Facebook Twitter

საქმე # 330100120003938379

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №805აპ-21 ქ. თბილისი

ა-ა ც, 805აპ-21 12 იანვარი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ც. ა-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის განაჩენით:

1.1. ც. ა, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (I ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის ივნისის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 29 სექტემბრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (II ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 29 თებერვლის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 29 თებერვლის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 2 მაისის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 2 მაისის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ც. ა-ას დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 14 აგვისტოდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ც. ა-ამ ჩაიდინა:

· გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;

· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა (I ეპიზოდი);

· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 14 ივნისის ეპიზოდი);

· გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 29 სექტემბრის ეპიზოდი);

· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა (II ეპიზოდი);

· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;

· სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსულის და ოჯახის წევრის მიმართ;

· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 29 თებერვლის ეპიზოდი);

· ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ;

· გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ;

· გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2020 წლის 2 მაისის ეპიზოდი).

2.1. ც. ა-ას მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

· 2017 წლის სექტემბრიდან 2020 წლის 2 მაისის ჩათვლით, ც. ა. გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად ლანძღავდა, აგინებდა, ამცირებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ხ. რ-ს, რამაც ამ უკანასკნელის ტანჯვა გამოიწვია;

· 2019 წლის 1 მარტს ცოტნე არქანიას მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, მეუღლის - ხ. რ-ის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო. ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 30 დღე. აღნიშნული ორდერის საფუძველზე ც. ა-ას აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი (ხ. რ.) ცხოვრობს, მსხვერპლის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. მოძალადეს ასევე აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა. 2019 წლის 3 მარტს ც. ა. მივიდა ქ.თ-ში, დ. დ, მ. მ-ის ქუჩა №..ბ, ბინა №...-ში - ხ. რ-ის საცხოვრებელ სახლში და გააგრძელა ცხოვრება ამ უკანასკნელთან ერთად, რითაც არ შეასრულა მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები;

· 2019 წლის 14 ივნისს, დილის საათებში, ქ. თ-ში, მ. მ-ის ქუჩა №..გ, ბინა №..-ში ყოფნისას, ც. ა-ამ იძალადა მეუღლეზე - ხ. რ-ზე, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, თმა მოქაჩა, დააგდო იატაკზე და რამდენჯერმე დაარტყა ფეხი სხეულის სხვადასხვა არეში. აღნიშნულმა ძალადობამ ხ. რ-ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;

· 2019 წლის 29 სექტემბერს, დილის საათებში, ქ. თ-ში, დ. დ, მ. ს-ის ქუჩა, მე-.. კორპუსი, ბინა №..-ში ყოფნისას, ც. ა-ამ გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, იძალადა მეუღლეზე - ხ. რ-ზე, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი მხრის არეში. აღნიშნულმა ძალადობამ ხ. რ-ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;

· 2019 წლის 5 ოქტომბერს ც. ა-ას მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, მეუღლის - ხ. რ-ის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო. ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 30 დღე. აღნიშნული ორდერის საფუძველზე ც. ა-ას აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი (ხ. რ.) ცხოვრობს, მსხვერპლის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. მოძალადეს ასევე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. 2019 წლის 10 ოქტომბერს, დილის საათებში, ც. ა. მივიდა, ქ. თ-ში, დ. დ, მ. ს-ის ქუჩა, მე-.. კორპუსი, ბინა №..-ში - ხ. რ-ის საცხოვრებელ სახლში და ხ. რ-ზე იძალადა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რითაც არ შეასრულა მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები;

· 2019 წლის 10 ოქტომბერს, დილის საათებში, ქ. თ-ში, დ. დ, მ. ს-ის ქუჩა, მე-.. კორპუსი, ბინა №..-ში ყოფნისას, ც. ა-ამ იძალადა ორსულ მეუღლეზე - ხ. რ-ზე, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სხეულის სხვადასხვა არეში. აღნიშნულმა ძალადობამ ხ. რ-ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;

· 2019 წლის 10 ოქტომბერს, დილის საათებში, ქ. თ-ში, დ. დ, მ. ს-ის ქუჩა, მე-.. კორპუსი, ბინა №..-ში ყოფნისას, ც. ა. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ორსულ მეუღლეს - ხ. რ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. ხ. რ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

· 2020 წლის 29 თებერვალს, დილის საათებში, ქ. თ-ში, დ. დ, მ. ს-ის ქუჩა, მე-.. კორპუსი, ბინა №..-ში ყოფნისას, ც. ა-ამ იძალადა მეუღლეზე - ხ. რ-ზე, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში. აღნიშნულმა ძალადობამ ხ. რ-ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;

· 2020 წლის 29 თებერვალს, დილის საათებში, ც. ა-ამ ქ. თ-ში, დ. დ, მ. ს-ის ქუჩა, მე-.. კორპუსი, ბინა №..-ში ყოფნისას, ქმედების თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდა მეუღლეს - ხ. რ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ თუ კარს არ გაუღებდა, მოკლავდა. ხ. რ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც გააღო კარები;

· 2020 წლის 2 მაისს, დილის საათებში, ქ. თ-ში, დ. დ, მ. ს-ის ქუჩა, მე-.. კორპუსი, ბინა №..-ში და შემდეგ გზაში ტელეფონით, ც. ა. გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით დაემუქრა მეუღლეს - ხ. რ-ს, კერძოდ, უთხრა რომ მოკლავდა და დაუწვავდა მანქანას. ხ. რ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

· 2020 წლის 2 მაისს, დილის საათებში, ქ. თ-ში, დ. დ, მ. ს-ის ქუჩა, მე-.. კორპუსი, ბინა №..-ში ყოფნისას, ც. ა-ამ, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, იძალადა მეუღლეზე - ხ. რ-ზე, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, რის შემდეგაც წააქცია და რამდენჯერმე დაარტყა ფეხი თავის არეში. აღნიშნულმა ძალადობამ ხ. რ-ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისის განაჩენით:

3.1. მსჯავრდებულ ც. ა-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულმა ც. ა-ამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა და დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მსჯავრდებულ ც. ა-ას მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ხ. რ-სა და მოწმეების - თ. ზ-ის, თ. წ-ის, ნ. ბ-ის, თ. გ-ას, გ. ტ--ის, ა. დ-ის, თ. კ-ის ჩვენებებით, №......., №...... და №....... შემაკავებელი ორდერებით, ხ. რ-ის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერებით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №....... დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

7. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ც. ა-ას მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებასთან.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

9. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თანაბრად ხელმძღვანელობს ც. ა-ას სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან. მსჯავრდებულ ც. ა-ას საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ მისთვის შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.

11. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ც. ა-ას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს, კერძოდ:

11.1. მსჯავრდებულმა ც. ა-ამ, მართალია, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, თუმცა მოცემულ საქმეში, ც. ა-ას მიერ განხორციელებულ ეპიზოდებში, გამოიკვეთა რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება: ჩადენილი დანაშაულის სიმრავლე და მასშტაბი - 11 ეპიზოდი; ძალადობის მოტივი - გენდერული დისკრიმინაცია; ძალადობის ფორმების მრავალსახეობა: ფიზიკური, ფსიქოლოგიური; მსხვერპლის იძულება, დანაშაული დარჩეს ლატენტური; ძალადობის ხერხი - ერთდროულად სხეულის სხვადასხვა არეში ძალადობა ფეხებით, მუშტებით გონების დაკარგვამდე, ცივი იარაღის დემონსტრირებით მუქარისა და იძულების ჩადენა. აღნიშნული გარემოებები მიუთითებს მის პიროვნებაზე, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომაზე, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე.

12. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომას და ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ც. ა-ას არგუმენტაციას, რომ მის მიმართ დანიშნული სასჯელი არასამართლიანია და იგი უნდა შეიცვალოს მის სასიკეთოდ.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ც. ა-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი