Facebook Twitter

საქმე # 020100119002957428

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №554აპ-21 ქ. თბილისი

ზ.ც. 554აპ-21 2 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ – რამაზ ხურციას

ადვოკატ – რ. შ-ს

გამართლებულ – ც. ზ-ს

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა მესტიის რაიონული პროკურორის - რამაზ ხურციას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მარტის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ც. ზ-ს ბრალად ედება: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთოხების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2019 წლის 30 იანვარს მოქმედი რედაქცია); განსაცდელში მიტოვება, ესე იგი, დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით.

ც. ზ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2019 წლის 30 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, .. საავტომობილო გზაზე ც. ზ-მ ვერ უზრუნველყო „კამაზის“ მარკის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით „ “, სატვირთო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა: ავტომობილი, რომელიც გაჩერებული ჰყავდა საავტომობილო გზაზე, დაძრა ადგილიდან და მანევრი დაიწყო ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ: არ განახორციელა ყველა საჭირო მოქმედება მოძრაობის უსაფრთხოებისთვის, რათა საფრთხე არ შეექმნა მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავი საგზაო მოძრაობის მონაწილეებისთვის (მათ შორის ქვეითისთვის). მან შეამჩნია, რომ სატვირთო ავტომობილის გვერდით იმყოფებოდა ი. გ., რომელსაც სატვირთო ავტომობილის დაძვრამდე ხელი ჰქონდა მოკიდებული კაბინის მძღოლის კარის სახელურზე, მაღალი სიჩქარით დაძრა სატვირთო ავტომობილი, რის შედეგადაც, ი. გ-მ ვერ შეძლო თავის შეკავება, მოხვდა სატვირთო ავტომობილის ძარის ნაწილი, წაიქცა და წელის არეში ნაჭდევების, უსწოროკიდეებიანი ჭრილობების, მენჯის, გავისა და კუდუსუნის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობების, მარცხენა თეძოს საერთო არტერიის დაზიანების სახით მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები, რის გამოც განვითარდა გარეგანი და შინაგანი სისხლდენა და ი. გ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

- 2019 წლის 30 იანვარს, ღამის საათებში, ... ც.ზ-მ „კამაზის“ მარკის ავტომობილით, სახელმწიფო სანომრე ნიშნით „ “, რომელსაც იგი მართავდა, გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა ი. გ-ს და შემთხვევის ადგილი დატოვა. რამდენიმე ხანში ც.ზ. ავტომობილით დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ნახა, რომ თავისი გაუფრთხილებელი ქმედებით ჯანმრთელობის დაზიანებები ჰქონდა მიღებული გ. -ს. მიუხედავად იმისა, რომ ც.ზ-ს წარმოეშვა დაზარალებულზე ზრუნვის ვალდებულება, ამასთან, შეეძლო დახმარებოდა მას და ავტომობილით საავადმყოფოში გადაეყვანა, განსაცდელში მიატოვა იგი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაზარალებული ი.გ. მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

2. ზ-ს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით ც.ზ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და სსკ-ის 128-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში.

გაუქმდა ც. ზ-სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

გამართლებულ ც. ზ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებები: ავტომობილი, შალითები, რეზინის დასაფენი, ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს; ბოთლები, სისხლის, თმის, ფრჩხილის, საღებავის, ნერწყვის ნიმუშები, ქსოვილის ნაწილაკი, ანაწმენდები უნდა განადგურდეს.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესტიის რაიონულმა პროკურორმა რამაზ ხურციამ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ც.ზ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მარტის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მესტიის რაიონულმა პროკურორმა რამაზ ხურციამ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ც.ზ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და სსკ-ის 128-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგი ძირითადი საფუძვლებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ც.ზ-ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებებში; ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული სააპელაციო პალატის შეფასება, რომ შემთხვევის თვითმხილველი მოწმეების, ძმების - მ. და დ. მ-ს ჩვენებები მიკერძოებულია და ერთმანეთს ეწინააღმდეგება; ასევე არასწორია სასამართლოს მოტივაცია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის საეჭვოდ მიჩნევისა და არგაზიარების შესახებ, ვინაიდან იგი ჩატარდა და სასამართლოში გამოკვლეულ იქნა საპროცესო ნორმების სრული დაცვით; სააპელაციო სასამართლომ ყველანაირი კრიტიკისა და შეფასების გარეშე გაიზიარა ც.ზ-ს ჩვენება და დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილი გარემოებები.

6. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე პროკურორმა რამაზ ხურციამ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო დაცვის მხარემ - გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები გამართლებულ ც.ზ-ს მიმართ, შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ შემოტანილ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქმეში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ც.ზ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ:

3. მოწმე მ. მ-ს ჩვენებით დგინდება, რომ თვითონ, დ. მ. და ი. გ. წავიდნენ ბრალდებულის მანქანის დასატვირთად ზ-დან. იქ ალკოჰოლი მიიღეს ბრალდებულმა და სხვებმა. კიდევ 2 პირი იყო. ლუდი და არაყი დალიეს. დაასრულეს ავტომანქანის დატვირთვა და 22 საათზე წამოვიდნენ. მივიდნენ ხ-მდე. იქ მივიდა რ. ჩ. და შესთავაზა მასთან სახლში წაყვანა, რაზეც დათანხმდნენ. ბრალდებულმა თქვა, რომ მანქანის წყალი გაიყინებოდა და ვერ დარჩებოდა. ამიტომ წაყვნენ ბრალდებულს ზ-სკენ. ბრალდებულმა ვახშმობა შესთავაზა. სოფელ ბ-ში რესტორანში მივიდნენ. ბრალდებულმა შეუკვეთა კუბდარი, ლუდი და 1 ლიტრი არაყი. იქ რ. ჩ. მივიდა და გადაიხადა ფული. ი. გ. და ბრალდებული სვამდნენ. თვითონ ლუდი დალია. დ. მ-მ - 3-4 ჭიქა არაყი, რ. ჩ-მ - ლუდი. ნახევარი ლიტრი არაყი და 2 ლიტრი ლუდი დალიეს ი. გ-მ და ბრალდებულმა. 23:30 საათზე მივიდნენ რესტორანში და 01:00 სთ-ის მერე წამოვიდნენ რესტორნიდან. ბრალდებულმა დაიწყო საუბარი კ. ძ-ზე - ი. გ-ს ბიძაზე, მან დედაჩემი ატირაო ახალ წელს. ი-მ უთხრა, რომ ის მისი ბიძაა. ბრალდებულმა გააჩერა მანქანა, ი. გ-ს უთხრა, ჩამოდიო. ი-მ ჰკითხა, რატომ არისო ბიძაჩემი არასწორი კაცი. ბრალდებულმა შეუბრუნა: რა გაინტერესებსო? ბრალდებულმა ჩაავლო ხელი. ი. გ. ეუბნებოდა, გამიშვიო ხელი. ძმასთან ერთად მივიდა მათთან, უთხრეს, გაუშვი ხელი და ხვალ გავაგრძელოთო საუბარი. ბრალდებულმა გაუშვა ხელი და წავიდა. კარს რომ აღებდა, ი. გ. ეუბნებოდა, გაჩერდი, რატომ მტოვებო. ი. გ-ს კარის გაღება უნდოდა, ხელი მოკიდა სახელურს. ამ დროს ბრალდებულმა დაძრა მანქანა. ი-მ წონასწორობა ვერ შეიკავა, მოხვდა ძარის დეტალი და დაბლა დაეცა. ი. გ. ვერაფერს ამბობდა, თქვა, ღმერთი გფარავდეთო. 5 წუთში ბრალდებული დაბრუნდა. ი. შუა გზაზე იწვა და გადააწვინეს, რომ არ გადაევლო მანქანას. უკან დაბრუნებისას ბრალდებულმა იკითხა, რა ხდებაო? დაგვეხმარე, კაცი კვდებაო, უპასუხეს მას. ბრალდებული ჩქარა წავიდა მ-საკენ. დ. მ-მ დარეკა 10 წუთში 112-ზე. 3-მა მანქანამ გამოიარა, მაგრამ არ წაიყვანეს დაჭრილი იმ მიზეზით, რომ ტურისტები მიჰყავდათ და ადგილი არ ჰქონდათ. შემდეგ მოვიდა სასწრაფო დახმარება. სასწრაფო დახმარების მანქანაში ცუდად გახდა ი. გ. დ. მ. ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდა მას. ი. გ-ს უყვარდა სუფრები, დალევა, წყნარი იყო, უკონფლიქტო. ბრალდებულმა დალია ნახევარ ლიტრამდე არაყი და 3-4 კათხა ლუდი. ი. გ-ს შეურაცხყოფა არ მიუყენებია, აგრესიული არ იყო, ბრალდებულმა თვითონ გააჩერა მანქანა შუა გზაზე, ი-ს არ უთხოვია გაჩერება. თვითონ მანქანის გვერდით 2-3 მეტრში იდგა კაბინისკენ. მანქანა დაქოქილი იყო, ფარები - ანთებული. იქ 10 წუთს გაგრძელდა საუბარი. იქ ერთმანეთისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. ამის შემდეგ ბრალდებულმა მანქანაში კარი მიხურა. ი. გ-მ კარი ვერ გააღო, ცდილობდა კიბეზე ცალი ფეხით ასვლას, ხელი დაარტყა სარკეს. ბრალდებულმა ხელის მუხრუჭი დასწია და ბიძგით დაძრა მანქანა, რის გამოც ი. გ-მ თავი ვერ შეიკავა, ხელი გაუშვა, დატრიალდა და ზურგის არეში, მარხცენა მხარეს მოხვდა ავტომანქანის ძარა, რის შედეგადაც დავარდა ბეტონზე. იწვა პირაღმა, ზურგის არეში მარცხნივ ჰქონდა ჭრილობა, საიდანაც სისხლი სდიოდა. ბრალდებული როცა დაბრუნდა, ნახა ი. გ. რა მდგომარეობაში იყო. ციოდა, ნისლი და თოვლი არ ყოფილა. დ. მ-მ მაისური დაადო ჭრილობაზე. 1-1,5 საათში მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მანამდე დ. მ-მ ბრალდებულის თხოვნით გაასწორა გვერდითი ხედვის სარკეები. მათ არ გაუხდიათ მაისური დაჭრილი ი. გ- გ-სთვის. შემთხვევის ადგილზე ქვა არ უნახავს, ბეტონი იყო. გზის იქით ხევი იყო. დ. მ-მ დაურეკა დილის 5-6 საათისთვის მამას, როცა ჯვარში იყვნენ. იმიტომ თქვა, რომ ქვაზე დაეცა ი. გ., რომ შეეშინდათ. დ. მ-მ შეატყობინა ფრიდონ ხარჩილავას ი. გ-ს გარდაცვალება. ადგილზე განვითარებული მოვლენების სხვა ვერსია არავისთვის უთქვამს. ადვოკატსაც იგივე მოუყვა, რაც ახლა თქვა. ოქმის წერა რომ დაიწყო ადვოკატმა, მამამ უთხრა, არ მოგიწერენო ხელს და დახიეო. ი-ს გონი არ დაუკარგავს. მან სასწრაფო დახმარების მანქანაში დაკარგა გონი. ვერ საუბრობდა, მტკივაო ამბობდა, სახლში მინდაო წასვლა. ბრალდებულის დაბრუნების მერე ჩაუარეს სხვა მანქანებმა. ბოლოს „ოპელის“ მარკის მანქანაში 2 თუ 3 კაცი იყო, შეიძლება მეტიც. თავიდან შეეშინდა და არ იცოდა, რა ეთქვათ პოლიციისთვის. სასწრაფომდე „კამაზით“ მივიდოდნენ უფრო ადრე. დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან კონფლიქტი არ აქვთ. ბრალდებულის შემთხვევის ადგილზე დაბრუნების დროს მანქანაში შევიდა ბრალდებულის საცემად, მაგრამ არ უცემია.

4. მოწმე დ. მ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებულსა და მ. მ-სთან ერთად წავიდა ბრალდებულის „კამაზის“ დასატვირთად. სამუშაოს ადგილზე ბიჭები სვამდნენ. თვითონაც დალია 1 კათხა ლუდი. ბრალდებულმა და ი. გ-მაც დალიეს არაყი და ლუდი. მ-ს-ს არ დაულევია. მუშაობისას ი. გ. არაყს სვამდა, ამბობდა, რომ ციოდა. უკანა გზაზე მათ შეხვდა რ. ჩ., უთხრა მათ, რომ 22 საათის მერე მანქანას ვერ გაატარებდა და შესთავაზა მასთან დარჩენა. ბრალდებულმა თქვა, რადიატორი გაიყინება და ვერ დავრჩებიო. ამიტომ განაგრძეს გზა. ბრალდებულმა გააჩერა სოფელ ბ-ის რესტორანში, სადაც ივახშმეს. გარკვეული დროის შემდეგ რესტორნის მეპატრონემ სთხოვა მათ წასვლა. როცა რესტორნიდან გამოვიდნენ, 2 საათი იქნებოდა დაწყებული. 700 მეტრი რომ გაიარეს მანქანით, ბრალდებულმა დაიწყო საუბარი, კ. ძ. რა არისო შენი. ი. გ-მ უთხრა, ბიძააო. ბრალდებულმა უთხრა, არასწორად მოიქცაო. ბრალდებულმა თქვა, ქვევით ჩავიდეთო. ბრალდებული ჩავიდა, ი. გ-ც ჩავიდა, თვითონაც ჩაჰყვნენ. მანქანა შუა გზაზე დატოვა დაქოქილი. ბრალდებულმა საყელოზე ხელი მოკიდა. ი. გ-მ უთხრა, გამიშვი, ნუ ვჩხუბობთო. ბრალდებულმა თქვა, ამ საღამოს ვერ გავარკვევთ, ხვალ ან ზეგ გავარკვიოთო და წავიდა. ი. გ-მ ჰკითხა, აქ გვტოვებო? ბრალდებული დაჯდა საჭესთან. ი. გ-მ მარცხენა ხელი მოკიდა სახელურს. ბრალდებულმა ჩააგდო სიჩქარეში. ი. გ-მ მარცხენა ფეხი დადო საფეხურზე, ხოლო მეორე ჰაერში ჰქონდა. ბრალდებულმა დაძრა მანქანა და მაგარ ბიძგზე ი. გ. ძარას დაეჯახა ზურგით, ხელი გაეშვა, დაეცა, სისხლი სდიოდა. ბრალდებული წავიდა მანქანით. 5 წუთში ბრალდებული მობრუნდა. ი. გ. გადააწვინეს გვერდით. ბრალდებულმა იკითხა, რა ხდებაო. რა ხდება კი არა, სისხლისგან იცლება და დაგვეხმარეო, უთხრა ბრალდებულს. ბრალდებულმა გაზს დააჭირა და წავიდა მ-სკე. მ. მ-მ მანქანას უკნიდან შემოუარა და ბრალდებულის გაჩერება სცადა, რომ მათ დახმარებოდა, მაგრამ ბრალდებულმა გაზს რომ დააჭირა, მ. მ. გადმოხტა. 01:46, 01:47 და 02:09 სთ-ზე დარეკა სასწრაფოში. 02:14-ზე დაურეკა სასწრაფომ და აცნობა, რომ მოვიდნენ. ტკივილგამაყუჩებელი გაუკეთეს დაჭრილს და 15-20 წუთში წაიყვანეს. გზაში ღებინება დაეწყო. ექიმებმა თქვეს, არაფერი ეშველებაო და გარდაიცვალა. პირველად იმიტომ თქვა ქვაზე დაეცაო, რომ შეეშინდა, რადგან პირველად იყო ასეთ სიტუაციაში. სასწრაფოს 5 წუთში დაურეკა. მანქანით მივიდა ვიღაცა, ვერ ჩავსვამო დაჭრილს, ტურისტები მიჩივლებენო. მერე კარტოფილით დატვირთულმა მანქანამაც არ წაიყვანა. მერე მესამე მანქანამ თქვა, სასწრაფო მოდისო. ამის მერე მალე მოვიდა სასწრაფო. „კამაზის“ სახელურს მარჯვენა ხელით ვერ გააღებ, ხელის მისაჭერი ისე აქვს. ამიტომ მარცხენა ხელი მოკიდა. ი. გ. მაღალი, ჯანიანი იყო. როცა თქვა ბრალდებულმა კაკო არასწორად მოიქცაო, მაშინ არ იცოდა, რომ ი. გ-ს ბიძა იყო. ი. გ-ს ეცვა მწვანე კაპიუშონიანი ქურთუკი. კარტოფილის მძღოლმა ნაცრისფერი ქურთუკი მისცა, რაც გადააფარეს ი. გ-ს. მანქანის გვერდით მარტონი იყვნენ 2 მეტრში. როცა ი. გ-მ ხელი მოკიდა სახელურს, მანქანა გაჩერებული იყო. ი. გ-ს დაცემა არ უნახავს. რომ მივიდნენ მასთან, პირაღმა იწვა. იქ გუდრონი და ზემოდან დატკეპნილი ხრეში იყო. ადგილზე დიდი ქვა არ ყოფილა. გვერდითა სარკე მარჯვენა მხარეს თვითონ გაასწორა, როცა გამისწორეო სთხოვა ბრალდებულმა. კარგი ამინდი იყო, აქა-იქ იდო თოვლი და ძალიან ყინავდა. 2 კაცი მივიდა ი. კ-ს სახლში და მათაც იგივე მოუყვა. ი. გ. არ ეკამათებოდა ბრალდებულს, ბრალდებული ეკამათებოდა მას. გადაუარა თუ არა მანქანამ ი. გ-ს, არ იცის. ამას ვერ ნახავდა, რადგან იქ შუქი არ იყო. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს თვითონ მოკიდა მარცხენა ხელი სახელურს და მარცხენა ფეხი დადგა და შეუძლია თქვას, რომ ჩვეულებრივ შეიძლება ამის გაკეთება. მ. მ-მ თქვა, დახმარებას ვთხოვო ბრალდებულს, როცა ის ხელმეორედ დაბრუნდა ავტომანქანით. თვითონ დანასაც დაარტყამდა ბრალდებულს, რადგან მეგობარი მოუკლა, მაგრამ არ უნდოდათ მისი ცემა. ქვაზე დაცემის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას შიში იმისი ჰქონდა, რომ რამე არ დამართნოდა და რამეში არ ჩათვლოდა, სახელი რომ არ გასტეხოდა ხალხში, უწმაწური სიტყვა რომ არ დაეძახათ მისთვის. თუ პირქვე დაეცემოდა დაჭრილი, ვერ გადმოტრიალდებოდა, რადგან ყველაფერი ტკიოდა, ფეხზე ვერ დგებოდა. დაზიანებები სად მიიღო დაჭრილმა, არ იცის, რადგან კონფლიქტი მანამდე არ ყოფილა. ინციდენტამდე ი. გ-ს დაზიანება არ ჰქონია. ბოლოს, როცა დაბრუნდა ბრალდებული, მიყვებოდა ნელა მის მანქანას და ეუბნებოდა ჩამოსულიყო და დახმარებოდა. ინციდენტის დროს ი. გ. უკაკუნებდა ავტომანქანის თუნუქზე ბრალდებულს. ავტომანქანის კარის ფანჯარა ცოტა ჩამოწეული იყო.

5. მოწმე მ. მ-ს ჩვენების მიხედვით, შვილებისგან - დ-სა ა და მ-სგან იცის, რომ ი. გ-სა და ბრალდებულთან ერთად წავიდნენ, იმუშავეს, დალიეს. პატრონს შეუთავაზებია დარჩენა. ბრალდებულს უთქვამს, მე ვერ გავჩერდებიო, წამოსულან, რესტორანში კიდევ დაულევიათ. მერე შელაპარაკება ყოფილა ი. გ-ს და ბრალდებულს შორის, მის შვილებს გაუშველებიათ, ბრალდებული მანქანაში ჩამჯდარა. ი. გ. მისულა მანქანასთან, კარის სახელურზე მოუკიდია ხელი და მოუნდომებია ბრალდებულის გაჩერება, ბრალდებულს დაუძრავს მანქანა, ი. გ. დავარდნილა, მძღოლი წასულა, მერე მოტრიალებულა. მძღოლს დაუძახია, რა ხდებაო? შვილებს უთქვამთ, კაცი კვდება, დახმარება გვინდაო. ბრალდებულს რომ გაუგია, წასულა, არ გაუჩერებია მანქანა.

6. მოწმე ს. გ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ ძმები მ-სგან იცის, რომ ი. გ. და ძმები მ. წასულან შეშაზე, უკან დაბრუნებისას მიუღიათ ალკოჰოლი, მასალის მეპატრონეს დაუპატიჟებია და დამატებით ლუდი მიუტანია. შეკამათება მოსვლიათ ბრალდებულს და ი. გ-ს, ჩამოსულან მანქანიდან, მერე ბრალდებული ასულა მანქანაში, ი. გ-ს ხელი მოუკიდია სახელურისთვის, მანქანა დაძრულა, დეტალი მოხვედრია ი. გ-ს, მ-ებს გადაუდებელი დახმარება გაუწევიათ. სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაცვლილა ი. გ. მ-ებმა უთხრეს, რომ ჯერ ხელი მოკიდა ი. გ-მ კარს და მერე დაიძრა მანქანა. ი. გ. იყო მეტრი და ოთხმოც სანტიმეტრზე მეტი სიმაღლის, კონფლიქტური არ იყო.

7. მოწმე მ. ჭ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ რ. ჩ-მ შეუკვეთა სუფრა, არაყი და ლუდი დალიეს. სატვირთო მანქანაც მივიდა. რ. და თანმხლები პირები წავიდნენ, 6 ადამიანი იყო. სოფელ ბ-შია მისი რესტორანი. 23 საათის მერე შევიდნენ მასთან რ. ჩ. და 1 სვანი. სხვები ნახევარ საათში შეუერთდნენ, რომლებიც მეგრელები იყვნენ. 1 საათის მერე წავიდნენ სტუმრები, ვიკეტებიო, უთხრა და ისინი წავიდნენ ზ-სკენ. კამათი იქ არ ყოფილა.

8. მოწმე ლ. მ-ს ჩვენების თანახმად, რეზინის კვალი ძნელად გადადის, რადგან ელასტიკურია. რეზინთან კონტაქტის შედეგად მინალესის დარჩენა პრაქტიკაში არ ჰქონია. შეიძლება რეზინის თავისუფალი ნაწილაკი აღმოჩნდეს ტანსაცმლის რელიეფურ ნაწილში. რეზინის ნაწილაკი მაშინ დარჩებოდა ტანსაცმელზე, თუ იმდენად ძლიერი კონტაქტი იქნებოდა, რომ რეზინის ნაწილი მოძვრებოდა, დაზიანდებოდა რეზინი და ა.შ.

9. მოწმე მ. ტ-ს ჩვენების მიხედვით, 29 იანვარს, 01:52 საათზე, შევიდა გამოძახება, ხ-ში ი. გ. არისო უგონოდ. გზაზე დაურეკეს, გონზეაო. 02:20 საათზე მივიდნენ. გზაზე იწვა პაციენტი უგონოდ, ლუღლუღებდა, პულსი არ იყო პერიფერიებზე. ზურგის უკან, მენჯის ძვალთან, იყო ჭრილობა. გაუწიეს დახმარება, წაიყვანეს. 2 კილომეტრში გახდა ცუდად, ვერ უშველეს და გარდაიცვალა. სისხლის გუბე იყო ადგილზე. ბლაგვი საგნით მიყენებული ნახეთქი ჭრილობა იყო. უთხრეს, პაციენტი ნასვამი იყო, ქვაზე დაეცა და ასე მიიღო ჭრილობაო. ასეთი ჭრილობა ქვაზე დაცემით არ მიიღება და გაუკვირდა. დუნდულოზე დაბეჟილობა ჰქონდა გარდაცვლილს. ადგილზე რამდენიმე პირი იყო, რომელთაგან 2 წამოჰყვა მათ, სხვები - დარჩნენ.

10. მოწმე მ. კ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ 23 კმ იარეს გამოძახების მერე. პაციენტი ლუღლუღებდა, სისხლის გუბეში პირაღმა იწვა. 2 ბიჭი და 3-4 კაცი იყვნენ შემთხვევის ადგილზე. პაციენტის წამოყვანიდან 1 კილომეტრის გავლის მერე ის ცუდად გახდა. პაციენტს მარცხენა მენჯის ზემოთ ჰქონდა ჭრილობა, ჭრილობის ქვემოთ - მცირე დაჟეჟილობა. უთხრეს, წვეტიან ქვაზე დაეცაო. ხ-ს გზაზე ნისლი იყო. რომ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, იქვე იდგა მანქანა.

11. მოწმე ი. კ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ როგორც ხალხისგან გაიგო, კონფლიქტი მოხდა, ი. გ-მ დაქოქილი, გაჩერებული მანქანის კარს ხელი მოჰკიდა და ჩამოვარდა.

12. მოწმე ვ. უ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 00:52 საათზე გავიდა გამოძახებაზე სოფელ ბ-ში. გზის პირას იყო სისხლი, იწვა დაჭრილი პირი. ქვაზე დაცემით მიიღოო ჭრილობა, ამბობდნენ იქვე მყოფი ბიჭები. ჩასვეს დაჭრილი მანქანაში, თუმცა ის 3-4 კმ-ში დაიღუპა. ადგილზე იყო კიდევ 2 პირი. მანქანა იდგა იქვე. ხ-სთან ნისლი იყო.

13. მოწმე დ. გ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ კარის სახელურსა და უკანა ძარას შორის დაშორება არის 80 სმ. გარდაცვლილი არის 1,79სმ. სიმაღლის. შუშა არის 1,77სმ. სიმაღლეზე მიწიდან. გვერდითა ხედვის სარკე - 1,85სმ. სიმაღლეზე. უკანა ძარა გამოწეულია 5 სმ-ით ბორბლის ფრთისგან. ავტომანქანის ძარას აქვს მკვრივი წვეტიანი რეზინი, რომელიც თავზე იყო მოწმენდილი. ამ ნაწილს დაეჯახებოდა ალბათ გარდაცვლილი. საფეხურიდან ჩამოვარდნის მერე წაბარბაცებისას მოხვდებოდა ეს დეტალი, რომელიც დაბლაა. გარდაცვლილი შევარდებოდა წინა და უკანა ძარას შორის და მაშინ მოხვდებოდა ის.

14. მოწმე ლ. კ-ს ჩვენების მიხედვით, შემთხვევის ადგილი დაათვალიერა, სადაც ღერძულა ხაზთან 30-50 სმ-ში იყო სისხლის ლაქები. ლაქები იყო ასევე გვერდულზე. ირგვლივ ქვა არ ყოფილა. მშრალი ამინდი იყო, ციოდა, თოვლი არ ყოფილა. ექსპერიმენტის დროს შესაძლებელი იყო, დაენახათ ძმებს ის ადგილი, სადაც ინციდენტი მოხდა.

15. მოწმე რ. ფ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ რესტორნის პატრონმა უთხრა, ჩვენგან 500 მეტრში მომხდარა შემთხვევა და რომ მოერბინა ვინმეს, დავეხმარებოდითო. შემთხვევის ადგილზე 7-8 მეტრის სიღრმის პატარა ხრამია. მოშორებით 20-30 მეტრი ხრამის სიღრმე. ხრამიდან ამოსასვლელი გზაც არის. ავტომანქანის გვერდით, 1 მეტრის მოშორებით, იდგა ადვოკატი და „მერსედესის“ მარკის მანქანიდან არ ჩანდა ის. შემთხვევის ადგილზე ამოშვერილი 20-30 სანტიმეტრი რკინის ხრახნილებია. ისინი ხრამისკენაც არის გაშვერილი. თუ მოინდომებს, ერთი კაციც ამოიყვანს იქ ხრამიდან კაცს. ხრამში ადვოკატი ჩავიდა 3-4 მეტზე, მაგრამ მეტზეც შეიძლებოდა ჩასვლა.

16. ი. გ-ს სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 1 აპრილის დასკვნით დადგენილია შემდეგი: ი. გ-ს სიკვდილის მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა, ბლაგვი ტრავმით დაზიანებული მარცხენა თეძოს საერთო არტერიიდან განვითარებული გარეგანი და შინაგანი სისხლდენის შედეგად; ი. გ-ს ბიოლოგიური სიკდვილის ფაქტი კონსტატირებულ იქნა 2019 წლის 30 იანვარს, 03:15 საათზე, გვამის გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგომი ნაადრევი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით: სიკვდილის დადგომის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება მითითებულ დროს; ი. გ-ს გვამზე აღინიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები: ვრცელი ნაჭდევი წელის მიდამოში მარცხნივ შუა მესამედში, მიმდებარედ უსწოროკიდეებიანი ჭრილობით; ვრცელი ნაჭდევი წელის მიდამოში მარჯვნივ; უსწოროკიდეებიანი ჭრილობები სათესლე პარკის წინა ზედაპირზე ცენტრალურად და სათესლე პარკის მარცხენა გვერდითა ზედაპირზე; მენჯის, გავისა და კუდუსუნის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობა, მიმდებარედ რბილ ქსოვილებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებითა და პერიდონეუმის ფურცლების მთლიანობის დარღვევით, მარცხენა თეძოს საერთო არტერიის დაზიანებით, 250 მლ-მდე მოცულობით სისხლითა და სისხლის კოლტებით მუცლის ღრუში; მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევები წვრილი ნაწლავის ჯორჯლის ცხიმოვან ქსოვილში განვითარებულია რამე მკვრივ-ბლაგვის საგნის ზემოქმედების შედეგად, ერთობლივად მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ. თ-მ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ თეძოს საერთო არტერია მსხვილი კალიბრის არტერიაა. მისმა დაზიანებამ რამდენიმე წამიდან 1 საათამდე პერიოდში შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი მაგრამ კონკრეტულად იმის მტკიცება, თუ რამდენ ხანში დადგება გარდაცვალების დრო შეუძლებელია. გარდაცვალება შეიძლება დადგეს მომენტალურად, ასევე რამდენიმე წუთშიც. ი. გ-ს სხეულზე არსებული ყველა დაზიანება მიყენებულია მკვრივ ბლაგვი საგნით. შეშუპება დაზიანება არაა, იგი პროცესია სიკვდილის დროს. სისხლძარღვიდან განვითარდა გარეგანი და შინაგანი სისხლდენა. ბორბლით გადავლისას სხეული გახოხდება, გასკდება კანი იქ, სადაც თხელია. 27 ტონია ავტომანქანა თუ გადაუვლიდა სხეულს, უნდა დაზიანებულიყო თირკმელი, ღვიძლი და ელენთა. შინაგანად დაზიანდა კუდუსუნი და მენჯი, სადაც თირკმელი და ღვიძლი არ მდებარეობს, ვინაიდან ეს ორგანოები ცოტა ზევითაა. მენჯის ძვლები ორივე მხარეს იყო დაზიანებული. არტერიის სრული გაკვეთა არ იყო. უკანა წელის ცხიმოვანი ნაწილის სისქეა 3,6 სმ-ის ფარგლებში, ძვლის - 2-4 სმ. ამის შემდეგ არის პერიტორიუმის უკანა მხარე, შემდეგ - მისი წინა მხარე. კუჭი ზევით მდებარეობს. სისხლძარღვი მდებარეობს ცხიმოვანი ქსოვილის, კუნთისა და პერიტორიუმის შემდეგ ძვლამდე, კუნთი არის 1-2 სმ სისქის.

17. ტრასოლოგიური და ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზის 2019 წლის 14 ივნისის დასკვნის თანახმად, დგინდება შემდეგი: ი. გ-ს ჯემპრზე, გრძელსახელოებიან მაისურზე, შარვალზე, ტრუსზე აღენიშნება მყარხორკლიან ზედაპირთან კონტაქტირებისათვის დამახასიათებელი დაზიანებები და გრძელსახელოებიან მაისურზე ასევე აღენიშნება დაზიანება, რომლის განვითარების შესაძლებლობა არ გამოირიცხება პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს; ,კაპიუშონიან’ ქურთუკს აღენიშნება, როგორც მექანიკური ზემოქმედების შედეგად, რღვევით და ხევით განვითარებული, ასევე მყარხორკლიან ზედაპირთან კონტაქტირებისათის დამახასიათებელი დაზიანებები. მონაცრისფრო ქურთუკს აღენიშნება როგორც მექანიკური ზემოქმედების შედეგად, ხევით განვითარებული დაზიანება, ასევე აღენიშნება მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად, ჭრით გამოწვეული დაზიანება, რომლის სიახლოვეს სარჩულზე იკვეთება მყარხორკლიან ზედაპირთან კონტაქტირებისათვის დამახასიათებელი დაზიანებები.

18. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - ზ. თ-მ და ნ. -მ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე, ხოლო ნ. ო-მ დამატებით განმარტა შემდეგი: ქურთუკს აღენიშნება ხევის ნიშნების მქონე სხვადასხვა ზომის და ფორმის დაზიანებები, ალაგ-ალაგ ქაოსური განლაგებით დაძენძილკიდეებიანი მცირე ზომის დაზიანებები, რომელთა ფონზე ქურთუკს მარჯვენა კალთაზე, ქვედა მიდამოში აღენიშნება მექანიკური ზემოქმედების შედეგად ხევით განვითარებული კუთხოვანი ფორმის დაზიანება - ზომით: 20X14 სმ; დაზიანების მორფოლოგიური სტრუქტურის გათვალისწინებით, განვითარებულია ამოხეული კუთხის წერტილიდან პერპენდიკულარულად მის საწინააღმდეგო მხარეს მიმართული ძალის მოქმედების შედეგად ხსენებულ წერტილზე სავარაუდოდ წვეროს მქონე, რაიმე მყარი საგნის ლოკალური დინამიკური კონტაქტის შედეგად. ქურთუკს წინა, მარჯვენა მხარეს, ბადისებური ქსოვილის ჩადგმის სიახლოვეს საყელოს მინაკერიდან ქვევით, 18,5 სმ-ზე აღენიშნება გამჭოლი დაზიანება სიგრძით - 1,5 სმ, რომლის მიკროსკოპული დათვალიერება-გამოკვლევისას დგინდება, რომ პირა-პირებზე დაზიანებული ძაფების ბოჭკოების ბოლოების ხასიათიდან გამომდინარე, აღნიშნული დაზიანება განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად. აღნიშნული გამჭოლი დაზიანების სიახლოვეს, სარჩულის მხრიდან შეინიშნება მეორე, მცირე ზომის ჭრის და ხევის ნიშნების მქონე 0,6 სმ სიგრძის დაზიანება და ასევე მილესვის მსგავსი ხასიათის მქონე ზოლოვანი კვლები და ამასთან, აღნიშნული მონაკვეთის სიახლოვეს, სარჩულის მხრიდან, კერძოდ, მხრის გადანაკერიდან უკან, 5,5 სმ-ის დაშორებით და სახელოს მინაკერიდან ზომით 6 სმს-ის დაშორებით, დაახლოებით 3X2,5 სმ ლოკალიზებულ ფართზე იკვეთება მცირე ზომის დაზიანებები, გარეთ ამოძენძილი დაზიანებული ძაფების ბოჭკოების ბოლოების შეთხელებითა და ხევის ნიშნებით, რაც არსებული მორფოლოგიით განვითარებული უნდა იყოს რაიმე მყარ, ხორკლიან ზედაპირთან დინამიკური კონტაქტის შედეგად. ამასთან აღნიშნულ კვალთა ერთობლივად განხილვით არ არის გამორიცხული სარჩულის მხრიდან დაზიანებათა ერთდროული განვითარების შესაძლებლობა. ხსენებული მიდამოთი ქსოვილის მყარხორკლიან ზედაპირთან კონტაქტირებისას, ზედაპირს ექნებოდა რამე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე ფრაგმენტული გამოშვერილობა. ქურთუკის მარცხენა გვერდითა ვერტიკალურ ნაკერზე ზედა მიდამოში აღინიშნება მექანიკური ზემოქმედებით განვითარებული 10,5 სმ სიგრძის დაზიანება, რომელიც მოიცავს 4 სმ სიგრძის ხევით და 6,5 სმ სიგრძის რღვევით განვითარებულ მონაკვეთებს და ამასთან, შეინიშნება დაუზიანებელი ძაფების ხიდაკების არსებობა, რომლებიც ხასიათდება დაჭიმვის ნიშნებით და კვალთა ერთობლივად განხილვით, არსებული მორფოლოგია დამახასიათებელია ქსოვილის დაჭიმვის შედეგად განვითარებისათვის. ანალოგიური წარმოშობის მექანიზმის მქონე კვალი იკვეთება მარცხენა სახელოს მინაკერის მიდამოშიც, წინა მხარეს, დაახლოებით 6,5 X2,2 სმ ფართზე. რღვევით განვითარებული დაზიანებები აღენიშნება ქურთუკს სარჩულის მხრიდან, მარცხენა კალთაზე ქვედა და კალთის კიდეების სიახლოვეს. დაახლოებით 15 X10 სმ ფართი ხასიათდება მყარ, ხორკლიან ზედაპირთან დინამიკური კონტაქტირებისათვის დამახასიათებელ კვალთა არსებობით, გამოხატული როგორც ქსოვილის შეთხელებისა და ხევის, ასევე ზედაპირული აბურძგვლის და ცალკეული დაზიანებული ძაფების გარეთ ამოძენძილობის ნიშნებით. მსგავსი წარმოშობის მექანიზმის მქონე კვლები შეინიშნება ასევე სარჩულის მხრიდან, მარჯვენა გვერდითა მხარეს უკან გავრცელებით, დაახლოებით 19X10 სმ ფართზე, სადაც ასევე შეინიშნება მილესვის მსგავსი ხასიათის მქონე კვლები. ჯემპრი მარცხენა გვერდითა მიდამოში, რომელიც მოიცავს ქვედა კიდეს და ვერტიკალური ნაკერიდან როგორც წინა, ასევე უკანა მხარეს, დაახლოებით 12,5X11 სმ. ფართზე ხასიათდება მყარ, ხორკლიან ზედაპირთან დინამიკური კონტაქტირებისათვის დამახასიათებელ კვალთა არსებობით, გამოხატული როგორც ქსოვილის შეთხელებისა და ხევის, ასევე ზედაპირული აბურძგვლის და ცალკეული დაზიანებული ძაფების გარეთ ამოძენძილობის ნიშნებით. მსგავსი წარმოშობის მექანიზმის მქონე კვლები შეინიშნება უკანა მხარეს, ქვედა კიდესთან თითქმის შუაში. მაისურზე მარცხენა გვერდითა მხარეს, ქვედა მიდამოში, კერძოდ ჯემპრზე არსებული დაზიანებული ფართის შესატყვისად იკვეთება დაახლოებით 10X3,5 სმ ზომის დაზიანებული ფართი, რომელიც ხასიათდება ანალოგიური წარმოშობის მექანიზმის და მორფოლოგიის მქონე კვალთა არსებობით, რაც, თავის მხრივ, არ გამორიცხავს მათ ჯემპრსა და მაისურზე ერთდროულად წარმოშობის შესაძლებლობას. აღნიშნულის გარდა, მაისური მარცხენა სახელოზე ქვედა კიდიდან ვერტიკალური განლაგებით 29 სმ სიგრძეზე ჩაჭრილია, რომელიც პირა-პირზე ხასიათდება საფეხურებრივი მონაკვეთებით და არსებული კონფიგურაცია არ გამორიცხავს მისი განვითარების შესაძლებლობას პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს. მაისურზე თითქმის მთელ ფართზე ქაოსური განლაგებით ხევის ნიშნების მქონე მცირე ზომის დაზიანებებია, სადაც ცალკეულ დაზიანებებში შეინიშნება ძაფების ჩავარდნა. შარვლის მარჯვენა ტოტზე, ზედა მიდამოში, რომელიც მოიცავს ძირითადად წინა მარჯვენა ნახევარს და მცირე ინტენსივობით ასახვას პოულობს გარეთა გვერდითა ვერტიკალურ ნაკერსა და მის სიახლოვეს უკანა მხარეს, დაახლოებით 38X17 სმ ფართზე ქსოვილის ზედაპირული აბურძგვლის, ასევე დაბოლოებებზე ხევის ნიშნების მქონე ქსოვილის სტრუქტურული წყობის ცალკეული ძაფების გარეთ ამოძენძილობის ფონზე იკვეთება სხვადასხვა ზომის და ფორმის ხევის და ძლიერ დაძენძილკიდეებიანი გლეჯვის ნიშნების მქონე ლოკალური დაზიანებები. არსებულ კვალთა მორფოლოგია ერთობლივად განხილვით დამახასიათებელია მყარ, ხორკლიან ზედაპირთან დინამიკური კონტაქტირებისათვის. ანალოგიური წარმოშობის მექანიზმის მქონე დაზიანებული ფართი იკვეთება მარცხენა ტოტზე, დაახლოებით უბნის შესაბამის მიდამოსთან და ამავე ტოტის გარეთ, გვერდითა ვერტიკალური ნაკერის სიახლოვეს, როგორც წინ, ასევე უკანა ჯიბის მიდამოსთან. შარვალზე არსებული დაზიანებული მიდამოების შესატყვისი განლაგებითა და მსგავსი მორფოლოგიით დაზიანებულია საცვალიც, რაც, თავის მხრივ, არ გამორიცხავს შარვალსა და საცვალზე დაზიანებების ერთდროულად განვითარების შესაძლებლობას. მაისურსა და ჯემპრზე დაზიანებები ემთხვევა ერთმანეთს. არცერთი დაზიანება თრევით არ არის მიღებული და ისინი ერთჯერადი ძლიერი შეხებითაა გამოწვეული. შარვალზე არსებული დაზიანებები ნახევების სახით, ასევე საცვალზე არსებული დაზიანებები წარმოშობილია მყარ, ხორკლიან ზედაპირზე დაცემის შედეგად, ზედაპირზე შემხებითი სიძლიერის შესაბამისად. ი. გ-ს ტანსაცმელზე არსებულ დაზიანებებს რეზინი ვერ მიაყენებდა, ისევე როგორც - რკინის ხრახნილი. ტანსაცმელს დაზიანებას ვერც მეტალის კუთხე მიაყენებდა იმ შემთხვევაში, თუ მას ექნებოდა გლუვი ზედაპირი. ექსპერტმა განმარტა, რომ მას ფოტოსურათით არ შეუძლია განსაზღვროს, მეტალს გლუვი ზედაპირი აქვს თუ ხორკლიანი. რა ძალა დასჭირდებოდა მეტალის ზედაპირზე კონტაქტის შედეგად ტანსაცმელზე კვალის დატოვებას, ამის განსაზღვრა შეუძლებელია. მყარ, ხორკლიან ზედაპირს წარმოადგენს ნებისმიერი სახის ზედაპირი, რომელიც ხასიათდება ხორკლიანობით და იგი არ უნდა იყოს გლუვი, ხორკლიანი შეიძლება იყოს ასფალტის ზედაპირი, კედლის ზედაპირი და სხვა.

19. შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2019 წლის 30 იანვრის ოქმით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ცენტრალური გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე, სოფელ ბ-ში არსებული რესტორნიდან დაახლოებით ხუთასი მეტრის მოშორებით. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე აღმოჩნდა სისხლის კვალი სამ სხვადასხვა ადგილას, ორი მეტრის რადიუსში.

20. გამომძიებელ თ. ზ-ს მიერ დ. მ-ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის 2019 წლის 7 თებერვლის ოქმითა და მასზე თანდართული ფოტოსურათებით დგინდება, რომ დ. მ-მ უჩვენა, თუ სად, როგორ და რა ვითარებაში მოხდა კონფლიქტი ბრალდებულსა და ი. გ-ს შორის და როგორ განვითარდა მოვლენები. ოქმში აღნიშნულია, რომ ავტომანქანის დაძვრამდე ი. გ-მ მარჯვენა ხელი მოჰკიდა კარის სახელურს და სურდა კარის გაღება, ც. ზ-ს შეჩერება, ეძახდა კიდეც, რომ გაჩერებულიყო. მიუხედავად ამისა, ც. ზ-მ დაძრა ავტომობილი, ხოლო ი. გ-მ რამდენიმე ნაბიჯით სდია დაძრულ ავტომობილს, რის შემდეგაც მოხვდა ავტომობილის ნაწილი და დაეცა.

21. გამომძიებელ დ. გ-ს მიერ მოწმე დ. მ-ს, ექსპერტების - მ. კ-ს, თ. ბ-ს, მოწმეების - ლ. ჭ-ს, გ. ჭ-ს, ვ. ქ-ს და დეტექტივ-გამომძიებელ ლ. კ-ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის 2019 წლის 18 აპრილის ოქმითა და მასზე თანდართული ფოტოსურათებით (საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ღამის საათებში - 00:22 საათიდან 02.57 საათის ინტერვალში) დგინდება, რომ დ. მ-მ უჩვენა, თუ სად, როგორ და რა ვითარებაში მოხდა კონფლიქტი ბრალდებულსა და ი. გ-ს შორის და როგორ განვითარდა მოვლენები. საგამოძიებო მოქმედების დროს გამოყენებულ იქნა ავტომანქანა „კამაზი“. ოქმის მიხედვით, მოწმე დ. მ-მ მიუთითა ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ც. ზ-მ გააჩერა ავტომანქანა და სადაც მოხდა კონფლიქტი, ასევე მან დაიკავა ის მდგომარეობა და პოზიცია (მძღოლის მხარეს კაბინის სახელურს მოჰკიდა მარცხენა ხელი), როგორ მდგომარეობაშიც იმყოფებოდა ი. გ., ხოლო საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა - ვ. ქ-მ და გ. ჭ-მ, დ. მ-ს მითითებით, დაიკავეს ის ადგილები, სადაც შემთხვევის დროს იდგნენ დ. და მ. მ. დ. მ-მ განმარტა, რომ ავტომანქანის დაძვრამდე ი. გ-ს ხელი ჰქონდა მოკიდებული კარის სახელურზე და, ამავდროულად, ეძახდა ც. ზ-ს „გაჩერდი, სად მიდიხარო, ახლა ვილაპარაკოთ, აქ გვტოვებ შუაღამეს?“. ამ მოქმედების დემონსტრირებისას ავტომანქანა „კამაზის“ საჭესთან იჯდა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირი ლ. ჭ. და კარის ფანჯარა ჩამოწეული ჰქონდა. ოქმის მიხედვით, გ. ჭ-მ და ვ. ქ-მ განმარტეს, რომ შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების დანახვა სავსებით შესაძლებელი იყო, ვინაიდან ხილვადობა შესაძლებელია ავტომანქანის ჩართული მაშუქების ფონზე, ხოლო სმენადობა არ არის შეზღუდული არანაირი ხელის შემშლელი გარემოებებით. ლ. ჭ-მ კი განმარტა, რომ ავტომანქანა „კამაზის“ მარცხენა სარკიდან სიბნელის გამო ხილვადობა შეზღუდულია, ხოლო თუ მძღოლი გაიხედება მისგან მარცხენა მხარეს მდებარე კარის მინიდან, მიუხედავად ღამის საათებისა, აშკარად ჩანს, რომ მანქანის კართან დგას პირი. საგამოძიებო მოქმედების დროს ასევე გადამოწმდა ის საკითხი, ავტომანქანა „კამაზით“ ზუსტად იმ მარშრუტითა და სიჩქარით მოძრაობისას, შეძლებდა თუ არა ც. ზ. საავტომობილო გზის გვერდულზე დაწოლილი პირის შენიშვნას, რა დროსაც - ლ. ჭ-მ, გ. ჭ-მ და ვ. ქ-მ ერთხმად აღნიშნეს, რომ ყოველგვარი პრობლემის გარეშე შენიშნეს გზის პირას მწოლიარე დ. მ. მათი განმარტებით, ავტომანქანის მაშუქების ფონზე პირდაპირ თვალში ხვდება გზის გვერდით მწოლიარე ადამიანი. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე დართულ ფოტოსურათში ჩანს, რომ ავტომანქანა „კამაზის“ მარცხენა სარკეში ჩანს ადამიანის მაჯა.

22. გამომძიებელ თ. ზ-ს მიერ, ადვოკატ რ. შ-ს მონაწილეობით ჩატარებული ავტომანქანა „კამაზის“ დათვალიერების 2019 წლის 16 მარტის ოქმით დგინდება, რომ გაიზომა ავტომანქანის უკანა ძარის მარცხენა კუთხის სიმაღლე, რომელიც არის მიწიდან ძარის დასაწყისამდე 103 სმ, რის შემდეგაც იწყება ძარის რეზინის წამოწვეტებული დეტალები, რომლის სიმაღლეც მიწიდან არის 1მ და 4,5 სმ, ასევე გაიზომა ავტომანქანის მარცხენა, მძღოლის მხარეს არსებული კარის სახელურიდან მიწამდე მანძილი, რომელიც არის 145 სმ. აღნიშული კარის სახელურიდან უკანა ძარის საწყის წერტილამდე ჰორიზონტალური გაზომვისას დაფიქსირდა 98 სმ-ი; ... გვერდით ჩამხედი სარკეები არის სუფთა მდგომარეობაში, რაც არ ზღუდავს უკანა ხედვას, მისი სიმაღლე ქვედა ხაზამდე მიწიდან არის 175 სმ., სარკე არ არის მყარად დამაგრებული, შესაკავებლად კუსტარულად დამატებულია მავთული.

23. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, 2019 წლის 11 სექტემბერს ჩატარებული ავტომობილის გამოკვლევის თანახმად, ავტომობილის უკანა ძარის მარცხენა კუთხის სიმაღლე მიწიდან ძარის დასაწყისამდე არის 110 სმ, მძღოლის მარცხენა კარის სახელურიდან მიწამდე მანძილი არის 150 სმ. ზედა ბეტონიდან არის 145 სმ, კარის სახელურიდან უკანა ძარის საწყის წერტილამდე ჰორიზონტალური გაზომვისას არის 91 სმ და სახელურიდან ბოლო ძარამდე 110 სმ. დამხმარე ხელის მოსაკიდებელი სახელურიდან მიწამდე არის 180 სმ. მანძილი სახელურიდან კაბინამდე არის 90 სმ. უკანა ხედვის გვერდითა მარცხენა სარკე მიწიდან არის 176 სმ. სარკის დასაწყისიდან არის 178 სმ. მანძილი მინამდე არის 185 სმ. რეზინიდან მიწამდე არის 112 სმ. ხრახნილამდე არის 122 სმ. ხრახნილის ზემოთ გამოშვერილ რკინამდე არის 12 სმ ტენტის დასაწყისამდე არის 136 სმ. წინა კაბინას და უკანა კაბინას შორის მანძილი არის 30 სმ. კაბინის ქვედა ბოლოდან ძარის ქვედა ბოლომდე არის 48 სმ, კაბინის ზედა ბოლოდან ძარამდე არის 24 სმ. ბენზინის ავზის ქვედა ბოლოდან საბურავის ფარამდე არის 60 სმ. ავზის ზედა ბოლოდან ფარამდე არის 77 სმ, რეზინის დეტალიდან ფარამდე 50 სმ. მეორე რეზინის თავამდე არის 55 სმ. საჰაეროს სიღრმე არის 43 სმ. საჰაეროს გარეთა დეტალიდან საბურავის ფრთამდე არის 68 სმ. რეზინის დეტალის სიგრძე, რაც გამოშვერილია, არის 4 სმ. რკინის ხრახნილის სიგანე 1,5 სმ. ტენტიდან რეზინამდე არის 24 სმ. ბაკის სიღრმე 60 სმ. სიმაღლე 45 სმ, სიგრძე 140 სმ. ძარის ქვედა მხრიდან მიწამდე არის 176 სმ. საკვამური მიწიდან არის 46 სმ. საკვამურიდან წინა ფარამდე 131 სმ. ერთი საბურავის შიდა სიგანე არის 27 სმ. ორივესი ერთად - 60 სმ. დაშორება საბურავებს შორის 12 სმ. წინა საბურავი არის 22 სმ.

24. სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2019 წლის 26 თებერვლის დასკვნით დგინდება შემდეგი: კვალიფიკაცია იმისა, აღნიშნული ვითარება არის თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევა, არ შედის ექსპერტის კომპეტენციაში; თუ ქვეითად მოსიარულეს ავტომობილის დაძვრამდე ხელი ჰქონდა მოკიდებული სატვირთო ავტომობილის სახელურზე, რის შემდეგაც მძღოლმა დაძრა ავტომობილი და ძარის მარცხენა მიდამოთი დაეჯახა ქვეითს, მაშინ მოცემულ საგზაო სიტუაციაში, გადაწყვეტა საკითხისა - უშუალოდ დაძვრის მომენტში უგულებელყო თუ არა ავტომობილის მძღოლმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, არ მოითხოვს სპეციალურ ავტოტექნიკურ ცოდნას და ეს საკითხი უნდა გადაწყვიტონ თვით საგამოძიებო ორგანოებმა, სატვირთო ავტომანქანა „კამაზის“ მძღოლ ც. ზ-ს მიმართ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

25. დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული კომპლექსური სამედიცინო და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება შემდეგი: ავტოსატრანსპორტო ტრავმატიზმის განვითარების მექანიზმის პრინციპების დინამიკიდან გამომდინარე, მ. და დ. მ-ს ჩვენებების მხედველობაში მიღებით (ი. გ-ს ხელი ჰქონდა მოკიდებული „კამაზის“ მარკის ავტომანქანის მძღოლის კარის სახელურზე. ავტომანქანის სწრაფად დაძვრის შედეგად იგი სხეულით შეეჯახა ავტომანქანის ძარის მარცხენა გვერდით ზედაპირს და შემდგომ დაეცა), ავტომანქანის დაძვრის შედეგად სრული აჩქარებით უნდა გადაადგილებულიყო უკან, ანუ ავტომანქანის მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით და შეჯახებულიყო სხეულის უკანა და/ან გვერდითა ზედაპირით ავტომანქანის ძარის მარცხენა გვერდით ზედაპირს, შემდგომი დაცემით გზის საფარზე; „კამაზის“ მარკის ავტომანქანის ფოტომასალის, კერძოდ, ძარის მარცხენა გვერდითა ზედაპირის კონსტრუქციული რელიეფის შესწავლით, სხეულთან შეჯახების ლოკაციის ადგილი შესაძლოა ყოფილიყო საწვავის ავზის ზემოთ, ძარის წინა, მარცხენა კუთხეზე განლაგებული კონუსური ფორმის, რეზინის მკვრივი კონსისტენციის დამცველი/შემზღუდველები და საწვავის ავზის კიდე; ჩატარებული პროფილური ტექნიკური ექსპერტიზების შედეგებით ვერ დგინდება კონტაქტის არსებობა ი. გ-სა და ავტომანქანის ძარას შორის (ი. გ-ს ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე რეზინისმაგვარი მინალესის ან თავისუფლად მდებარე ნაწილაკების კვალი არ აღინიშნება) ... „კამაზის“ მარკის ავტომანქანიდან წინა ძარის შუა ადგილიდან ამოღებული ორი ცალი მომწვანო ძაფის ფრაგმენტი ბოჭკოვანი შემადგენლობით განსხვავდება ი. გ-სა და ც. ზ-ს ტანსაცმლის ქსოვილების ნართის შემადგენელი ბოჭკოებისგან; გვამის გამოკვლევის მონაცემებით დაზიანებები და მათ შორის - სიკვდილის გამომწვევი (მენჯის, გავისა და კუდუსუნის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობების შესაბამისად, მარცხენა თეძოს საერთო არტერიის ჭრილობით განპირობებული ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა) ძირითადად განლაგებულია წელის, ბარძაყებისა და სათესლე პარკის პროექციაზე და გარეგნულად დაზიანებები წარმოდგენილია საკმაოდ ვრცელი ზედაპირის მქონე ნაჭდევების (38,3X5,2სმ; 27,8X14,5სმ; 18,5X11,2სმ) და წელისა და სათესლე პარკის თითო დაჟეჟილი ჭრილობის სახით; ჩონჩხის ძვლების მოტეხილობა და ხასიათი, ნაჭდევების რაოდენობა მათი ვრცელი ზედაპირებით, ლოკალიზაცია და დაჟეჟილი ჭრილობის განლაგება შეუსაბამოა რეზინის დამცველების/შემზღუდველისა და საწვავის ავზის კიდის კონფიგურაციასა და საკონტაქტო ზედაპირების ვიზუალურ ზომებთან; ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ. და დ. მ-ს ჩვენებებით ასახულ ვითარებაში, ი. გ-ს არ უნდა განვითარებოდა გვამის გამოკვლევით ნანახი დაზიანებები; ამავე დასკვნის მიხედვით, რაიმე დასკვნის გამოტანა ი. გ-ს სხეულზე ავტომანქანის საბურავის გადავლის თაობაზე საფუძველს მოკლებულია; სხეულის დაზიანებების ხასიათიდან გამომდინარე, ადვოკატ რ. შ-ს მიერ 2019 წლის 12-13 აპრილს შედგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ომში მითითებული მოცემულობის მხედველობაში მიღებით, არ გამოირიცხება დაზიანებების განვითარების შესაძლებლობა ი. გ-ს გზიდან დაახლოებით 10-15 მეტრი სიმაღლის გამოშვერილი „არმატურებიანი“ რკინა-ბეტონის კედლის ზედაპირზე სხეულზე შეჯახებებით, ვარდნით და შემდგომი დაცემით უსწოროქვებიან ზედაპირზე; დადგენია იმისა მოხდა თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევა, არ შედის ტექნიკოს ექსპერტის კომპეტენციაში და საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივაა.

26. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა რ. ვ-მ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ რეზინის დეტალი და საწვავის ბაკი არ შეესაბამება სხეულის დაზიანებების იმ ხასიათსა და ტანსაცმლის იმ დაზიანებებს, რაც აღენიშნებოდა დაზარალებულს. „კამაზის“ მარკის ავტომობილს ადგილიდან დაძვრა შეეძლო მხოლოდ - 5-15 კმ/სთ სიჩქარით, რაც არასაკმარის ძალას წარმოშობს ამ ხასიათის დაზიანებების გამოწვევისთვის. საქმის ვითარებიდან გამომდინარე, ძარის კუთხესთან, ან ბაკზე უნდა მომხდარიყო დაჯახება, მაგრამ დაზიანების ხასიათიდან გამომდინარე, ეს ადგილები შეუთავსებელია დაზიანებებთან. ავტომანქანა სხვა ადგილზე ვერც დაეჯახებოდა. თუ ავტომანქანა მარჯვნივ მოუხვევდა, მხოლოდ ამ შემთხვევაში დაეჯახებოდა გვერდში, თუ მარჯვენა ხელს არ გაუშვებდა ი. გ. თუ სწორად ივლიდა ავტომანქანა ან გარდაცვლილი კარის სახელურს ხელს გაუშვებდა, დაჯახება არ მოხდებოდა, ხოლო რომც დასჯახებოდა, ფილტვის არეში მოხვდებოდა დეტალი და არა იქ, სადაც დაზიანება აქვს. ჩონჩხის ძვლების მოტეხილობა და ხასიათი, ნაჭდევების რაოდენობა მათი ვრცელი ზედაპირებით, ლოკალიზაცია და დაჟეჟილი ჭრილობის განლაგება შეუსაბამოა რეზინის დამცველების/შემზღუდველის და საწვავის ავზის კიდის კონფიგურაციასა და საკონტაქტო ზედაპირების ვიზუალურ ზომებთან. მ. და დ. მ-ს ჩვენებებით, მითითებულ ვითარებაში ი. გ-ს არ უნდა განვითარებოდა გვამის გამოკვლევით ნანახი დაზიანებები. წელის პროექციაზე საბურავის გადავლის კვალი არ იკვეთება, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზე უნდა ყოფილიყო, ერთი მხრივ, მენჯის რკალის შემქმნელი ძვლების ორმხრივი მოტეხილობები სხვადასხვა ხაზებზე, გავა-თეძოს შესახსრების გაგლეჯვა და სხვა, ხოლო, მეორე მხრივ, - შინაგანი ორგანოების, სულ მცირე, თირკმლების ანატომიური მთლიანობის დარღვევა, რეტროპერიტონეალური სისხლჩაქცევები და ა.შ. ამასთან, ამ შემთხვევაში, წელის პროექციასთან ერთად, მუცლის ქვემო ნახევარშიც უნდა დაზიანებულიყო ტრავმატიზმისადმი ნაკლებ რეზისტენტული ორგანოები - ღვიძლი და ელენთა მასიური სისხლჩაქცევით მუცლის ღრუში.

27. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ა. გ-მ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ი. გ-ს სხეულზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია არაერთჯერადი ზემოქმედების შედეგად. გარდაცვლილი ისეთ დაზიანებებს, როგორიც მას აღენიშნება, ვერ მიიღებდა „კამაზის“ რეზინის დეტალზე შეჯახებისას, ისევე როგორც - ასფალტის ზედაპირზე დაცემის შედეგად, ვინაიდან დაცემას ისეთი აჩქარება ვერ ექნებოდა, რომ ასეთი დაზიანებები მიეღო. დაზიანებების მიხედვით, ავტომანქანის დაზარალებულზე საბურავით გადავლის კვალი არ იკვეთება. ექსპერტმა განმარტა, რომ ი. გ. დაზიანებებს მიიღებდა 10-15 მეტრი სიმაღლის კედელზე გადაგორების შედეგად, გორაობით, ხოლო გავის ძვლის მოტეხილობა განუვითარდებოდა ხევში, კედლის ძირში არსებულ ქვებზე დაცემით.

28. ც. ზ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ შემთხვევის დღეს თვითონ, ი. გ., მ. და დ. მ. იმყოფებოდნენ ერთად, რათა შეშით დაეტვირთათ თავისი კუთვნილი ავტომანქანა „კამაზი“. გზად გაჩერდნენ სოფელ ბ–ის რესტორანთან. ც. ზ-მ კუბდრის საყიდელი ფული მისცა მათ, მაგრამ ვინაიდან ისინი არ გამოვიდნენ რესტორნიდან, შემდეგ შევიდა თვითონაც. ისინი ისხდნენ მაგიდასთან, რომელზეც ერთი ლიტრი ლუდი და ნახევარი ლიტრი არაყი იდგა. ამ დროს მივიდა რ. ჩ., რომელმაც ფული დაუბრუნა და თვითონ გადაიხადა მომსახურების საფასური, ხოლო ორი ლიტრი ლუდი და საკვები დაამატა. ყველამ დალია. შემდეგ წამოვიდნენ. მგზავრობისას, ი. გ-მ ჰკითხა, თუ იცნობა კ. ძ-ს., რაზეც უპასუხა, რომ არ იცნობდა. როგორ არა, დასატვირთად რომ გყავდა, ფული რომ დააგვიანე, ტელეფონით რომ ელაპარაკეო, მიუგო ი. გ-მ. დედაჩემისთვის შეურაცხყოფა მიუყენებია და არაა ეს სწორი საქციელიო, უპასუხა ი. გ-ს. კ. ძ-ს ტელეფონით მოსთხოვა პასუხი იმის გამო, თუ რატომ ელაპარაკა დედამისს ცუდად. ი. გ-მ ჰკითხა რატომ იყო ცუდი კაცი ბიძამისი, რაზეც უპასუხა, რომ ხვალ გაერკვიათ. ამ დროს ი. გ-მ ავტომანქანის ტორპედოზე ხელი დაარტყა და თქვა, რომ ბიძამისი არასწორი კაცი არასდროს იქნებოდა და ხელი მხარზე დაარტყა, რის გამოც მას საჭეზე გაეშვა ხელი, გააჩერა მანქანა. დ. მ. ეუბნებოდა, ხვალ ილაპარაკეთო. ი. გ. გაგიჟდა, ტორპედოზე და კარზე არტყამდა ხელს, რის გამოც უთხრა, ჩასულიყო მანქანიდან. ი. გ-მ გააღო კარი, შარვალზე ექაჩებოდა. მ-ც მივიდნენ. დაამშვიდეთო, უთხრა მათ. ნისლიანი ღამე იყო. გადმოვიდა ავტომანქანიდან. ი. გ. კვლავ ეკითხებოდა, რატომ იყო ბიძამისი ცუდი კაცი. ყველა ცდილობდა ი. გ-ს დამშვიდებას და ეუბნებოდნენ, რომ ხვალ ესაუბრათ. ი. გ-მ დ. მ-ს ჰკითხა, ც. ზ-ს მხარეს ხომ არ იყო და ხელი აუქნია. ი. გ-ს თავი ჰქონდა მის თავზე მიდებული, პატარა მ. წამოიწია მისკენ. ხვალ ვისაუბროთო, უთხრა მათ. დ. მ. აშველებდა. ც. ზ. შებრუნდა და ჩახტა მანქანაში, კარი მიხურა, დაძრა ავტომანქანა და წავიდა იქიდან. ამ დროს ბნელოდა და სარკეში არ ჩანდა არავინ. გზაზე იფიქრა, ისინი იქ რომ დატოვა, ამაზე ვისთვის რა პასუხი გაეცა და ამიტომ ისევ უკან მიტრიალდა. სადაც მანქანა გააჩერა, იმ ადგილამდე 150-200 მეტრში შეხვდა დ. მ. ც. ზ-მ ჩამოსწია ავტომანქანის ფანჯარა და მათ მიმართა: „რა გჭირთ, ამოდითო“, დ. მ-მ კი გააღო მანქანის კარი და დაუწყო ცემა, ჩამოდი, უნდა გცემოო. ამ დროს ავტომანქანის მგზავრის კარიც გაიღო და მეორე ძმამ - მ. მ-მ დაუწყო ხელების ქნევა. ჩადით, რა გჭირთ ამაღამო, უთხრა მათ. ერთი ძმა ჩავიდა, მეორეს ხელი გააშვებინა, თვითონ კი წავიდა. ტელეფონი არ იჭერდა. დაურეკა რ. ჩ-ს, რომელსაც უთხრა, რომ იჩხუბეს და მათთვის დაერეკა. რ. ჩ-მაც უპასუხა, რომ ტელეფონი არ იჭერდა. დილით რ. ჩ-მ უთხრა, რომ მას დ. მ-მ დაურეკა, რომელმაც თქვა, რომ ისინი სასწრაფო დახმარების მანქანით წამოსულან, ვინაიდან ი. გ. ქვაზე დაცემულა. ც. ზ-მ გაიფიქრა, რომ შესაძლოა, ერთმანეთთან იჩხუბეს ი. გ-მ, დ. და მ. მ-ებმა. დილით თავისმა მამამ დაურეკა, ი. გ. გარდაიცვალაო, რის შემდეგაც თვითონვე გამოცხადდა პოლიციაში. როდესაც ი. - გ., დ. და მ. მ. დატოვა ადგილზე, ისინი ერთმანეთთან კამათობდნენ. მას რესტორანში არ დაულევია. როდესაც კამათის დროს მოტრიალდა და ჩაჯდა ავტომანქანაში, მას უკან არავინ გაჰკიდებია და არც არავის დაუძახია.

29. კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით კრიმინალიზებულია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია, ერთი მხრივ, ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი უშიშროება, ხოლო, მეორე მხრივ, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის გაუფრთხილებელი ქმედება (თვითიმედოვნება ან დაუდევრობა), რასაც შედეგად მოჰყვა მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა მოიცავს: ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას; სიცოცხლის მოსპობას; მიზეზობრივ კავშირს წესების დარღვევის ფაქტსა და დამდგარ შედეგს შორის. საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების სუბიექტი არის ის, ვინც მართავს სატრანსპორტო საშუალებას. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლი ბლანკეტური შინაარსისაა და ქმედების კვალიფიკაციის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს, დაარღვია თუ არა ბრალდებულმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი და შეეძლო თუ არა მას კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით.

30. სააპელაციო სასამართლომ შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირების, მოწმეების - მ. მ-სა და დ. მ-ს ჩვენებები მიიჩნია არადამაჯერებლად და აღნიშნა, რომ ისინი ეწინააღმდეგება მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მიწოდებულ ინფორმაციას, რა დროსაც განმარტავდნენ, რომ ი. გ-მ მარჯვენა ხელი მოჰკიდა ავტომანქანა „კამაზის“ კარის სახელურს, მათ ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მიუთითეს, რომ აწ გარდაცვლილს ორივე ფეხი მიწაზე ჰქონდა დადგმული, ხოლო სასამართლოში კი განაცხადეს, რომ მარცხენა ფეხი „კამაზის“ კიბის საფეხურზე ედგა, მარჯვენა კი ჰაერში ჰქონდა და ცდილობდა კიბეზე ასვლას. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ამ მოწმეთა ჩვენებები ასევე არ არის თანხვდენილი ბრალდების მხარის მოწმის - ტრასოლოგიური ექსპერტის ჩვენებასთან, რომლის თანახმად, ი. გ-ს ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები არ შეიძლებოდა გამოწვეული ყოფილიყო რეზინის დეტალთან, მეტალის კუთხოვანასთან ან რკინის ხრახნილთან კონტაქტის შედეგად, ისინი მხოლოდ ხორკლიან ზედაპირთან ერთჯერადი კონტაქტის შედეგად არის წარმოქმნილი, ხოლო ტანსაცმლის დაუზიანებლად შეუძლებელია სხეულზე შემღწევი დაზიანების წარმოქმნა, მითუფრო, რომ სხეულზე არსებული დაზიანებები ემთხვევა ტანსაცმელზე არსებულ დაზიანებებს. ამასთან, ექსპერტის თქმით, ჭრილობის სიღრმე უფრო მეტია, ვიდრე რეზინის დეტალის სიგრძე და ის ვერ შეაღწევდა საკუთარ სიღრმეზე უფრო ღრმად. მოწმეების - მ. მ-სა და დ. მ-ს ჩვენებები ასევე ეწინააღმდეგება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ კომპლექსური ექსპერიტიზის დასკვნას, რომლითაც დგინდება, რომ მ. და დ. მ-ს ჩვენებებით ასახულ ვითარებაში ი. გ-ს არ უნდა განვითარებოდა გვამის გამოკვლევით ნანახი დაზიანებები, ამასთან, დაზიანებებს ვერ მიიღებდა მხოლოდ ერთჯერადი კონტაქტით. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ ბრალდების მხარემ არ გადაამოწმა მოწმეთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია სხვა საპროცესო მოქმედებით, მათ შორის - კომპლექსური ექსპერტიზით, რომელიც დაადგენდა ი. გ-სათვის მიყენებული დაზიანებების განვითარების მექანიზმს, რომლის გარეშეც მისი დადგენა პალატამ შეუძლებელად მიიჩნია. მითითებულ მოწმეთა ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძვლად ასევე მითითებულია, რომ ეს მოწმეები არიან ძმები, რომლებიც ცხოვრობენ ერთად და იყვნენ დაზარალებულის ახლო მეგობრები. სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ ასევე არ გაიზიარა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში ასახული ინფორმაცია, ვინაიდან მასში მონაწილე ყველა პირი სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით არ დაკითხულა.

31. სააპელაციო პალატამ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად არ მიიჩნია ასევე ც. ზ-ს-ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში იმ საფუძვლით, რომ ც. ზ-მ არ იცოდა და ვერ აცნობიერებდა, რომ ი. გ. იმყოფებოდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და, ამასთან, მას არ შეეძლო დაზარალებულისათვის გაეწია დახმარება მ. მ-სა და დ. მ-სგან მომდინარე აგრესიული ქცევის გამო, რაც მას უქმნიდა სერიოზულ საფრთხეს. ამასთან, სააპელაციო პალატამ ბრალდების არც ამ ნაწილში გაიზიარა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

32. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირების, პირდაპირი მოწმეების - მ. მ-სა და დ. მ-ს ჩვენებები არადამაჯერებელია და ისინი ეწინააღმდეგება მათ მიერვე გამოძიებისათვის მიწოდებულ ინფორმაციასა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

33. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ გამოძიებამ ჩაატარა სულ ორი საგამოძიებო ექსპერიმენტი, პირველი - 2019 წლის 7 თებერვალს, ხოლო მეორე - 2019 წლის 18 აპრილს და ორივე მათგანში ამ ორი მოწმეთაგან მონაწილეობდა მხოლოდ დ. მ., ხოლო მ. მ-ს მითითებულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია. საგამოძიებო ექსპერიმენტის პირველ ოქმში მითითებულია, რომ ავტომანქანის ადგილიდან დაძვრამდე ი. გ-მ კაბინის კარის სახელურს მოჰკიდა მარჯვენა ხელი და სურდა ც. ზ-ს გაჩერება, ეძახდა კიდეც, რომ გაჩერებულიყო. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია ავტომანქანის გარეშე და მასში დ. მ. ხელით უთითებს შემთხვევის ადგილზე, ხოლო მოგვიანებით ჩატარებულ, მომდევნო საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, რომლის მიხედვითაც, ასევე გადამოწმდა შემთხვევის ადგილზე არსებული ხილვადობისა და სმენადობის საკითხი, უკვე გამოყენებულია ავტომანქანა „კამაზიც“. ექსპერიმენტის დროს დ. მ-მ დაიკავა ის ადგილი და იმ მდგომარეობაში, როგორშიც, მისი გადმოცემით, შემთხვევის დროს იმყოფებოდა ი. გ. და ამ დროს მას მარცხენა ხელი აქვს მოკიდებული ავტომანქანის კაბინის კარის სახელურზე. ამასთან, ამავე ოქმში, წინა ოქმის მსგავსად, მითითებულია, რომ ავტომანქანის დაძვრამდე ი. გ-ს ხელი ჰქონდა მოკიდებული კარის სახელურზე და ამავდროულად ეძახდა ც. ზ-ს „გაჩერდი, სად მიდიხარო“. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ გამოძიების დროს მ. მ-ც და დ. მ-ც არაერთხელ გამოიკითხნენ მოწმის სახით და გამოკითხვის ყველა ოქმში ისინი ცალსახად უთითებდნენ, რომ ი. გ. გაემართა ავტომანქანა „კამაზის“ მიმართულებით, მის დაძვრამდე ხელი ეკიდა მძღოლის კარის სახელურზე, ფეხი ედგა მიწაზე და თან ეძახდა ც. ზ-ს, სად მიდიოდა და რატომ ტოვებდა მათ ადგილზე, რაც ანალოგიურად, კიდევ ერთხელ დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მოწმის სახით ჩვენებების მიცემის დროსაც და დამატებით, როგორც დ. მ-მ, ისე მ. მ-მ დააზუსტეს, რომ ი. გ-ს მარცხენა ხელი ეკიდა კაბინის სახელურზე, ერთი ფეხი ედგა მიწაზე, ხოლო მეორეთი ცდილობდა კაბინის კიბეზე ასვლას. ამდენად, რაიმე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, ან არსებითი სახის შეუსაბამობა მათ მიერ გამოძიებასა და სასამართლო განხილვისას მიცემულ ჩვენებებს შორის, აგრეთვე უშუალოდ მათ ჩვენებებს შორისაც არ იკვეთება. სასამართლო სხომაზეც ორივე მოწმე აძლევს ერთმანეთის იდენტურ და სრულად თანხვდენილ ჩვენებებს. სააპელაციო სასამართლო ავითარებს მსჯელობას, რომ ასეთ ვითარებაში ი. გ. ვერ შეძლებდა ავტომანქანის კარის გამოღებას და სალონში შესვლას, თუმცა როგორც დ. და მ. მ-ს ჩვენებებიდან იკვეთება, ი. გ-ს კაბინაში შესვლა კი არ სურდა, არამედ იგი წავიდა სატვირთო ავტომანქანის მიმართულებით, რათა როგორმე შეეჩერებინა ც. ზ. და გადაერწმუნებინა, რომ არ წასულიყო და არ დაეტოვებინა ისინი ადგილზე, დაუძახა კიდეც, რატომ მიდიოდა და რატომ ტოვებდა მათ იქ და ამის გამო ცდილობდა კარის გაღებას, რომლის ბოლომდე გაღება და სალონში შესვლა არც იყო საჭირო და ვერც შევიდოდა, რადგან საჭესთან უკვე იჯდა ც. ზ. ამდენად, ერთი მხრივ, არ იკვეთება არანაირი არსებითი მნიშვნელობის სხვაობა და წინააღმდეგობა არც საგამოძიებო ექსრიმენტის ოქმში ასახულ ინფორმაციასა და მოწმე დ. მ-ს სასამართლოში მიცემულ ჩვენებას შორის (როგორც აღინიშნა, მ. მ-ს საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში, შესაბამისად, რაიმე წინააღმდეგობაზე საუბარი მასთან მიმართებით გაუგებარია) და არც თვითონ ამ მოწმეთა ჩვენებებს შორის, პირიქით, მათი ჩვენებები გამოძიების ეტაპიდანვე შეიცავს იდენტურ, ერთი და იმავე სახის ინფორმაციას არა მხოლოდ მომხდარი შემთხვევის საკვანძო ნაწილთან მიმართებით, არამედ ერთობლივად - იმ დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, არის ერთმანეთთან სრულად თანხვდენილი და დამაჯერებელი. მოწმეთა ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი კი ვერ იქნება მხოლოდ ის გარმოება, რომ ისინი არიან ძმები და ამავე დროს - დაზარალებულის ახლო მეგობრები.

34. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოწმეთა ჩვენებები ასევე არ არის თანხვდენილი ბრალდების მხარის მოწმის - ტრასოლოგიური ექსპერტის ჩვენებასთან, რომლის თანახმად, ი. გ-ს ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები არ შეიძლებოდა გამოეწვია რეზინის დეტალთან, მეტალის კუთხოვანასთან ან რკინის ხრახნილთან კონტაქტს და ისინი მხოლოდ ხორკლიან ზედაპირთან ერთჯერადი კონტაქტის შედეგად არის წარმოქმნილი, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

35. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის - ნ. ო-ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ ტანსაცმელზე არსებულ დაზიანებებს, რეზინისა და რკინის ხრახნილის გარდა, ვერც მეტალის კუთხე მიაყენებდა იმ შემთხვევაში, თუ მას ექნებოდა გლუვი ზედაპირი. მანვე განმარტა, რომ მას ვიზუალურად არ უნახავს ავტომანქანის ძარის ის დეტალი, რომლითაც მოხდა ი. გ-სთან შეჯახება, ხოლო მოსამართლის კითხვაზე: რომ თუ მეტალს ექნებოდა გლუვი ზედაპირი, მიიღებდა თუ არა ტანსაცმელი მყარი, ხორკლიანი ზედაპირისათვის დამახასიათებელ დაზიანებას, კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამ ვითარებაში ტანსაცმელზე ვერ დარჩებოდა ხორკლიანი ზედაპირისათვის დამახასიათებელი კვალი. ამასთან, ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე, რომელიც ტარდებოდა დისტანციური წესით, კატეგორიული უარი განაცხადა ფოტოსურათის მეშვეობით იმ კითხვაზე პასუხის გაცემაზე, იყო თუ არა სადავო დეტალი - საწვავის ავზის ზემოთ, ძარის წინა, მარცხენა კუთხეზე განლაგებული კონუსური ფორმის, რეზინის მკვრივი კონსისტენციის დამცველი/შემზღუდველები და საწვავის ავზის მეტალის კუთხე მყარი, ხორკლიანი ზედაპირის მქონე, ვინაიდან მას აუცილებლად ფიზიკურად უნდა ენახა ობიექტი. ექსპერტმა ასევე მიუთითა, რომ გარდაცვლილის სხეულზე არსებული დაზიანებები ემთხვევა ტანსაცმელზე არსებულ დაზიანებებს და არცერთი დაზიანება თრევით არ იყო მიღებული, ისინი ერთჯერადი, ძლიერი შეხებითაა გამოწვეული. მყარ-ხორკლიან ზედაპირს წარმოადგენს ნებისმიერი სახის ზედაპირი, რომელიც ხასიათდება ხორკლიანობით და იგი არ უნდა იყოს გლუვი, ხორკლიანი შეიძლება იყოს მათ შორის - ასფალტის ზედაპირი.

36. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა სამმართველოს ექსპერტის - ლ. მ-ს ჩვენებაზეც, რომლის მიხედვით დგინდება, რომ, ზოგადად, რეზინის კვალი ძნელად გადადის, რადგან იგი ელასტიკურია, ხოლო რეზინთან კონტაქტის შედეგად მინალესის დარჩენის ფაქტი მას პრაქტიკაში არ ჰქონია. რეზინის ნაწილაკი მაშინ დარჩებოდა ტანსაცმელზე, თუ იმდენად ძლიერი კონტაქტი იქნებოდა, რომ რეზინს ნაწილი მოძვრებოდა და რეზინი დაზიანდებოდა და ა.შ. მსგავსი შინაარსის ჩვენება მისცა ასევე ექსპერტმა ზ. თ-მ, რომელმაც განმარტა, რომ რეზინის კვალი, მიუხედავად ზემოქმედებისა, შეიძლება დარჩეს, ან არ დარჩეს საგანზე.

37. აღნიშნულიდან გამომდინარე, დ. და მ. მ-ს ჩვენებები, რომ ი. გ-ს თავდაპირველად დაეჯახა ავტომანქანის ძარის დეტალი, რის შედეგადაც დაეცა ასფალტზე, არ ეწინააღმდეგება ექსპერტ ნ. ო-ს ჩვენებას, ვინაიდან ექსპერტს არ განუმარტავს, რომ საწვავის ავზის მეტალის კუთხე არ იყო მყარი, ხორკლიანი ზედაპირის მქონე და ასევე არ განუმარტავს, რომ კონკრეტულად სადავო დეტალი ვერ გამოიწვევდა დაზარალებულის ტანსაცმელზე, წელის არეში არსებულ დაზიანებას. ამდენად, რაიმე სახის წინააღმდეგობა მითითებულ მოწმეებსა და ტრასოლოგიური ექსპერტის ჩვენებებს შორის არ იკვეთება, ხოლო ის ფაქტი, რომ დაზარალებულის ტანსაცმელზე არ აღმოჩნდა რეზინის კვალი, არ გამორიცხავს კონტაქტის შესაძლებლობას, ვინაიდან ექსპერტების - ლ. მ-სა და ზ. თ-ს ჩვენებებით დგინდება, რომ ხშირ შემთხვევაში, მიუხედავად კონტაქტისა, ტანსაცმელზე არ გადადის რეზინის კვალი. ამავდროულად, ნ. ო-ს ჩვენებითა და მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნით ასევე დგინდება ისიც, რომ კაპიუშონიან ქურთუკსა და მონაცრისფრო ქურთუკზე ასევე აღინიშნება რღვევითა და ხევით განვითარებული დაზიანებები.

38. ასევე უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ექსპერტის (დაკონკრეტებული არ არის, რომელი ექსპერტის) თქმით, ი. გ-ს ჭრილობის სიღრმე უფრო მეტია, ვიდრე რეზინის დეტალის სიგრძე და ის ვერ შეაღწევდა საკუთარ სიღრმეზე უფრო ღრმად, ვინაიდან იგი არ გამომდინარეობს წარმოდგენილი საქმის მასალებიდან, კერძოდ: გარდაცვლილ ი. გ-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 1 აპრილის დასკვნის თანახმად, დგინდება, რომ მას წელის მიდამოში, მარცხენა შუა მესამედში, აღენიშნებოდა უსწორონაპრილისებური ფორმის უსწოროკიდეებიანი ჭრილობა ზომით - 4.5 სმ (ჭრილობის შეღწევის სიგრზე) X 2.2. სმ (ჭრილობის სიგანე) (პირღიაობს) ქსოვილის დეფექტის გარეშე. სატვირთო ავტომანქანა „კამაზის“ დათვალიერების 2019 წლის 16 მარტის ოქმით დგინდება, რომ ავტომანქანის ძარის რეზინის დეტალის სიგრძე, რომელთანაც მოხდა შეჯახება, არის - 4 სმ. შესაბამისად, ი. გ-ს წელის მიდამოში არსებული ჭრილობის ზომა და სხეულში შეღწევის სიღრმე, ავტომობილის წონისა (შემთხვევის დროს მისი წონა დატვირთულ მდგომარეობაში იყო დაახლოებით 27 ტონა) და იმის გათვალისწინებით, რომ რეზინი დამაგრებული იყო მეტალის კონსტრუქციაზე, რაც შეჯახების დროს გაზრდიდა დაწოლის ძალას, ფაქტობრივად, შეესაბამება იმ დეტალის სიგრძეს, რომლითაც მოხდა დაზარალებულზე შეჯახება. შესაბამისად, არც ამ ნაწილში იკვეთება არსებითი და შეუსაბამო სხვაობა ჭრილობის სახესა და მის გამომწვევ დეტალს შორის.

39. გარდა ამისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაზეც საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, არის გამოძიებაში ავტომანქანა „კამაზის“ დათვალიერების 2019 წლის 16 მარტის ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ დათვალიერდა „კამაზის“ მარკის ავტომანქანა, რომელიც იყო დატვირთული, ანუ ზუსტად იმ მდგომარეობაში, როგორშიც მოხდა შეჯახება. დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ ავტომანქანის უკანა ძარის მარცხენა მხარეს არსებული მყარი კონსისტენციის რეზინის დამცველები/შემზღუდველები მიწიდან მდებარეობდა დაახლოებით 104.5 სანტიმეტრზე, ხოლო როგორც ი. გ-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნიდან დგინდება, მას უსწოროკიდეებიანი - 4.5 სმ, X 2.2. ზომის ჭრილობა აღენიშნებოდა ტერფიდან 104 სმ-ის დაშორებით, რაც კიდევ დამატებით ამყარებს იმ ფაქტს, რომ ჭრილობა სწორედ ძარის მითითებულმა დეტალმა გამოიწვია. აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც ექსპერტ შ. თ-ს ჩვენებიდან ირკვევა, ი. გ-ს ზუსტად მითითებული, ანუ წელის არეში არსებული ჭრილობის პროექციაზე აღენიშნებოდა მენჯის, გავისა და კუდუსუნის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობები და სწორედ ამავე ჭრილობის პროექციაზევე, მის პირდაპირ დაზიანებული იყო მარცხენა თეძოს არტერია. ექსპერტმა თავის ჩვენებაში ასევე განმარტა, რომ მუცლის ღრუში არსებული დაზიანებებიც განვითარებული იყო წელის არეში მიყენებული ჭრილობის შესაბამისად. ამასთან, ი. გ-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ წელის მიდამოში არსებული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ისევე როგორც - სხვა დაზიანებები. თავის მხრივ, მყარი კონსისტენციის რეზინის დამცველები/შემზღუდველები წარმოადგენს მკვრივ ბლაგვ, საგანს, ხოლო ის, რომ ძვლების მოტეხილობა შესაძლოა, განვითარებულიყო ერთი დარტყმის შედეგად, ასევე დასტურდება შ. თ-ს ჩვენებით.

40. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა საერთოდ არ შეაფასეს და გვერდი აუარეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2019 წლის 30 იანვრის ოქმსა და ბიოლოგიური ექსპერტიზის 2019 წლის 16 მაისის დასკვნას, კერძოდ: დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე, საავტომობილო გზის შუა ნაწილზე, ანუ ზუსტად იმ ადგილას, რომელზეც მოწმეები - მ. და დ. მ. უთითებენ ავტომანქანის ი. გ-ზე შეჯახების ადგილად, აღმოჩენილია სისხლის კვლები; სისხლის კვლები (გუბე) ასევე აღმოჩენილია საავტომობილო გზის გვერდულზე, სადაც, მათივე მითითებით, ავტომანქანის შეჯახების შემდეგ გადაიყვანეს და დააწვინეს დაზიანებული დაზარალებული, ხოლო ბიოლოგიური ექსპერტიზის 2019 წლის 16 მაისის დასკვნითა და ექსპერტ შ. კ-ს ჩვენებით დგინდება, რომ აღმოჩენილი სისხლის კვლები ეკუთვნის ი. გ-ს. ამდენად, მოწმეების - მ. და დ. მ-ს ჩვენებების რეალობა დამატებით გამყარებულია და სრულად არის თანხვდენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან.

41. რაც შეეხება ი. გ-ს სხეულზე არსებულ დანარჩენ დაზიანებებს, როგორც მოწმეების - მ. მ-სა და დ. მ-ს ჩვენებებით ირკვევა, ი. გ. ავტომანქანა „კამაზის“ მკვეთრი დაძვრისა და შეჯახების შედეგად ასფალტზე დაეცა. მათივე ჩვენებით დგინდება, რომ მას არც კონფლიქტამდე და არც ავტომანქანასთან შეჯახებისა და მიწაზე დაცემის შემდეგ სხვა რაიმე დაზიანება არ მიუღია. შესაბამისად, დანარჩენი დაზიანებები განვითარებულია ავტომანქანის ი. გ-ზე შეჯახების შედეგად აწ გარდაცვლილის მყარ, ხორკლიან ზედაპირზე, მოცემულ შემთხვევაში - ასფალტზე დაცემის დროს, რასაც მათი ჩვენებების გარდა, ასევე ადასტურებს: ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტ ნ. ო-ს ჩვენება, რომლებიც არათუ ეწინააღმდეგება მოწმეების - მ. და დ. მ-ს ჩვენებებს, არამედ - სრულად თანხვდენილია მათთან და რომლებითაც დგინდება, რომ სხვა დაზიანებების (მათ შორის შარვალსა და ტრუსზე არსებული დაზიანებები) ძირითადი ნაწილი გამოწვეულია მყარ, ხორკლიან ზედაპირზე, ერთჯერადი, ძლიერი შეხების შედეგად, ხოლო დაზიანებათა ხარისხი კი განვითარებულია ზედაპირზე შემხები სიძლიერის შესაბამისად, ანუ სხეულის რომელ მიდამოშიც უფრო ძლიერი კონტაქტი იყო, შესაბამისად, იქ ტანსაცმელიც მეტად დაზიანდა და სწორედ ამ მექანიზმით განვითარდა შარვალსა და ტრუსზე არსებული დაზიანებებიც; გარდაცვლილ ი. გ-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 1 აპრილის დასკვნა და ექსპერტ შ. თ-ს ჩვენება, რომელთა მიხედვით, ი. გ-ს ზუსტად წელის არეში არსებული ჭრილობის პროექციაზე აღენიშნებოდა მენჯის, გავისა და კუდუსუნის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობები და სწორედ ამავე ჭრილობის პროექციაზევე მის პირდაპირ, დაზიანებული იყო მარცხენა თეძოს არტერია, რამაც საბოლოოდ მისი სიკვდილი გამოიწვია; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2019 წლის 30 იანვრის ოქმი და ბიოლოგიური ექსპერტიზის 2019 წლის 16 მაისის დასკვნა, რომლებითაც დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე, საავტომობილო გზის შუა ნაწილში, შეჯახების ადგილზე აღმოჩენილი სისხლის კვლები ეკუთვნის ი. გ-ს.

42. სააპელაციო პალატა ასევე იშველიებს დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებულ კომპლექსურ სამედიცინო, ავტოტექნიკური ექსპერტიზის 2019 წლის 26 ივნისის დასკვნასა და მისი გამცემი ექსპერტების - ა. გ-სა და რ. ვ-ს ჩვენებებს, რომელთა თანახმად, მ. და დ. მ-ს ჩვენებებით ასახულ ვითარებაში ი. გ-ს არ უნდა განვითარებოდა გვამის გამოკვლევით ნანახი დაზიანებები, ამასთან, დაზიანებებს ვერ მიიღებდა მხოლოდ ერთჯერადი კონტაქტით, რასაც საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

- ექსპერტები დასკვნაში აღნიშნავენ, რომ ავტოსატრანსპორტო ტრავმატიზმის განვითარების მექანიზმის პრინციპების დინამიკიდან გამომდინარე, მ. და დ. მ-ს ჩვენებების მხედველობაში მიღებით (ი. გ-ს ხელი ჰქონდა მოკიდებული „კამაზის“ მარკის ავტომანქანის მძღოლის მხარეს არსებული კარის სახელურზე. ავტომანქანის სწრაფად დაძვრის შედეგად იგი სხეულით შეეჯახა ავტომანქანის ძარის მარცხენა გვერდით ზედაპირს და შემდგომ დაეცა), ავტომანქანის დაძვრის შედეგად სრული აჩქარებით უნდა გადაადგილებულიყო უკან, ანუ ავტომანქანის მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით და შეჯახებულიყო სხეულის უკანა და/ან გვერდითა ზედაპირით ავტომანქანის ძარის მარცხენა გვერდით ზედაპირს, შემდგომი დაცემით გზის საფარზე; „კამაზის“ მარკის ავტომანქანის ფოტომასალის, კერძოდ, ძარის მარცხენა გვერდითა ზედაპირის კონსტრუქციული რელიეფის შესწავლით, სხეულთან შეჯახების ლოკაციის ადგილი შესაძლოა, ყოფილიყო საწვავის ავზის ზემოთ, ძარის წინა, მარცხენა კუთხეზე განლაგებული კონუსური ფორმის, რეზინის მკვრივი კონსისტენციის დამცველი/შემზღუდველები და საწვავის ავზის კიდე; მაგრამ, მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ საკუთარი დასკვნის საპირისპიროდ, ექსპერტმა რ. ვ-მ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ იმ ვითარებაში, რაც მოწმეებმა - მ. და დ. მ-ებმა აღწერეს, მათ შორის - კარის სახელურზე ვერც მარცხენა და ვერც მარჯვენა ხელის მოკიდების შემთხვევაში კონტაქტი ვერ დამყარდებოდა ავტომანქანის ძარის უკანა ნაწილთან. ასეთი კონტაქტი შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი მყარად იქნებოდა ჩამოკიდებული სახელურზე და თუ ავტომანქანა მარჯვნივ მოუხვევდა, ხოლო მოცემულ შემთხვევაში კი ავტომანქანა წინ წავიდა. ამასთან, აღნიშნულის დასტურად და სადემონსტრაციოდ ექსპერტმა წარადგინა ფოტოილუსტრაციები, რომლებშიც ავტომობილის მოძრაობა ასახული იყო დინამიკაში, მოძრაობაში და არა - გაჩერებულ მდგომარეობაში, რის შემდეგაც იგი ბიძგით დაიძრა;

- ექსპერტმა რ. ვ-მ ასევე განმარტა, რომ ი. გ. სხეულზე არსებულ დაზიანებებს ვერ მიიღებდა ავტომანქანის უკანა ძარაზე არსებული რეზინის მკვრივი კონსისტენციის დამცველი/შემზღუდველებით, კერძოდ: წელის არეში არსებული ჭრილობის მიყენების შესაძლებლობა მითითებული დეტალით გამორიცხა იმ მოტივით, რომ რეზინის კუთხე მდებარეობდა ი. გ-ს სხეულზე, წელის არეში არსებული ჭრილობისგან უფრო ზემოთ და განმარტა, რომ რეზინის კუთხე წელის ზემოთ, ნეკნების მიდამოში მდებარეობდა, ხოლო დაზიანება კი ქვემოთ ჰქონდა, რასაც ექსპერტი ცალსახად არასწორად უთითებს, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, გამოძიების მიერ ჩატარებული „კამაზის“ დათვალიერების 2019 წლის 16 მარტის ოქმით დადგენილია, რომ დატვირთულ მდგომარეობაში „კამაზის“ უკანა ძარის მარცხენა მხარეს არსებული მყარი კონსისტენციის რეზინის დამცველები/შემზღუდველები მიწიდან მდებარეობდა დაახლოებით 104.5 სანტიმეტრზე, ხოლო ი. გ-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნიდან დგინდება, რომ მას უსწოროკიდეებიანი - 4.5 სმ, X 2.2. ზომის ჭრილობა აღენიშნებოდა ტერფიდან 104 სმ-ის დაშორებით. აღნიშნული ნათლად ცხადყოფს, რომ დეტალსა და ჭრილობას შორის სიმაღლეში არსებითი აცდენა არ იკვეთება და ისინი თითქმის იდენტურად ემთხვევა ერთმანეთს, ხოლო ექსპერტის განმარტება არასწორია და არ შეესაბამება საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს;

- ამას გარდა, ექსპერტმა რ. ვ-მ ი. გ-ს კონტაქტი ავტომანქანის ძარის უკანა ნაწილთან აგრეთვე გამორიცხა იმ საფუძვლითაც, რომ ძარის წინა, შუა ნაწილიდან ამოღებული ძაფის ფრაგმენტები არ იყო გარდაცვლილის ტანსაცმლის ქსოვილის იდენტური, რაც ასევე სრულიად გაუგებარი და ამავდროულად, არარელევანტურია, რადგან არც ბრალდების მხარე არ დავობს იმ საკითხზე, რომ შემთხვევა ძარის წინა ნაწილის შეჯახების შედეგად მოხდა. რაც შეეხება დაცვის მხარის ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ კიდევ ერთ გარემოებას, რის შესახებაც თავის ჩვენებაში ასევე აპელირებს რ. ვ., რომ ი. გ-ს ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე რეზინისმაგვარი მინალესის ან თავისუფლად მდებარე ნაწილაკების კვალი არ აღმოჩნდა, მითითებულ საკითხზე საკასაციო სასამარლომ ზემოთ უკვე იმსჯელა და ყურადღება გაამახვილა ტრასოლოგიური ექსპერტების ჩვენებებზე, რომელთა თანახმად დგინდება, რომ ხშირ შემთხვევაში, მიუხედავად კონტაქტისა, ტანსაცმელზე არ გადადის რეზინის კვალი.

- ექსპერტ რ. ვ-ს ჩვენებით ასევე დგინდება, რომ მას არ უნახავს შემთხვევის ადგილი და არ დაუთვალიერებია „კამაზის“ მარკის ავტომანქანა, მან იხელმძღვანელა დაცვის მხარის მიერ გადაგზავნილი საქმის მასალებითა და „კამაზის“ მოდელებისა და მოდიფიკაციების შესახებ სახელმძღვანელოებით, აგრეთვე თბილისში ნახა მსგავსი ტიპის მანქანები.

- რაც შეეხება ექსპერტ ა. გ-ს ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ ი. გ. საქმის მასალებით დადგენილ ვითარებაში ვერ მიიღებდა მსგავს დაზიანებებს, საყურადღებოა, რომ იგი ყველა დაზიანებას აფასებდა ერთობლივად, ყველა ჭრილობაზე მსჯელობდა ერთიანად და აცხადებდა, რომ ამდენი ჭრილობა კომპლექსურად შეჯახების შედეგად ვერ განვითარდებოდა. ამასთან, ექსპერტმა განმარტა, რომ ი. გ. დაზიანებებს მიიღებდა 10-15 მეტრი სიმაღლის კედელზე გადაგორების შედეგად, გორაობით (ხევში ჩავარდნის შედეგად), ხოლო გავის ძვლის მოტეხილობა განვითარდებოდა ხევში კედლის ძირში არსებულ ქვებზე დაცემით, მაშინ როდესაც მისივე ჩვენებით დგინდება, რომ მას არ უნახავს შემთხვევის ადგილი, არ დაუთვალიერებია ავტომანქანა „კამაზი“ და უფრო მეტიც: არათუ ფიზიკურად, ფოტოსურათების მეშვეობითაც კი არ უნახავს ის ხევი (საქმის მასალებში საერთოდ არ მოიპოვება ხევის ფოტოსურათები), სადაც ჩაგორებასაც მიიჩნევს ი. გ-ს სხეულზე არსებული დაზიანებების გამომწვევ მიზეზად; მან ასევე არ იცის, რამდენგრადუსიანი დაქანების იყო იგი და, შესაბამისად, საერთოდ შესაძლებელია თუ არა იქ დაგორება. კითხვაზე, თუ კედელი იქნებოდა 90-გრადუსიანი კუთხის მქონე, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა დაგორება, პასუხობს, რომ გამორიცხული არაფერია. ამასთან, პასუხი ვერ გასცა კითხვაზე, თუ რას შეეძლო გამოეწვია ი. გ-ს წელის არეში არსებული ჭრილობა. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ერთადერთი ინფორმაცია, რაც ხევის შესახებ საქმის მასალებში მოიპოვება და რასაც ექსპერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილის მიხედვით დასკვნა ემყარება, არის ადვოკატ რ. შ-ს მიერ 2019 წლის 12-13 აპრილს შედგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, საიდანაც ხევთან („ჩასავარდნთან“) დაკავშირებით მითითებულია შემდეგი: „გზის პირას ბეტონის გვერდულებს შორის და შეწეული არედან, სადაც დგას ნიშა, არის ჩასავარდნი სიღრმეში, სადაც ყრია წვეტიანი ქვები და ბეტონის კედელს აქვს რკინის გამოშვერილი „არმატურები“. ჩასავარდნ სიღრმეს აქვს ადამიანის ჩავარდნის შემთხვევაში მისი ამოსაყვანი შესაძლებლობის მქონე მხარე, საიდანაც შესაძლებელია ჩავარდნილის ამოყვანა“. მითითებულ ოქმში სხვა არანაირი დეტალი, მათ შორის - „ჩასავარდნის“ დაქანების კუთხის, რელიეფის, ხეების (გამოძიების მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებზე, ისევე როგორც დაცვის მხარის მიერ ჩატარებულ ოქმზე თანდართული ფოტოსურათებით დგინდება, რომ საავტომობილო გზაზე, ბეტონის გვერდულებს შორის და შეწეულ არესთან, ნიშის უკან, არის ტყის მასივი და არაერთი ხე), ქვების (გარდა სიღრმეში მითითებული წვეტიანი ქვებისა) არსებობის, ბეტონის კედლიდან გამოშვერილი „არმატურების“ სიგრძის, სიგანის, რაოდენობის, სავარაუდო დაცემის ადგილის რელიეფის, ასევე თვით ხევის სიღრმის შესახებაც კი არ არის არანაირი ინფორმაცია მითითებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, აღნიშნული, ძალზე მწირი ინფორმაცია ექსპერტმა მაინც არათუ საკმარისად მიიჩნია დასკვნის გასაცემად, არამედ - დაბეჯითებით აცხადებდა, რომ ი. გ. სხეულზე არსებულ დაზიანებებს მიიღებდა სიმაღლიდან ჩაგორებისა და კედლის ძირზე დაცემის შედეგად.

43. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, ხოლო ექსპერტთა ჩვენებები წინააღმდეგობრივი, ძალზე არადამაჯერებელია და არ შეესაბამება საქმის მასალებს, რის გამოც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მათ.

44. გარდა ამისა, დაცვის მხარე მოწმეების - მ. და დ. მ-ს ჩვენებების სანდოობასთან მიმართებით ასევე აპელირებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის შ. თ-ს ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც იგი განმარტავს, რომ თეძოს საერთო არტერიის დაზიანებამ რამდენიმე წამიდან ერთ საათამდე პერიოდში შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი, ხოლო დაზარალებული გარდაიცვალა ერთ საათზე გაცილებით მეტი დროის გასვლის შემდეგ, რასაც საკასაციო სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება, ვინაიდან, ჯერ ერთი, ექსპერტმა შ. თ-მ დაკითხვისას არაერთხელ განმარტა, რომ იგი უთითებდა მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების მხოლოდ სავარაუდო დროს და კონკრეტულად იმის მტკიცება, თუ რამდენ ხანში „დადგებოდა გარდაცვალება“, შეუძლებელია; მეორეც, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოცხადდა შემთხვევიდან დაახლოებით ოცდათვრამეტ წუთში, რა დროსაც დაზარალებული ი. გ. ცოცხალი იყო და უტარდებოდა ინტენსიური, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, რაც, ბუნებრივია, გაახანგრძლივებდა მის სიცოცხლეს, ხოლო გარდაიცვალა სასწრაფო დახმარების მისვლიდან დაახლოებით ორმოცდათხუთმეტ წუთში. შესაბამისად, ვერც აღნიშნული მოსაზრება გამოდგება მოწმეების ჩვენებების არასანდოობის სამტკიცებლად.

45. სააპელაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს გამომძიებლის მიერ 2019 წლის 18 აპრილს ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ვინაიდან ბრალდების მხარემ მოხსნა დასაკითხ პირთა სიიდან და, შესაბამისად, სასამართლოში მოწმის სახით არ დაუკითხავთ მითითებულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ის სამი პირი - ლ. ჭ., გ. ჭ. და ვ. ქ., რომლებმაც უშუალოდ გადაამოწმეს გარკვეული გარემოებები და რომელთა აღქმაც გადმოიცა აღნიშნულ ოქმში. პალატამ აღნიშნა, რომ, მართალია, დაიკითხნენ ოქმის შემდგენი გამომძიებელი, მოწმე დ. მ. და მასში მონაწილე სხვა პირები, კერძოდ - ექსპერტები, მაგრამ ისინი არ არიან ის პირები, რომლებმაც უშუალოდ შეამოწმეს კონკრეტული გარემოება, ისინი არიან საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეები, რომელთა როლი შემოიფარგლებოდა ვითარების აღდგენით და იმ სამი პირის მიერ გადმოცემული ინფორმაციის დაფიქსირებით.

46. ამავდროულად, სააპელაციო პალატა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის ჩატარების შედეგად დადგენილ გარემოებებს, კერძოდ, ავტომანქანა „კამაზის“ მარცხენა კარის ხედვის სარკიდან გამოჩნდებოდა თუ არა კარის გვერდით მდგომი პირი და „კამაზის“ მძღოლი შეძლებდა თუ არა საავტომობილო გზის გვერდულზე მწოლიარე პირის დანახვას, ასევე საეჭვოდ მიიჩნევს იმ მოტივითაც, რომ ოქმზე დართული ფოტოსურათების მიხედვით, ერთი მხრივ, გვერდითა ხედვის სარკიდან არ ჩანს ავტომანქანასთან მდგარი პირი და ბუნდოვნად ჩანს მხოლოდ მისი მაჯა, ხოლო, მეორე მხრივ, მწოლიარე პირს თავზე ადგას გამომძიებელი, რამაც, პალატის აზრით, გაცილებით გააადვილა იმ ადგილის შემჩნევა.

47. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ვერც მითითებულ მოტივაციას და აღნიშნავს შემდეგს:

48. საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა იგი ან/და რომელთანაც ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე. ამდენად, დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა ენიჭება კუმულაციურად სამი სპეციალური წინაპირობის არსებობისას: 1. ცნობილია მისი წარმომავლობა; 2. ავთენტიკურია; 3. შესაძლებელია დაიკითხოს პირი, რომელმაც შექმნა/მოიპოვა ან ვისთანაც ინახებოდა დოკუმენტი სასამართლოში წარდგენამდე. აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა განიმარტოს, რომ პროცესის შეჯიბრებითობიდან გამომდინარე, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელ მტკიცებულებას წარადგენენ სასამართლოში და რომელს - არა და ამ მხრივ, მათ კანონმდებლობა რაიმე შეზღუდვას არ უწესებს. საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლის ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, აუცილებელია იდენტიფიცირებული იყოს დოკუმენტის მომპოვებელი, შემქმნელი ან შემნახველი პირი და მის შესახებ ინფორმაცია ჰქონდეს სასამართლოს და მეორე მხარეს, რომელსაც უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში დაცვის მხარის ნუსხაში მიუთითოს ხსენებული საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი პირები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისი გადაწყვეტილება N 83აპ-18).

49. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით: სასამართლო მსჯელობს იმაზე, თუ რამდენად სამართლიანი იყო სამართალწარმოება მთლიანობაში და რამდენად იყო დაცული დაცვის უფლებები. კერძოდ, უნდა შეფასდეს – მიეცა თუ არა მომჩივანს შესაძლებლობა, ედავა მტკიცებულებების ავთენტიკურობაზე და შეწინააღმდეგებოდა ამ მტკიცებულებების გამოყენებას. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია მტკიცებულებათა ხარისხი, ის გარემოებები, რომლებშიც მტკიცებულებები იქნა მოპოვებული და რამდენად ჰბადებს ეჭვს ეს გარემოებები მტკიცებულებების ნამდვილობასა და სარწმუნოობასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ არ არის სავალდებულო, სამართლიანობაში ეჭვის შეპარვის საფუძველი წარმოიქმნას, თუ მოპოვებული მტკიცებულება არ არის გამყარებული სხვა მასალებით. ხაზგასასმელია: იმ შემთხვევებში, როდესაც მტკიცებულება საკმაოდ წონიანია და არ არსებობს იმის რისკი, რომ იგი შეიძლება არასარწმუნოდ იქნეს მიჩნეული, დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის მით უფრო ნაკლები აუცილებლობა არსებობს (იხილეთ, „ბიკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Bykov v. Russia), N4378/02; (დიდი პალატა), §89, 90; ECtHR; 10.03.2009; „ჯალო გერმანიის წინააღმდეგ“ (Jalloh v. Germany), N54810/00; (დიდი პალატა), §95, 96; ECtHR; 11.07.2011).

50. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის 2019 წლის 18 აპრილის ოქმის ლეგიტიმურობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან იგი მოპოვებულია და შემოწმებულია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პირობებში, მითუფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ასრებითი განხილვისას მოწმის სახით დაიკითხა მითითებული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი, გამომძიებელი დ. გ., რომელმაც შეადგინა აღნიშნული დოკუმენტი და შემდგომ სასამართლოში დაადასტურა მისი ავთენტიკურობა, ასევე დაიკითხნენ მასში მონაწილე დეტექტივ- გამომძიებელი - ლ. კ. და ექსპერტები - მ. კ. და თ. ბ., რომლებმაც ასევე დაადასტურეს ექსპერიმენტში მონაწილეობის ფაქტი, ხოლო ოქმის სისწორე კი მასში მონაწილე ყველა პირმა დაადასტურა ხელმოწერებით. ამასთან, სასამართლო აპელირებს იმ საგამოძიებო მოქმედებების ოქმებზე, რომლებიც წინასასამართლო სხდომაზე, როგორც მტკიცებულებები, დაუშვეს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე.

51. რაც შეეხება თვითონ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შინაარსს და მისი ჩატარების შედეგად დადგენილ გარემოებებს, საკასაციო სასამართლო ვერც ამ ნაწილში დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და აღნიშნავს, რომ როგორც მითითებული ოქმიდან და მასზე თანდართული ფოტოსურათებიდან ირკვევა, მართალია, ავტომანქანის მარცხენა სარკეში ადამიანი მთლიანად, მთელი ტანით არ ჩანს, მაგრამ ჩანს მაჯა და აქვე ოქმში მითითებულია, რომ თუ მძღოლი მარცხნივ გაიხედებოდა ფანჯარაში, მიუხედავად სიბნელისა, იგი აშკარად დაინახავდა კართან მდგომ ადამიანს, რაც ადასტურებს, იმ ფაქტს, რომ მხოლოდ სარკეში ჩახედვითაც კი შესაძლებელი იქნებოდა ადამიანის სხეულის ნაწილის დანახვა, ხოლო მარცხენა ფანჯარაში გახედვით - ადამიანის აშკარად დანახვა. სააპელაციო პალატის განმარტება, რომ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ვინაიდან გამომძიებელი იდგა მწოლიარე პირთან, გაცილებით გააადვილებდა იმ ადგილის შემჩნევას და ამ საფუძვლით მისი საეჭვოდ მიჩნევა ასევე უსაფუძვლოა, რადგან როგორც მოწმეების - მ. და დ. მ-ს ჩვენებებით დგინდება, აწ გარდაცვლილ ი. გ-სთან რომელსაც მიღებული ჰქონდა დაზიანებები, გადაყვანილი იყო საავტომობილო გზის შუა ნაწილიდან და იწვა გვერდულთან, ზუსტადაც რომ ამ დროს იდგა არა ერთი, არამედ ორი პირი - მ. და დ. მ., რომლებიც აქტიურად ცდილობდნენ მის დახმარებას, რაც, ბუნებრივია, ც. ზ-სათვისაც გაცილებით გააადვილებდა გვერდულზე მწოლიარე დაზიანებული პირის დანახვას, მითუფრო იმის გათვალისწინებით, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის მითითებულ ოქმში აღნიშნულია, რომ მასში მონაწილე პირებმა ყოველგვარი პრობლემის გარეშე შენიშნეს გზის პირას მწოლიარე პირი, რომელიც ავტომანქანის მაშუქების ფონზე პირდაპირ თვალში ხვდება ავტომანქანის მძღოლს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს საგამოძიებო ექსპერიმენტის 2019 წლის 18 აპრილის ოქმის საეჭვოდ მიჩნევისა და არგაზიარების საფუძველი.

52. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს გამართლებულ ც. ზ-ს ჩვენებას, რომელიც განმარტავს, რომ მას უკან არავინ გაჰკიდებია, მისთვის არავის დაუძახია, ავტომანქანის გვერიდითაც არავინ მდგარა, ვერც გვერდულზე მწოლიარე დაზიანებული ი. გ. შენიშნა და ამის შესახებ მ. და დ. მ-ებსაც არაფერი უთქვამთ, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მათ შორის: მოწმეთა - მ. და დ. მ-ს ჩვენებებსა და საგამოძიებო ექსპერიმენტით დადგენილ გარემოებებს, რომელთა თანახმად ირკვევა, რომ ავტომანქანის დაძვრამდე ი. გ. ც. ზ-ს გაჰყვა უკან და ეძახდა, რომ არ წასულიყო და გაჩერებულიყო, ამასთან, კარის სახელურს მოჰკიდა ხელი, ფანჯარაზეც დაარტყა ხელი და კაბინის თუნუქზე აკაკუნებდა, რისი გათვალისწინებითაც, წარმოუდგენელია, რომ ც. ზ-ს ვერ დაენახა ვერცერთი ეს მოქმედება, ჯერ თუ როგორ გაჰყვა უკან ი. გ., მერე ვერ გაეგო, არაერთხელ როგორ დაუძახა მან და მოუწოდა, სთხოვა, რომ გაჩერებულიყო და არ დაეტოვებინა ისინი იქ, შემდეგ ასევე ვერ დაენახა ავტომანქანის კართან მდგომი ი. გ., რომელსაც სწორედ მძღოლის კარის სახელურზე ეკიდა ხელი და ამავდროულად, ფანჯარასა და თუნუქზე ურტყამდა ხელს და აკაკუნებდა. ამ მოქმედებებიდან ვერცერთის შემჩნევა და ვერც გაგება ძალზე არადამაჯერებელია და მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკურ საფუძველს, ისევე როგორც მოგვიანებით, შემთხვევის ადგილზე დაბრუნების დროს, საავტომობილო გზის გვერდულზე მწოლიარე ი. გ-ს ვერ შემჩნევა და ამასთან, იმის უარყოფაც, რომ მ. და დ. მ-ებმა არაფერი უთხრეს იმის შესახებ, რომ ი. გ. იყო დაზიანებული და სჭირდებოდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება (რის შესახებაც საკასაციო სასამართლო დამატებით იმსჯელებს ქვემოთ). ამასთან, მ. და დ. მ-ს ჩვენებებით ასევე დგინდება ისიც, რომ შემთხვევის დროს განვითარებული მოვლენების დანახვა შესაძლებელი იყო ავტომანქანის ჩართული მაშუქების ფონზე, რაც დამატებით გადამოწმდა და დადასტურდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითაც. ამავე ოქმით დგინდება, რომ, როგორც აღინიშნა, ავტომანქანის მარცხენა სარკეში ჩანს ადამიანის მაჯა, ხოლო მარცხნივ გახედვის შემთხვევაში კი - ადამიანი სრულად, ასევე დადგენილია, რომ არ არსებობდა სმენადობისათვის რაიმე ხელის შემშლელი ფაქტორი.

53. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით საკასაციო სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიაჩნია, რომ ც. ზ-მ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული იმპერატიული მოთხოვნა, არ შეასრულა ყველა საჭირო მოქმედება მოძრაობის უსაფრთხოებისთვის, რათა საფრთხე არ შეექმნა მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავი საგზაო მოძრაობის მონაწილეებისთვის (მათ შორის ქვეითისთვის), და მიუხედავად იმისა, რომ ც. ზ-მ ავტომანქანის დაძვრამდე შეამჩნია სატვირთო ავტომობილის გვერდით მდგომი ი. გ., რომელსაც ხელი ეკიდა კარის სახელურზე, უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ მართლსაწინააღმდეგო შედეგი არ დადგებოდა და მაღალი სიჩქარით დაძრა ავტომანქანა, რასაც მოჰყვა ავტომანქანის ძარის დეტალის ი. გ-ს წელის არეში შეჯახება, შემდეგ მისი ასფალტზე დაცემა და მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაცვალება. შესაბამისად, დასტურდება, რომ ც. ზ-ს ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - ი. გ-ს გარდაცვალებასთან, და, ამდენად, გამოკვეთილია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2019 წლის 30 იანვარს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი.

54. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებას, მოცემულ ნაწილში საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას ც. ზ-ს გამართლებასთან მიმართებით, კერძოდ:

55. საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია განსაცდელში მიტოვება, ესე იგი დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად. აღნიშნული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება უმოქმედობაში, რომელიც გულისხმობს, რომ ადამიანი უნდა იმყოფებოდეს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და მას შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს თავი დაიცვას, ხოლო განსაცდელში მიმტოვებელს უნდა ევალებოდეს დაზარალებულზე ზრუნვა და შეეძლოს მისი დახმარება. სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია იმ ადამიანის სიცოცხლე, ვინც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფება და შესაძლებლობა არ აქვს, მიიღოს ზომები თავის დასაცავად.

56. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას იმ ნაწილში, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა, რომ ი. გ. ც. ზ-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად აღმოჩნდა უმწეო მდგომარეობაში, რის გამოც მას ევალებოდა დაზარალებულზე ზრუნვა, მაგრამ ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას იმ ნაწილში, რომ ც. ზ-ს არ შეეძლო მისი დახმარება საკუთარი თავისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, სახელდობრ:

57. საკასაციო სასამართლოს, როგორც უკვე აღინიშნა, დადგენილად მიაჩნია, რომ ც. ზ-მ დაარღვია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთოხების წესი, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან, მიუხედავად იმისა, რომ ავტომანქანის დაძვრამდე შეამჩნია სატვირთო ავტომობილის გვერდით მდგომი ი, გ., მაინც მკვეთრად დაძრა ავტომანქანა, რასაც შედეგად მოჰყვა ი. გ-ზე ავტომანქანის ძარის შეჯახება და მისი გარდაცვალება. აღნიშნულის შესახებ საკასაციო სასამართლომ ზემოთ უკვე დეტალურად იმსჯელა და დამატებით აღარ იმსჯელებს ამ საკითხზე. ამდენად, დასტურდება, რომ ი. გ. სწორედ ც. ზ-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად აღმოჩნდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში, რის გამოც მას ევალებოდა კიდეც დაზარალებულზე ზრუნვა, ამასთან, საკასაციო სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ ც. ზ-მ იცოდა, რომ დაზარალებულს ესაჭიროებოდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, მაგრამ მას არ შეეძლო მისი დახმარება, რაც დგინდება შემდეგი მტკიცებულებებით:

58. მოწმეების - მ. და დ. მ-ს ჩვენებებით დგინდება, რომ შეჯახების შემდეგ, ც. ზ-მ დატოვა შემთხვევის ადგილი, მაგრამ იგი მალევე, დაახლოებით 5 წუთში, ავტომანქანით კვლავ უკან დაბრუნდა. დაბრუნებისთანავე მ. და დ. მ-ებმა აგრესიულად მიმართეს და უთხრეს, თუ რა გამოიწვია მის მიერ ავტომობილის დაძვრამ, უსაყვედურეს მომხდარი ფაქტის გამო და ასევე უთხრეს, რომ ი. გ-ს სასწრაფოდ სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება, რადგან იყო დაზიანებული და კვდებოდა. ც. ზ-მ ასევე დაინახა, თუ რა მდგომარეობაში იყო დაზარალებული. მათივე განმარტებით, როდესაც ც. ზ-მ შეანელა ავტომანქანის მოძრაობა და გააღო მძღოლის კარი, ამ დროს კართან მივიდა დ. მ., რომელმაც აგრესიულად მოსთხოვა, რომ ჩასულიყო ავტომანქანიდან და დაზარალებულს დახმარებოდა. ამავდროულად, ამ დროს მ. მ-მ გამოაღო ავტომანქანის მგზავრის კარი და შევიდა ავტომობილის სალონში, რათა ც. ზ-სათვის ხელი დაერტყა ან ეცემა, იმის გამო, რაც მისმა ქმედებამ გამოიწვია. ამ დროს ც. ზ-მ ააჩქარა ავტომანქანის მოძრაობა და გაეცალა შემთხვევის ადგილს, ხოლო მ. მ. გადმოხტა კაბინიდან, რადგან შეეშინდა, ავტომობილი რამეს არ დასჯახებოდა. დ. მ-ს ჩვენებით ასევე დგინდება, რომ იგი იმდენად გაღიაზიანებული და გაბრაზებული იყო ც. ზ-ზე, რომ მზად იყო, მისთვის დანაც კი დაერტყა თავისი მეგობრის, ი. გ-ს დაზიანების გამო, მაგრამ არ უცემია, ხოლო მ. მ-მ კი დაადასტურა, რომ მას სურდა ც. ზ-ს ცემა და სწორედ ამ მიზნით შევიდა ავტომანქანის კაბინაში, თუმცა აღარ სცემა.

59. იმ ფაქტს, რომ ც. ზ-მ ნამდვილად იცოდა ი. გ-ს მძიმე მდგომარეობის შესახებ, რომ მას ესაჭიროებოდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, მოწმეების - მ. და დ. მ-ს ჩვენებების გარდა, რომლებიც ცალსახად უთითებენ, რომ უკან დაბრუნებულ ც. ზ-ს განუმარტეს დაზარალებულის მდგომარეობა, ასევე უთხრეს ისიც, რომ მას სასწრაფოდ სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება და მან დაინახა კიდეც დაზიანებული და გზის პირას მწოლიარე დაზარალებული, დამატებით ადასტურებს საგამოძიებო ექსპერიმენტის 2019 წლის 18 აპრილის ოქმი, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ავტომანქანით მოძრაობისას საავტომობილო გზის პირას მწოლიარე პირის დანახვა სრულიად იყო შესაძლებელი, რაც ავტომანქანის მაშუქების ფონზე პირდაპირ თვალში საცემი იყო მძღოლისათვის.

60. თავის მხრივ, მ. და დ. მ-ს მხრიდან ც. ზ-ზე აგრესიის გამოვლენის ფაქტს ადასტურებს ასევე თვითონ ც. ზ-ც, რომელიც ჩვენებაში განმარტავს, რომ როდესაც იგი ავტომანქანით უკან დაბრუნდა, დ. მ-მ კარი გაუღო და დაუწყო ცემა, ეუბნებოდა, ჩასულიყო ავტომანქანიდან, რადგან უნდა ეცემა. ამ დროს ავტომანქანის მეორე კარიც გაიღო და მ. მ-მაც დაუწყო ხელების ქნევა, რის გამოც ერთ ძმას ხელი გააშვებინა, შემდეგ ავტომანქანა დაძრა და ამ დროს მეორე ძმაც ჩავიდა მანქანიდან.

61. ამასთან, ც. ზ. უარყოფს, რომ მ. და დ. მ-ებმა უთხრეს ი. გ-ს დაზიანების შესახებ და განმარტავს, რომ მას გზის პირას მწოლიარე დაზიანებული დაზარალებულიც არ შეუნიშნავს, რაც უსაფუძვლოა, რადგან იგი ეწინააღმდეგება მოწმეების - მ. და დ. მ-ს ჩვენებებს და საგამოძიებო ექსპერიმენტის 2019 წლის 18 აპრილის ოქმით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს; გარდა ამისა, ც. ზ-ს ჩვენება ამ ნაწილშიც მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკას, რადგან ასეთ შემთხვევაში გაუგებარია მაშ რატომ იყვნენ მოწმეები მის მიმართ აგრესიულად განწყობილნი, რატომ საყვედურობდნენ და რატომ უპირებდნენ ცემას.

62. ამდენად, მართალია, ი. გ. ც. ზ-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად აღმოჩნდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და მას ევალებოდა დაზარალებულზე ზრუნვა, რის შესახებაც მან იცოდა კიდეც, მაგრამ, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ შემთხვევის ადგილზე დაბრუნებულს მ. და დ. მ-ს მხრიდან დახვდა მძაფრი აგრესია, რომლებმაც აგრესიული ტონით უსაყვედურეს და აგრესიულად მოსთხოვეს ავტომანაქანიდან ჩასვლა და დახმარება, აგრეთვე მათ თვითონვე განმარტეს, რომ სურდათ ც. ზ-ს ცემა და ამ მიზნით, ერთ-ერთი ძმა ავტომანქანის სალონშიც კი შეუვარდა, ხოლო მეორის განმარტებით, მზად იყო, დანაც კი დაერტყა მისთვის, ც. ზ-ს, თავისი ჯანმრთელობისათვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, არ ჰქონდა რეალური შესაძლებლობა, რომ დახმარებოდა დაზარალებულს, რის გამოც იგი იძულებული გახდა, დაეძრა ავტომანქანა და გასცლოდა შემთხვევის ადგილს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ც. ზ-ს ქმედებაში არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

63. რაც შეეხება სასჯელს, მისი დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

64. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

65. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2019 წლის 30 იანვარს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ქმედება ისჯება მხოლოდ თავისუფლების აღკვეთით - ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით. ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა (ჩადენილია მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებელი დანაშაული, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) და მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების (წარსულში არ არის ნასამართლევი, ავტომანქანას მართავდა მართვის მოწმობის გარეშე) მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ც. ზ-ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მასვე, მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, დამატებითი სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 2 წლით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მესტიის რაიონული პროკურორის - რამაზ ხურციას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მარტის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

3. ც. ზ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში;

4. ც. ზ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2019 წლის 30 იანვარს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 2 (ორი) წლით ჩამოერთვას ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

5. მსჯავრდებულ ც. ზ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 2 თებერვლიდან 2019 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი;

6. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ც. ზ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

7. ნივთიერი მტკიცებულებები: „კამაზის“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით - „ “, ავტომობილის სავარძლის შალითები და რეზინის დასაფენი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს; ი. გ-ს, ც. ზ-სა და დ. მ-ს ტანსაცმელი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს; ორი ბოთლი, სისხლის, თმის, ხელის ანაწმენდის, ფრჩხილებისა და ნერწყვის ნიმუშები, საღებავის ნიმუში, ანაწმენდები და ქსოვილის ნაწილაკი განადგურდეს;

8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი