Facebook Twitter

საქმე # 190100120003777511

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №803აპ-21 ქ. თბილისი

კ-ი შ, 803აპ-21 12 იანვარი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 მარტის განაჩენით:

1.1. შ. კ, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 100 საათით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 200 საათით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 200 საათით.

1.2. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შ. კ-ს ჩაეთვალა სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 7 ივნისიდან იმავე წლის 10 ივნისის ჩათვლით (4 დღე) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის საათებში (პატიმრობაში ყოფნის ერთი დღე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთ საათად) და საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 180 საათით, რომლის სახეც უნდა განსაზღვროს პრობაციის ბიურომ.

1.3. შ. კ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. კ-მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 6 ივნისს, საღამოს საათებში, ქ. რ-ში, ..-ე მიკრორაიონის კორპუსი №..-ის ეზოში, შ. კ. მეუღლეს, ქ. მ-ეს დაემუქრა, რომ მას და მის შვილს, თ. მ-ეს, ხერხემალში დაამტვრევდა და ა/მანქანაში არსებული დანით მოკლავდა, რის შედეგადაც ქ. მ-ეს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების შიში.

· 2018 წლის დეკემბრიდან 2020 წლის 6 ივნისის ჩათვლით დროის შუალედში, შ. კ. ყოფილ მეუღლეს, ქ. მ-ეს სისტემატურად, თითქმის ყოველდღიურად, ქ. რ-ში, ..-ე მიკრორაიონის, კორპუსი №..-ის ბინა №..-ში და ასევე, ამავე კორპუსის ეზოში, როგორც უშუალოდ შეხვედრისას, ასევე სატელეფონო კომუნიკაციის დროს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც იწვევდა ქ. მ-ის ტანჯვას.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - პროკურორმა ზურაბ კოჭლამაზაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ შ. კ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს მხოლოდ მსჯავრდებულ შალვა კეჟერაშვილისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმებას.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზეც, რომლის მიხედვითაც, ,,აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/6/770 საქმეზე: ,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

9. საკასაციო სასამართლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნათა მითითების პარალელურად, მხედველობაში იღებს საერთაშორისო ხელშეკრულებასაც, კერძოდ, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას (,,სტამბოლის კონვენციას“), რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის ოჯახში ძალადობას ეხება; კონვენციის 45-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა გაატაროს ყველა საკანონმდებლო თუ სხვა ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, პროპორციული და დამაფიქრებელი სანქციით; ამასთან, ამ სტადიაზე სახელმწიფოს მიერ დანაშაულის სერიოზულობის შეფასება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა (იხ. აგრეთვე Explanatory Report to the Council of Europe Convention on preventing and combating violence against women and domestic violence, § 232).

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტების განხილვის პარალელურად, საკასაციო სასამართლო თანაბრად ხელმძღვანელობს შ. კ-ის სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან.

11. პროკურორის ძირითად არგუმენტს თავისი მოთხოვნის გასამყარებლად წარმოადგენს ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, კერძოდ, რომ შ. კ-მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახური ძალადობის საქმეებზე უმნიშვნელოვანესია, ზედმიწევნით შეფასდეს ძალადობის ხარისხი, კერძოდ: 1) რა ფორმით ჩაიდინა პირმა ძალადობა (ფიზიკური, ფსიქოლოგიური), 2) რამდენ ეპიზოდად და დროის რა შუალედით, 3) რა ხერხის გამოყენებით (მაგალითად, ემუქრებოდა არამხოლოდ სიტყვიერად, არამედ დანის დემონსტრირებით), 4) დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანება და ა.შ.. მოცემულ საქმეში ძალადობის ხარისხი არ არის მეტისმეტად მაღალი, რაც საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა, ემსჯელა სასჯელის დამძიმებაზე.

12. საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ სასჯელის სამართლიანად მიჩნევისათვის, ქმედების ხასიათსა და ძალადობის ინტენსივობასთან ერთად (როგორც აღინიშნა, ეს უკანასკნელი წარმოადგენს პროკურორის ძირითად არგუმენტს), დამატებით უნდა შეფასდეს საქმის ყველა დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება, კერძოდ: წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, შ. კ-ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე დანაშაულების ჩადენაში, ნასამართლობის არმქონეა. შ. კ-ის მიერ ჩადენილი ძალადობის ხარისხისა და ინტენსივობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი და არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი