Facebook Twitter

საქმე # 330100120004170388

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №562აპ-21 ქ. თბილისი

ჭ. შ., 562აპ-21 17 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. ჭ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ლ-ისა და მ. ღ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 4 ივნისის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით შ. ჭ-ს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დ.. ოდენობით.

2. ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის განაჩენით შ. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ექვსი ეპიზოდი), მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ექვსი ეპიზოდი) და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

2020 წლის 23 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, შ. ჭ-მ უკანონოდ შეაღწია თ-ი, დ. დ., ძ. კ-ს ქუჩა №..ში მდებარე ა. მ-სა და მ. მ-ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ა. მ-ს კუთვნილ საყურეებს, საათებს, ძეწკვებს, სამაჯურებსა და სხვა სამკაულებს, ღირებულს 14 764 ლარად, ასევე ფულად თანხას - 21 აშშ დოლარს (67 ლარი და 58 თეთრის ეკვივალენტი). შ. ჭ-ს ქმედებამ 14 831 ლარისა და 58 თეთრის ოდენობით ზიანი გამოიწვია.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის განაჩენით შ. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის განაჩენითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 14 სექტემბრის №.... გადაწყვეტილებით დადგენილი პირობითი მსჯავრი;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის განაჩენითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 14 სექტემბრის №.... გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ. ჭ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

შ. ჭ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 25 ოქტომბრიდან.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ შ. ჭ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - მ. ღ-მ და გ. ლ-ემ, რომლებმაც ითხოვეს სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, კერძოდ, შ. ჭ–სათვის სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ¼-ის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 4 ივნისის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის განაჩენი.

6. მსჯავრდებულ შ. ჭ-ს ადვოკატებმა - გ. ლ-მ და მ. ღ-მ საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 4 ივნისის განაჩენი და ითხოვეს სასჯელის შემსუბუქება.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს ადვოკატებმა და ითხოვეს შ. ჭ-სათვის მინიმალური სასჯელის - 6 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, ამასთან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება და მის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის 1/3-ის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

3. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ შ. ჭ-ს საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, მათ შორის: ა. მ-სა და მ. მ-ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, შ. ჭ-სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების ამოცნობის ოქმები, ნასამართლობის ცნობა, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები და საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის განაჩენი, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ შ. ჭ-მ ჩაიდინა მითითებული დანაშაული.

4. რაც შეეხება შ. ჭ-ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, იმის გათვალისწინებით, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, საქმეზე არსებული მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ შ. ჭ-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, მის მიმართ დანიშნული სასჯელი არის მკაცრი და მას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 6-10 წლით), რაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).

5. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამიტომ „სასჯელი ერთი მხრივ უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

6. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მართალია საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, თუმცა ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში შ. ჭ., მართალია, დანაშაულის ჩადენის დროს ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, რაც საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, წარმოადგენს დანაშაულის რეციდივს, თუმცა მას ბრალდების მხარე ედავება და გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ქურდობის ჩადენისათვის, მათ შორის - არაერთგზის. აღნიშნული კი ცალსახად მიუთითებს, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედების დაკვალიფიცირებისას უკვე გათვალისწინებული იქნა მისი ნასამართლობა. ამდენად, სასჯელის განსაზღვრისას არ უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესი.

7. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას შ. ჭ-ს მიმართ დანიშნული სასჯელის 1/3-ის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე. კასატორის მტკიცებით, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილსა და ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილს შორის კონკურენციისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლით დადგენილ წესს, როგორც სპეციალურ ნორმას.

8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლი აწესრიგებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ხოლო ამავე კოდექსის 67-ე მუხლი - უშუალოდ პირობით მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმების ან გამოსაცდელი ვადის გაგრძელება/შემცირების საკითხს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სწორედ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი წარმოადგენს სპეციალურ ნორმას, რომლის თანახმად: თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. გამონაკლის შემთხვევაში პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობას, რომ ვინაიდან შ. ჭ-მ მისთვის შერაცხული განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მის მიმართ ხელახლა პირობითი მსჯავრის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

10. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი. მოცემულ შემთხვევაში შ. ჭ-ს საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის განაჩენითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 14 სექტემბრის №.......... გადაწყვეტილებით დადგენილი პირობითი მსჯავრი;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის - განაჩენითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 14 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ. ჭ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ შ. ჭ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ლ–ისა და მ. ღ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 4 ივნისის განაჩენში, სასჯელის ნაწილში, შევიდეს ცვლილება:

2.1. შ. ჭ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

2.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის განაჩენითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 14 სექტემბრის №....... გადაწყვეტილებით დადგენილი პირობითი მსჯავრი;

2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 აპრილის განაჩენითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 14 სექტემბრის №..... გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ. ჭ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

2.4. შ. ჭ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2020 წლის 25 ოქტომბრიდან;

3. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე