Facebook Twitter

ას-212-513-04 15 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი,

ქ. გაბელაია

სარჩელის საგანი: ზიანის ანაზღაურება და აუქციონის წესით ქონების გასხვისების აკრძალვა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 2 მარტს ე. კ-ის წარმომადგენელმა ა. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ჭ-ისა და ა. ჯ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურებისა და აუქციონის წესით ქონების გასხვისების აკრძალვის შესახებ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999წ. 3 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ე.კ-ეს თ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 ლარის გადახდა. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეები არიან სააღსრულებო ბიუროს მუშაკები, რომელთაც არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, არ უზრუნველყვეს კ-ისათვის გადასახდელი 2000 ლარის დანიშნულებისამებრ გადაცემა, რაც მიზნად ისახავდა მისი კუთვნილი ქონების აუქციონის მეშვეობით ხელში ჩაგდებას. ა.გ-მა მოითხოვა მოპასუხეთათვის ზიანის _ 2000 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

აღნიშნული საქმე რამოდენიმეჯერ გახდა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს განხილვის საგანი, ხოლო საბოლოოდ ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. პალატამ დაადგინა, რომ რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ა. გ-ს ჩაბარდა 2003წ. 11 ნოემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა ამავე წლის 12 დეკემბერს, ერთთვიანი ვადის დარღვევით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით, 374-ე, 61-ე მუხლით და სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია.

ე. კ-ის წარმომადგენელმა ა. გ-მა კერძო საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სტომატოლოგიურ კლინიკაში მკურნალობის გამო გაშვებული ერთთვიანი ვადის აღდგენა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2004წ. 4 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი დაუსაბუთებლად მიიჩნია და კანონით გათვალისწინებულ ვადაში გადაუგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლოს წარმოდგენილი კერძო საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის არსებითად განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით არასწორად განმარტა სსკ-ის 61-ე მუხლი და არ გამოიყენა ამავე კოდექსის მე-60 მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

დადგენილია, რომ ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 ივნისის გადაწყვეტილება ა. გ-ს ჩაბარდა 2003წ. 11 ნოემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა ამავე წლის 12 დეკემბერს. აღნიშნული საოლქო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევად და საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიიჩნია.

სსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა სსკ-ის 369-ე მუხლის შესაბამისად, იწყება გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან, ან გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტიდან, თუ მხარე გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა. ამრიგად, სსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების ან გამოცხადების მეორე დღიდან. რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დამთავრებას, სსკ-ის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო მე-3 ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლად დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ა. გ-ს ჩაბარდა 2003წ. 11 ნოემბერს. ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის ათვლა დაიწყო 11 ნოემბრის მომდევნო დღიდან _ 2003წ. 12 ნოემბრიდან და დამთავრდა მომდევნო თვის შესაბამისი რიცხვის _ 12 დეკემბრის ოცდაოთხ საათზე. ამდენად, ე.კ-ის წარმომადგენელ ა. გ-ს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ დაურღვევია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 დეკემბრისა და 2004წ. 4 თებერვლის განჩინებები უნდა გაუქმდეს და ე. კ-ის წარმომადგენლის _ ა. გ-ის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს არსებითად განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. კ-ის წარმომადგენლის _ ა. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 დეკემბრისა და 2004წ. 4 თებერვლის განჩინებები, ხოლო საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის არსებითად განსახილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.