Facebook Twitter

საქმე # 330100118002301600

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №4511-21 ქ.თბილისი კ-ა მ, №4511-21 17 იანვარი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლაშა ქოჩიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მ. კ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. თ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის საოქმო განჩინებით:

პროკურორ გიორგი ქობულაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;

მ. კ-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (2018 წლის 19 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში;

მ. კ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა გაუქმდა.

2. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი გახდა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გიორგი ქობულაძისა და საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ვანო ოქროპირიძის შუამდგომლობა - საქართველოს სსკ-ის 250-ე მუხლის საფუძველზე, ბრალდებულ მ. კ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე, ვინაიდან ბრალდების მხარემ უარი განაცხადა ბრალდებაზე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. თ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მ. კ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ნაწილში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით: მსჯავრდებულ მ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. თ-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის განჩინება დარჩა უცვლელად.

ამასთან, გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთ თვეში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. კ-ს ადვოკატმა ზ. თ-მ, რომელმაც, დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინების გაუქმება, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის მითითება, რომ განიხილოს სისხლის სამართლის საქმე მ. კ-ს მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 375-ე და 376-ე მუხლებით.

5.1. საკასაციო საჩივარში ადვოკატი უთითებს, რომ მ. კ-ს მიმართ არსებობს სამი სისხლის სამართლის საქმე, რომლიდანაც: საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ბედი მ. კ-სთვის ცნობილი არ არის, საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაზე სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაზე კი სასამართლომ მ. კ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ბრალდების მხარემ დევნის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობა ვერ დაასაბუთა, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლომ არსებითად უნდა განიხილოს სისხლის სამართლის საქმე დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 375-ე და 376-ე მუხლებით.

6. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა შესაგებელი. პროკურორი უთითებს, რომ შეუძლებელია პირს დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის, რომლის ამსრულებელიც თავადვე იყო. თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარემ იშუამდგომლა, რომ მ. კ-ს მიმართ შეწყვეტილიყო საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა, რადგან თავად ბრალდება აცხადებდა უარს ბრალდებაზე. პროკურორმა შესაგებელში აგრეთვე მიუთითა, რომ მათ სასამართლოს აღნიშნული შუამდგომლობით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინების შემდეგ საქალაქო სასამართლოში დანიშნულ პირველივე სასამართლო სხდომაზე. ამდენად, დევნის შეწყვეტას საფუძვლად სწორედ აღნიშნული შუამდგომლობა დაედო. შეუძლებელია, მ. კ-ს მიმართ გაგრძელდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე იმ პირობებში, როდესაც თავად სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უფლებამოსილების მქონე პირი - პროკურორი უარს აცხადებს ამ ბრალდებაზე.

7. საკასაციო სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და უთითებს, რომ:

წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის განაჩენით მ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით შეუმცირდა ¼-ით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 21 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ მ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. თ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ მ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. თ-ს საკასაციო საჩივარი.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების თანახმად, მ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ გ. ჯ-სთან ერთად, ჯგუფურად, არასრულწლოვან დ. ს-ის მკვლელობაში, ხოლო განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე პირის ბრალდების შესახებ 2018 წლის 9 თებერვლის დადგენილებით მ. კ-ს ბრალი დაედო სწორედ იმავე დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის.

როგორც შუამდგომლობის შინაარსით ირკვევა (ტ. XII, ს.ფ. 33-35), დევნის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ შეუძლებელია, პირს დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის, რომლის ამსრულებელი თავადვე იყო. მ. კ-ს ქმედება არ შეიძლება შეფასდეს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად, რის გამოც პროკურატურამ უარი განაცხადა ბრალდებაზე და იშუამდგომლა მ. კ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ განჩინებით დააკმაყოფილა (საფუძველი - საქართველოს სსსკ-ის 250-ე მუხლი, 105-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი“ ქვეპუნქტი).

საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მ. კ-ს თავდაპირველად, მართალია, ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით, მაგრამ მოგვიანებით, ამავე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ბრალდებულად ცნობის შესახებ 2018 წლის 9 თებერვლის დადგენილების თანახმად, მას ბრალი წარედგინა 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა; ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 250-ე მუხლის თანახმად, ბრალდებაზე ან ბრალდების ნაწილზე პროკურორის მიერ უარის თქმის შემთხვევაში, სასამართლო განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას ბრალდებაში ან ბრალდების ნაწილში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ; აღნიშნული უფლებით ბრალდების მხარე სარგებლობს ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში განაჩენის გამოტანამდე, გარდა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისა; ხოლო საქართველოს სსკ-ის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ შეიძლება გაასაჩივროს პროკურორმა; ამავე მუხლით გათვალისწინებულ საჩივართან დაკავშირებით გამოტანილი განჩინება არ გასაჩივრდება. მაშასადამე, საპროცესო კანონმდებლობა იმპერატიული ფორმით განსაზღვრავს როგორც პირს, რომლის კომპეტენციასაც ბრალის წაყენება განეკუთვნება, აგრეთვე შესაბამის პროცედურას, მოცემულ ბრალზე ან მის ნაწილზე უარის თქმის შემთხვევაში.

ამასთან, მართალია, საქართველოს სსსკ-ის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ქმედება ან გადაწყვეტილება, მაგრამ მხოლოდ ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კი ადვოკატის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას საკასაციო სასამართლოში არ ითვალისწინებს; შესაბამისად, საკასაციო პალატა სამართლებრივად მოკლებულია შესაძლებლობას, განიხილოს კასატორის მოთხოვნა.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე მ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. თ-ს საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლით, 303-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. თ-ს საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ქოჩიაშვილი