საქმე # 330100118002789219
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №564აპ-21 ქ. თბილისი
მ–ი ვ., 564აპ-21 24 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 31 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
- ვ. მ–ს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 19,25,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 8-9 თებერვალს ვ. მ–ი შეხვდა მ. რ–ეს, რომელსაც წინასწარ შეუთანხმდა და მისცა მითითება დაზარალებულ ი. მ–გან სამ კარატიანი ბრილიანტის ძარცვის ჩადენაზე. 2018 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 17:55 საათზე, ქ. თ–ში, მ–ს ქუჩის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ. მ–ის მიერ გაწერილი გეგმის შესაბამისად, მ. რ–მ სცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობის გამოყენებით, რომელიც არ არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, აშკარად დაუფლებოდა ი. მ–ს ხელჩანთაში მოთავსებულ, 93 000 აშშ დოლარად ღირებულ, სამკარატიან ბრილიანტს. ამ მიზნით მ. რ–ე აშკარად დაეუფლა ი. მ–ს ხელჩანთას, მასში მოთავსებული პირადი ნივთებით, რის შედეგადაც ი. მ–ს მიადგა 28 ლარის მატერიალური ზიანი. ამასთან, ძარცვის მცდელობით, მას შესაძლოა, მისდგომოდა 93 000 აშშ დოლარის - დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ივლისის განაჩენით:
ვ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,25,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ვ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2018 წლის 21 ნოემბრიდან.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ვ. მ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. მ–მ, რომლებმაც მოითხოვეს მსჯავრდებულ ვ. მ–ის გამართლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 31 მაისის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ივლისის განაჩენი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 31 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. მ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. მ–მ, რომელმაც მოითხოვა ვ. მ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დაცვვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ვ. მ–ის მსჯავრდება განაპირობა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მოწმეების: მ. რ–ს, ზ. გ–ს, ი. ბ–ს, ი. ა–ს, გ. თ–ს, მ. ქ–ს, ლ. ე–ს, ე. კ–ს, ე. ა–ს, ი. ზ–ს და ვ. გ–ს ჩვენებებით, დაზარალებულ ი. მ–ს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მიცემული ჩვენებით, 2018 წლის 11 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, 2018 წლის 13 მარტის დათვალიერების ოქმებით, ტრასოლოგიური და სასაქონლო ექსპერტიზის N....; ..... დასკვნით, 2018 წლის 22 ნოემბრისა და 2018 წლის 3 დეკემბრის ამოცნობის ოქმებით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენით მ. რ–ს მიმართ) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ვ. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,25,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
10. საქართველოს სსკ-ის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ორგანიზატორია ის, ვინც მოაწყო დანაშაულის ჩადენა ან ხელმძღვანელობდა მის განხორციელებას. მ. რ–მ დეტალურად მიუთითა, თუ როგორ დაგეგმა ვ. მ–მ ი. მ–ს ბრილიანტის ძარცვის ფაქტი. მ. რ–ს ჩვენება დასტურდება 2018 წლის 11 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რომლის ფარგლებშიც მან მიუთითა ვ. მ–ის საცხოვრებელ სახლზე, სადაც დაიგეგმა ძარცვა. მ. რ–მ მოწმის სახით დაკითხვისას მიუთითა, რომ იგი და ვ. მ–ი ერთმანეთს შეხვდნენ ვ. მ–ის ბინაში 8 ან 9 რიცხვში, ზუსტად არ ახსოვს; 7-8 თებერვლის შემდეგ მან ტელეფონის ნომერი შეცვალა 2018 წლის 13 თებერვალს, ის ნომერი, რაც მანამდე ჰქონდა, გაფორმებული იყო ოჯახის წევრზე - დედაზე (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის სხდომის ოქმი 18:00:15 – 18:01:00). ეს ნომერი 13 თებერვალს იყო გათიშული, ვ. მ–ი ამ ნომერზე უკავშირდებოდა, მაგრამ ნომერს ვერ იხსენებს, რადგან დედამისმა იყიდა ეს ნომერი და სახლში მისცეს (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის სხდომის ოქმი 18:01:45 – 18:02:14). მითითებული ნომერი მოწმემ სპეციალურად გათიშა, რადგან აღარ უნდოდა ჩართული ყოფილიყო (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის სხდომის ოქმი 18:03:04 – 18:03:18). დაახლოებით იმავე რიცხვებში, 9 ან 10 თებერვალს, ა–ს ტერიტორიაზე იყიდა ახალი ნომერი, რომელზეც უკავშირდებოდა ვ. მ–ი (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის სხდომის ოქმი 18:03:22 – 18:03:46). სატელეფონო ზარების დეტალური ამონაწერით დასტურდება, რომ ვ. მ–სა და მ. რ–ს 12 თებერვალსა და უშუალოდ შემთხვევის დღეს, 13 თებერვალს, აქტიური კომუნიკაცია ჰქონდათ. მოწმემ მიუთითა, რომ შეთანხმებული გეგმით ვერ იმოქმედა, რადგან მოვლენები შეთანხმებული თანმიმდევრობით არ განვითარებულა. მ. რ–ე მოქმედებაზე არ გადასულა, სანამ ვ. მ–მ არ დაურეკა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 211-224). შეცვლილი გეგმის პირობებში საქმის გაადვილების მიზნით, სატელეფონო კომუნიკაციისას ვ. მ–მ უთხრა, რომ ბრილიანტის მფლობელს ჩამოაშორებდა პირს, რომელიც თან ახლდა, რაც ასევე დასტურდება დაზარალებულ ი. მ–ს თანმხლები პირის - ზ. გ–ს ჩვენებით, რომელმაც მიუთითა, რომ ნივთის შეფასების შემდეგ, როდესაც გამოვიდა მაღაზიიდან, ვ. მ–ს უთხრა, რომ მიეყვანა მყიდველი, რის შემდეგაც ვ. მ–ი გადავიდა იქვე არსებულ „თ-ი“ ბანკში, მალევე დაურეკა და უთხრა, რომ მისულიყო „......“ ბანკში, თუმცა მითითებულ ადგილზე მისვლისას ვ. მ–ი არ დახვდა, მას ვერც ტელეფონით დაუკავშირდა. ამ დროს, ქუჩაში მდგარ ი. მ–ს კი გასტაცეს ჩანთა.
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას ი. მ–ს ჩვენების არასანდოობის შესახებ. მართალია, ამოღებულ ვიდეოჩანაწერებში არ ჩანს უშუალოდ ბრილიანტისათვის ადგილმდებარეობის შეცვლის ფაქტი, თუმცა ჩანაწერებით დასტურდება მოწმის მიერ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მიცემული ჩვენების ნამდვილობა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ ბრილიანტის შეფასების შემდეგ, მაღაზიის კიბეზე ქვედა სართულიდან თავდაპირველად ამოდის ვ. მ–ი და მისი თანმხლები პირი, გარკვეული დროის შემდეგ კი - ი. მ–ი და ზ. გ–ე, რომლებიც კიბით ავიდნენ იმავე სართულზე, სადაც ვ. მ–ი იმყოფებოდა. ამასთან, დაცვის მხარის პოზიცია, გამორიცხოს დაზარალებულის მიერ ბრილიანტის ჩანთიდან ჯიბეში გადატანის ფაქტი, ეწინააღმდეგება თავად ვ. მ–ის ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ თავად მოუწოდა ი. მ–ს, რომ ბრილიანტის ამგვარი ფორმით შენახვა საფრთხის შემცველი იყო, რის გამოც ამ უკანასკნელმა ბრილიანტი ამოიღო ჩანთიდან და გადაიტანა ჯიბეში, რაც არ დაადასტურა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაზარალებულმა და არაერთხელ მიუთითა, რომ ვ. მ–ს არ დაუნახავს ბრილიანტის ჩანთიდან ამოღებისა და შენახვის ფაქტი. „.........ში“ ეს ბრილიანტი დალუქა და ლუქზე ანუ კონვერტზე ხელი მოაწერა ვ. მ–მ, რის შემდეგაც ჩაიდო ჩანთაში, რაც დაინახა ყველამ, მათ შორის - ვ. მ–მ. შემდეგ, როდესაც მარტო დარჩა, ბრილიანტი გადმოიტანა უბეში, რაც მხოლოდ მან იცოდა (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 დეკემბრის სხდომის ოქმი ი. მ–ს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაკითხვის ტ. 2, ს.ფ. 283). მოწმემ ვ. მ–ის კითხვაზე, მისი თანდასწრებით ამოიღო თუ არა ბრილიანტი ჩანთიდან და ჩაიდო უბეში, მიუთითა, რომ როდესაც ბრილიანტი ამოიღო ჩანთიდან, ვ. მ–ს არ უნახავს (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 დეკემბრის სხდომის ოქმი ი. მ–ს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაკითხვის ტ. 2, ს.ფ.286).
12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ირელევანტურია, თუ რა სახის ურთიერთობა ჰქონდათ ვ. ლ–სა და მ. რ–ს, იცნობდნენ თუ არა ერთმანეთს და ეხმარებოდა თუ არა მატერიალურად მ. რ–ეს ვ. ლ–ე, ვინაიდან გაუგებარია დაცვის მხარის მითითება სიტუაციის რადიკალურად შეცვლაზე მოცემული ნაცნობობის ფარგლებში, მითუფრო, რომ მ. რ–მ მოწმის სახით დაკითხვისას მიუთითა, რომ ვ. ლ–ს არ იცნობდა (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის სხდომის ოქმი 17:44:50-17:45:00). ამასთან, აღსანიშნავია, რომ ვ. ლ–ს გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ნოემბრის მ. რ–ს მიმართ გამოტანილი განაჩენით უდავოდ იქნა ცნობილი, სადაც ვ. ლ–ე არ ადასტურებს მ. რ–სთან ნაცნობობას და 2018 წლის 13 თებერვლის გამოკითხვის ოქმში მიუთითებს, რომ ის იყო შპს „.....ში“ ოქრომჭედელი, რომელსაც დაუკავშირდა ვ. მ–ი, სთხოვა მიჰყოლოდა მაღაზია „.......ში“. მისვლისას კი უთხრა, რომ უნდა ეჩვენებინა მისთვის ძვირფასი თვალი, რომელიც ეკუთვნოდა ისრაელის მოქალაქეს და ვ. მ–ი იყო შუამავალი. მათ გადაწყვიტეს შესულიყვნენ „.........ში“ ექსპერტთან, სადაც გაირკვა რომ ექსპერტი 16:00 საათზე მოვიდოდა. როდესაც იგი მოვიდა ოთახში მხოლოდ ვ. და “ე–ი” შევიდნენ. მათი გამოსვლისას გაიგო, რომ ძვირფასი თვალი იყო ბრილიანტის, რის შემდეგაც ვ–მ უთხრა დალოდებოდნენ იქვე, თავად კი გადავიდა „......“ ბანკში. რამდენიმე წუთში ვასილმა დაურეკა ზ–ს და სთხოვა, რომ ისიც მისულიყო ბანკში. ზაზას წასვლიდან რამდენიმე წუთში ისრაელის მოქალაქეს ზურგიდან მიეპარა საშუალო სიმაღლისა და აღნაგობის პირბადიანი პირი, რომელმაც მას რამდენჯერმე ჩაარტყა ხელჯოხი თავში, რა დროსაც ისრაელის მოქალაქეს დაუვარდა ჩანთა, რომელსაც სწვდა პირბადიანი მამაკაცი და სწრაფად გაიქცა გ–ს ხიდის მიმართულებით, იგი დაედევნა, მაგრამ დაკარგა მხედველობის არიდან და დაბრუნდა ისრაელის მოქალაქესთან. სცადა დაკავშირებოდა ვ. მ–ს, როდესაც დაუკავშირდა, უთხრა მომხდარის შესახებ და სთხოვა, რომ მისულიყო, ვ. მ–ი არ მისულა და შემდგომ არც ტელეფონზე უპასუხია. მოწმემ მიუთითა რომ პირს სახეზე აფარებული ჰქონდა სამედიცინო პირბადე, არც დაუნახავს სახით და მისი ამოცნობა არ შეუძლია. ამასთან, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოითხოვეს ინფორმაცია ვ. ლ–ს ტელეფონის ნომერზე 5.......... შემავალი და გამავალი ზარების შესახებ, აგრეთვე მოკლე ტექსტური შეტყობინებების დეტალური ნუსხა 2018 წლის 1 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით, სადაც არ ფიქსირდება ვ. ლ–სა და მ. რ–ეს შორის რაიმე სახის კომუნიკაცია. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების აქტის ჩანაწერით კი დგინდება, რომ ვ. ლ–ე 2018 წლის 15 ოქტომბერს გარდაიცავალა (იხ.: ტ.2 ს.ფ. 267) და მისი 2018 წლის 13 თებერვლის გამოკითხვის ოქმი გამოკვლეულ იქნა როგორც წერილობითი მტკიცებულება (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის სხდომის ოქმი 11:18:30)
13. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ასევე დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მითითება ვ. მ–ის უდანაშაულობაზე იმ მოტივით, რომ მომხდარი შემთხვევის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში, როდესაც მიმდინარეობდა გამოძიება, ის არ მიიმალა.
14. კასატორის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ გამოძიების ფარგლებში ბრალდების მხარის მიერ არ იქნა ჩატარებული ცალკეული სახის საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის თანახმად, შეჯიბრებითი მოდელის ფუნდამენტურ ნიშანს წარმოადგენს ,,სასამართლოში ჭეშმარიტების დამტკიცების ფუნქციის მხარეთა ინიციატივისთვის მინდობა. ... შეჯიბრებითი პროცესი დაფუძნებულია რწმენაზე, რომ სათანადოდ მომზადებული და დაინტერესებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, ხოლო მოსამართლის ძირითად ამოცანას მხარეთათვის ასეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს....მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15). სასამართლო ითვალისწინებს, საქართველოს სსსკ-ის 25-ე და 144-ე მუხლების დანაწესებს და ვინაიდან დაცვის მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა შესაბამისი ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობა, სათანადო მტკიცებულების არ არსებობის პირობებში სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის ზემოთ აღნიშნული პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 23 სექტემბრის №229აპ-21 განჩინება).
15. ვინაიდან კასატორთა რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ვ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. მ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე