საქმე # 030100120003821908
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №524აპ-21 ქ. თბილისი
კ. ჰ., 524აპ-21 15 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჰ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ჰ. კ-ს, ბრალად ედებოდა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას ან შენახვას;
- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას.
2. ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის ივლისში ჰ. კ-მ ქ. ფ–ი მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა სროლისათვის ვარგისი ცეცხლსასროლი იარაღი - სტანდარტული-ქარხნული წესით დამზადებული, 1... წლის ნიმუშის, „...” მოდელის, 5.45 მმ კალიბრიანი ,,კალაშნიკოვის" კონსტრუქციის N........ ავტომატი და სროლისათვის ვარგისი საბრძოლო მასალა - ცეცხლსასროლი იარაღებისათვის განკუთვნილი, ქარხნული წესით დამზადებული, 1... წლის ნიმუშის 5,45 მმ კალიბრიანი 45 ცალი ვაზნა, რასაც ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.
2020 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 02:00 საათზე, ჰ. კ. ქ. ფ-ი, ს-ს ქუჩაზე ქვეითად გადაადგილებისას, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ, სროლისათვის ვარგის ცეცხლსასროლ იარაღს - სტანდარტულ-ქარხნული წესით დამზადებულ, 1--- წლის ნიმუშის, „A....” მოდელის, 5.45 მმ კალიბრიან ,,კალაშნიკოვის" კონსტრუქციის N...... ავტომატს და სროლისათვის ვარგის საბრძოლო მასალას - ცეცხლსასროლი იარაღებისათვის განკუთვნილ, ქარხნული წესით დამზადებულ, 1... წლის ნიმუშის, 5,45 მმ კალიბრიან 45 ცალ ვაზნას, რაც იმავე დღეს ამოიღეს პოლიციის მუშაკებმა მისი პირადი ჩხრეკისას.
3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 ნოემბრის განაჩენით ჰ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
ჰ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ ჰ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით;
ჰ. კ-ს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობის დრო და მის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო მისი ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2020 წლის 12 ივლისიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ადვოკატმა მ. კ-მ, რომელმაც ითხოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და ჰ. კ-ს გამართლება.
5. ადვოკატის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილემ ფელიქს ჯალაღონიამ, რომელმაც ითხოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვება.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჰ. კ-ს ადვოკატმა მ. კ-მ, რომელიც ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის განაჩენის გაუქმებასა და ჰ. კ-ს გამართლებას.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ( შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს ჰ. კ-ს გამართლებას იმ მოტივით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება მხოლოდ სამი პოლიციელის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს და მათი მონაწილეობით ჩატარებულ დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს; გამოძიება არ ჩატარდა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად - არ ჩატარდა ბიოლოგიური ან/და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები, რაც დაადასტურებდა მსჯავრდებულის ამოღებულ ნივთებთან კავშირს, ასეთის შემთხვევაში.
3. მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენს - 2020 წლის 12 ივლისს, ღამის საათებში, ქ. ფ-ი, ს-ს ქუჩაზე ქვეითად გადაადგილებისას, ჰ. კ-ს ჰქონდა თუ არა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
4. ბალისტიკური ექსპერტიზის 2020 წლის 13 ივლისის დასკვნითა და ექსპერტ მ. კ-ს ჩვენების თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი, 2020 წლის 12 ივლისს ჰ. კ-საგან პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ავტომატი წარმოადგენს სტანდარტულ-ქარხნული წესით დამზადებულ, 1... წლის ნიმუშის, „......” მოდელის, 5,45 მმ კალიბრიან ,,კალაშნიკოვის" კონსტრუქციის ავტომატს N........, რომელიც ვარგისია სროლისათვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.
ექსპერტიზაზე წარდგენილი, 2020 წლის 12 ივლისს ჰ. კ-საგან პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული 45 (ორმოცდახუთი) ცალი ვაზნა წარმოადგენს 1... წლის ნიმუშის ,,კალაშნიკოვის" ავტომატებისათვის: „.....” (მათ შორის წარმოდგენილი ავტომატისთვის) „...........”, ტყვიამფრქვევებისთვის: “.........” და სხვა სისტემის ცეცხლსასროლი იარაღებისთვის განკუთვნილ, ქარხნული წესით დამზადებულ, 1... წლის ნიმუშის, 5,45 მმ კალიბრიან ვაზნებს, რომლებიც ვარგისია სროლისათვის და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.
1 ცალი მჭიდი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1... წლის ნიმუშის, 5,45 მმ კალიბრიან 45 (ორმოცდახუთი) ცალი ვაზნის ტევადობის მჭიდს “..........” ასევე ავტომატებისათვის: „.....” (მათ შორის წარმოდგენილი ავტომატისთვის), „...........”. მჭიდი არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.
ექსპერტიზაზე წარდგენილი 2020 წლის 12 ივლისს ჰ. კ-საგან პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული, ცილინდრული ფორმის მქონე საგანი არის ცეცხლსასროლი იარაღის „.......” მოდელის ავტომატისთვის განკუთვნილი, თვითნაკეთი წესით დამზადებული მაყუჩი. მაყუჩი არ წარმოადგენს ცეცხლსასროლი იარაღის შემადგენელ ნაწილს.
5. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს ამოღებული ნივთების ცეცხლსასროლი იარაღის კატეგორიისადმი/ საბრძოლო მასალისადმი კუთვნილებას, მაგრამ a priori არ ადასტურებს ჰ. კ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, როდესაც სადავოა აღნიშნული საგნების ფლობა დაკავებული პირის მიერ.
6. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის 2020 წლის 12 ივლისის ოქმის თანახმად, 2020 წლის 12 ივლისს, 03:00 საათზე, დააკავეს ჰ. კ., რომელმაც თანხმობა განაცხადა პირად ჩხრეკაზე და წარადგინა ლურჯი ფერის პოლიეთილენის პაკეტი, მასში მოთავსებული ნივთებით: ცეცხლსასროლი იარაღითა (ავტომატი) და ერთი მჭიდით მასში მოთავსებული 45 ვაზნით, შავი ფერის ცილინდრის ფორმის მაყუჩი, ბრტყელტუჩა, ერთი მუქი ყავისფერი ტყავის ქამარი, ერთი წყვილი თეთრი ფერის რეზინის ერთჯერადი ხელთათმანი, ნაცრისფერი ნაჭრისგან ნიღბის ფორმაში გამოჭრილი ნაჭერი, ორი სკოჩი. ოქმის თანახმად, დაკავებულს გარეგნულად ვიზუალური დათვალიერებით და მისი განმარტებით სხეულზე რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნება.
7. საქართველოს შსს ფ–ს საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ა. ნ-მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2020 წლის 11-12 ივლისს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ. ფ-ი, გ. ჯ-ს და ს-ს ქუჩების გადაკვეთასთან, შენიშნა ჩქარი ნაბიჯით მიმავალი მამაკაცი, რომელსაც პოლიეთილენის პაკეტით რაღაც ჰქონდა იღლიაში; შეკითხვაზე მოქალაქემ უპასუხა, რომ იყო ჰ. კ. და მიჰქონდა ავტომობილის ნაწილი; თხოვნაზე, გაეხსნა პაკეტი - ჰ. კ. გაიქცა და თვითონ კი -გაეკიდა. გაქცევისას ჰ. კ. შეეჯახა ღობეებს. ადგილზე მივიდნენ შემთხვევით გამვლილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ჰ. კ. დააკავეს, რა დროსაც მას დაუვარდა პაკეტი, რომელიც ნაწილობრივ გაიხსნა და გამოჩნდა სახელური და ლულა. მათ შეკითხვაზე, თუ რა ნივთი იყო, ჰ. კ-მ განუმარტა, რომ იპოვა ავტომატი და მიჰქონდა პოლიციაში.
8. საპატრულო პოლიციის ფოთის განყოფილების პატრულ-ინსპექტორმა ლ. ქ-მ განმარტა, რომ 2020 წლის 12 ივლისს, 03:00 საათზე, სამსახურებრივი ავტომანქანით ლ. ჭ-სთან ერთად მოძრაობისას, ს-ს ქუჩაზე შენიშნეს, რომ პოლიციის თანამშრომელი ა. ნ.
ესაუბრებოდა მოქალაქეს, რომელიც მათი მიახლოებისას გაიქცა ღობისკენ და გაირბინა დაახლოებით 20-30 მეტრი. ა. ნ. დაედევნა მას. ლ. ქ. მეწყვილესთან ერთად ასევე გაეკიდა მოქალაქეს. ის წაიქცა, თუმცა ცდილობდა წამოდგომას. ა. ნ-სთან ერთად შეაჩერეს (11:25:49; 11:35:13); პირს გაქცევამდე და გაქცევისას ხელში ეჭირა ლურჯი ფერის პაკეტი, თუმცა ,,როდესაც შეაჩერეს, სანამ შეაჩერებდნენ“, დააგდო პაკეტი, რომელიც იღლიაში ჰქონდა ამოჩრილი (11:25:55); კითხვაზე განმარტა, რომ იყო ჰ. კ. და პაკეტში იდო ცეცხლსასროლი იარაღი. შეჩერებისას პაკეტი მისგან დაახლოებით 2-3 მეტრში ეგდო.
9. საპატრულო პოლიციის ფ–ს განყოფილების პატრულ-ინსპექტორმა ლ. ჭ-მ განმარტა, რომ დაახლოებით 03:00 საათზე პოლიციელი ა. ნ. ესაუბრებოდა მოქალაქეს, რომელიც ლ. ჭ-სა და მისი მეწყვილის მიახლოებისას გაიქცა (12:00:40). შესაბამისად, გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და დაედევნენ. მოქალაქეს იღლიაში ჰქონდა ამოდებული ლურჯი ფერის პოლიეთილენის პაკეტი, გაქცევისას წაიქცა, პოლიციელებმა კი შეძლეს შეჩერება (12:01:25). მოქალაქეს პაკეტი იქვე დაუვარდა (12:05:35). პოლიეთილენის პაკეტიდან ჩანდა ავტომატის ლულა (12:06:28). გამომძიებელი ადგილზე მივიდა დაახლოებით 1 საათში (12:07:48).
10. ფ–ს საქალაქო სამმართველოს გამომძიებელმა გ. მ-მ განმარტა, რომ 2020 წლის 12 ივლისს ა. ნ-სგან მიიღო შეტყობინება, რომ დაკავებული იყო ჰ. კ. იარაღის ტარების ფაქტზე, რის გამოც დაიწყო გამოძიება და გავიდა შემთხვევის ადგილზე. ჰ. კ-ს ფეხებთან იდო ლურჯი ფერის პაკეტი, საიდანაც მოჩანდა ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგანი. ჰ. კ-ს მიეცა წინადადება, წარედგინა ნივთები, რაზეც მან განაცხადა თანხმობა და გადასცა პაკეტი, რომელშიც იდო შავი ფერის ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი, მჭიდი 45 ვაზნით, მრგვალი ფორმის მაყუჩის მსგავსი რკინის საგანი. ამავე პაკეტში მოთავსებული იყო მეორე პაკეტი, რომელშიც აღმოჩნდა - ბრტყელტუჩა, სკოჩი, თვალების ადგილას ამოჭრილი ნაჭრის ქუდის მსგავსი, ერთი წყვილი რეზინის ხელთათმანი.
11. საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას, ჰ. კ-მ განმარტა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და დანაშაულისათვის, რომელიც არ ჩაუდენია, პასუხისმგებლობას ვერ აიღებს (11:28:37). მომხდარი დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ მას ქონებრივი დავა აქვს დეპუტატობის კანდიდატ ი. ხ-ა და კ. ლ-სთან, რომლებიც დაეუფლნენ მის ქონებას და ემუქრებოდნენ ნარკოტიკული საშუალების ან ავტომატის ჩადებით (11:28:43). 2020 წლის 12 ივლისს მიდიოდა მეგობარ ქალთან შეხვედრაზე, ხელში არაფერი სჭერია. დაკავების ადგილას დაინახა პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის - ნ., რომელსაც შორიდან იცნობდა, მიესალმა და ჩაუარა. დაახლოებით 35-40 მეტრის გავლისას დაინახა ლურჯი ფერის, ძირს დაგდებული პაკეტი, რომელსაც ფეხი წამოჰკრა, რა დროსაც პაკეტიდან გამოჩნდა ავტომატის ლულა, რაც გაუკვირდა. დააპირა პოლიციელებისათვის დაძახება, თუმცა მასთან მივიდა ა. ნ., წააქცია და დაადო ხელბორკილი. გაქცევა არ უცდია. მათთან სხვებიც მივიდნენ. პაკეტი იქვე, 2-3 მეტრში იდო, რა იყო შიგნით, არ იცოდა. გამომძიებელმა შეადგინა დაკავების ოქმი და გადაიყვანეს პოლიციაში. გამოძიების ეტაპზე აღიარებდა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას, რადგან საპროცესო შეთანხმების დადებას დაჰპირდნენ.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ პოლიციელთა ჩვენებები, რომლსაც ეფუძნება გასაჩივრებული განაჩენი, არ არის თანხვდენილი უშუალოდ მსჯავრდებულის შეჯახება/წაქცევისა და სადავო ნივთის დავარდნა/დაგდების საკითხებთან მიმართებით. კერძოდ: ა. ნ-ს განმარტებით, ჰ. კ. გაქცევისას ღობეს შეეჯახა, რის შემდეგაც პოლიციელებმა შეძლეს მისი დაკავება, რა დროსაც ამ უკანასკნელს დაუვარდა პაკეტი, რომელშიც მოთავსებული ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა; ლ. ქ-მ განმარტა, რომ ჰ. კ. პოლიციელების მიახლოებისას გაიქცა ღობისკენ და გაირბინა დაახლოებით 20-30 მეტრი. პირს გაქცევამდე და გაქცევისას ხელში ეჭირა ლურჯი ფერის პაკეტი, თუმცა ,,როდესაც შეაჩერეს, სანამ შეაჩერებდნენ“ დააგდო პაკეტი, რომელიც იღლიაში ჰქონდა ამოჩრილი (11:25:55), ხოლო მოწმე ლ. ჭ-ს ჩვენების თანახმად, ჰ. კ-ს იღლიაში ამოდებული ჰქონდა ლურჯი ფერის პოლიეთილენის პაკეტი, გაქცევისას წაიქცა, პოლიციელებმა კი შეძლეს შეჩერება. მოქალაქეს პაკეტი იქვე დაუვარდა (12:05:35).
13. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის მტკიცებულებათა ხარისხობრივ მოთხოვნასთან ერთად ადგენს მათი საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტსაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ბრალდების მხარის იმპერატიული ვალდებულებაა სისხლის სამართლის საქმის სრულყოფილი გამოძიების წარმოება, მტკიცებულებათა მოპოვება, მათი გამყარება და პირის ბრალეულობის დასადასტურებლად იმგვარი სამხილების წარმოდგენა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა მიუთითებს პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობა, თავისთავად, ზრდის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში შეცდომის, თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გ. ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-103).
14. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განაჩენი ეფუძნება პოლიციელების ჩვენებებს და მათი მონაწილეობით ჩატარებულ დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგ: იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები №404აპ-16, № 560აპ-16), ხოლო საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის თანახმად, გამომძიებელი ვალდებულია, გამოძიება წარმართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. მოცემულ შემთხვევაში გამოძიების ფარგლებში არ იქნა დანიშნული ბიოლოგიური ან/და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები ამოღებულ ნივთებთან ჰ. კ-ს შემხებლობის დადასტურების მიზნით. სასამართლო არ გამორიცხავს, რომ ექსპერტიზის შედეგები შესაძლოა ყოფილიყო არაინფორმატიული, რადგან აღნიშნული უკავშირდება მათ შორის კვალწარმოქმნის პროცესის თავისებურებას (მაგალითად: კონტაქტის ხასიათი, ხანგრძლივობა და ა.შ.), თუმცა გასათვალისწინებელია ბრალდების მხარის ვერსიით ჰ. კ-საგან ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალასთან ერთად სხვადასხვა ნივთების (მათ შორის: ბრტყელტუჩა, სკოჩი, თვალების ადგილას ამოჭრილი ნაჭრის ქუდის მსგავსი, რეზინის ხელთათმანი) ამოღება, რაც ზრდიდა აღნიშნულ ნივთებზე ჰ. კ-ს შემხებლობის დამადასტურებელი მტკიცებულების მოპოვების შესაძლებლობას (ასეთი შემხებლობის არსებობის შემთხვევაში).
15. სასამართლო თვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესს, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; ასევე - საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესს და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილს, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
16. მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდებულის მამხილებელ ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენს პოლიციელების ჩვენებები და მათივე მონაწილეობით შედგენილი დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი. საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები არ ადასტურებს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების ჰ. კ-ს მიერ შეძენას, შენახვასა და ტარებას. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც პოლიციელთა ჩვენებები გარკვეულ საკითხებთან მიმართებით არის წინააღმდეგობრივი, დაკავებული პირი სადავოდ ხდის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებულ გარემოებებს, სამართალდამცავებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად და ჩატარებული გამოძიება ვერ პასუხობს სისრულის და ყოველმხრივობის მოთხოვნას, მხოლოდ სადავო საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ჰ. კ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ჰ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის განაჩენი ჰ. კ-ს მიმართ;
3. ჰ. კ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში;
4. ჰ. კ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან;
5. გამართლებულ ჰ. კ-ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
6. სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი ცალი მჭიდი, 45 ცალი ვაზნა, ცილინდრის ფორმის მაყუჩი, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაეცეს საქართველოს შსს შეიარაღების შესაბამის სამსახურს, ხოლო ხელთათმანი, ბრტყელტუჩა, წებოვანი ლენტი, ნაჭრის ნიღბის მაგვარი ქსოვილი, ქამარი განადგურდეს, ხოლო ტანსაცმელი დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს ან უფლებამოსილ პირს;
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე