Facebook Twitter

საქმე # 330100121004435530

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №823აპ-21 ქ. თბილისი

გ-ი გ, 823აპ-21 10 იანვარი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივლისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 27 მაისის განაჩენით:

1.1. შ. ბ, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 6500 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2020 წლის 17 დეკემბრიდან 2021 წლის 18 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

1.2. გ. გ, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

1.3. ზ. გ, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 1000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 17 დეკემბრიდან.

1.4. გ. გ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმდა და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ერთი თვის ვადაში, სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 1000 ლარი.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ-მა და შ. ბ-მა ჩაიდინეს ცემა ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ზ. გ-მა ჩაიდინა: ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან; ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სხვისი ნივთის განზრახ განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 17 დეკემბერს, შუადღის საათებში, თ-ში, დ. ა-ის ხ-ის მე-- კილომეტრზე მდებარე კლინიკა „ვ.-მ-ში“ ყოფნისას, გ. გ-მა და შ. ბ-მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ბ. ჭ-ეს, კერძოდ, ფეხებსა და ხელებს ურტყამდნენ სხეულის სხვადასხვა არეში, რამაც ბ. ჭ-ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

· 2020 წლის 17 დეკემბერს, შუადღის საათებში, თ-ში, დ. ა-ის ხ-ის მე-- კილომეტრზე მდებარე კლინიკა „ვ.-მ-ში“ ყოფნისას, ზ. გ-მა დანა დაარტყა ბ. ჭ-ეს მარჯვენა დუნდულოსა და მარცხენა ბარძაყის არეში. აღნიშნულმა დაზიანებებმა ბ. ჭ-ის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.

· 2020 წლის 17 დეკემბერს, შუადღის საათებში, თ-ში, დ. ა-ის ხ-ის მე-- კილომეტრზე მდებარე კლინიკა „ვ.-მ-ში“ ყოფნისას, ზ. გ-მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ. ფ-ეს, კერძოდ, ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, რამაც გ. ფ-ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

· 2020 წლის 17 დეკემბერს, შუადღის საათებში, თ-ში, დ. ა-ის ხ-ის მე-- კილომეტრზე მდებარე კლინიკა „ვ.-მ-ში“ ყოფნისას, ზ. გ-მა განზრახ გაანადგურა შპს „ვ.-მ-ის“ კუთვნილი ქონება, კერძოდ, დაამსხვრია 120 ლარად და 40 თეთრად ღირებული შესასვლელი კარის მინა-პაკეტი, 107 ლარად და 80 თეთრად ღირებული ვიტრაჟის მინა-პაკეტი და 65 ლარად ღირებული მოქალაქეთა და თანამშრომელთა გამყოფი ორგანული მინა. აღნიშნული ქმედებების შედეგად შპს „ვ.-მ-ს“ ჯამურად მიადგა 293 ლარისა და 20 თეთრის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივლისის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 27 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულების - ზ. გ-ის, შ. ბ-სა და გ. გ-სათვის უფრო მკაცრი, სამართლიანი სასჯელის შეფარდება.

4.1. მსჯავრდებულმა გ. გ-მა შესაგებლით მოითხოვა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივლისის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: მსჯავრდებულების - გ. გ-ის, შ. ბ-სა და ზ. გ-ის აღიარებითი ჩვენებები, დაზარალებულებისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ფოტოსურათითა და პირის ამოცნობის ოქმები, ამოღების ოქმები, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, სასაქონლო ექსპერტიზის №.../ს და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის №.../ინ დასკვნები, სამედიცინო ექსპერტიზის №......... დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მსჯავრდებულების მიერ მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.

7. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს მხოლოდ მსჯავრდებულების - ზ. გ-ის, შ. ბ-სა და გ. გ-სათვის დანიშნული სასჯელის დამძიმებას.

8. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76); საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. აღნიშნული, თავის მხრივ, გულისხმობს არა აბსოლუტურად ყველა არგუმენტზე პასუხების დეტალურად გაცემას, არამედ იმ ფაქტორებზე მითითებას, რომლებიც გადამწყვეტია კონკრეტული საქმის შედეგისათვის (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ,,ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ (Lobzhanidze and Peradze v. Georgia), N21447/11, N35839/11, 27/02/2020, §66).

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე - შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

11. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულების - შ. ბ-ის, გ. გ-სა და ზ. გ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელების გამკაცრების თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ თითოეული მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, რისი მხედველობაში მიღებითაც, მსჯავრდებულებს - შ. ბ-სა და გ. გ-ს შეუფარდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ), კერძოდ: გ. გ-სა და შ. ბ-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მსჯავრდებულები აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს და არ არიან ნასამართლევნი. ამასთან, გასათვალისწინებელია დანაშაულის ჩადენის გამომწვევი მიზეზები და ვითარება, რა დროსაც აღსანიშნავია, რომ შ. ბ. და გ. გ. არ არიან კონფლიქტის ინიციატორები, პირიქით, თავდაპირველად ისინი ცდილობდნენ მსჯავრდებულ ზ. გ-სა და დაზარალებულებს შორის არსებული დაპირისპირების განმუხტვას.

12. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს, რომ არ შეიძლება უგულებელყოფილ იქნეს კანონმდებელის ჩანაწერი განსახილველი დანაშაულისათვის სასჯელის ერთ-ერთ სახედ ჯარიმის დაწესებასთან დაკავშირებით, რაც იმთავითვე გულისხმობს, რომ შესაბამისი ზოგადსავალდებულო ელემენტების გათვალისწინებით, აღნიშნული სახის ქმედებისათვის შესაძლებელია დამნაშავისათვის შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენდეს ჯარიმაც.

13. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ზ. გ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის სასჯელის შეფარდებისას სრულად გაითვალისწინა სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე ზ. გ-ის ინდივიდუალური მახასიათებლები, მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (დაზარალებულის მიმართ ძალადობა ჩაიდინა იარაღის (დანის) გამოყენებით; იგი ნასამართლევია განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, რისთვისაც დანიშნული სასჯელის მოხდა დაასრულა 2020 წლის 11 დეკემბერს) და შემამსუბუქებელი გარემოებები (მან აღიარა ჩადენილი დანაშაული); მიუხედავად იმისა, რომ ზ. გ. ვალდებული იყო, დამორჩილებოდა დაზარალებულის მოთხოვნას, რომელიც ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, გასათვალისწინებელია მისი ემოციური მდგომარეობა, რაც გამოწვეული იყო ძმის გარდაცვალებით, კერძოდ: როგორც საქმის მასალებითა და მსჯავრდებულის განმარტებით დგინდება, შ. ბ, გ. გ. და ზ. გ. შპს „ვ-მ-ში“ მივიდნენ ზ. გ-ის ძმის გარდაცვალების გამო, რომელიც მკურნალობას გადიოდა აღნიშნულ კლინიკაში, ხოლო შესვლისას დაცვის თანამშრომელმა (დაზარალებულმა) ბ. ჭ-ემ, ქვეყანაში გავრცელებული პანდემიის გამო, მოსთხოვა ზ. გ-ს გაეკეთებინა პირბადე, რამაც იგი გააღიზიანა, ვერ გაუწია საკუთარ თავს კონტროლი და ბ. ჭ-ეს მიაყენა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გასაშველებლად მისულ გ. ფ-ეს და ასევე დააზიანა კლინიკის ქონება. როგორც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაციითა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 4 მარტის სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №........ დასკვნით ირკვევა, ზ. გ-ს აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა. მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის დროს აღენიშნებოდა შერეული არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა და მას არ შეეძლო, სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). აქედან გამომდინარე, მისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული საბოლოო სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას: ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციასა და სამართლიანობის აღდგენას.

14. სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს მსჯავრდებულების - შ. ბ-ის, გ. გ-სა და ზ. გ-სათვის შეფარდებული სასჯელების დამძიმებას იმ საფუძვლითაც, რომ მათ არ აუნაზღაურებიათ მიყენებული ზიანი, რასაც საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება, რადგან სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ბრალდების მხარის ამ მსჯელობაზე დამაჯერებელი პასუხია გაცემული. კერძოდ, დაზარალებულებისათვის ზიანის ანაზღაურების საკითხი ვერ გახდება სასჯელის დამძიმებისათვის გადამწყვეტი არგუმენტი იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულ მხარეს ზიანის ანაზღაურების მოტივით შეუძლია სასამართლოს მიმართოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ანაზღაურებული ზიანი შესაძლებელია გახდეს მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემსუბუქების წინაპირობა, თუმცა დამძიმებისათვის უპირობო არგუმენტად ვერ განიხილება.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი