საქმე # 010100119003156504
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №505აპ-21 ქ. თბილისი
კ. ხ., 505აპ-21 1 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების - ხ. კ–სა და ო– ფ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატნ. დ–ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 აპრილის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით:
- ხ. კ–ს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
- ო. ფ–ს, - ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. ხ. კ–მ, ო. ფ–სთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 2.3379 გრამ ნარკოტიკულ საშუალება 3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს (მდმა), რომელიც ო. ფ–სთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, 2019 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ბ–ში, ბ–ს ქუჩაზე მდებარე ბ–ს .........ის მიმდებარე ტერიტორიაზე, 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით ფულადი თანხის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ა. დ–ზე, რაც იმავე დღეს ამ უკანასკნელთან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად იქნა ამოღებული.
ხ. კ–მ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0.0033 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, რაც 2019 წლის 17 ივლისს, დღის საათებში, ქ. ბ–ში, .........ს გზატკეცილ N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა მისგან ამოღებული.
2.2. ო. ფ–მ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით 0,2727 გრამ ნარკოტიკულ საშუალება 3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს (მდმა), რომელიც 2019 წლის 14 ივლისს, დღის საათებში, ქ. ბ–ში, შ–ის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო ,,.......ი’’-ს მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ გაასაღა თ........ის რესპუბლიკის მოქალაქე ა. დ–ზე, რაც იმავე დღეს ამ უკანასკნელთან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად იქნა ამოღებული.
ო. ფ–მ, ხ. კ–სთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 2.3379 გრამ ნარკოტიკულ საშუალება 3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს (მდმა), რომელიც ხ. კ–სთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, 2019 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ბ–ში, ბ–ს ქუჩაზე მდებარე ბ–ს საზღვაო ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით ფულადი თანხის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ა. დ–ზე, რაც იმავე დღეს ამ უკანასკნელთან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად იქნა ამოღებული.
ო. ფ–მ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში - ქ. ბ–ში, ლ–ს ქ. N.., ბინა N..-ში უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 2,377 გრამ ნარკოტიკულ საშუალება 3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს (მდმა), რაც 2019 წლის 17 ივლისს, საღამოს საათებში, ო. ფ–ს დროებითი საცხოვრებელი ბინის - ქ. ბ–ში, ლ–ს ქ. N.., ბინა N..-ის ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 აპრილის განაჩენით:
3.1. ხ. კ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ხ. კ–ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 9 წლით.
მსჯავრდებულ ხ. კ–ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო საბიუჯეტო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ხ. კ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 17 ივლისიდან.
3.2. ო. ფ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა'' და მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 9 წლით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით(ა. დ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 11 წლით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 11 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი, ასევე თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ, ო. ფ–ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ო. ფ–ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო საბიუჯეტო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ო. ფ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 17 ივლისიდან.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ო. ფ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ს. კ–მ და ნ. დ–მ, მსჯავრდებულ ხ. კ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ჯ. კ–მ და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 აპრილის განაჩენით:
5.1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
5.2. მსჯავრდებულ ო. ფ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ს. კ–ს დან. დ–ს და მსჯავრდებულ ხ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. კ–ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
5.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება:
- ხ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რისგანაც გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე.
ხ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა
ხ. კ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 17 ივლისიდან.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხ. კ–ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო საბიუჯეტო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
- ო. ფ–ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (0,2727 გრამი ნარკოტიკული საშუალება 3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის (მდმა) უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ და მე-4 ნაწილებზე.
ო. ფ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის (0,2727 გრამი ნარკოტიკული საშუალება 3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის (მდმა) უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება) ჩადენაში და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ო. ფ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (განსაკუთრებით დიდი ოდენობით _ 2,377 გრამი ნარკოტიკული საშუალება 3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის (მდმა) უკანონო შეძენა-შენახვის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა - 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ო. ფ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 2,3379 გრამი ნარკოტიკული საშუალება 3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის (მდმა) უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ო. ფ–ს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ო. ფ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 17 ივლისიდან.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ო. ფ–ს 5 წლით ჩამოერთვა - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო საბიუჯეტო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების - ო. ფ–სა და ხ. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. დ–მ და ითხოვა:
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 21 აპრილის განაჩენის გაუქმება.
- ო. ფ–ს უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
- ო. ფ–ს უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
- ო. ფ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის მინიმალური ზომის განსაზღვრა, ასევე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება.
- ხ. კ–ს უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ო. ფ–ს მიერ 0,2727 გრამ ნარკოტიკულ საშუალება 3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამის (მდმა) გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეძენა და 2019 წლის 14 ივლისს, დღის საათებში, ქ. ბ–ში, შ–ის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო ,,.....’’-ს მიმდებარე ტერიტორიაზე თ–ს რესპუბლიკის მოქალაქე ა. დ–ზე უკანონოდ გასაღება.
3. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის მტკიცებულებათა ხარისხობრივ მოთხოვნასთან ერთად ადგენს მათი საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტსაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ბრალდების მხარის იმპერატიული ვალდებულებაა სისხლის სამართლის საქმის სრულყოფილი გამოძიების წარმოება, მტკიცებულებათა მოპოვება, მათი გამყარება და პირის ბრალეულობის დასადასტურებლად იმგვარი სამხილების წარმოდგენა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა მიუთითებს პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობა, თავისთავად, ზრდის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში შეცდომის, თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-103).
4. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ო. ფ–ს მიერ 2019 წლის 14 ივლისის ეპიზოდის არა მხოლოდ ძირითად არამედ პრაქტიკულად ერთადერთ მამხილებელ მტკიცებულებას წარმოადგენს ა. დ–ს ჩვენება რომლის თანახმადაც, 2019 წლის 14 ივლისს, ო. ფ–მ საჩუქრად გადასცა ერთი აბი ექსტაზი და შესთავაზა ნარკოტიკების გაყიდვა, რაც მას არ უნდოდა. საქმეში წარმოდგენილი სხვა არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ა. დ–ს მიერ მითითებულ დროს და ადგილას შეხვედრა ო. ფ–სთან და არც მის მიერ წარმოდგენილი ნარკოტიკული ნივთიერების გასაღება ო. ფ–ს მიერ.
5. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. მოცემულ შემთხვევაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება, რომ ო. ფ–მ 2019 წლის 14 ივლისს ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001) და ვინაიდან საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ო. ფ–ს მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის და ხ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების ნაწილში - საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც ეთანხმება. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ კასატორმა განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იგივე არგუმენტზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული.
7. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას ო. ფ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ა. დ–ზე 2.3379 გრამი ნარკოტიკული საშუალება 3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის გასაღების ეპიზოდი) და ხ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მოწმეების: ა. დ–ს, რ. კ–ს, გ. ს–ს, ტ. კ–ს, ჯ. მ–ს, ა. მ–ს, დ. ბ–ს, ი. მ–ს, პ. ს–ს, ა. ძ–ს, პ– ბ–ს, ჯ. მ–ს და ბ. გ–ს ჩვენებებით; ამოღების ოქმებით; ბრალდებულების დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით; ქიმიური, გენეტიკური და ფონოსკოპიური ექსპერტიზების დასკვნებით; ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ო. ფ–სა და ხ. კ–ს მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღება.
8. აღნიშნული გარემოებები დასტურდება მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედების საფუძველზე საკონტროლო შესყიდვის დროს განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერით, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით; ამოღების და ჩხრეკის ოქმებით; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ჩვენებებით.
9. „ფულის გადაცემის შესახებ“ ოქმის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების - საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ დადგენილების საფუძველზე ა. დ–ს გადაეცა სპეციალურად გამოყოფილი ფულადი თანხა 600 ლარის ოდენობით- 5 ცალი 100 ლარის ნომინალის კუპიურა ნომრებით: #......; #............; #.......; #.........; #........ და 2 ცალი 50 ლარის ნომინალის კუპიურა # ........; #......... ( კუპიურების ქსეროასლები ერთვის ოქმს).
10. ა. დ–ს, ხ. კ–სა და ო– ფ–ს 2019 წლის 17 ივლისის შეხვედრის ამსახველი ვიდეო-აუდიო ჩანაწერითა და მისი დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ.ბ–ში, შ–ს ქუჩა №..-ში მდებარე სასტუმრო „.......თან“ ვიდეოჩანაწერის 21 წუთსა და 02 წამზე კადრში ჩნდება „..........ის“ მარკის ავტომანქანა, რომელიც შ–ს ქუჩის მხარეს, რკინიგზის გადასასვლელის მხრიდან მოძრაობს და უხვევს მ–ს ქუჩაზე. აღნიშნული ავტომანქანისკენ მიემართება ა. დ–ი. ვიდეოჩანაწერის 21 წუთსა და 42 წამზე „ლენდ როვერი“ ჩერდება გზის გვერდით და მასთან მიდის ა. დ–ი. ავტომობილის მძღოლის გვერდით, მარჯვენა სავარძელზე ზის ხ. კ–ე, ხოლო საჭესთან ზის ო. ფ–ი. ხ. კ–ე ჩამოდის ავტომანქანიდან და სწევს სავარძელს, რათა ა. დ–ი ჩაჯდეს ავტომობილში. 21 წუთსა და 48 წამზე ა. დ–ი უკვე ჯდება მანქანის უკანა სავარძელზე და ესალმება როგორც ხ. კ–ს, ასევე ო. ფ–ს და ხელს ართმევს მათ. ვიდეოჩანაწერის 21 წუთსა და 48 წამზე ო. ფ–ს ავტომანქანა მიჰყავს შ–ს ქუჩით ბაქოს ქუჩისკენ, შემდეგ კი ბაქოს ქუჩის გავლით მიემართება ბ–ს პორტის მიმდებარედ და მანქანას აჩერებს ბ–ს ..........ს ს-ის (....) გადასასვლელი ხიდის მიმდებარედ. ვიდეოჩანაწერის 23 წუთსა და 48 წამზე ხ. კ–ე ჩადის მანქანიდან, მას უკან მიჰყვება ა. დ–ი, თუმცა ის მალევე ბრუნდება უკან მანქანაში. ვიდეოჩანაწერის 23 წუთსა და 59 წამზე ა. დ–ს ხელში ჩანს ფულის კუპიურები და ვიდეოჩანაწერის მსვლელობისას ო. ფ–ს ხელში - პოლიეთილენის პატარა პარკი, მასში მოთავსებული ტაბლეტებით. ა. დ–ი მას ეუბნება, რომ ესაჭიროება 10 ტაბლეტი, რაზედაც ო. ფ–ი თანხმდება და პარკიდან იღებს 10 ცალ ტაბლეტს, რომელსაც ალაგებს ავტომობილის წინა სავარძლებს შორის არსებულ ე.წ „ბარზე“. ვიდეოჩანაწერის 24 წუთსა და 24 წამზე ა. დ–ი ითვლის 5 ცალ 100 ლარიან და 2 ცალ 50 ლარიან კუპიურებს და დებს ე.წ. „ბარზე“, რომელზეც ო. ფ–ი ალაგებს ტაბლეტებს. ა. დ–ი ითხოვს პარკს ტაბლეტების მოსათავსებლად. ო. ფ–ი „ბარის“ შიგნიდან იღებს ქაღალდის ფურცელს, ხევს მისგან ფრაგმენტს, რომელსაც აწვდის ა. დ–ს, ხოლო ქაღალდის ფურცლის დარჩენილ ნაწილს აბრუნებს ავტომანქანის ბარში. ა. დ–ი აღნიშნულ ქაღალდის ფრაგმენტში ახვევს 10 ცალ ტაბლეტს, ხოლო ო. ფ–ი იღებს 600 ლარს, ითვლის და ინახავს. ამის შემდგომ ო. ფ–ი ჩადის ავტომანქანიდან და ა. დ–იც ჩამოდის მანქანიდან, რომლის მარჯვენა მხარეს კარებთან იმყოფება ხ. კ–ე, რომელსაც ა. დ–ი ეკითხება ტაბლეტების შესახებ - ადრე რომ იყო თუ ისეთია, მაგარიაო, რაზეც ხ. კ–ე პასუხობს - მაგარიაო. ვიდეოჩანაწერის 26 წუთსა და 05 წამზე ა. დ–ი ჯდება „ლენდ როვერში“ და ო. ფ–ს მანქანა მიჰყავს ......ს ხიდისკენ, სადაც უჩერებს ა. დ–ს, რომელიც 27 წუთსა და 04 წამზე ჩადის ავტომანქანიდან და მიემართება მ–ს ქუჩისკენ, .....ს გადასასვლელი ხიდით.
11. ფონოსკოპიური ექსპერტიზის #...... დასკვნის თანახმად, ვიდეო ჩანაწერზე არ ფიქსირდება რაიმე სახის მონტაჟის კვალი; ვიდეო ჩანაწერზე ასახული საუბრის შინაარსის ტექსტი დაფიქსირებულია დანართის სახით.
12. 2019 წლის 17 ივლისის ამოღების ოქმის თანახმად (ოქმის სისწორე დაადასტურა დეტექტივ-გამომძიებელმა ჯ. ც–მ დაკითხვისას), ა. დ–იმ თავისი შარვლის მარჯვენა წინა ჯიბიდან წარმოადგინა თეთრი ფერის თაბახის ფურცლის ნაგლეჯში შეფუთული მომწვანო ფერის მრავალწახნაგა ფორმის 10 ცალი აბი, რომლებიც მისივე განმარტებით 600 ლარად იყიდა ო. ფ–სგან. ქიმიური ექსპერტიზის N .... დასკვნის თანახმად (დასტურდება ექსპერტ ბ. ს–ს ჩვენებით) აღნიშნული 10 ტაბლეტი საერთო წონით 3,8342 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4- მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) 2,3379 გრამს.
13. ა. მ–ს, დ. ბ–ს, ი. მ–ს, პ. ს–ს, ა. ძ–ს ჩვენებების თანახმად, 2019 წლის 17 ივლისს ქ. ბ–ი, ა–ს გზატკეცილზე მდებარე „....ის“ ბენზინგასამართ სადგურთან შეჩერებული იქნა ო. ფ–ს მართვის ქვეშ მყოფი „ლენდ როვერის“ მარკის ჯიპი, რომელსაც მართავდა ო. ფ–ი. ო. ფ–ს დაკავების და მისი უფლებების განმარტების შემდეგ ჩატარებული პირადი ჩხრეკის ფარგლებში ო. ფ–ს არაფერი აღმოაჩნდა ხოლო მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანიდან ამოღებული იქნა მცენარეული მასა - მარიხუანა, 1 ცალი 50 ლარის ნომინალის N........ კუპიურა („ფულის გადაცემის შესახებ“ ოქმის თანახმად აღნიშნული კუპიურა გამომძიებლის მიერ გადაეცა ა. დ–ს ნარკოტიკული საშუალების ფარული საკონტროლო შესყიდვასთვის), 3 ცალი მობილური ტელეფონი და სხვა პირადი ნივთები. რ. კ–ს, გიგი სერგიას, ტ. კ–ს, ჯ. მ–ს მიერ დაკავებული იქნა ო. ფ–ს მანქანაში მჯდომი ხ. კ–ე. ხ. კ–სთვის უფლებების განმარტების შემდეგ პირადი ჩხრეკის შედეგად მისი შარვლის ჯიბიდან ამოღებული იქნა ქაღალდში შეხვეული თეთრი ფერის ფხვნილი - მისი განმარტებით სუბოქსინი, 2 ცალი 100 აშშ დოლარის კუპიურა # .......; #..........; 6 ცალი 100 ლარის ნომინალის კუპიურა ნომრებით #........., #........., #.........., #..........., # ........... („ფულის გადაცემის შესახებ“ ოქმის თანახმად აღნიშნული კუპიურები გამომძიებლის მიერ გადაეცა ა. დ–ს ნარკოტიკული საშუალების ფარული საკონტროლო შესყიდვისთვის), # .........., 1 ცალი 50 ლარის ნომინალის კუპიურა # .......... და 2 ცალი - 5 ლარის ნომინალის კუპიურა ნომრებით # .........., #...........
14. ამავე დღეს ო. ფ–ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად (ესწრებოდა ო. ფ–ს მეუღლე - მ. წ–ე) ამოღებული იქნა 22 ცალი აბი, რომლებიც დაილუქა სპეცპაკეტში (იხ. ტ. 1 ს.ფ. 124-135). ქიმიური ექსპერტიზის N...... დასკვნის თანახმად (დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა შ. მ–მ დაკითხვისას), აღნიშნულ 22 ტაბლეტში საერთო წონით 8,279 გრამი, ნარკოტიკული საშუალება 3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის (მდმა) რაოდენობრივი შემცველობა შეადგენს 2,377 გრამს (იხ. ტ.2, ს.ფ. 186-190). ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N....... დასკვნის თანახმად აღნიშნულ აბებზე და პაკეტზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ო. ფ–ს (იხ. ტ. 3 ს.ფ.271-277)
15. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და არ იზიარებს დაცვის მხარის მითითებას დანაშაულის პროვოკაციის შესახებ. სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენში მითითებულ პოზიციას, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით - მათ შორის ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერით დასტურდება, რომ ა. დ–ს მხრიდან განხორციელებული ქმედება არ გასცდენია პასიურ როლს, ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულების დაყოლიებას დანაშაულის ჩადენაზე, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დაცულია მატერიალურ-სამართლებრივი და პროცედურული ტესტი.
16. ა. დ–ს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ნასამართლობა და პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნა არ წარმოადგენს მისი ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს ვინაიდან მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით.
17. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორის მოთხოვნა მსჯავრდებულების - ო. ფ–ს და ხ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
18. არ არსებობს კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არც ო. ფ–სთვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის მინიმალური ზომის განსაზღვრის შესახებ. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან ოც წლამდე. გასაჩივრებული განაჩენით ო. ფ–ს შეეფარდა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება პასუხისმგებლობის ან ბრალის შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობა, ასევე ადგილი არ ჰქონია ო. ფ–ს მიერ ბრალის აღიარებას ან გამოძიებასთან თანამშრომლობას; დანიშნული სასჯელი არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011), არამედ გულისხმობს, კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ.Tchankotadze v. Georgia, no. 15256/05, §103, ECtHR,21/06/2016; Deryan v. Turkey, no. 41721/04, § 33, 21/07/2015), გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, nos. 21447/11,35839/11, §65, 66, ECtHR, 27/02/2020).
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულების - ხ. კ–სა და ო– ფ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. დ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ო. ფ–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებაში;
4. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე