Facebook Twitter

საქმე # 330100119003014385

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №510აპ-21 ქ. თბილისი

რ. რ., 510აპ-21 1 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. რ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად:

- რ. რ–ს, ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

- გ. ყ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 12 აპრილს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ. თ–ში, ...........ის მე-.. მიკრორაიონის, მე-.. კორპუსის სადარბაზოში, რ. რ–მ და გ. ყ–მ, წინასწარი შეთანხმებით, ს. პ–მ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად გასტაცეს 130 ლარად ღირებული „ასუსის“ ფირმის მობილური ტელეფონი და 20 ლარად ღირებული საფულე, მასში მოთავსებული პირადი დოკუმენტებით. ძალადობრივი ქმედებების განხორციელებისას ს. პ–მ მოახერხა გაქცევა ...........ის ქუჩა N..-ის მიმართულებით, რომელსაც გაეკიდნენ რ. რ–ე და გ. ყ–ი და კვლავ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გ. ყ–მ და რ. რ–მ ფიზიკური ძალადობის გზით ს. პ–ი წააქციეს ასფალტზე და რ. რ–მ პ–ს ხელიდან გასტაცა ამ უკანასკნელის კუთვნილი 200 ლარად ღირებული „ასუსის“ ფირმის და „აიფონ 5ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, რის შემდეგაც რ. რ–ე და გ. ყ–ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. რ. რ–ს და გ. ყ–ს აღნიშნული ქმედებით ს. პ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე მიადგა 350 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ნოემბრის განაჩენით:

3.1 გ. ყ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

გ. ყ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3.2 რ. რ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

რ. რ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რ. რ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, რ. რ–ს მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 2 წლით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, რ. რ–ს მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა 2015 წლის 20 მარტის განაჩენით დანიშნული მოუხდელი დამატებითი სასჯელი ჯარიმა - 3000 ლარი.

საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. რ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, განესაზღვრა - 3000 ლარი ჯარიმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 აპრილის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ნოემბრის განაჩენი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ. რ–მ, რომელმაც მოითხოვა მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლით დაკვალიფიცირება და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (დაზარალებულ ს. პ–ის ჩვენების, მოწმეების: ბ. ბ–ს, ნ. მ–ს, გ. ვ–ს, გ. ი–ს, თ. პ–ს, მ. ბ–ს, გ. გ–ს, გ. გ–ას, ზ. ზ–ის, კ. ც–ს, კ. ყ–ს, ექსპერტ გ. გ–ს ჩვენებებით, 2019 წლის 16 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, 2019 წლის 13 აპრილის რ. რ–ს პირადი ჩხრეკის ოქმით, პირის ამოცნობის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის N...... დასკვნით და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება რ. რ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

7. დაზარალებულ ს. პ–მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ გ. ყ–თან ერთად მუშაობდა ......ს ბაზრობაზე, შემდეგ წამოიწყო საკუთარი ბიზნესი და ახდენდა ფილების რეალიზაციას. მას ქვის ფილებს რეალიზაციისთვის აწვდიდა გ. ყ–ს ნათესავი. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ს. პ–მ ვერ მოახდინა საქმიანობის წარმატებით გაგრძელება და დაედო გ. ყ–ს ნათესავის ვალი. მას შეხვდა გ. ყ–ი, რომელმაც განუცხადა, რომ მისმა ნათესავმა ვალი გადააბარა მას და მისთვის უნდა გადაეცა ფულადი თანხა. ს. პ–მ თავდაპირველად გ. ყ–ს გადასცა 100 ლარი და გარკვეული პერიოდი მასთან კონტაქტი არ ჰქონია. 2019 წლის 12 აპრილს, დაახლოებით 17:30 საათზე, ს. პ–ი იმყოფებოდა .........ს ქუჩაზე, რა დროსაც შეხვდა გ. ყ–ი თანმხლებ პირთან ერთად (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აგვისტოს სხდომის ოქმი 13:39:09 – 13:40:05) გ. ყ–მ ს. პ–ი სასაუბროდ შეიყვანა საცხოვრებელი ბინის სადარბაზოში, სადაც ჰკითხა თუ როდის გადასცემდა ფულს, რამდენიმე ხანში გ. ყ–მ დაუძახა რ. რ–ს, რომელიც თანმხლებ პირთან ერთად მივიდა მათთან. რ. რ–ე ს. პ–მ დაემუქრა, რომ ის იყო ნასამართლევი და მოსთხოვა დროულად ფულის გადაცემა, ასევე უთხრა, რომ ჰქონდა მხოლოდ ტელეფონზე ახლობელთან ერთხელ დაკავშირების უფლება, შემდეგ კი ჩაკეტავდა სადარბაზოში არსებულ სარდაფში (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აგვისტოს სხდომის ოქმი 13:35:15-13:37:00). რ. რ–ე როდესაც მივიდა მასთან, პირდაპირ უთხრა, რომ ფული მოეტანა, სახლში დაერეკა და ან ფული მიეტანა ან ოქრო დაელომბარდებინა (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აგვისტოს სხდომის ოქმი 13:41:29 – 13:41:43). მისი ,,ASUS" ფირმის ტელეფონი წაართვა რ. რ–მ (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აგვისტოს სხდომის ოქმი13:41:55 – 13:41:59). ს. პ–მა და რ. რ–ს შორის მოხდა შელაპარაკება, ს. პ–მ რ. რ–მ და გ. ყ–მ მიაყენეს სიტყვიერ შეურაცხყოფა, შემდეგ დაუწყეს ცემა, გ. ყ–მ დაუჭირა ხელი და რ. რ–მ ს. პ–მ შარვლის უკანა ჯიბიდან ამოაცალა საფულე (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აგვისტოს სხდომის ოქმი 13:37:02 – 13:37:27; 14:42:01-13:42:40). საფულეც რატიმ ამოაცალა (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აგვისტოს სხდომის ოქმი 13:42:59-13:43:05). იქ მყოფი ორი პირი, რომლის სახელებიც არ იცის არაფერს აკეთებდნენ, მოწმემ განმარტა, რომ დაიყვირა და ითხოვა დახმარება. „მიშველეთ, დამეხმარეთო“ და ყურადღება არავინ მიაქცია (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აგვისტოს სხდომის ოქმი 13:43:15 – 13:43:33) რ. რ–ე ს. პ–მ დაემუქრა თუ გაბედავდა გაქცევას ესროდა, როდესაც რ. რ–მ ხელი წაიღო უკანა მხარეს, ს. პ–მ შეეშინდა და სადარბაზოს მეორე გასასვლელიდან გაიქცა (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აგვისტოს სხდომის ოქმი 13:43:35 – 13:44:10). სადარბაზოდან გამოსვლის შემდეგ გადავიდა გზის მეორე მხარეს და გაიქცა, ბენზინგასამართი სადგურის მხარეს, მეორე ტელეფონიც ჰქონდა და უნდოდა დაერეკა 112-ში, მაგრამ როცა მირბოდა შიშისაგან ვერ მოახერხა, ქუჩის კუთხეში არსებულ ........ს ბანკთან დაეწივნენ, გ–მ გაქაჩა ზედა და გახადა, შემდეგ მოვიდა რ. რ–ე, მიაყენეს შეურაცხყოფა, შეაფურთხეს, ხელიდან კი გასტაცეს Iphone 5S მობილური ტელეფონი, რომელიც იყო მისი ტელეფონი (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აგვისტოს სხდომის ოქმი 13:37:32 – 13:38:31). მოწმემ მიუთითა, რომ ზუსტად იცის, რომ პირი, რომელიც შემთხვევის ადგილზე იყო რ. რ–ეა, მანამდე არსად არ უნახავს, მის შესახებ იცის სახელი და გვარი, მან გააცნო მისი თავი, როცა მოვიდა მაშინ უთხრა, რომ 20 წელი იჯდა ციხეში და მან იცოდა ვინ იყო რ. რ–ე(იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აგვისტოს სხდომის ოქმი 14:17:10-14:19:15), შემდეგ კი დააზუსტა, რომ პირადად არ იცნობდა რ. რ–ს, გაგონილი ჰქონდა მის შესახებ (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აგვისტოს სხდომის ოქმი 14:19:27 – 14:19:35).

8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ს. პ–ის ჩვენებასთან სრულ შესაბამისობაშია ჩატარებული გამოძიების ფარგლებში ამოღებული ვიდეოჩანაწერები. კერძოდ,

- ქ. თ–ში, ........ის მე.. მ/რაიონის, მე.. კორპუსის მიმდებარედ აფთიაქ ,,.......ს’’ გარე სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერის 17:44:05 საათზე კადრში ჩნდება სამი პირი და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი ერთმანეთში საუბრობენ. ს. პ–მ განაცხადა, რომ ერთი პირი არის თავად. მის გვერდით მდგარი მამაკაცი, რომელიც არის ოდნავ მელოტი, ტანთ აცვია მოლურჯო ფერის მაისური, შავი ფერის ქურთუკი, მუქი მონაცრისფრო ფერის შარვალი და მონაცრისფრო ფერის ფეხსაცმელები, ს. პ–ის განმარტებით ეს პირი არის მისი ნაცნობი სახელად გ–ი, რომლის გვარიც არ ახსოვს. ს. პ–ის მეორე მხარეს მდგარ მამაკაცს ტანთ აცვია შავი ფერის მაისური, მონაცრისფრო ფერის ქურთუკი, მუქი ლურჯი ფერის შარვალი და შავი ფერის ფეხსაცმელები. აღნიშნული პირის დანახვაზე ს. პ–მ განაცხადა, რომ მისი სახელი და გვარი არ იცის. 17:44:18 საათზე ს. პ–ი ზემოხსენებულ ორ მამაკაცთან ერთად შედის აფთიაქ ,,კ–ს“ გვერდით მდებარე შესასვლელში, ს. პ–ის განმარტებით, ისინი შედიან საცხოვრებელი ბინის სადარბაზოში.

- სს ,,...........“ გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერზე, რომელიც დათარიღებულია 04.12.2019 წლით, 18:00:35 საათზე კადრში ჩნდება მამაკაცი, რომელიც მორბის ავტომობილის სავალ გზაზე, მას ხელში უჭირავს ტელეფონი და იქმნება შთაბეჭდილება, რომ საუბრობს ტელეფონზე. ს. პ–ის განმარტებით ეს პირი არის თავად და როგორც ახსოვს, იგი ამ დროს ცდილობს 112-ის ოპერატორთან დაკავშირებას. 18:01:06 საათზე ბენზინგასამართ სადგურ ,,ვისოლის“ მოპირდაპირე მხარეს არსებულ ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე ჩანს რამდენიმე პირი, რომლებიც სწრაფი ნაბიჯებით გადაადგილდებიან N..-ლი სამშობიაროს მიმართულებით. აღნიშნული პირების დანახვაზე ს. პ–მ განაცხადა, რომ ესენი არიან ის პირები, რომლებიც იმყოფებოდნენ სადარბაზოში და დაედევნენ, როდესაც იგი გამოექცა მათ.

- სს „საქართველოს ბანკიდან“ გამოთხოვილი პირველი ვიდეოჩანაწერის 18:05:59 საათზე, კადრში ჩნდება ორი პირი, რომელთაგან ერთი ეჩხუბება მეორეს. დანახვაზე ს. პ–მ განაცხადა, რომ შავმაისურიანი პირი არის თვითონ, ხოლო მეორე კი გ–ი, ამ დროს ასევე კადრში ჩნდება მათი მიმართულებით მორბენალი მამაკაცი, რომლის დანახვაზეც ს. პ–მ განმარტა, რომ იგი არის რ. რ–ე, რომელიც ჩაერთო ჩხუბში და ს. პ–მ თავში ჩაარტყა ხელი, მათ წააქციეს ს. პ–ი, რ. რ–ე ხელიდან ართმევს მობილურ ტელეფონს, რის შემდეგაც ისინი მიდიან უკანა მიმართულებით, ს. პ–ი წამოდგომის შემდეგ მიდის მათი მიმართულებით, იცმევს მონაცრისფრო ზედატანს, რომელიც გახადეს ჩხუბისას, რის შემდეგაც მიდის ე.წ. კიკვიძის ბაღის მიმართულებით.

- სს ,,საქართველოს ბანკიდან“ გამოთხოვილი მეორე ვიდეოჩანაწერის 18:06:20 საათზე კადრში ჩნდება სამი მამაკაცი, რომელთაგან ორი ეჩხუბება ერთს. ს. პ–მ განმარტა, რომ სწორედ ეს პირი არის თვითონ, ხოლო ის ორი ვინც ეჩხუბება მას არის რ. რ–ე, რომელსაც აცვია მოლურჯო ფერის უსახელო ჟილეტი, ჯინსის შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი, ხოლო მეორე - მისი ნაცნობი გიორგი, მათ წააქციეს ს. პ–ი ასფალტის ზედაპირზე, რა დროსაც მას გ–ი აწვება ხელებით სახეზე, ხოლო რ. რ–ე კი ცდილობს და ართმევს მარჯვენა ხელიდან რაღაც ნივთს, რაზეც ს. პ–მ განმარტა, რომ სწორედ ამ დროს რ. რ–მ მას ხელიდან წაართვა ,,Iphone’’ ფირმის მობილური ტელეფონი, ამის დანახვაზე ბანკიდან გამოვიდა რამდენიმე პირი დასახმარებლად, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს ბანკის დაცვის თანამშრომელი, რის შემდეგაც რ. რ–ე და გ. ყ–ი წავიდნენ უკანა მიმართულებით, ხოლო ს. პ–ი დატოვეს წაქცეული, რის შემდეგაც იგი დგება ფეხზე და გადის კადრიდან.

- სს „..........ოს ბანკიდან“ გამოთხოვილ მეექვსე ვიდეოჩანაწერის 18:05:56 საათზე კადრში ჩნდება ს. პ–ი, რომელიც გარბის და რომელსაც მოსდევს გ. და იჭერს ხელით და ეჩხუბება მას, ხოლო 18:06:07 საათზე კადრში ასევე ჩნდება მათი მიმართულებით მორბენალი რ. რ–ე, რომელიც მირბის მათთან და ერევა ჩხუბში, შორ ფონზე ჩანს თუ როგორ აქცევენ ს. პ–მ, რის შემდეგაც ორივე მათგანი ბრუნდება უკან, ხოლო ს. პ–ი მიდის ე.წ. კიკვიძის ბაღის მიმართულებით.

9. დაზარალებულ ს. პ–ის ჩვენებაში ასახული სს „........... ბანკთან“ განვითარებული მოვლენები დასტურდება სს „.......... ბანკის“ დაცვის თანამშრომლის ბ. ბ–ს ჩვენებითაც, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 12 აპრილს სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებისას ქუჩის მხრიდან გაიგონა ხმაური, როდესაც გავიდა შენობიდან დაინახა, რომ ორი პირი აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას ერთ ადამიანს, რომელიც წაიქცა ძირს, შემდეგ კი ეს ორი პირი ერთი მიმართულებით წავიდა.

10. სამედიცინო ექსპერტიზის N......... დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმებით 2019 წლის 15 აპრილს, ს. პ–მ სხეულზე აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივიბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

11. მსჯავრდებულის მტკიცებით, მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცრდეს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლით. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - თვითნებობა - ობიექტია მოქალაქეთა მიერ სადავო უფლებების განხორციელების წესი. მოქალაქე, რომელიც მოქმედებს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, შეიძლება ახორციელებდეს თავის ნამდვილ ან თავისად დაგულებულ უფლებას. სასამართლო განმარტავს, რომ თავისად დაგულებული უფლება ისეთი უფლებაა, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა სინამდვილეში მას ასეთი რამ არ აქვს ან/და ეს უფლება მას შეიძლება მიენიჭოს, მაგრამ მხოლოდ დადგენილი წესით. დადგენილი წესის დარღვევად ჩაითვლება რაიმე მოქმედება, რომელიც არღვევს უფლების შეძენის ან რეალიზაციის სამართლებრივი აქტით ან ხელშეკრულებით დადგენილ წესს. მოცემულ შემთხვევაში რ. რ–ს მიერ ს. პ–ის ტელეფონის დაუფლება მოხდა ძალადობით, რაც დასტურდება როგორც ვიდეოჩანაწერებით, ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. ძალადობა კი გამორიცხავს თვითნებობის შემადგენლობას. ასევე მსჯავრდებულის პოზიციის გაზიარების შემთხვევაშიც კი თუ ის მიიჩნევნდა, რომ ტელეფონი გ. ყ–ს იყო, მისი მეგობრის ტელეფონზე უფლებას ვერ მიიჩნევდა თავისად დაგულვებულად. ამასთან, 2019 წლის 13 აპრილის რ. რ–ს პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად ამოღებულ იქნა „Asus” და „Iphone“ მობილური ტელეფონები, რომელიც ეკუთვნოდა ს. პ–მ. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მსჯავრდებულ რ. რ–ს მითითება საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლით კვალიფიკაციაზე.

12. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო ზარების ამონაწერი არ იძლევა შესაძლებლობას მოხდეს იდენტიფიცირება თუ ვისთან განახორციელა ზარი რ. რ–მ და რა მიზნით. ამასთან აღსანიშნავია, რომ მოცემულ ამონაწერთან დაკავშირებით დარღვეულია სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა მოპოვების, წარმოდგენისა და სისხლის სამართლის საქმეზე დამაგრების წესები. ამონაწერში მითითებულია მხოლოდ სატელეფონო ნომრები, რომელთა კუთვნილება რ. რ–ს მიერ მითითებული პირებისადმი არ დგინდება. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს ჰქონდა შესაბამისი დრო და შესაძლებლობა გამოეთხოვა აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესით.

13. ბრალდების მხარის მიერ დამატებით სხვა კამერების ჩანაწერების არ ამოღების შესახებ კასატორის პოზიციასთან დაკავშირებით, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებით სამართალწარმოებაში მხარეები წყვეტენ რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15). წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დგინდება რომ დაცვის მხარეს/მსჯავრდებულს არ მიეცა შესაძლებლობა მოეპოვებინა აღნიშნული ჩანაწერები. ამასთან მსჯავრდებულის მითითება სხვა კამერების და სხვა ჩანაწერების არსებობაზე წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს და არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებით.

14. სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის მითითებას, რომ მას არ მიეცა დაზარალებულის დაკითხვის შესაძლებლობა, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება რომ დაზარალებულის დაკითხვაში სრულყოფილი მონაწილეობა მიიღეს როგორც მსჯავრდებულებმა რ. რ–მ და გ. ყ–მ, ასევე მათმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აგვისტოს სხდომის ოქმი).

15. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას ზ. რ–ს, დ. თ–სა და გ. წ–ს გამოკითხვის ოქმების დაუშვებლად ცნობის შესახებ, რადგან მითითებულ პირთა გამოკითხვის ოქმები სწორად იქნა დაუშვებლად ცნობილი 2019 წლის 18 ივნისის წინასასამართლო სხდომაზე, ვინაიდან დაცვის მხარემ გამოკითხვის ოქმების შედგენისას არსებითად დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 134-ე მუხლის მოთხოვნები. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე კი დაცვის მხარის მიერ მითითებული პირების გამოკითხვის ოქმების თავიდან წარდგენა და იმაზე მითითება, რომ მტკიცებულებები მოპოვებული იქნა გამოძიების დასრულების შემდეგ ვერ გახდებოდა საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლით გათვალისწინებული წესით მტკიცებულებათა დაშვების საფუძველი.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. რ–ს საკასაციო საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

შ. თადუმაძე