Facebook Twitter

საქმე # 190100120003863055

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №785აპ-21 ქ. თბილისი

ი-ი ქ, 785აპ-21 12 იანვარი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ქ. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ქ. ი-ს, - ბრალად ედება სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიერ; ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 28 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, გ-ის რაიონის სოფელ მ-ში, ალკოჰოლური სასმლით მთვრალმა ქ. ი-მა შვილს, ზ. ი-ს, თავიანთ საერთო საცხოვრებელ სახლში, იმის გამო, რომ ზ. ი. შევიდა ოთახში და არ დაელაპარაკა მამას, რომელიც მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, რამდენჯერმე მოუქნია ნაჯახი და უთხრა, რომ მოკლავდა, რაც ზ. ი-მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2020 წლის 28 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, გ-ის რაიონის სოფელ მ-ში, ალკოჰოლური სასმლით მთვრალმა ქ. ი-მა შვილს, ზ. ი-ს, თავიანთ საერთო საცხოვრებელ სახლში, იმის გამო, რომ ზ. ი. შევიდა ოთახში და არ დაელაპარაკა მამას, რომელიც მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, ნაჯახი დაარტყა მარცხენა მტევნის მიდამოში და მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა. ქ. ი-ის ქმედების შედეგად ზ. ი-მა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

· 2020 წლის აპრილის ბოლოდან 2020 წლის 28 მაისამდე დროის პერიოდში, გ-ის რაიონის სოფელ მ-ში, ალკოჰოლური სასმლით მთვრალი ქ. ი. შვილს, ზ. ი-ს, თავიანთ საერთო საცხოვრებელ სახლში, ყოველგვარი მოტივის გარეშე, არასრულწლოვანი მეუღლის - ა. მ-ას თანდასწრებით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა დროსაც ზ. ი. განიცდიდა ტანჯვას.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 დეკემბრის განაჩენით:

2.1. ქ. ი. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. ქ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 29 მაისიდან.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 28 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, გ-ის რაიონის სოფელ მ-ში, ალკოჰოლური სასმლით მთვრალმა ქ. ი-მა შვილს, ზ. ი-ს, თავიანთ საერთო საცხოვრებელ სახლში, იმის გამო, რომ ზ. ი. შევიდა ოთახში და არ დაელაპარაკა მამას, რომელიც მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, ნაჯახი დაარტყა მარცხენა მტევნის მიდამოში და მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა. ქ. ი-ის ქმედების შედეგად ზ. ი-მა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენით:

4.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორმა - მსჯავრდებულ ქ. ი-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. პ-ემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენის გაუქმება და ქ. ი-ის გამართლება.

5.1. პროკურორმა ზურაბ კოჭლამაზაშვილმა შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ ქ. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. პ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენის ძალაში დატოვება.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენი გაასაჩივრა ადვოკატმა მ. პ-ემ და მოითხოვა ქ. ი-ის სრულად გამართლება.

8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001) და მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც სასამართლო ეთანხმება და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ.

9. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ქ. ი-ის საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა (დაზარალებულ ზ. ი-სა და მოწმე ა. მ-ას ჩვენებები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №......... დასკვნა), რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ქ. ი-ის მიერ ზ. ი-ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, კერძოდ:

10. დაზარალებულ ზ. ი-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2020 წლის 28 მაისს, შუადღის საათებში, სახლში მივიდა მთვრალი და დაუწყო ჩხუბი მამას. ამ დროს მამამ, ქ. ი-მა, რომელსაც ხელში ნაჯახი ეჭირა, დამიზნებით მოუქნია ნაჯახი, შემდეგ ესროლა, რა დროსაც მიიღო ჭრილობა ხელზე. მოწმე ა. მ-ას ჩვენებით დადგენილია, რომ ნახა, მის მეუღლეს ჭრილობა ჰქონდა ხელზე და სისხლი სდიოდა, მამამთილს კი ნაჯახი ეჭირა ხელში. მან მეუღლისგან გაიგო, რომ მამამთილმა ესროლა ნაჯახი; ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N........ დასკვნის თანახმად, ზ. ი-ს აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა მტევნის მიდამოში, რომელიც განვითარებულია მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ექსპერტის ჩვენებით დადგენილია, რომ მჭრელი ზედაპირის მქონე ბასრი საგანი შესაძლებელია ნაჯახი ყოფილიყო.

11. სასამართლოში საქმის განხილვისას ქ. ი-მა წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2020 წლის 28 მაისს, სახლში დაბრუნებულს, მისი ვაჟი ზ. ი. დახვდა მთვრალი, რის გამოც ხმამაღლა უსაყვედურა. ბოსტანში გასულს შემოესმა სახლიდან მტვრევის ხმა. ადგილზე მისულმა ნახა, რომ ზ. მის ოთახში ტელევიზორს და მაგიდას ამტვრევდა ჯოხით. განერვიულებულმა დაახლოებით 8-9 მეტრში ესროლა ნაჯახი, რომელიც ზ. ი-ს მოხვდა ხელში. გამიზნულად არ უსვრია და არც მისი დაზიანების განზრახვა ჰქონია.

12. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ქ. ი-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ თითქოს, მსჯავრდებულ ქ. ი-ს შვილის - დაზარალებულ ზ. ი-ის დაჭრის განზრახვა არ ჰქონია და ნაჯახი დაზარალებულის მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთის მიზნით ესროლა ზ. ი-ს. საკასაციო სასამართლოს დაცვის მხარის აღნიშნული მოსაზრება სარწმუნოდ არ მიაჩნია და ამასთან, იგი არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან.

13. სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის არგუმენტაციას სასჯელის ნაწილშიც - სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა ჩადენილი ქმედების სახე, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობა და მსჯავრდებულს განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

14. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

15. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ქ. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი