Facebook Twitter

საქმე # 330100120003717720

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №565აპ-21 ქ. თბილისი

ო. თ., 565აპ-21 7 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მაისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილისა და მსჯავრდებულ თ. ო–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით თ. ო–ს, ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

თ. ო–სთვის ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ. თ–ში, .................., .... მიკრორაიონის №.. „..“ კორპუსის მიმდებარედ, თ. ო–მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, დანის საშუალებით გ. ნ–ს მიაყენა ერთი შემავალი ჭრილობა მუცლის ღრუში, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, თუმცა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, რადგან შემთხვევის ადგილზე მყოფმა შ. მ–მ არ მისცა საშუალება კიდევ დაერტყა დანა გ. ნ–სთვის.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით:

თ. ო–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

თ. ო–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

მსჯავრდებულ თ. ო–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 21 აპრილიდან. მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმდა.

3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდებისა და დაცვის მხარემ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნათია ქომოშვილი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: თ. ო–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას; დაცვის მხარე ითხოვდა თ. ო–ს ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით და შესაბამისი სასჯელის დანიშვნას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდებისა და დაცვის მხარემ. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: თ. ო–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. დაცვის მხარე კი - თ. ო–ს ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით და შესაბამისი სასჯელის დანიშვნას.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკა (მაგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე 227აპ-16; 680აპ-17; 355აპ-19; 329აპ-20; 543აპ-20; 587აპ-21); საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

7. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ ფაქტობრივ გარემოებათა შეფასება ნათლად ადასტურებს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულმა მის მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიიღო დაზიანება, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება მიზეზობრივი კავშირის არსებობა თ. ო–ს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. იმავდროულად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითვე დგინდება, რომ თ. ო–ს ჰქონდა შესაძლებლობა - საკმარისი დრო და საშუალება - კიდევ მიეყენებინა ჭრილობა გ. ნ–სთვის მისი მოკვლის განზრახვის არსებობის შემთხვევაში. სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ჭრილობის მიყენების მომენტში დაზარალებული და თ. ო–ე მარტონი იყვნენ, თუმცა განმეორებით აღარ დაურტყამს. მხოლოდ ჭრილობის ლოკალიზაცია (მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობა ორგანოების მრავლობითი დაზიანებით) ვერ გახდება თ. ო–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დაკვალიფიცირების საფუძველი, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზი გამორიცხავს მსჯავრდებულის ქმედებაში დაზარალებულის მოკვლის განზრახვის არსებობას.

8. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და არასარწმუნოდ მიაჩნია დაცვის მხარის ვერსია, რომ თ. ო–მ შ. მ–სის სახლიდან შემთხვევით გაიყოლა დანა (რითაც ჭრიდა ხახვსა და მწვანილებს), ჩავიდა საცხოვრებელი კორპუსის კიბეებზე, გაიარა დაახლოებით 7-8 მეტრი სანამ დაეწეოდა გ. ნ–ს, რომ სიმთვრალის გამო ის არ ჩამოვარდნილიყო ველოსიპედიდან და მთელი ამ ხნის განმავლობაში დანა ისე ეკავა ხელში, რომ ვერ აცნობიერებდა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა არც ერთი მტკიცებულებით და ეწინააღმდეგება შ. მ–ს და გ. ნ–ს ჩვენებებს. კერძოდ, შ. მ–სის ჩვენების თანახმად, როდესაც ჩავიდა ეზოში სადაც იყვნენ გ. და თ., თ–მ მას მიაწოდა დანა და უთხრა რომ მგონი დაჭრა გ. და გამოეძახა სასწრაფო (14:13:11). გ. ნ–ს ჩვენების თანახმად კი ძიძგილაობის დროს იგი თ–მ დაჭრა. კერძოდ, თ. ო–ე ხელებს და ფეხებს ურტყამდა და როგორც ჩანს ერთ-ერთი დარტყმისას ხელის მაგივრად დანა დაარტყა. ამდენად, დაცვის მხარის ვერსია დაუსაბუთებელია და მოგონილია პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად.

9. საკასაციო სასამართლო თ. ო–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას მართებულად მიიჩნევს და სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმად, წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნის საკმარის საფუძველს თ. ო–ს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდებისათვის. აღნიშნული მტკიცებულებები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება და მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.

10. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანთა რელევანტური არგუმენტები განხილულ იქნა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ, საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილისა და მსჯავრდებულ თ. ო–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე