Facebook Twitter

საქმე # 330100118002518503

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №511აპ-21 ქ. თბილისი

ლ. ბ–ი, 511აპ-21 10 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ლ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ს–სა და მსჯავრდებულ ზ. ჩ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით:

ბ. ლ–ს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

ზ. ჩ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნტებითა და საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 19 აპრილს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ. თ–ში, რ–ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში უკანონო შეღწევის გზით, საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის ნასამართლევი ბ. ლ–ა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 5 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევი ზ. ჩ–ი ჯგუფურად, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დაესხნენ ა. და ს. ლ–ებს. კერძოდ, ბ. ლ–ამ საცხოვრებელ სახლში შესვლისთანავე, ა. ლ–ს სახეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც წაქცეულს დანის მსგავსი საგანი მიადო ყელზე და მოსთხოვა ოქრო და ფული, ხოლო, როდესაც ა. ლ–ი ცდილობდა თავდამსხმელისგან თავის დაღწევას, სახეში რამდენჯერმე დაარტყა ფეხი. აღნიშნულის პარალელურად, ზ. ჩ–მ ხელი ჰკრა ს. ლ–ს და სახეში ხელი დაარტყა მას, რის შემდგომაც ბ. ლ–ამ და ზ. ჩ–მ მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს ლიპინსკების კუთვნილი, „სამსუნგის“ ფირმის, 700(შვიდასი) ლარად ღირებული ტელევიზორი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სისხლის სამართლის N.... (N...) საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის განჩინებით საქართველოს შსს ქ. თ–ს პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-8 განყოფილების გამომძიებლებს, წინააღმდეგობის გაწევისას იძულების პროპორციული ზომის გამოყენების უფლებით, მიეცათ ნებართვა, შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით - ზ. ჩ–ისა და ბ. ლ–სგან ნერწყვისა და სუნის ნიმუშების აღების თაობაზე. თუმცა, ბ. ლ–ამ, მას შემდეგ, რაც გაეცნო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის განჩინებას, 2018 წლის 4 და 7 მაისს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N.. დაწესებულების საგამოძიებო ოთახში, საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ–ს სამმართველოს მე-.. განყოფილების გამომძიებელს უარი განუცხადა მისგან ნერწყვისა და სუნის ნიმუშების აღებაზე; 2018 წლის 11 და 16 მაისს ბ. ლ–ა და ზ. ჩ–ი ნიმუშის აღების საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის თავიდან არიდების მიზნით, არ გამოვიდნენ პენიტენციური დეპარტამენტის N.. დაწესებულებაში მათთვის განკუთვნილი საკნებიდან და არ გამოცხადდნენ ამავე დაწესებულების საგამოძიებო ოთახში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 იანვრის განაჩენით:

2.1. ბ. ლ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ბ. ლ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ბ. ლ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 11 აპრილიდან.

2.2 ზ. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ზ. ჩ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 5 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. ჩ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ზ. ჩ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 11 აპრილიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების - ბ. ლ–სა და ზ. ჩ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ. მ–მ და მსჯავრდებულმა ბ. ლ–ამ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 იანვრის განაჩენი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ბ. ლ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ს–მ და მსჯავრდებულ ზ. ჩ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ფ–მ.

მსჯავრდებულ ბ. ლ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ. ს–მ მოითხოვა ბ. ლ–ს უდანაშაულოდ ცნობა, თითოეულ ბრალდებასთან მიმართებით.

მსჯავრდებულ ზ. ჩ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ფ–მ მოითხოვა ზ. ჩ–ის სრულად გამართლება.

დაცვის მხარის საკასაციო საჩივრებზე წარმოდგენილია თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის შესაგებელი.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრების მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ თვითინკრიმინირებისგან დაცვის პრივილეგია არ ვრცელდება სისხლის სამართალწარმოებაში იმ მასალის გამოყენებაზე, რომელიც არსებობს ბრალდებულის ნებისგან დამოუკიდებლად, როგორიცაა, inter alia, სასამართლოს ნებართვის საფუძველზე მოპოვებული დოკუმენტები, სუნთქვის, სისხლის და შარდის ნიმუშები და სხეულის ქსოვილი დნმ-ის ანალიზისთვის“ (Saunderds v. The United Kindgom, No. №19187/91, §69, ECtHR, 17/12/1996). „...ბრალდებულს მოეთხოვება მშვიდად მიიღოს უმნიშვნელო ჩარევა მის ფიზიკურ ხელშეუხებლობაში (მაგ.: სისხლის, თმის ან ორგანული ქსოვილის ნიმუშის აღებისას). მაშინაც კი, როდესაც საჭიროა ბრალდებულის აქტიური მონაწილეობა, სონდერსის საქმის თვალსაზრისით, ეს ეხება ორგანიზმის ჩვეულებრივი ფუნქციონირებით წარმოშობილ მასალებს(როგორიცაა: სუნთქვის, შარდის ან ხმის ნიმუშებს) (Jalloh v. Germany, no. 54810/00, §114, ECtHR, 11/07/2021). შესაბამისად, კასატორის მითითება საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-17 ნაწილზე ირელევანტურია.

3. საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით ისჯება განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა. საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია მართლმსაჯულების ინტერესი სამართალშეფარდების პროცესის რეალიზაციის უზრუნველსაყოფად, დანაშაულის საგანს კი წარმოადგენს სასამართლოს განაჩენი, განჩინება ან სხვა გადაწყვეტილება.

4. საქართველოს სსსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ პირი უარს აცხადებს ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე, რომელიც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, ნიმუშის აღება ტარდება სასამართლოს განჩინების საფუძველზე. შესაბამისად, დასაშვებია ბრალდებულის სხეულიდან ინფორმაციის მოპოვება იძულებით მაშინაც, როდესაც ბრალდებული ამის წინააღმდეგია, იძულების პროპორციული ზომის გამოყენების გზით საქართველოს სსსკ-ის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სსსკ-ის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში ნიმუშის აღება არ უკავშირდებოდა ძლიერი ტკივილის მიყენებას და ნებადართული იყო სასამართლოს განჩინებით.

5. ბ. ლ–სა და ზ. ჩ–ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის საფუძველზე, ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისათვის ხელის შეშლაში.

6. 2018 წლის 4 მაისის ოქმებით საპროცესო მოქმედების ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ დასტურდება, რომ ბ. ლ–სა და ზ. ჩ–ს გაეცნოთ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის განჩინება საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე, განემარტათ უფლებები და მოვალეობები, საპროცესო მოქმედების ჩატარების წესი. ბ. ლ–ამ და ზ. ჩ–მ უარი განაცხადეს მათთან საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე და მიუთითეს, რომ უარს ამბობდნენ ნიმუშის აღებაზე (იხ. ტ. 2, ს.ფ. 171-172).

7. 2018 წლის 7 მაისის ოქმით საპროცესო მოქმედების ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის განჩინების საფუძველზე ბ. ლ–ამ და ზ. ჩ–მ უარი განაცხადეს ნიმუშის აღებასა და საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მიღებაზე (იხ. ტ. 2, ს.ფ. 178)

8. 2018 წლის 11 მაისის ოქმებით საპროცესო მოქმედების ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ დგინდება, რომ გამომძიებლები ბრალდებულების ინტერესების დამცველ ადვოკატებთან ერთად იმყოფებოდნენ პენიტენციური დაწესებულების N.. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რათა ბრალდებულებისაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის განჩინების საფუძველზე მომხდარიყო ნიმუშის აღება იძულების წესით, პროპორციული ძალის გამოყენებით. გამოძახებულ ბრალდებულები - ბ. ლ–ა და ზ. ჩ–ი, რომლებმაც უარი განაცხადეს საგამოძიებო ოთახში შესვლასა (საკნიდან გამოსვლაზე) და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე (იხ. ტ. 2, ს.ფ. 182-183).

9. 2018 წლის 16 მაისის ოქმით საპროცესო მოქმედების ვერჩატარების შესახებ დგინდება, რომ ბრალდებულები - ბ. ლ–ა და ზ. ჩ–ი არ გამოვიდნენ საკნიდან და უარი განაცხადეს საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობაზე (იხ. ტ. 2, ს.ფ. 190).

10. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ. ხ-მა განაცხადა, რომ მუშაობს შსს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახურის ოდოროლოგიურ განყოფილებაში ექსპერტის პოზიციაზე. 2018 წლის 4 და 16 მაისს გამოძახებული იყო გამომძიებლის მიერ N.. პენიტენციურ დაწესებულებაში ბ. ლ–ს და ზ. ჩ–ისგან სუნის ნიმუშების ასაღებად, მაგრამ ნიმუშების აღება ვერ შეძლო. 4 მაისს ბრალდებულებმა უარი განაცხადეს საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობაზე, ხოლო 16 მაისს საერთოდ არ გამოვიდნენ საკნიდან. პირველ ჯერზე გამომძიებელმა ი. ტ–მ თითოეულ მათგანს გააცნო მოსამართლის განჩინება, რის შემდეგაც ორივემ უარი თქვა ნიმუშის აღებაზე.

11. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ. ნ–მ განაცხადა, რომ არის საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახურის ექსპერტი. 2018 წლის 7 და 11 მაისს გამომძიებლებთან ერთად იმყოფებოდა N.. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბრალდებულების - ზ. ჩ–ისა და ბ. ლ–სგან სუნის ნიმუშების ასაღებად, თუმცა ამ საპროცესო მოქმედების ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან, პირველ ჯერზე, გამომძიებელ ი. ტ–ს მიერ განჩინების გაცნობის შემდეგ, ბრალდებულებმა მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, ხოლო შემდეგ მისვლაზე, როგორც ციხის თანამშრომლებმა განუმარტეს, ბრალდებულები არ შედიოდნენ სპეციალურ ოთახში, ვინაიდან ნიმუშის აღებაში მონაწილეობაზე კვლავ უარს აცხადებდნენ.

12. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ. კ–მ განაცხადა, რომ მუშაობს პენიტენციური დეპარტამენტის N.. დაწესებულების საგამოძიებო ნაწილში ინსპექტორ-კონტროლიორის პოზიციაზე. მის მოვალეობებში შედის, მათ შორის - დაწესებულების შესაბამის საკნებში მოთავსებული პატიმრების საგამოძიებო ოთახებში გაყვანა ადვოკატსა და გამომძიებელთან შეხვედრებზე. მოწმემ დაადასტურა, რომ 2018 წლის 11 მაისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც დაევალა ზ. ჩ–ის საგამოძიებო ოთახში გამომძიებელთან გადაყვანა. აღნიშნული დავალების შესრულება ვერ შეძლო, რადგან ზ. ჩ–მ გამომძიებელსა და ექსპერტთან შეხვედრასა და საკნის დატოვებაზე განაცხადა უარი. აღნიშნა, რომ იგი არ მიიღებდა მონაწილოებას საგამოძიებო მოქმედებაში და სანამ განჩინებას ვადა არ გაუვიდოდა, საკანს არ დატოვებდა. მოწმე დაბრუნდა გამომძიებელთან და მოახსენა ის, რაც განუცხადა ზ. ჩ–მ. გამომძიებელმა შეადგინა ოქმი, რომელიც ხელმოწერით დაადასტურა.

13. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე კ. ო–მ განაცხადა, რომ არის N.. პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი და სამსახურიდან გამომდინარე, იცნობს ბ. ლ–სა და ზ. ჩ–ს. 2018 წლის 11 მაისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მათთან მივიდა გამომძიებელი ექსპერტებთან ერთად. მას დაევალა, ბ. ლ–ა საგამოძიებო ოთახში გადაყვანა მისგან სისხლისა და სუნის ნიმუშების ასაღებად. თუმცა, ბ. ლ–ამ უარი განაცხადა საპროცესო მოქმედებაში ნებაყოფლობით მონაწილეობაზე, ვინაიდან თავს ცნობდა უდანაშაულოდ. ბ. ლ–ს განემარტა, რომ მიღებული იყო სასამართლოს განჩინება აღნიშნული საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად, რაც ასევე ითვალისწინებდა მის მიმართ პროპორციული იძულებითი ზომის გამოყენებას, თუმცა ბ. ლ–ამ პირველ ჯერზე უარი თქვა ნიმუშის აღებაზე და შემდეგში საერთოდ საკნიდან არ გასულა.

14. მოცემულ შემთხვევაში განჩინების აღსრულება დაევალა საქართველოს შსს ქ. თ–ს პოლიციის დეპარტამენტის გ–ს სამმართველოს მე-.. განყოფილების გამომძიებლებს ( იხ.ტ 2, ს.ფ. 163-167) და ამავე განჩინებით იქნა გათვალისწინებული წინააღმდეგობის შემთხვევაში პროპორციული ძალის გამოყენების შესაძლებლობა, საქართველოს სსსკ-ის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება რომ მითითებულ ეპიზოდებში პროპორციული ძალა გამოიყენეს და პროპორციული ძალის გამოყენების მიუხედავად, ვერ მოხერხდა ბ. ლ–სა და ზ. ჩ–ისაგან სუნის ან ნერწყვის ნიმუშის აღება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ზ. ჩ–ი და ბ. ლ–ა უნდა გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებაში.

15. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001) და ვინაიდან საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბ. ლ–ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის, ხოლო ზ. ჩ–ის - საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების ნაწილში, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც ეთანხმება.

16. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას ბ. ლ–ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ზ. ჩ–ის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით (დაზარალებულების - ს. ლ–სა და ა. ლ–ს, მოწმეების: ლ. თ–ს, გ. ს–ს, ლ. ყ–ს, ი. ტ–ს, თ. ლ–ს, გ. ტ–ს ჩვენებებით, 2018 წლის 9 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N.... დასკვნით, ი/მ „.........ის“ კუთვნილი ლომბარდიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერით, 2018 წლის 9 აპრილის ამოღების ოქმით, N.. სალომბარდე ხელშეკრულებით, 2018 წლის 10 აპრილის ამოღების ოქმით, კომპლექსური ექსპერტიზის N...., .... ..... დასკვნით, 2018 წლის 13 აპრილის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N..... დასკვნით(ა. ლ–ს მიმართ), სასამართლო-სამედიცინო N..... ექსპერტიზის დასკვნით (ს. ლ–ს მიმართ), ოდოროლოგიური ექსპერტიზის N..... დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბ. ლ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის, ხოლო ზ. ჩ–ის მიერ - საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

17. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ადვოკატ კ. ს–ს პოზიციას დაზარალებულის ჩვენების არასარწმუნოობასთან დაკავშირებით. სასამართლო თვალისწინებს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მეტადონის ჩანაცვლებითი პროგრამის ექიმ-ნარკოლოგ თ. ნ–ს ჩვენების თანახმად, ა. ლ–ი იღებს მეტადონს თერაპიული დოზით, რომელიც არ იწვევს ნარკოტიკული თრობის მდგომარეობას (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის სხდომის ოქმი 11:39:50 – 11:40:04); ა. ლ–სა და ს. ლ–ს ჩვენებებში არ ფიქსირდება ისეთი წინააღმდეგობრივი გარემოება, რაც საფუძველი გახდებოდა ეჭვისათვის, რომ ისინი იტყუებიან; მათი ჩვენებები სრულადაა თანხვდენილი საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან და არ არსებობს ა. ლ–ს ჩვენების არგაზიარების საფუძველი. ამასთან, ა. ლ–იმ მოწმის სახით დაკითხვისას მიუთითა, რომ 2019 წლის 8 აპრილს იყო სახლში, წამოწვა, ჩაი დალია და ის და მისი ძმა დაწვნენ დასაძინებლად. მეორე ოთახს ჩასასვლელივით აქვს და იქ ჩავიდა, საძინებელი ოთახია, ტელევიზორი ჰქონდა ჩართული, უკვე ეძინებოდა და ამ დროს მისმა ძმამ გააღვიძა და უთხრა, რომ კარზე აკაკუნებდნენ. მაშინვე ადგა, მივიდა კართან, სადაც გამჭვირვალე შუშებია და დაინახა, რომ ვიღაც ზურგით იდგა, მასთან მოდის ხოლმე „ლოთი კაცი, კ.“. კართან მდგომ პირს ჰკითხა: „კ–ე, შენ ხარ?“ რაც კართან მდგომმა პირმა დაუდასტურა, კ. ვარო, კარი გააღო და დაინახა, რომ იდგა ბ. ლ–ა. რაღაცის თქმა უნდოდა, ჰკითხა: „ბ–ი, რა მოგივიდა?“ და მაშინვე დაარტყა ბ. ლ–ამ, „გაფრინდა კარგ მანძილზე“, დაეცა იატაკზე (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის სხდომის ოქმის 15:15:43 – 15:18:12). დარტყმის შემდეგ ერთი - ორი წამით გაითიშა და როდესაც გონზე მოვიდა, იატაკზე იყო. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, რადგან ემუქრებოდა, რომ ჩუმად ყოფილიყო, თორემ უარესს გაუკეთებდა (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის სხდომის ოქმი 14:58:18-14:58:58). როდესაც თავის აწევას ცდილობდა, ბ. ლ–ა ურტყამდა, რომ ჩუმად ყოფილიყო, ამ დროს დაადო დანა; მწოლიარემ დაინახა, რომ მეორე პირმა ტელევიზორი გამოიტანა და ბ–საც უთხრა, წასულიყვნენ (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის სხდომის ოქმი 15:03:23 – 15:05:47). მოწმემ მიუთითა, რომ მას დანა არ უნახავს, მაგრამ იგრძნო, დანის გარჩევა სხვა საგნისაგან შეუძლია (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის სხდომის ოქმი 14:58:18 – 14:58:58). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ თავდასხმა მათ შორის გულისხმობს დაზარალებულის მიმართ დამნაშავის უეცარ, აგრესიულ მოქმედებას, რაც დაკავშირებულია ძალადობასთან. თავდასხმის ფაქტს, რომელსაც ერთვის ფიზიკური ძალადობა, როგორც წესი, კარგად აცნობიერებს დაზარალებული.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დანაშაულებრივი ქმედების სპეციფიკის გათვალისწინებით, დაზარალებულს მოვლენების აღქმა უხდებოდა ექსტრემალურ ვითარებაში. ა. ლ–იმ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას არაერთხელ მიუთითა, რომ არ ახსოვდა, რა ეცვა ბ. ლ–ს, გამოთქვამდა მხოლოდ ვარაუდებს, რაზეც საბოლოოდ უთითებდა, რომ არ ახსოვდა ბ. ლ–ს ჩაცმულობა (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის სხდომის ოქმი 12:25:37 – 14:26:14). სასამართლო ითვალისწინებს როგორც მოწმის დაკითხვასა და დანაშაულის ფაქტს შორის დროის ხანგრძლივობას (მოწმე 2018 წლის 9 აპრილს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაიკითხა 2018 წლის 22 და 25 ოქტომბერს, 6 თვეზე მეტი ხნის შემდეგ), ასევე - დანაშაულის ჩადენის ვითარებასა და დაზარალებულის ფსიქოემოციურ მდგომარეობას; ასევე იმ გარემოებას, რომ დაზარალებულის ჩვენებაში არსებული ცალკეული უზუსტობები არ ეხება განსახილველი საქმის არსებით გარემოებებს; მტკიცების საგანში შემავალ ძირითად საკითხებთან მიმართებით ჩვენება თანმიმდევრულია.

20. სამედიცინო ექსპერტიზის N..... დასკვნის თანახმად, ა. ლ–ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების, ნაჭდევებისა და სისხლჩაქცევების სახით; შემოწმების მომენტში უჩიოდა ტკივილს სახის მიდამოში. მარცხენა თვალბუდის ორივე ქუთუთოზე აღენიშნება მოწითალო-მოიისფრო სისხლნაჟღენთი, ზომით 5X5 სმ, ამავე თვალის სკლერაში - მოწითალო სისხლჩაქცევა. მარჯვენა თვალბუდის ქვემო ქუთუთოზე აღინიშნება ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთები, ზომით 4,5X2 სმ. ზედა ტუჩის მიდამოში აღინიშნება კანის დონეზე მდებარე, მოწითალო ფერის, ნაზი ფუფხით დაფარული, განივად მდებარე, უსწორო ფორმის ნაჭდევი, ზომით 2X1 სმ. ასეთივე ხასიათის ნაჭდევები აღინიშნება მარცხენა მტევნის პირველი თითის დისტალური ფალანგის უკანა ზედაპირზე, ზომით 0,6X0,2 სმ; მარცხნივ, ლოყის მიდამოში, ზომით 0,5X0,7 სმ. ქვედა ტუჩის ლორწოვანაზე აღინიშნება მოწითალო ფერის სისხლჩაქცევა, ზომით 0,6X0,4. ასეთივე ფერის სისხლჩაქცევა აღინიშნება ზედა ტუჩის ლორწოვანაზე, მარცხნივ, ზომით 0,6X0,5. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს, რაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა გულნაზ ტატანაშვილმა.

21. ოდოროლოგიური ექსპერტიზის N..... დასკვნის თანახმად, 2018 წლის 9 აპრილს, ქ. თ–ში, რ–ს ქუჩა N..-ში, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, მისაღებ ოთახში, მაცივრის გვერდით, ბეტონის იატაკიდან და საძინებელ ოთახში, საწოლებს შორის ნოხიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბ. ლ–სა და ზ. ჩ–ისაგან აღებული სუნის კვალისა (ექსპერტმა გ. ტ–მ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის კატეგორიული ხასიათი და დასკვნის სისწორე). სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს არ მიუთითებია ისეთ გარემოებებზე, რომლებიც, ექსპერტის განმარტების შესაბამისად, გააჩენდა ალბათობას, რომ ზ. ჩ–ის სუნის კვალი დაზარალებულების ბინაში გადაიტანა ბ. ლ–ამ.

22. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, საგამოძიებო მოქმედება - დათვალიერების ჩატარების დროს ფოტოსურათების გადაღებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 125-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დათვალიერება შეიძლება ჩატარდეს ტექნიკური საშუალებებით, თუ ეს არ გამოიწვევს საგნის, დოკუმენტის, ნივთიერებისა თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ან მასზე არსებული კვალის განადგურებას ან დაზიანებას. დათვალიერების მიმდინარეობისას ტექნიკური საშუალების გამოყენება წარმოადგენს მხარის უფლებას და არა - ვალდებულებას, შესაბამისად, აღნიშნული უფლების არგამოყენება a priori არ წარმოადგენს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველს.

23. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის პოზიციას, რომ სასამართლოს ასევე უნდა გაეზიარებინა ა. ლ–ს განცხადება 2018 წლის 22 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე, რომ ზ. ჩ–ი მის ბინაში არცერთხელ, მათ შორის - არც 2018 წლის 9 აპრილს - არ ყოფილა და იგი საერთოდ არ იცნობს მას, ვინაიდან ა. ლ–იმ განმარტა, რომ მეორე პირი, რომელიც ბ. ლ–სთან ერთად იყო შემოსული, მას არ უნახავს, მისი აღწერილობა და ჩაცმულობა არ ახსოვს (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის სხდომის ოქმი 15:23:02 – 15:23:30). შესაბამისად, დაზარალებულმა არც გამორიცხა და არც დაადასტურა ზ. ჩ–ის მის ბინაში 2018 წლის 9 აპრილს ყოფნის ფაქტი. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზ. ჩ–ის ა. და ს. ლ–ების ბინაში ყოფნის ფაქტი დასტურდება ს. ლ–ს ჩვენებით, პირის ამოცნობის ოქმითა და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით.

24. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ს. ლ–მ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მართალია, ვერ შეძლო სრულყოფილად მიეღო დაკითხვაში მონაწილეობა, თუმცა დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მის მიერ მიცემული ჩვენება და აღნიშნა, რომ მომხდარი შემთხვევის დროს მისი საუბარი იყო უკეთესი (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის სხდომის ოქმი 16:38:35 – 16:39:18; 17:08:30 – 17:09:05) და გამომძიებელთან კომუნიკაცია ჰქონდა ჩვეულებრივად; გაზაფხულობით ყოველთვის უკეთესადაა (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის სხდომის ოქმი 16:41:13 – 16:41:35).

25. სასამართლო ასევე ითვალისწინებს მოწმე ლ. ყ–ს ჩვენებას, რომ მომხდარი შემთხვევის დროს ს. ლ–ს საუბრიდან ყველაფრის გაგება იყო შესაძლებელი, თუ კარგად დაუკვირდებოდა ადამიანი. რთული იყო, მაგრამ ყურის დაგდებით შესაძლებელი იყო. ის გამომძიებელს არაფერში არ ეხმარებოდა, ისინი თვითონ საუბრობდნენ. მან წაუკითხა ს. ლ–ს რაც ისაუბრა და გამომძიებელმა დაწერა, წაუკითხა და ყველაფერზე დასთანხმდა. ხელი რომ მოაწერა, ხელი უკანკალებდა. ნორმალურად, ჩვეულებრივ ხმაზე საუბრობდა (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის სხდომის ოქმი 11:31:50 – 11:32:27). დაზარალებულმა ა. ლ–იმაც დაადასტურა, რომ ს. ლ–ი მომხდარ შემთხვევამდე გაცილებით უკეთ საუბრობდა და სხვებიც იგებდნენ. ახლა კი მხოლოდ მას ესმის მისი (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის სხდომის ოქმი 15:11:20-15:12:59; 15:15:10-15:15:45). შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის დასკვნა, რომ გამოკითხვისას მოწმე ს. ლ–ი სრულყოფილად ვერ მეტყველებდა ასევე ვერ მეტყველებდა ზ. ჩ–ის ამოცნობის დროსაც და მისი საუბარი მხოლოდ ა. ლ–ს ესმოდა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, მოწმის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეერჩია დაკითხვის ტაქტიკა მისთვის სასურველ კითხვებზე პასუხების მისაღებად, რაც დაცვის მხარემ არ გამოიყენა და უარი განაცხადა მოწმის დაკითხვაზე.

26. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ს. ლ–ს ჩვენება თანხვედრაშია როგორც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ასევე ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ გარემოებებთან. შესაბამისად, სასამართლოს მოცემული მოწმის გამოძიების ეტაპზე (რომელიც გამოქვეყნდა საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლით დადგენილი წესით) და სასამართლოში მიცემული ჩვენებების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს.

27. საქართველოს სსსკ-ის 134-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, თუ საგამოძიებო მოქმედების მონაწილე ფიზიკური ნაკლის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ აწერს ხელს ოქმს, მოიწვევა გარეშე პირი, რომელიც ხელმოწერით მის ნაცვლად ადასტურებს ოქმს. საქართველოს სსსკ-ი არ შეიცავს სხვა დამატებით მოთხოვნას გარეშე პირთან დაკავშირებით.

28. ს. ლ–ს ჩვენებით დგინდება, რომ მონაწილეობდა გამოკითხვაში, ექსპერტიზაში, ამოცნობასა და ტელევიზორის დათვალიერებაში (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის სხდომის ოქმი 16:59:25 – 17:01:00). მოწმის განმარტებით, მას ამოსაცნობად წარედგინა ოთხი ფოტოსურათი (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის სხდომის ოქმი 16:52:29 – 16:52:42); პროკურორმა მოწმეს წარუდგინა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ოქმები და ს. ლ–მ დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებების ოქმებზე თავისი ხელმოწერების ნამდვილობა (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის სხდომის ოქმი 17:02:53 – 17:04:40; 17:05:20 – 17:06:30). ამასთან, პროკურორის კითხვაზე, დარბაზში იმყოფებოდა თუ არა პირი, რომელიც მან ამოიცნო, ს. ლ–მ მიუთითა ზ. ჩ–ზე(იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის სხდომის ოქმი 16:52:13 – 16:52:29). ს. ლ–მ ასევე განმარტა, რომ მის გამოკითხვაში მონაწილეობდნენ პოლიციელი და ქალი (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის სხდომის ოქმი 16:57:00 – 16:57:06; 16:57:54 – 16:58:16). მოწმის განმარტებით, მის სახლში შესული პირი იყო მაღალი, შავგრემანი, წვერებიანი, მეორე პირი არ დაუნახავს, ზურგიდან დაინახა. მის ოთახში შემოსულ პირს ეცვა ქურთუკი და შარვალი (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის სხდომის ოქმი 17:09:34 – 17:10:20).

29. უსაფუძვლობის გამო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას ლ. ყ–ს მიკერძოების შესახებ, ვინაიდან მოწმისა და პოლიციის თანამშრომლების ნაცნობობა - ურთიერთობის ხასიათის (მუშაობს ჯიხურში, ყავასა და სიგარეტებზე, 24 საათის განმავლობაში. იცნობს პოლიციელებს, რადგან მისი კლიენტები არიან. ყველას არ იცნობს, მაგრამ მეტწილად იცის, ვინც მოდიან ბიჭები იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის სხდომის ოქმი 11:29:05 – 11:29:29) გათვალისწინებით, არ წარმოადგენს მოწმის გულწრფელობაში ეჭვის შეტანისთვის საკმარის საფუძველს.

30. დაუსაბუთებელია კასატორის პოზიცია სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ. თ–ს ბრალდების მხარის მიერ განზრახ წარმოუდგენლობასთან დაკავშირებით. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ლ. თ–მ წარმოადგენდა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მოწმეს(იხ.: ტ.3, ს.ფ. 5-6 დაცვის მხარის მტკიცებულებათა ნუსხა). ვინაიდან ბრალდების მხარის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხდა მოწმის წარმოდგენა, 2018 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე სასამართლომ დაცვის მხარეს შესთავაზა, თავად უზრუნველეყო ლ. თ–ს წარმოდგენა, რაც ვერც დაცვის მხარემ შეძლო (წარმოადგინა მხოლოდ მოწმე გ. კ–ა). შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ობიექტურად ვერ მოხდა მოწმე ლ. თ–ს წარმოდგენა და მისი ჩვენება გამოქვეყნდა საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლით დადგენილი წესით. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ლ. თ–ს გამოქვეყნებული ჩვენება არ წარმოადგენს არც ერთადერთ და არც ძირითად მამხილებელ მტკიცებულებას, რომელსაც ემყარება ბ. ლ–სა და ზ. ჩ–ის მსჯავრდება.

31. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს,რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლის საფუძველზე ხ. ზ–ს, მსჯავრდებულ ბ. ლ–ს მეუღლის დაკითხვის თაობაზე. მოწმემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ როდესაც თავად დაუკავშირდა ლ. თ–ს და უთხრა, მისულიყო სასამართლო პროცესზე და ეთქვა სიმართლე, ლ. თ–მ განუმარტა, რომ სასამართლო სხდომა მის გარეშე ვერ დასრულდებოდა და საბოლოო გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული იგი ელოდებოდა ზარს, რის შემდეგაც გამოცხადდებოდა სხდომაზე. ვის ზარს ელოდებოდა ლ. თ–მ, მოწმისათვის არ უთქვამს. როგორც განუმარტა, ამას ვერ იტყოდა და ვერც ვერავის შეხვდებოდა, თავისით მივიდოდა სხდომაზე, როცა ამის დრო მოვიდოდა. ამასთან, საქმის მასალებში არ მოიპოვება მოწმის ჩვენების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება (მაგ. სატელეფონო ზარების ამონაწერი).

32. რაც შეეხება დაცვის მხარის შუამდგომლობას, ლ. თ–ს განცხადების(29.04.2021), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს ცნობის (28.04.2020) და ლ. თ–ს გამოკითხვის ოქმის (29.04.21) საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლის საფუძველზე საქმეზე დართვისა და ლ. თ–ს დაკითხვის შესახებ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოქმედი სსსკ-ი არ ითვალისწინებს საქმის საკასაციო წესით განხილვისას ახალი მტკიცებულების გამოკვლევის შესაძლებლობას, რის გამოც სასამართლო მოკლებულია ლ. თ–ს დაკითხვის შესაძლებლობას.

33. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს წარმოდგენილი ცნობის თანახმად, ლ. თ–ს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა დაუსრულდა 2020 წლის 18 სექტემბერს, მაგრამ ცნობაში მითითებული არ არის დროის იმ მონაკვეთში, როდესაც არსებითად განიხილებოდა ბ. ლ–სა და ზ. ჩ–ის სისხლის სამართლის საქმე მოწმე ცხადდებოდა თუ არა პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე.

34. ზ. ჩ–ის სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და კასატორის მტკიცების საფუძველზე, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ დადგენილ ფაქტად მიიჩნიოს სადავო არასათანადო მოპყრობა (Davtian v. Georgia, no. 73241/01, §38, 27/07/2006, Danelia v. Georgia, no.68622/01, §§ 42, 43, 17/10/2006; Mikiashvili v. Georgia, no. 18996/06, §85, ECtHR, 09/10/2012). სასამართლო ითვალისწინებს თავისუფლებაშეზღუდული პირების მოწყვლად მდგომარეობას და სახელმწიფოს ვალდებულებას, დაიცვას ისინი (იხ. Salman v. Turkey [GC], no. 21986/93, § 99, ECtHR, 27/06/2000; Bouyid v. Belgium, no.23380/09, §83, ECtHR, 28/09/2015). “როდესაც სადავო შემთხვევები, მთლიანად ან ნაწილობრივ, წარმოადგენს შესაბამის ორგანოთა ექსკლუზიური ინფორმირებულობის სფეროს, როგორც ეს დაკავებული პირების შემთხვევაშია, ჩნდება ძლიერი ეჭვები პატიმრობის პერიოდში წარმოქმნილ დაზიანებებთან დაკავშირებით...მტკიცების ტვირთი ეკისრება შესაბამის ორგანოებს, წარმოადგინონ დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებელი განმარტება, მოითხოვს ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას“ (Dvalishvili v. Georgia, no. 19634/07, § 39-40, ECtHR, 18/12/2012).

35. განსახილველ შემთხვევაში ზ. ჩ–მ მასზე ფიზიკური ძალადობის შესახებ განაცხადა 2018 წლის 14 აპრილს - ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხის განხილვის სასამართლო სხდომაზე და საქმის განმხილველმა მოსამართლემ ბრალდების მხარეს დაავალა, მოეხდინა შესაბამისი რეაგირება საქმისათვის მნიშვნელოვანი მონაცემების დასადგენად. 2018 წლის 14 აპრილს გამომძიებელმა ი. ტ–მ შეადგინა დადგენილება სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომელმაც გაუგზავნა ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსს. გამომძიებელმა წერილით მიმართა ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებას, რომ შემჭიდროებულ ვადაში უზრუნველეყოთ ზ. ჩ–ის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით წარდგენა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის - ნ. კ–ს 2018 წლის 23 აპრილის წერილით და მასზე დართული ოქმით დგინდება, რომ ზ. ჩ–მ უარი განაცხადა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე (ამბულატორიულ შემოწმებაზე). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9, 25-ე, 44-ე და 144-ე მუხლების საფუძველზე დაცვის მხარეს (მათ შორის - ზ. ჯ–ს ადვოკატს) ჰქონდა შესაბამისი დრო და შესაძლებლობა, თავად უზრუნველეყო შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, რაც დაცვის მხარეს არ გაუკეთებია.

36. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და მიაჩნია, რომ კასატორების: ადვოკატ კ. ს–ს მოთხოვნა - მსჯავრდებულ ბ. ლ–ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და ადვოკატ ნ. ფ–ს მოთხოვნა - ზ. ჩ–ის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

37. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011), არამედ გულისხმობს კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ.Tchankotadze v. Georgia, no. 15256/05, §103, ECtHR, 21/06/2016; Deryan v. Turkey, no. 41721/04, § 33, 21/07/2015).

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ბ. ლ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ს–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მსჯავრდებულ ზ. ჩ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

4. ბ. ლ–ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში;

5. ზ. ჩ–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში;

6. ბ. ლ–ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;

7. ზ. ჩ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუქნტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;

8. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

9. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

მ. გაბინაშვილი