 4, გვ. 268-271). მ–ს ინტერპოლიდან გ–ს ფოტოსურათის გამოგზავნის შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე დაინიშნა მეორე ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა. შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 11 სექტემბრის ექსპერტის N..... დასკვნით დადასტურდა, რომ მ–ს ინტერპოლის მიერ გამოგზავნილ გ–ს ფოტოსურათზე, აგრეთვე, 2020 წლის 23 ივნისის ინფორმაციულ პაკეტზე თანდართულ გ–ს ფოტოსურათზე, დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოთხოვილ ვ. ბ–ის ფოტოსურათზე, ვ. ბ–ის სახელზე გაცემულ რ–ს ფედერაციის პასპორტის, ნომერი N.........., N.. გვერდზე არსებულ ფოტოსურათზე (ფოტო N..), ვ. ბ–ს ძე ბ–ს სახელზე გაცემულ, რ–ს ფედერაციის პასპორტის, ნომერი .. N..., ყდაზე, მარცხენა მხარეს არსებულ ფერად ფოტოსურათზე (ფოტო N..) დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება. ამდენად, კასატორების მსჯელობა იმის შესახებ, რომ ბ–ს ვინაობის დადგენის მიზნით, ექსპერტიზა ჩაუტარდა მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე და არა სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მოპოვებულ მ. გ–ს ფოტოსურათს და რომ საქმეში არ მოიპოვება ინტერპოლიდან გამოგზავნილი ფოტოსურათი, არ შეესაბამება სინამდვილეს.
5.5 საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორების არგუმენტს მ–ს ინტერპოლის მიერ გამოგზავნილი წერილების არასანდოობის, არარელევანტურობისა და დაუშვებლობის შესახებ და ამ საკითხთან დაკავშირებით სრულად ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას. მ–ს ინტერპოლიდან ინფორმაცია გამოგზავნილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის წერილების საფუძველზე და არ არსებობს მათი საეჭვოდ მიჩნევის სამართლებრივი საფუძველი. მითუფრო, რომ თავად დაცვის მხარეც კი არათანმიმდევრულია ზემოაღნიშნული წერილების შეფასებაში და ზოგიერთ მათგანს არათუ საეჭვოდ მიიჩნევს, არამედ საკუთარი არგუმენტების გასამყარებლადაც კი იშველიებს.
5.6 რაც შეეხება კასატორების არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ მოიპოვება მ–ს ინტერპოლის წერილი მ. გ–ს თანდართული თითის ანაბეჭდებით, რის გამოც სადავოდ ხდიან საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 9 ოქტომბრის ექსპერტის N..... დასკვნას, რომლითაც დადგინდა მ–ს ინტერპოლიდან გადმოგზავნილი მ. გ–ს თითის ანაბეჭდების იდენტურობა ვ. ბ–ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე გამოსახულ ხელის ანაბეჭდების ნიმუშებთან, სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორები საჩივარში არ უთითებენ.
5.7 საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკასაციო საჩივარში აღნიშნულ ფოტოსურათზე, რომელზეც, დაცვის მხარის მტკიცებით, აღბეჭდილია ვინმე მ. გ–ი -- პრეზიდენტ რ. კ–თან ერთად და რომლის მეშვეობითაც კასატორები ამტკიცებენ, რომ მ. გ–ი და მსჯავრდებული სხვადასხვა პიროვნებებია. სასამართლოს შეფასებით, გარდა იმისა, რომ ხსენებული ფოტოსურათი არარელევანტურია მტკიცების საგანთან მიმართებით, მას სასამართლო ვერ განიხილავს, როგორც მტკიცებულებას, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით არ ყოფილა წარდგენილი და გამოკვლეული სასამართლოში.
5.8 რაც შეეხება საჩივარში მითითებულ არგუმენტს მოწმე მ. ჩ–ს ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებასთან დაკავშრებით, სასამართლო განმარტავს, რომ მოწმე მ. ჩ–მ სასამართლოში დაკითხვისას გადმოსცა მის მიერ მომზადებული სიუჟეტის ფარგლებში ვ. ბ–ის ოჯახის წევრების, ნათესავისა და სოფლის გამგებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. შესაბამისად, მის მიერ მიცემული ჩვენება ამ ნაწილში თავისი შინაარსით ირიბია, რომელიც სანდოობის დაბალი ხარისხით გამოირჩევა. მართალია, გასაჩივრებული განაჩენი ემყარება აღნიშულ ჩვენებას, მაგრამ იგი არ წარმოადგენს ერთადერთ და გადამწყვეტ მტკიცებულებას.
5.9 საკასაციო სასამართლოს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ცხრა ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (შვიდი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების გარდა, ასევე უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია მ. გ–ს მიერ დაზარალებულ გ. გ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას აღნიშნული მუხლებით მსჯავრდების ნაწილში მტკიცებულებების არარსებობასთან დაკავშირებით.
5.10 მ. გ–ს კუთვნილი მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 13 ივნისის კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის N... დასკვნით, ექსპერტ გ. კ–ს ჩვენებით, აღნიშნულ დასკვნაზე თანდართული DVD-R დისკის დათვალიერების ოქმით (იხ. ტ.4, გვ. 1-133) უტყუარად დგინდება მ. გ–ს კუთვნილ მობილურ ტელეფონში დაზარალებულის საცხოვრებელ სახლთან გადაღებული გ. გ–ს ფოტოსურათების, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების (საცხოვრებელი ბინის მისამართი, სადარბაზო, ბინის დატოვების დრო, ავტომანქანის მოდელი, სახელმწიფო ნომერი, გადაადგილების მარშრუტი, დაცვის წევრთა რაოდენობა და მეორე ავტომობილის მონაცემები) არსებობა.
5.11 გარდა ამისა, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე სს „სილქნეტიდან“ გამოთხოვილი მ. გ–ს სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომრების მომსახურე ანძების დეტალური ნუსხით, ამ ინფორმაციის 2020 წლის 7 მაისისა და 13 მაისის დათვალიერების ოქმებით დასტურდება, რომ 2020 წლის 16 თებერვალს 15:47:46 საათზე, 2020 წლის 17 თებერვალს 19:24:23 საათზე, 2020 წლის 20 თებერვალს 11:10:31 და 22:51:37 საათზე, 2020 წლის 21 თებერვალს 11:50:34 და 12:03:49 საათზე, 2020 წლის 18 მარტს 21:49:06 საათზე, 2020 წლის 19 მარტს 17:13:30-17:41:42 საათამდე, 2020 წლის 2 აპრილს 19:10:09 საათზე და 2020 წლის 7 აპრილს 15:36:55 საათზე ტელეფონს, რომლითაც სარგებლობდა მ. გ–ი ემსახურებოდა ვ–ს რაიონში არსებული ანძები. ამასთან, სასამართლოს განჩინების საფუძველზე სს „სილქნეტიდან“ გამოთხოვილი გ. გ–ს, დ. ყ–ს, ჯ. მ–სა და მ. გ–ს სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომრების მომსახურე ანძების დეტალური ნუსხით, ამ ინფორმაციის 2020 წლის 27 აგვისტოსა და 31 აგვისტოს დათვალიერების ოქმებით, დასტურდება, რომ 2020 წლის 17 თებერვალს, 13 მარტსა და 19 მარტს - გ. გ–ს, 2020 წლის 20 თებერვალსა და 18 მარტს - მ. გ–ს, 2020 წლის 20 და 21 თებერვალს - ჯ. მ–ს, 2020 წლის 20 თებერვალსა და 2020 წლის 13 მარტს - დ. ყ–ს სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომრების მომსახურე ანძების ადგილმდებარეობას, ერთმანეთთან მიახლოებული დროის პერიოდებში, ემთხვევა მ. გ–ს სარგებლობაში არსებული ტელეფონის ნომრების მომსახურე ანძების ადგილმდებარეობა.
5.12 სასამართლო მტკიცებულებად ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ „სილქნეტის“ შიდა კონტროლისა და უსაფრთხოების უფროსის 2021 წლის 17 მაისის წერილს, რადგან აღნიშნული წერილი დაცვის მხარემ წარადგინა სააპელაციო სასამართლოში, თუმცა იგი სასამართლომ არ ცნო დასაშვებად.
5.13 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 აპრილის განჩინების საფუძველზე 2020 წლის 21 აპრილს შპს „აგროჰაბიდან“ გამოთხოვილი გარემეთვალყურეობის კამერების მიერ დაფიქსირებული ვიდეოჩანაწერებითა და ამ ჩანაწერების 2020 წლის 22 აპრილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2020 წლის 13 მარტს მ. გ–ს სარგებლობაში არსებული შავი ფერის ავტომანქანა MERCEDEC-BENZ E-350 სახელმწიფო ნომრით - .......... (რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია), გადაადგილდება ყ–სა და მ–ს ქუჩების კვეთაზე, გ. გ–ს საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ. ვიდეოჩანაწერის გამოკვლევისას დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია მსჯავრდებულის მითითებულ ტერიტორიაზე გადაადგილების ფაქტი. თავად მსჯავრდებულიც, მის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებისას, არ უარყოფს დაზარალებულის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ყოფნის ფაქტს, თუმცა ამას სხვა მიზეზით ხსნის, რაც სასამართლოს შეფასებით, ემსახურება პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას და ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებებს.
5.14 ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს ამყარებს მოწმეების - გ. გ–ს, ნ. გ–ს, დ. ყ–ს, ზ. ბ–ს, ჯ. მ–სა და მ. გ–ს ერთმანეთთან თანხვდენილი და დამაჯერებელი ჩვენებები, რომლებითაც დასტურდება, რომ არაერთხელ შეუმჩნევიათ გ. გ–ს თვალთვალისა და მისთვის ფოტოსურათის გადაღების ფაქტები. ამასთან, მოწმეები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ გ. გ–ს, მასზე განხორციელებული თვალთავალის გამო, მოუწია ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლა, რაც დამოუკიდებლად გადაადგილების შეზღუდვაში, პირადი დაცვის გაძლიერებასა და დაცვის წევრების 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნაში გამოიხატა.
5.15 საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორების მიერ მითითებული არგუმენტი, თითქოს, სასამართლომ გაიზიარა უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ გამოგზავნილი წერილი და მასზე თანდართული, გ. გ–ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ გადაღებული გ–ს გამოსახულების ფოტოასლი - არ შეესაბამება სინამდვილეს. გასაჩივრებული განაჩენი ასევე არ ემყარება ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალებს, რომელთა ავთენტიკურობასაც სადავოდ მიიჩნევს დაცვის მხარე.
5.16 რაც შეეხება კასატორების არგუმენტს მსჯავრდებულის თვალთვალის შედეგად გ. გ–ს მიერ ფსიქიკური ტანჯვის განცდის დასადასტურებლად ექსპერტიზის დასკვნის არარსებობასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობა ფსიქიკური ტანჯვის ალტერნატივად, მათ შორის, ითვალისწინებს პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიშის არსებობას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადასტურებს დაზარალებულის მიერ დაცვის გაძლიერება, დაცვის წევრთა მიერ მისი მუდმივი მეთვალყურეობა, აგრეთვე, დაზარალებულის დამოუკიდებლად და თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, უტყუარად დასტურდება მოწმეების - გ. გ–ს, ნ. გ–ს, დ. ყ–ს, ზ. ბ–ს, ჯ. მ–სა და მ. გ–ს ჩვენებებით. კასატორების არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიშის არსებობის შემთხვევაში დაზარალებულს სამართალდამცავი ორგანოსათვის უნდა მიემართა, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული, რადგან მის მიმართ მიმდინარე თვალთვალის შესახებ დაზარალებულმა სწორედ სამართალდამცავი ორგანოსაგან შეიტყო.
5.17 ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, კასატორების პოზიციის საწინააღმდეგოდ, სავსებით ცხადია საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შედეგის - მნიშვნელოვანი ზიანის არსებობაც, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული თვალთვალი, მათ შორის, გამოიხატა დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებაში და სხვა ქმედებებთან ერთად, სწორედ ამ უკანასკნელმაც განაპირობა დაზარალებულის მიერ ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლა.
5.18 საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საკასაციო საჩივრის ავტორების არგუმენტზე იმასთან მიმართებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება, ვინ და რა ვითარებაში გადაუღო სურათი დაზარალებულს, როდის და როგორ მოიპოვეს და შეინახეს ტელეფონში პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები. ამ თვალსაზრისით, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულ მ. გ–ს ჩვენებას, რომლის მიხედვით, თავად მსჯავრდებული არ უარყოფს მის კუთვნილ ტელეფონში დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების არსებობას და განმარტავს, რომ ხ. უ–ს ჰქონდა შესაძლებლობა, მის ტელეფონში გადმოეწერა ინფორმაცია და გადაეღო სურათები. ამდენად, მსჯავრდებული მხოლოდ იმის განმარტებით შემოიფარგლება, რომ მის კუთვნილ ტელეფონში არსებული, გ. გ–ს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები თავად არ მოუპოვებია და ეს მისი ტელეფონის გამოყენებით ხ. უ–მ გააკეთა. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და განმარტავს, რომ მსჯავრდებულის ჩვენება არ ასახავს საქმის რეალურ გარემოებებს, მისი მიზანია პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
5.19 საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო და არ მოითხოვს პირის ბრალეულობის ყოველგვარი ეჭვის გარეშე დამტკიცებას, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობისთვის. სასამართლოს შეფასებით, განსახილველ საქმეში გამოირიცხება ყოველგვარი გონივრული ეჭვი იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულ მ. გ–ს მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებები არ ჩაუდენია. ამ თვალსაზრისით, მოცემულ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი არაგონივრულია.
5.20 ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.21 საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ს–ს და ი. ბ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე